fbpx

თბილისური ბროწეულები: როცა მცირე ფორმა დიდ თემას ეხება


გააზიარე სტატია

25-იდან 28 სექტემბრის ჩათვლით სანდრო ახმეტელის დრამატული თეატრი უმასპინძლებს კამერული და მონოსპექტაკლების საერთაშორისო ფესტივალს – „თბილისური ბროწეულები“. ფესტივალის სახელწოდება ფაქიზად მიანიშნებს სერგო ფარაჯანოვის შემოქმედებაზე – ესაა პატივისცემა თბილისელი გენიოსისადმი – რომელიც ყველა ჟანრს სცდებოდა და ყველა ჟანრში არსებობდა კიდეც. ფესტივალი სწორედ მის ხსოვნას ეძღვნება და გაიხსნება ახმეტელის თეატრის სპექტაკლით –  „აღსარება – მე, სერგო ფარაჯანოვი“.

ფესტივალი წელს 7 ქვეყნის წარმომადგენლებს უმასპინძლებს, სცენაზე წარდგებიან ხელოვანები ლიეტუვადან, ამერიკიდან, ისრაელიდან, რუმინეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან და საქართველოდან. გარდა ამისა, ფესტივალის საპატიო სტუმრებს შორის იქნებიან  დრამატურგები, თეატრის პროდიუსერები და მკვლევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

„თბილისური ბროწეულები“ წელს განსაკუთრებით საინტერესოა, ერთი მხრივ, მისი მრავალფეროვნების გამო, რადგან წარმოდგენილი სპექტაკლები საკმაოდ განსხვავებულია, აქ შეხვდებით მონოლოგურ წარმოდგენებს, კამერულ დადგმებსა და ქორეოგრაფიულ სპექტაკლებს. მეორე მხრივ კი – ხარისხი. პროგრამაში წარმოდგენილნი არიან მსოფლიოში აღიარებული რეჟისორები და მსახიობები, მათ შორისაა ლიეტუველი რეჟისორი ოსკარას კორშუნოვასი, გერმანელი ქორეოგრაფი, ლეგენდარული პინა ბაუშის მოსწავლე რაინერ ბერი, რომელიც არა მხოლოდ რეჟისორის ამპლუაშია  წარმოდგენილი, არამედ შემსრულებლის, რაც თავის მხრივ ფესტივალს დამატებით მნიშვნელობას ანიჭებს.

რას ვნახავთ ფესტივალზე?

გოგოლის “შეშლილის წერილები” და თანამედროვე შიში

25 სექტემბერს თბილისის სცენაზე გამოვა ერთ-ერთი გამორჩეული ევროპელი რეჟისორის, ოსკარას კორშუნოვასის  სპექტაკლი – “შეშლილი”, რომელიც გოგოლის ცნობილი მოთხრობის მიხედვითაა დადგმული. 

„კაცი, რომელიც მთელი ძალით ცდილობს, იყოს ნორმალური, საბოლოოდ სწორედ ამ „ნორმალურობაში“ გიჟდება,“ –  ამბობს კორშუნოვასი. 

ეს მონოსპექტაკლი იმ ფარული მექანიზმების თხრობაა, როგორ იბადება ძალაუფლება ყველაზე შეუმჩნეველ ნიშნებში. ჩვეულებრივი სახელმწიფო მოხელე – ქამელეონი, რომელიც ცდილობს შეერწყას სისტემას, ერთ დღეს ამ სისტემაში სრულად იხლართება და იქვე იღუპება. ეს მონოსპექტაკლი არა მხოლოდ ფსიქოლოგიური გზაა ადამიანის სიგიჟემდე, არამედ პოლიტიკური ალეგორია.

„კაცი, რომელიც სასოწარკვეთით ცდილობს, იყოს ნორმალური,  ცდილობს, ყველას დაემსგავსოს, საბოლოოდ კარგავს საკუთარ იდენტობას. პარადოქსულია, მაგრამ სწორედ მაშინ, როცა საკუთარ თავს კარგავს, უფრო და უფრო რადიკალური ხდება –  რადგან თავად იმდენად ბევრი ჩადო ამ ნორმალურობაში, ვეღარ უძლებს უცნაურობას. უცნაური ადამიანები და “ფრიკები” მისთვის მტრები ხდებიან. იგი უცნაურობას ყველაზე უბრალო საგნებშიც კი ხედავს. ადამიანი, რომელიც საზოგადოებაში ინტეგრირდა, როგორც ქამელეონი – ბოლომდე გაიხსნა მასში, საბოლოოდ დაკარგა საკუთარი თავი და მანიაკურ მეგალომანად იქცა, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის”. – ასე ხსნის სპექტაკლის იდეას ოსკარას კორშუნოვასი. 

სპექტაკლში მთავარ როლს ასრულებს ლიეტუველი მსახიობი ეიმანტას პაკალკა, რომელიც რეჟისორის თქმით, ერთ-ერთია,  ვინც ამ მასალასთან მუშაობის შინაგან სიღრმემდე მიდის.

