თეატრალური სტუდია „ყვითელი ხაზი“ – სამსახიობო ოსტატობის შემსწავლელი ახალი სივრცე მოზარდებისთვის
თბილისს ახალი სივრცე შეემატა – თეატრალური სტუდია „ყვითელი ხაზი“, რომლის დამფუძნებლებიც მაია დობორჯგინიძე, მარიამ ნადირაძე და სალომე ჭულუხაძე არიან. ისინი ასევე მსახიობის ოსტატობას ასწავლიან – მოზარდებმა წარმოსახვით გარემოში სცენური სიმართლით, ბუნებრივად მოქმედება რომ შეძლონ.
წლის ბოლოს კი ყველა ბავშვი და მოზარდი სპექტაკლში მიიღებს მონაწილეობას. სხეულის მოძრაობის ხელოვნებას, როგორც თვითგამოხატვის ერთ-ერთ ფორმას, მსახიობი და ქორეოგრაფი ქეთი ასათიანი შეასწავლით.
სტუდიაში ასევე მითოდრამის სესიები ჩატარდება, შვეიცარიული ჯგუფური თერაპიის კურსი, რომელიც მითებს და დრამის ელემენტებს აერთიანებს. ციკლი ხელს უწყობს მოზარდების ემოციურ განვითარებას, ინდივიდუალურ ტრანსფორმაციას, ეხმარება მათ სირთულეების დაძლევაში.
ჯგუფურ თერაპიას ჩაატარებენ ფსიქოლოგები და ფსიქოთერაპევტები: თაკო ცაგურია, ნინკა ჩახნაშვილი და ანი ბოხუა. ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც მითოდრამას შეიტანს სწავლების პროცესში, და ვფიქრობთ, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი მიღწევა!
„ყვითელი ხაზი“ შექმნის ისეთ შემოქმედებით გარემოს, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა, გამოავლინოს თავისი ნიჭი, განავითაროს სამსახიობო უნარები და დაიწყოს სამყაროს ახლებურად დანახვა.
სალომე ჭულუხაძე – მსახიობი, ოსტატობის პედაგოგი: პირველ რიგში, გვინდოდა რაღაც ახლის ერთად კეთება, გადაწყდა, რომ ვაკეთოთ ის, რაც ვიცით, რასაც მრავალი წელია ვაკეთებთ და რომელ სფეროშიც გამოცდილება დავაგროვეთ. ეს უნდა ყოფილიყო თეატრალური სტუდია, ახალი მიდგომებით და ხედვებით. მოკლედ, გამოცდილებამ გვაჩვენა, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე ექსპერიმენტული სივრცე ამ მიმართულებით და გადავწყვიტეთ, გვემუშავა. მოვიფიქრეთ სახელი – ,,ყვითელი ხაზი’’ და ამ ბრჭყვიალა გზას დავადგებით ჩვენს მოსწავლეებთან ერთად. სტუდიის პედაგოგები არიან: ქეთი ასათიანი – პლასტიკა, მითოდრამას ასწავლიან – თაკო ცაგურია, ანი ბოხუა, ნინკა ჩახნაშვილი, ოსტატობას – მარიამ ნადირაძე, მაია დობორჯგინიძე და მე, სალომე ჭულუხაძე. ბავშვებს წინ ძალიან საინტერესო დღეები ელით.
მაია დობორჯგინიძე – რეჟისორი, ოსტატობის პედაგოგი: ვფიქრობ, უმაგრესი გუნდი შეიკრიბა, ერთად ძალიან ბევრ საინტერესო პროდუქტს შევქმნით. ბევრი გეგმაა და იმედია, ყველაფერს ძალიან მალე განვახორციელებთ. მსახიობის ოსტატობას და პლასტიკას დაემატა სრულიად უნიკალური, მითოდრამის კურსი. ეს თერაპიის კურსი იმდენად საინტერესო და მნიშვნელოვანი მგონია სწავლის პროცესში ჩართული ბავშვებისთვის, რომ მინდა ყველას შვილმა გამოცადოს ეს ბედნიერება. პლასტიკის პედაგოგი საოცარი ქორეოგრაფია, ძალიან საინტერესოა ქეთისთან მუშაობა.
