ქართველები ევროპაში – სატრანსფერო სიახლეები
ავტორი: ტატო ჩანგელია
ქართული ფეხბურთი და საზოგადოება მარდად და ენერგიულად მიიწევს წინ – ევროპისკენ! სამწუხაროდ, პოლიტიკური პროცესები საპირისპირო მიმართულებით ვითარდება: „ოცნების“ მმართველობის პირობებში საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ხოლო ბოლო წლების მნიშვნელოვანი მონაპოვარი – ვიზალიბერალიზაცია – სახრჩობელაზე კიდია. ერთი სიტყვით, ერთ მხარეს ვიწრო პარტიული ინტერესებია აღმართული, ხოლო მეორე მხარეს – ისტორიული არჩევანი და საზოგადოებრივი ნება. საქართველო თავისი განვითარების თითქმის ყველა ეტაპზე – როგორც მძიმე ჟამიანობის, ისე აღმავლობის წლებში – დიდი ევროპული ცივილიზაციის ოჯახს წარმოადგენს.
ამ ტექსტში ჩვენ სულ სხვა მიზეზით ვართ შემოკრებილები. პოლიტიკას ეს ამბავი პირდაპირ არ ეხება, თუმცა ჩვენს ქვეყანაში ყოველი გზა და ბილიკი მაინც პოლიტიკას გადაებმის ხოლმე. აქ მოკრების მიზეზი ფეხბურთია, კონკრეტულად კი ბოლო პერიოდში შექმნილი ტენდენცია: ქართველი ფეხბურთელების აქტიური მოკრება ევროპულ გუნდებში.
თუკი სულ რამდენიმე წლის წინ ქართველი ფეხბურთელების გზა ნიჟნი-ნოვგოროდში, ნალჩიკში თუ როსტოვში მიდიოდა, დღეს უკვე წამყვანი ევროპული ლიგებისკენ არის მიმართული. ეს მხოლოდ გეოგრაფიული გადანაცვლება არაა – ეს არის ხარისხობრივი ცვლილება, რომელიც ქვეყნის სპორტულ იმიჯს მთლიანად ცვლის.
რას შეიძლება ეს ტენდენცია „დაჰბრალდეს“? უეჭველია, საქმე გვაქვს ქართველობის ნიჭიერებასთან და ბურთთან მოპყრობის უნიკალურ ტალანტთან, მაგრამ ეს ხომ გუშინ არ მოგვიპოვებია – ათწლეულების განმავლობაში რატომ ვიყავით მზერის მიღმა? ალბათ, ყველაფერს ორმა დიდმა პარადიგმამ შეუცვალა დინამიკა. პირველი იყო 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი და მასში საქართველოს ეროვნული გუნდის ისტორიული წარმატება, რომელმაც არა მხოლოდ სტადიონის ტრიბუნები, არამედ ევროპის საფეხბურთო რუკაც გახსნა ჩვენთვის. ეს იყო ერთგვარი „პასპორტი“, რომელმაც ქართული ფეხბურთი ევროპული სისტემის სრულფასოვან ნაწილად აქცია.
მეორე პარადიგმა კი, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიაა – ბებერი კონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე გარემარბი. სერია ა-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და ლიგის ფინალში გოლის ავტორი. მისი თამაშის სტილი, სიჩქარე, მოედნის ხედვა და ქარიზმა დღეს უკვე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპული საფეხბურთო კულტურის განუყოფელი ნაწილია. კვარაცხელიამ არა მხოლოდ კარი გაუხსნა სხვა ქართველ ფეხბურთელებს, არამედ მთლიანად ეროვნული თვითშეგნების სიმბოლოდაც იქცა, როცა ხვიჩა ბურთს იპყრობს ფეხით, თითქოს მასთან ერთად მოედანზე მთელი ქვეყანა დარბის.
