თავისუფლების რეალურობა
ავტორი: ნინო ამონაშვილი
2024 წლის არჩევნებზე ბიულეტენის უკანა მხრიდან გამოჟონილი შავი ლაქა, ის შავი ლაქაა, რომლითაც შეგვიძლია ქართული ოცნების არალეგიტიმური მმართველობა აღვწეროთ. მაგრამ, ცხადია, რომ ისეთი რთული მოვლენა, როგორიც ავტორიტარიზმია, ახლანდელ დროში მხოლოდ აბსტრაქციებს არ ტოვებს სამსჯელოდ და სამეტყველოდ, არამედ ტოვებს ძალიან მძიმე რეალიზმს, თავისი კონტრასტული გამოსახულებებით. მასშტაბური ხასიათის უსამართლობა ყოველთვის ბადებს ტკივილებს საზოგადოებაში. თუ კი ამ ტკივილებთან ახლოს, ამავე ამბით დაინტერესებული და ფოტოკამერით “შეიარაღებული” ინდივიდია, ჩვენ გვრჩება ამ შეგრძნებების ვიზუალური ნიშნები და დოკუმენტური ფოტოგრაფია.
ქართული სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის ხასიათის მთავარი დეტალების გასაგებად მინდია გაბაძის ის ერთი ფოტოც საკმარისია, სადაც თანაგრძნობა ხილულია და ამ თანაგრძნობის ავტორი ”უხილავი”. პოლიტიკური (სინდისის) პატიმრების მშობლების სევდის უკან დგას ხალხი, რომელიც მათ ზურგს უმაგრებს. ერთი ინდივიდის ეს სოლიდარული ჟესტი უნდა განზოგადდეს ყველაზე, ვინც ამ პროტესტშია და მშობლებს თანაუგრძნობს. ფოტოზე წარმოდგენილი ხელის მტევანია მრავალრიცხოვანი, სოლიდარული ქართული საზოგადოების აღმწერი და, შესაძლოა, გადამრჩენელიც.
კუთვნილი თავისუფლების მოპოვება რომ შესაძლებელია, ამაზე ისტორიული წარსულიც მიგვითითებს და თავისუფლების მოედანზე არსებული ამჟამინდელი მდგომარეობაც: ყოველდღიური უწყვეტი პროტესტი და ადამიანთა ჯიუტი ჟინი სამართლიანობის აღსადგენად. ერვი ფიშერი ნამუშევრით გვახსენებს ამ თავისუფლების შესაძლებლობაზე და რეალურობაზე. დროის სხვადასხვა მონაკვეთში არსებული მსგავსი არტისტული შეხსენებებით საჯარო სივრცე ხდება გამაფრთხილებელი სივრცე, სადაც სიფხიზლე, მიმართულება და დანახვის შესაძლებლობა საჭირო ელემენტებს წარმოადგენს. მაგრამ, ცხადია, რომ ამ კრიზისში ვერცერთი ბილბორდი ჩვენზე ფხიზელი ვერ იქნება და, ალბათ, არც უნდა იყოს.
აქტივისტისა და ხელოვანის, კეისი ვონგის პერფორმანსში “The Shield” ვხედავთ მებრძოლს, რომელიც ტოტალიტარიზმს უპირისპირდება. ეს მიუღებლობა ხდება ხელოვანის თავდაცვა ქუჩაში და ზოგადად სოციო-კულტურულ გარემოში. ქართული საზოგადოება უკვე მრავალი დღეა აცხადებს, რომ მისი ფიზიკური და მენტალური თავდაცვა ოლიგარქიისა და რეგრესის მიუღებლობაა. ვონგის პროტესტი საჯაროა და ის “დგამს ფეხს” ყველგან, სადაც საპროტესტო განწყობები შეიძლება გაერთიანდეს ან უფრო შესამჩნევი გახდეს. მსგავსი მესიჯები ამძაფრებს “ფერმკრთალ” საპროტესტო სურვილებს და ანიჭებს “სიმკვეთრეს”. ავტორი ან ინდივიდი შეიძლება “რაინდად” იქცეს, დამოუკიდებლად და სხვებთან ერთად.
