ანასტასია თუმანიშვილი – სიტყვაზე უფრო მანათობელი არაფერია
ავტორი: მათე წიკლაური
XIX საუკუნის შუა ხანებში, აი, ძველი თბილისის რიკულებიანი აივნებით ტკბობის ხანაში, იბადება გოგონა, რომლისთვისაც განათლებაზე უფრო მნიშვნელოვანი არაფერია, დაუღალავად დაეძებს სიახლეს და საკუთარი თავისა და გარემოცვის განვითარება უნდა, ცოდნა უყვარს, შემეცნება ეხალისება და ამ ამბებში ყველას ჩათრევას ცდილობს – ეს გოგოა ანასტასია თუმანიშვილი, დაბადებული 1849 წლის 6 სექტემბერს.
მალე ხვდება, რომ სიტყვაზე მძლავრი არაფერია და მხოლოდ თავისუფალი სიტყვის ძალით შეიძლება გზის გაკვალვა მომავალი თაობებისათვის, რომ ხილულსაც და უხილავ ბორკილებსაც მხოლოდ განათლება გაარღვევს. განათლების დეფიციტი კი ნამდვილად იყო, საზოგადოება მასკულინური, ქალები – წიგნს მოწყვეტილნი, ვიღაცა უნდა გამოვიდეს და თქვას: „დაე, იქმნეს ნათელი!“ ანასტასია წიგნების წერას იწყებს ბავშვებისთვის, საგანმანათლებლო სივრცეებს ავითარებს ქალებისათვის და იმედის სხივი ხდება.
ქალები ამ დროს ჩრდილში არიან, ოჯახისა და მორჩილების ბორკილებით დატყვევებულნი, ანასტასიას ეს შეზღუდვები არაფრად მიაჩნია: წერს, თარგმნის, ასწავლის, აარსებს წრეს, სადაც ქალები იკრიბებიან – მსჯელობენ, ოცნებობენ, მიუღწევლის მისაღწევად იღვწიან. მერე ჟურნალები იქმნება, მაგრამ ამ რეფორმებს დიდი ბაზა სჭირდებოდა…. ანასტასიამ კი ასე დაიწყო – შვიდი წლის იყო, როცა სასწავლებლად პანსიონში მიაბარეს. შემდეგ განათლების მიღება კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში გააგრძელა, არ ჩერდებოდა – ცოდნას ცოდნას უმატებდა, გერმანული ენა და მუსიკა შეიმეცნა. 1875 წელს შვეიცარიაში წავიდა, მოზარდი თაობის აღზრდის საკითხებს გაეცნო და სამშობლოში დაბრუნდა. სხვა ქალებისთვისაც ნიმუში იყო მიზანდასახულობისა. იაკობ მანსვეტაშვილს უწერია, ამ დროს ქალებს შვეიცარია მიაჩნდათ თავისუფლების სიმბოლოდო…
კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტითა და ფავრის პანსიონით უკმაყოფილო იყო, რადგან მიაჩნდა, რომ ისინი ახალგაზრდებს „მომავალ მანდილოსნად“ ზრდიდნენ. თავისუფალი ქალის პერსპექტივიდან, ცხადია, მსგავსი მიდგომა მიუღებელი იქნებოდა – ანასტასია არ იყო ის, ვინც კარგ მანერებსა და ევროპულ ენებზე საუბარს დასჯერდებოდა. მან მწერლობა სცადა, ამბობენ, ძმა დასცინოდაო, ეს კი ვერ იგებდა, რა იყო აქ სასაცილო და შვეიცარიაში წავიდა…
იქიდან დაბრუნებული, ერის წინსვლის მთავარ პირობად მშობლიურ ენაზე საფუძვლიანი განათლების მიღებას მიიჩნევს. ადგა და თანამოაზრეებთან ერთად ორგანიზაცია „განათლება“ დააარსა, ამას მოჰყვა სასწავლებლების გახსნა და დადგენილება – ყველა საგანი ქართულად ისწავლებოდეს. საბავშვო ჟურნალიც შეიქმნა – „ჯეჯილი“, 1891 წელს, 41 წლისას, კი ქორწილი აქვს და ცნობილ მწერალს – გიორგი წერეთელს მიჰყვება ცოლად, ერთად იწყებენ გაზეთ „კვალის“ გამოცემას…
ანასტასია ამას არ სჯერდება და მთარგმნელობით სივრცეშიც ცდილობს ადგილის დამკვიდრებას – ალფონს დოდეს მოთხრობა „მარშლის გულმტკივნეულება“ 1876 წელს იბეჭდება. ყოველმხრივ უტევს ამ საქმეს, ქალების ჩაბმა ამ რეფორმებში მისთვის უმთავრესია. ეს „ქალთაც წრეც“ მაგ დიდი საქმის ნაწილი იყო – ქართველი ქალი საზოგადოებრივ ასპარეზზე უნდა გამოსულიყო და იმ ფიქციური საპყრობილიდან თავი დაეხსნა.
სწამდა, რომ განათლებულ საზოგადოებას ვერავინ აჯობებს, რომ მას მომავლის შეცვლა შეუძლია. ჩვეული სიჯიუტე, რომელსაც მისი მეგობრები და მკვლევრები იგონებენ, მძლავრი იარაღი იყო მისი ცხოვრების გზაზე. დღეს, როდესაც მის სახელს ვიხსენებთ, ვგრძნობთ იმ ეპოქას, რომელიც ასე პირქუში იყო, რომლის ბურუსიც ანასტასიამ გაფანტა, მაგრამ პარალელურად ვხედავთ, როგორ ცოცხლობს დღევანდელობაში ისიც – ქალები იბრძვიან უფლებებისთვის, აგრძელებენ მის გზას, ბავშვები ცოდნას დაეძებენ, სიტყვას კი კვლავ დაცვა სჭირდება.
მზისკენ მიმავალი ჯეჯილია მისი ცხოვრება, სიკვდილის შემდეგაც კი, ის გაზეთიც ეგ იყო, ის თარგმანებიც, ის ევროპული მოგზაურობაც.
სიკვდილის წინ ანდერძს ტოვებს, ბიბლიოთეკას ბავშვებს გადასცემს და 1932 წლის 7 თებერვალს მისი ცხოვრება წყდება. დიდხანს იავადმყოფა, მთაწმინდის პანთეონში დაასაფლავეს, არც ისე პატარა შემოქმედება დატოვა, თარგმნითაც ბევრის თარგმნა მოასწრო… მისი სიკვდილის შემდეგ ეკატერინე გაბაშვილმა გაიხსენა: „როგორი გამჭრიახობით გვხელმძღვანელობდა ტასო…“
სხედან: ა.ხახუტაშვილი, ა.თუმანიშვილი-წერეთლისა, ეკ.გაბაშვილი, კ.მესხი
ეს იდეები დღესაც წარმართავს თანამედროვე ქართულ, ღირსეულ საზოგადოებას, რომელსაც ქალთა უფლებები, სიტყვის თავისუფლება და განათლება აუცილებელ ამბებად მიაჩნია.
მარადიულად დარჩა, განცდითა და აზრით, რომ სიტყვაზე უფრო მანათობელი არაფერია, საერთოდ არაფერი, მზეც კი…