სწორედ ამ ორმა ფაქტორმა – კოლექტიურმა ტრიუმფმა და ინდივიდუალურმა ბრწყინვალებამ – ჩამოაყალიბა ახალი ეპოქა, სადაც ქართული ფეხბურთი აღარ არის „ეგზოტიკური“ ან „გარე წრის“ მოვლენა, არამედ კონკურენტუნარიანი მოთამაშე ევროპულ სცენაზე.
ევროპის ჩემპიონატზე წარმატებამ და ხვიჩას ფენომენმა სხვანაირად დააწყებინა ცქერა ადგილობრივ ქომაგსაც. გაჩნდა იმედი, იმედთან ერთად კი – ჩვენთვის ხშირად მოუხელთებელი სიხარულის შეგრძნება. ამ ორის გარშემო კი ხალხი შეიკრიბა, ისეთებიც კი, ვინც მანამდე ფეხბურთს ზურგს აქცევდა და კლასიკური აფორიზმით ამკობდნენ: „22 სულელი ერთ ბურთს დასდევს.“
დღეს ქართველი ქომაგი, მაშინაც კი, როცა ეროვნული ნაკრები პაუზაზეა გასული, ყურადღებას საკლუბო ფეხბურთისკენ მიმართავს. გულშემატკივარი თვალს ადევნებს ჩვენებურების თამაშებს ევროპულ ჩემპიონატებში, ქომაგობს გოლებს, აკვირდება მათ კარიერას. თუ ადრე ასეთი მატჩების რიცხვი ძალზე მცირე იყო და ხშირად მხოლოდ „ფეხბურთის ენთუზიასტი“ ამჩნევდა, ახლა ეს პრაქტიკა ნელ-ნელა მასობრივ ტალღად იქცა. ქართველები მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატებში მოხვდნენ: ზოგმა იქ სამეფო ტახტი დაიკავა, ზოგმა კი „წმინდანის“ სტატუსი მოიპოვა.
ეს პროცესი მხოლოდ სპორტული მოვლენა აღარ არის. იგი ცვლის ქომაგის ფსიქოლოგიას, აყალიბებს ახალ საზოგადოებრივ რიტუალს და ერთგვარად ახლებურ მოქალაქეობრივ გამოცდილებასაც სთავაზობს საზოგადოებას: საკუთარი თანამემამულის წარმატებით გაზიარებული სიამოვნება იქცევა საერთო ნაციონალურ განცდად.
ერთი სიტყვით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ზაფხულის დარად ცხელი აღმოჩნდა. ამიტომ ღირს, დეტალურად მივყვეთ შესრულებულ ტრანსფერებს და აღვნიშნოთ ის გუნდები და ჩემპიონატები, რომელთაც 2025–2026 წლის სეზონში თვალი უნდა ვადევნოთ.
მთავარი წერტილი, უეჭველად, საფრანგეთია, სადაც რამდენიმე ხუთჯვრიანი დროშა ფრიალებს. პირველი მათგანი მოქმედი ჩემპიონია – გუნდი, სადაც ხვიჩა კვარაცხელია ბურთს აგორავებს. მეორე კი ერთ დროს სატახტო ქალაქი – მეცი. დიდი ხნის განმავლობაში აქ მეფედ ჟორჟ მიქაუტაძე იჯდა და ადგილობრივი ქომაგებისთვის ნამდვილ სიმბოლოდ იქცა. კლუბის მესვეურები ქართველების მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს არ მალავენ, სწორედ ამიტომ მათ ინტერესის სფეროში ახლა უკვე გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი მოხვდნენ.
მეცი, ჩემი აზრით, ჩემპიონატში დარჩენისთვის იბრძოლებს, და ამ ბრძოლაში ჩვენი ფეხბურთელების წილი გადამწყვეტი იქნება.