HOME FRONT – ომის ჩრდილში გაჩერებული წამი 

ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული, ტრაგიკომიკური და პოეტური სპექტაკლია „HOME FRONT“, რომელსაც წარმოადგენს ისრაელელი რეჟისორი, დრამატურგი და მსახიობი შარონ სტარკი – მსახიობი, რომელიც ნეტფლიქსის არაერთ წარმატებულ პროექტში მონაწილეობს.

ერთ დილას, ტელევიზორში ომის დაწყებას აცხადებენ. რივკა’ლე და ელიაჰუ – ხანდაზმული წყვილი – ომის ზღვარზე, ასაკის ბარიერზე და ერთმანეთის სიყვარულზე ამხელენ დროს. ეს სპექტაკლი არის შეჩერებული წამი, რომელშიც მთავრდება საუკუნე და იწყება მეხსიერება. ის არ გთავაზობს პირდაპირ პასუხებს, არამედ ერთ პირზე შეკრულ ქვეყანას, ასაკს, შეყვარებულობას და დაუცველობას ავლენს საერთო ზემოქმედებად. ცხოვრება ომის ჩრდილქვეშ გრძელდება, რომელიც თითქოს არც არასდროს დაწყებულა.

497 – ათწლიანი მარში და 497 წყვილი ოპინჩი 

ერთ-ერთი ყველაზე არაორდინალური წარმოდგენა ფესტივალის პროგრამაშია რუმინული ქორეოგრაფიული სპექტაკლი – 497. ეს წარმოდგენა ნამდვილ, ისტორიულ მოვლენას ეფუძნება და არქივის მრუდე ლაბირინთიდან დღევანდელ დღემდე ავლებს ხაზს. 

1910 წელს საფრანგეთის ტურისტულმა კლუბმა გამოაცხადა კონკურსი: 100,000 ფრანკი მათთვის, ვინც ფეხით შემოუვლის მთელ მსოფლიოს. 200 განაცხადიდან მხოლოდ ოთხი რუმინელი ახალგაზრდის მარშრუტი  შეირჩა. მათმა მოგზაურობამ ათი წელი გასტანა. ისინი ქუჩაში ცეკვავდნენ, რათა საარსებო ფული ეშოვათ. ხალხური სამოსით იმოსებოდნენ, ცეკვით გადადიოდნენ კონტინენტიდან კონტინენტზე – და ამ გზაზე 497 წყვილი ოპინჩი (ტრადიციული რუმინული ფეხსაცმელი) გაცვითეს. ეს ხანგრძლივი გზა მხოლოდ ერთმა მათგანმა დაასრულა. ის დაბრუნდა, მაგრამ დაბრუნება უკვე დაგვიანებული იყო: საფრანგეთში დაწყებულმა ინფლაციამ პრიზს ღირებულება დაუკარგა.

სპექტაკლში გამოყენებულია დოკუმენტები, დღიურების ამონარიდები, ხმის და სხეულის არქივები. ეს არის მოგზაურობის რეპეტიცია – ერთდროულად ფიზიკური და ეკონომიკური. პარალელურად ის რეალური კითხვებით გვეპასუხება: როგორ აფასებს სამომხმარებლო საზოგადოება შრომას,  ფიზიკურ თავგანწირვას? როგორ ხდება, რომ გმირული შრომა ფასს კარგავს, როცა ეკონომიკური მატრიცა იცვლება? 

„497“ ამ კითხვებს სიტყვების გარეშე სვამს – მოძრაობით, დაღლით, რიტმით. ეს არ არის უბრალოდ მოგზაურობის რეკონსტრუქცია – ეს არის ფინანსური მექანიზმების გაშიფვრა სხეულით, როგორც არქივის ახალი ფორმით.

ველები – სიყვარულსა და შიშს შორის გაჭიმული სივრცე 

ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე ფაქიზი, ფილოსოფიური და სხეულზე დაფუძნებული წარმოდგენაა „ველი. დილის ქალბატონი“, რომელსაც წარმოგვიდგენს გერმანელი ქორეოგრაფი რაინერ ბერი – პინა ბაუშის სკოლის წარმომადგენელი და მისი პირდაპირი მოწაფე. ეს ის სკოლაა, სადაც სხეული მხოლოდ ფორმა არ არის – ის მეხსიერებაა, რუკაა, რწმენის საყრდენია.

„ველები ადგილებია, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება; ისინი თავისუფლები არიან, განსჯისგან დაცლილნი“, –  ვკითხულობთ წარმოდგენის ანოტაციაში.