ავტორიტარიზმის ჩამოყალიბების პროცესში ხშირად შევხვდებით როგორც კონფორმისტ ხელოვანებს, ისე ნონკონფორმისტსაც. დმანისის თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი ლაშა ჩხვიმიანი იმ უკომპრომისობის მაგალითია, რომლითაც ხელოვნება ახლა და აქ ცენზურას უნდა გადაურჩეს. ქართულმა ოცნებამ, ამჟამინდელმა არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ და ცენზურის დამწესებელმა რეჟიმმა, ვერ აიტანა ლაშა, როგორც დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიმღები ხელოვანი და ვერ აიტანა ვერც ის მნიშვნელოვანი თემები, რომლებზეც ლაშას უნდოდა საზოგადოებასთან სპექტაკლების დახმარებით ესაუბრა. საბოლოოდ კი, დასაჯა დმანისის თეატრის სცენაზე წარმოდგენილი გიორგი სავანელის სპექტაკლისთვის “ხალხის მტერი”, რომელიც ასახავდა კორუფციას და ეკონომიკური ინტერესების სიმართლეზე დომინირებას. რეჟიმმა თავშივე ჩაახშო დმანისის თეატრის ჯანსაღი განვითარების პერსპექტივა და ლაშა დმანისის თეატრს ჩამოაშორა. ხელოვანმა თეატრის გარეთაც მონახა ფორმა დაუმორჩილებლობისთვის, საპროტესტო დინამიკის გამრავალფეროვნებისთვის. ამაში სხვა სახელოვნებო გამოცდილებებიც დაიხმარა, მათ შორის, აი ვეივეის “Study of Perspective”-ის პროექტი. ლაშამ მშობლიურ გარემოში გადმოიტანა ხელოვანის ცნობილი აქტი, როგორც არაღიარების სიმბოლო და კიდევ ერთხელ უთხრა ქართული ოცნების დაქვემდებარებაში მყოფ ინსტიტუციებს, რომ ჩვენ მათ არ დავემორჩილებით, პატივს არ ვცემთ და არ ვაღიარებთ, თუკი ისინი შეინარჩუნებენ ლოიალურობას ძალადობრივი მმართველობის მიმართ, ექნებათ კონფორმისტული განწყობები და გააძლიერებენ მას.
ქართული პოლიტიკური ნამუშევრების ისტორიიდან მსგავსი ანატომიური სხეულის ნაწილი, მაგრამ სხვა მედიუმში შესრულებული, სხვა მასალით და სათქმელით, ანდრო დადიანის ყინულის მუშტია, რომელიც ძალაუფლების წარმავალ, “დნობად” ხასიათზე მიგვითითებდა. მასალა ეხმარებოდა სათქმელს და სათქმელი უნდა დახმარებოდა საკუთარ ხალხზე მოძალადე რეჟიმს თავისივე მავნე ქმედებების გააზრებასა და დასრულებაში, მაგრამ ჯაჭვური რეაქცია არ შედგა. დაგვრჩა ვიდეო და ფოტომასალაზე რეფლექსიის შესაძლებლობა, არ დაგვრჩა ნამუშევარი მატერიალური სახით, მაგრამ შეგვიძლია დავიტოვოთ მისგან წამოსული ისტორიული სიმართლე.
შეიძლება ხელოვნება რეჟიმს არ უპირისპირდებოდეს, მაგრამ აღწერდეს მათ, ვინც ამ რეჟიმის ძალადობრივი მმართველობის დაუსრულებლობას განაპირობებს. გია ეძგვერაძის ნამუშევარი “Unfinished project” (2008 წელი) არ ეხება მმართველ პარტიას და მის სათავეში მყოფთ, მაგრამ ვთვლი, რომ ეხება მის მიერ მართულ საზოგადოებას, რომელიც მსხვერპლია პროპაგანდის, თავისივე ამბიციური კონსიუმერული მოთხოვნილებების, აღზრდის და სხვა. ავტორიტარული რეჟიმები ძალაუფლების გასამყარებლად იყენებენ და ფინანსურად “წველიან” ადამიანებს ისე, როგორც თავად უნდათ და იქამდე, სანამ ამის შესაძლებლობა აქვთ. სავსეა ისტორია ასეთი ინდივიდებით და “დაუმთავრებელი” პროექტებით. ეძგვერაძე სარკეში ახედებს ადამიანს და ახსენებს, რომ მასაც იყენებენ, როგორც მოსაწველ პირუტყვს.
როცა პოლიტიკაში არ არსებობს ინდივიდუალური ხედვა და ის ემყარება სხვების გამოცდილებას, მოვლენათა თანმიმდევრობა წინასწარ შეიძლება იქნას გაგებული ან ჩაფიქრებული. ამ დროს მოსალოდნელია, ავტორიც ვერ “გადაურჩეს” პოლიტიკური სცენარის ნაადრევად დაფიქსირებას ან თანმიმდევრულობას. ჩემთვის ასეთი ავტორი დავით კუხალაშვილია, რომლის სიურრეალისტური ნამუშევრები კრიტიკულად ასახავს პოლიტიკურ სისტემებს და ამ სისტემაში მყოფთ. გეომეტრიული ტრანსლაციურობის პრინციპის დახმარებით ავტორი ქმნის ესთეტიკას, სადაც ინდივიდთა ერთნაირი ქცევა შემზარავი ან დამთრგუნველია, პოლიტიკოსები ერთფეროვნები არიან და ბოროტება ისევ ბნელში ხარობს.
დასაწყისში ნახსენებ “შავ ლაქასთან” ბრძოლა გრძელდება და საპროტესტო მუხტი აუცილებლად იქნება დინამიკური, ცოცხალი და სინემატიკურად მიმზიდველი, ისეთივე მიმზიდველი, როგორიც გიორგი ყოლბაიას ვიდეოა, რომელიც 2024 წლის დაუმორჩილებლობას აღწერს, მთელი თავისი ვიზუალითა და “შეიარაღებით”.
თავისუფლება, თავისუფლება პოლიტპატიმრებს!










