თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 16 სექტემბერს იხსნება
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი უკვე 17 წელია, შემოდგომის სეზონს შემოქმედებით თავგადასავლად აქცევს. ამჯერადაც ჩვენი დედაქალაქის სხვადასხვა სცენაზე მსოფლიოს წამყვან დასებსა და ინოვაციურ, შთამბეჭდავ წარმოდგენებს იხილავთ.
ფესტივალი 16 სექტემბერს ქართული სპექტაკლებით გაიხსნება, ხოლო 21 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით საერთაშორისო პროგრამას უმასპინძლებს. წლევანდელი პროგრამა განსაკუთრებით ფორმის მრავალფეროვნებით გამოირჩევა:
ლეგენდარული გეშერის თეატრი (ისრაელი) შექსპირის ლეგენდარული „რიჩარდ III-ს” ახლებურ, თანამედროვე ინტერპრეტაციას გვთავაზობს – ესაა “ბნელი სარკე”, რომელიც თვითანალიზისაკენ გვიბიძგებს.
ორი ადამიანის რუტინა, პოეტურ იგავამდე აყვანილი არაფრის კეთების ხელოვნება – დიმიტრის კარანცასის “სახლი” იდენტობის დაშლის მუდმივ პროცესს გვიჩვენებს.
ივან ბლექსთოქის ოლივიეს ჯილდოს მფლობელი ქორეოგრაფიული დადგმა Traplord კი ცდილობს, შემოქმედების გზით გამოიკვლიოს ფერადკანიანთა კულტურის, მენტალური ჯანმრთელობისა და მასკულინობის თემები.
ფილმსპექტაკლში „თეთრი ვერტმფრენი“ ლატვიელი რეჟისორი ალვის ჰერმანისი პაპ ბენედიქტ XVI-ის შოკისმომგვრელ და უპრეცედენტო გადადგომას ასახავს და მაყურებელს აქტიურ ინტელექტუალურ პროცესში იწვევს.
ვერტიგო დენს კომპანის „მანა“ კი სხეულის ენით გადმოცემული რიტუალია – სპირალური მოძრაობით, სუნთქვასა და სინათლეზე დაკვირვებით თვითშემეცნება და თვითგანკურნება.
გარდა ამ დაუვიწყარი პერფორმანსებისა, ფესტივალი წელს ვორქშოფებსა და მასტერკლასებსაც გააერთიანებს, რომლებიც დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ფესტივალი ტარდება თბილისის მერიის მხარდაჭერით, გენერალური სპონსორია Visa / TBC Concept. მაყურებელი ბილეთების შეძენას მხოლოდ TKT.GE-ზე შეძლებს.