საფრანგეთის ლიგა 1-ს ამ ზაფხულს ორი ჩვენებური გამოაკლდა. ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ გასულ სეზონში გავარდა და ახლა საფრანგეთის მეორე ლიგაში უწევს ბრძოლა. კლუბში ზურიკო განსაკუთრებულად უყვართ – მის უნარსა და ენერგიას დიდი პატივით ეკიდებიან. ტრანსფერზე მსურველებიც მრავლად არიან, მათ შორის – თურქული „ბეშიქთაში“, მაგრამ ფრანგებს ქართველი გარემარბის გაშვება არ სურთ. პირიქით, იმედს ამყარებენ, რომ სწორედ მისი დახმარებით ეს ისტორიული კლუბი კვლავ დაიბრუნებს თავის ადგილს ელიტაში.
რაც შეეხება ჟორჟ მიქაუტაძეს, მისი „ლიონური თავგადასავალი“ ფინანსურმა რეალობამ შეწყვიტა. სახელფასო ჭერის გამო კლუბს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალური ბარიერების გადალახვა მაინც მოახერხეს, საბოლოოდ ლიდერების დაკარგვა მოუწიათ. ასე და ამგვარად, ჟორჟი ლა ლიგაში გადავიდა და „ვილიარეალს“ შეუერთდა.
რომანტიკული თვალით თუ შევხედავთ, ამბავი არცთუ სასიამოვნოა – მიქაუტაძემ ბავშვობის ოცნება აიხდინა, „ლიონში“ მოხვდა, ქალაქმა გულგრილად არ მიიღო და ქომაგის თვალშიც სწრაფად იქცა საყვარელ ფიგურად. მაგრამ ოცნებასთან გზები მალე გაიყარა. თუმცა ეს ყველაფერი რომ გვერდით გადავდოთ, ფრანგები კრიზისში არიან, საპირწონედ „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ ბოლო სეზონებში კარგ ფორმაშია, გუნდს კი გამოცდილი მარსელინო თავკაცობს – კაცი, რომლის ტაქტიკური ხედვა და მოთამაშეებთან ურთიერთობის მანერა გამორჩეული და შესაშურია. ეს არჩევანი ჟორჟისთვის შანსია არა მარტო ახალ საფეხურზე ასასვლელად, არამედ საკუთარი პროფესიონალიზმის ბოლომდე დასამტკიცებლად.
ქართველმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება, 9-ნომრიანი მაისურიც მოირგო და „ლიონს“ ცრემლიანი ემოციით დაემშვიდობა. წინ უდიდესი თავგადასავალი ელოდება – ესპანური სტადიონები, სხვა რიტმი, სხვა ტემპი და სხვა გამოწვევები. ახლა კი მთავარი კითხვაა: შეძლებს თუ არა ჟორჟი „ვილიარეალის“ უკვე კარგად აწყობილ სისტემაში ახალი ლიდერის როლის შესრულებას.
სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი შევიტყვეთ, ესპანეთის მთავარ დივიზიონში ორი ფეხბურთელი გვეყოლება, გიორგი მიქაუტაძეს საბა საზანოვი დაუწყვილდება, რომელიც ერთწლიანი იჯარით „ხეტაფეს“ შეუერთდება.
გიორგებს ვართ მიმდგარნი და ჩვენი გოლიათის, გიორგი მამარდაშვილის ამბავიც უნდა მოვყვეთ. მისი ტრანსფერი „ლივერპულში“ რამდენიმე თვის წინ გადაწყდა და ეს ამბავი ორმაგ გრძნობას იწვევს. ერთი მხრივ, უდიდესი სიხარულია: ისეთ გრანდში, როგორიც „ლივერპულია“, თანაც მეკარის პოზიციაზე გყავდეს ქართველი ფეხბურთელი – ეს ქვეყნის საფეხბურთო ისტორიის განსაკუთრებული მონაპოვარია. მეორე მხრივ, მერსისაიდში კონკურენცია დაუნდობელია: ალისონ ბეკერი წლების განმავლობაში გუნდში ღრმად გამჯდარია და არაფრის დათმობას არ აპირებს. მიუხედავად ამისა, მამარდაშვილს თავისი შანსი აუცილებლად მიეცემა, და სწორედ იქ შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს.
სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე გაირკვა გიორგი ქოჩორაშვილის გადასვლა „სპორტინგში“. „კაპიტანი საქართველო“ ახლა ჩემპიონთა ლიგაზე გააგორებს ბურთს. ტრანსფერის გარშემო ყველაფერი პოზიტიურად გამოიყურება, ერთადერთი მინუსი კი შესაძლოა ლევანტეს სოციალური მედიის მენეჯერისთვის იყოს – ქოჩორაშვილის გარეშე, მისთვის ყოველდღიური კონტენტი გაცილებით უფერული გახდება.
პირენეს ნახევარკუნძულიდან გადავიდეთ აპენინებზე. პერსპექტიულმა ახალგაზრდა მცველმა – საბა გოგლიჩიძემ „უდინეზესთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და უკვე მოახერხა თავის გამოჩენა, მისმა გუნდმა ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს – „ინტერს“ სძლია. „პატარა ზებრებმა“ მატჩი მოიგეს, გოგლიჩიძემ კი თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. საბას მიმართ ინტერესს მრავალი იტალიური კლუბი იჩენდა, მაგრამ საბოლოოდ ყველას „უდინეზემ“ აჯობა. გასულ სეზონში იგი „ემპოლის“ რიგებში თამაშობდა, თუმცა გუნდი სერია A-ს მიღმა დარჩა. გოგლიჩიძე ჩვენი დიდი იმედია, სწორედ ის უნდა გახდეს ეროვნული ნაკრების დაცვის ბურჯი, რისი პოტენციალიც გოგლიჩიძეს ნამდვილად აქვს.
ბუდუ ზივზივაძეს ბუნდესლიგაში კიდევ ერთი ქართველი შეუერთდა – გიორგი გოჩოლეიშვილი. გასულ სეზონში ის „კოპენჰაგენის“ რიგებში ირიცხებოდა და არცთუ ცუდად გრძნობდა თავს, თუმცა დანიელთა გრძელვადიან გეგმებს ვერ მოერგო და საბოლოოდ „შახტარში“ დაბრუნდა. იქიდან კი უკრაინელებმა გიორგის გერმანული თავგადასავლისკენ გაუხსნეს გზა. ახალი ადგილია „ჰამბურგი“ – გუნდი, რომელიც პაუზის შემდეგ ბუნდესლიგაში დაბრუნდა და ახლა თავის დამკვიდრებას შეუდგება. გოჩოლეიშვილმა უკვე მოასწრო პირველი შეხვედრის ჩატარება, თუმცა შედეგი ნაკლებად სასურველი იყო – წითელი ბარათით მოედნის ნაადრევად დატოვება. მიუხედავად ამისა, ეს მხოლოდ დასაწყისია და წინ ბევრი შანსი აქვს, რომ გერმანულ სტილში ფეხი მოიკიდოს.
ბუნდესლიგა 2-ში კარიერას განაგრძობს ლუკა ლოჩოშვილი. 27 წლის მცველი „ნიურნბერგის“ ღირსებას დაიცავს. ეს გამოცდილება მისთვის შეიძლება აღმოჩნდეს ახალი სტარტი – ლიგა, სადაც ფიზიკურობას და მენტალურ გამძლეობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ.
ბევრი ტრანსფერი შედგა, ბევრიც გარკვეულმა მიზეზებმა ჩაშალა. ასეთია გიორგი ჩაკვეტაძის შემთხვევა. სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში აქტიურად იწერებოდა მისი გადასვლის შესახებ „ვალენსიაში“. „ღამურებმა“ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტიც კი შეათანხმეს, მაგრამ მოულოდნელად ტრავმამ ყველაფერი ჩაშალა. ჩაკვეტაძე იყო პირველი მერცხალი, რომელმაც საქართველოს ნაკრების აღმავლობას ფრთები შეასხა, თუმცა სწორედ ტრავმებმა შეაფერხა მისი სტაბილური პროგრესი.