„ველი. დილის ქალბატონი“ სცდება ნარატიულ ხაზს და უპირისპირდება მას: აქ მოქმედება არა მხოლოდ სიუჟეტური ფაქტია, არამედ მიმდინარე შინაგანი არჩევანი – ადგილი, სადაც სიყვარული შიშს ხვდება, და ამ ორთაბრძოლიდან იბადება მონატრება, იმედი, სასოწარკვეთა და ძალადობა. ეს არაა მხოლოდ სცენური სიჩუმე – ეს არის სიჩუმე, როგორც თვითონ მოქმედება. სხეულის საშუალებით წარმოდგენა ავლებს საზღვარს თავისუფლებას, სიკვდილის, შინ დაბრუნების სურვილსა და დაუცხრომელ შინაგან მოძრაობას შორის.

ფესტივალზე მაყურებელი აღმოაჩენს ესპანელ შემოქმედს, ქორეოგრაფსა და მსახიობს – ხოსე ანტონიო ლუსიას, რომლის სპექტაკლი „მორიელი ან ცერემონია“ ესპანური კლასიკური ცეკვისა და მუსიკის სიღრმისეულ სინთეზს გვთავაზობს – მონოლოგურ ტექსტთან პარალელურად.

ეს არის ცეცხლოვანი, ხშირად რიტუალური ხასიათის შესრულება, რომელიც თანაბრად იზიდავს როგორც ვიზუალურად, ასევე ემოციურად. ცეკვა აქ ლოცვაა – არაპირდაპირი ფორმა იმისა, რასაც სიტყვა ვერ იტევს. „ცერემონია“ იქმნება ყოველ ჯერზე ხელახლა – როგორც ჯიპსური წყევლა, როგორც სხეულის ვნების სერიალი, რომელიც იმავე სხეულსავე გადარჩენისთვის იყენებს.

გარდა ამისა, წარმოდგენილი იქნება ამერიკელი რეჟისორისა და მსახიობის, ჰიზერ მასის მონოსპექტაკლი „ჰედი! ჰედი ლამარის ცხოვრება და გამოგონებები“. მონოსპექტაკლი, რომელიც ლეგენდარულ ჰოლივუდის ვარსკვლავზე გვიყვება,  მაგრამ არა მხოლოდ როგორც კინოს იდოლზე, არამედ როგორც გამომგონებელზე.

 ლამარი იყო გამომგონებელი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ჰოლივუდის პავილიონებში შექმნა სიხშირეთა ხტომითი სპექტრის სისტემა (Frequency-Hopping Spread Spectrum) – ტექნოლოგია, რომელიც საფუძვლად უდევს დღეს WiFi-ს, GPS-ს, Bluetooth-ს და მობილურ კავშირს. ჰიზერ მასი, რომელიც თავად ასტროფიზიკას სწავლობდა, ამ სპექტაკლით აერთიანებს მეცნიერული აზრის ჩაჩქმალულ ქალებს, და ხელოვნების მნიშვნელობას – როგორც შემეცნების გზას. ეს სპექტაკლი გვაჩვენებს, როგორ შეიძლება გონება, სხეული და ტექნოლოგია ერთდროულად გახდეს ნარატივი.

ფესტივალის ქართული სეგმენტი სანდრო ახმეტელის თეატრის ორი დადგმითაა წარმოდგენილი. პირველი, გახსნის სპექტაკლი – „აღსარება – მე, სერგო ფარაჯანოვი“, მოგვითხრობს იმ თბილისელ ხელოვანზე, რომლის ხსოვნასაც ეს ფესტივალი ეძღვნება.

 მეორე – ასევე რეჟისორ ირაკლი გოგიას მიერ დადგმული „ვირთხებზე ნადირობა“, რომელიც პეტერ ტურინის პიესის მიხედვით შეიქმნა, წარმოადგენს პროფანულ რიტუალს – სიღარიბისა და ცინიზმის ცირკულაციაში მოყოლილი სამყაროს ამოსაკითხ კოდს. ორ მარგინალ პერსონაჟს, თითქოს არაფერი აქვს დასაკარგი, გარდა ერთმანეთის მიმართ აღმოჩენილი რწმენისა. ეს სპექტაკლი გვახსენებს, რომ იქ, სადაც მხოლოდ ნაგავია დარჩენილი, ადამიანურობა იწყებს ხილვას. სიტყვა და სხეული აქ კვლავ იქცევა გადამრჩენ ძალად. 

როგორც ლიტერატურის მკვლევარი გალინა ტიუნინა ამბობდა, მცირე ფორმებით ყველაზე კარგად შეიძლება დიდი თემების მოხელთება.  ასეა „თბილისური ბროწეულების“ მაგალითზე, მიუხედავად კამერული ფორმისა, ფესტივალის პროგრამა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მას აქვს “დიდ ნარატივებთან” მოძრაობის ყველანაირი საშუალება. 

შემოდგომის თბილისს განსაკუთრებით უხდება თეატრალური წარმოდგენები, ეს ფესტივალი კი სცენის მოყვარულთა კალენდარზე აუცილებლად უნდა მოინიშნოს.







მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.