საბოლოოდ გიორგი კვლავ „უოტფორდში“ გააგორებს ბურთს, თუმცა რამდენიმე კვირა იუქმებს და სანაკრებო მატჩებსაც გამოტოვებს. ეს ნამდვილად მტკივნეული დანაკლისია როგორც კლუბისთვის, ისე ნაკრებისთვის.
„უოტფორდს“ კიდევ ერთი ქართველი შეუერთდა – თბილისის „დინამოს“ 18 წლის თავდამსხმელი ნიკოლოზ ჩიქოვანი. კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეულია, ფეხბურთელმა უკვე მოაწერა ხელი ხუთწლიან კონტრაქტს და სამედიცინო შემოწმებაც წარმატებით გაიარა. თუმცა ერთი მნიშვნელოვანი დეტალია: ბრიტანელები ჩიქოვანს ნახევარი სეზონის განმავლობაში ბელგიურ „შარლუაში“ გაანათხოვრებენ, რის შემდეგაც ზამთრის პაუზის დასრულებისთანავე ნისლიან ალბიონზე გადაინაცვლებს. ეს ნაბიჯი ლოგიკურიცაა – ახალგაზრდა მოთამაშეს შეეძლება ევროპული ფეხბურთის ტემპსა და ატმოსფეროს თანდათან შეეგუოს, შემდეგ კი მზად დაბრუნდეს ინგლისში. ამას ემატება სამუშაო ვიზის საკითხიც.
დავბრუნდეთ კვლავ პირენეს ნახევარკუნძულზე, სადაც ლიგა 2-ში კიდევ ერთი ქართველი გამოჩნდა – იური ტაბატაძე, ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირი და „იბერიას“ ლიდერი. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 11 გოლი იყო, ახალ ესპანურ კლუბში კი ფეხი არ ჰქონდა დადგმული, რომ ცივსისხლიანი უნარი გამოავლინა და შეცვლაზე შესულმა დებიუტი გოლით აღნიშნა. მის სანაცვლოდ 450 ათასი ევრო გადაიხადეს, რაც ამ ლიგისთვისაც სოლიდური მაჩვენებელია.
შანსი ჰქონდა ლიგა 2-ში, კერძოდ, „ხიხონის სპორტინგში“, ლაშა ოდიშარიაც გადასულიყო, მაგრამ ბოლო მომენტში ლატვიურმა „რდფ“-მ გაყიდვაზე უარი განაცხადა და ტრანსფერი ჩაიშალა.
ჰოლანდიაში კი განსაკუთრებული სიუჟეტი განვითარდა: „ვიტესი“ პროფესიული ლიცენზიის გარეშე დარჩა, რის გამოც ფეხბურთელები იძულებულნი გახდნენ ახალი კლუბები მოეძებნათ. ირაკლი იეგოიანმა სწრაფად მიაგნო ახალ ნავსაყუდელს – ერედივიზიონში დაბრუნებულ „ექსელსიორს“. ეს მისთვის სერიოზული გამოწვევაა და კარგი შანსი, რომ კარიერის ახალი თავი მაღალ დონეზე დაწეროს.
ერთი სიტყვით, ქართული ფეხბურთი დღითიდღე იცვლება, ბნელი და უხარისხო რუსული ბაზრიდან თავის დაღწევაც სასიხარულო ამბავია, ახლა სანაკრებო პაუზაა და ეროვნული ნაკრების მატჩებია ჰორიზონტზე, სადაც განწყობაამაღლებული ფეხბურთელები იმედია სათანადო შედეგს დადებენ.
ქართული ფეხბურთი წინ მიიწევს, ყველაფერი უკეთესიც წინაა აღმართული.