,,ყვითელი ხაზი’’ არის თეატრალური ექსპერიმენტების სივრცე, სადაც ერთად ვიმუშავებთ ჩვენში არსებული სხვადასხვა ფარული ნიჭის ამოფრქვევაში. ვიმოგზაურებთ დროსა და სივრცეში და შევეცდებით ჩვენი წვლილი შევიტანოთ სამყაროში სიკეთის კეთებაში.
მარიამ ნადირაძე – მსახიობი, ოსტატობის პედაგოგი: სტენფორდ მეისნერის მეთოდით მუშაობა ძალიან მაინტერესებს და ვფიქრობ, ასევე საინტერესო იქნება მოზარდებისთვისაც. ემოციური გულწრფელობა, სცენური სიმართლის მიღწევა ურთულესი პროცესია. მოზარდებში საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა და თავდაჯერებულობის გამყარება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ბავშვები უშუალოდ ჩაერთვებიან სპექტაკლების დადგმის პროცესში, თავისუფლები იქნებიან ყველანაირი ემოციის, აზრის თუ იდეის გამოხატვისას, რასაც საბოლოოდ სპექტაკლის ფორმით ვუჩვენებთ მაყურებელს. ასეთ პროცესებს ყოველთვის მივყავართ მათი თავისუფლებისა და ბედნიერებისკენ.
ანი ბოხუა – ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი: მითოდრამა ეს არის ჯგუფური თერაპიის მეთოდი, რომელიც აერთიანებს მითებს და დრამის ელემენტებს; ეს მეთოდი 1993 წ. შვეიცარიელმა ფსიქოლოგმა და ფსიქოთერაპევტმა ალან გუგენბულმა შექმნა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაინერგა, 2009 წლიდან კი საქართველოშიც ვიყენებთ. მითოდრამა ავითარებს ფანტაზიას, შემოქმედებით უნარებს, აფართოებს თვალსაწიერს. მონაწილეები სწავლობენ საკუთარი თავის აღქმას და კრიზისული ეტაპების დაძლევას, პოულობენ სირთულეების გადაჭრის ახალ გზებს და აღმოაჩენენ ინდივიდუალურ შესაძლებლობებს.
თაკო ცაგურია – ექიმი-ფსიქოთერაპევტი: მითოდრამის სესიის დასაწყისში მონაწილეები მოისმენენ დაუსრულებელ ამბავს, რომელიც თვითონ უნდა დაასრულონ, დახატონ, შემდეგ მოირგონ როლები და გაითამაშონ. ყოველი სესიის დასასრულს, მცირე წახემსებისას, მიმდინარეობს მასალის გადამუშავება და გაანალიზება; მოზარდი გათამაშებისას ხან გმირი შეიძლება იყოს, ხან ბრძენი, ხან კი ბოროტი ჯადოქარი; ამ პროცესში ხდება იდენტიფიცირება იმ ხატთან თუ როლთან, რომელსაც ასახიერებს და რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციასთან ან გამოცდილებასთან აკავშირებს; ეს კი საშუალებას აძლევს არაპირდაპირი გზით გამოხატოს თავისი შინაგანი სამყარო, ისაუბროს პირად პრობლემებზე და სირთულეებზე. მითოდრამა მონაწილეებს ეხმარება თვითგამოხატვაში, ემპათიის განვითარებაში, შიშების გაცნობიერებასა და გადალახვაში, ასევე აგრესიის გადამუშავებასა და ადეკვატური თვითშეფასების ფორმირებაში.
ნინკა ჩახნაშვილი – ფსიქოლოგი, ფსიქო-ტრავმატოლოგი: მითოდრამის სესიების დროს იქმნება უსაფრთხო და კომფორტული გარემო, სადაც ბავშვები და მოზარდები საკუთარი განცდების და გრძნობების გამოხატვას თავისუფლად შეძლებენ, ყოველგვარი გაკიცხვისა და შერცხვენის გარეშე; ამ სივრცეში არ არის აკრძალული არცერთი ემოცია, ამიტომ მოზარდები თავისუფლად სწავლობენ მათ გამოხატვას და რეგულაციას. ციკლის დასრულების შემდეგ იქმნება ახალი ხედვის, პრობლემებში ახლებურად ორიენტირების შესაძლებლობა, რაც საბოლოოდ მათი მოგვარების, კონფლიქტის დაძლევის საშუალებას მისცემს მოზარდს. თერაპიული ეფექტი ციკლის დასრულების შემდეგაც გრძელდება.
ქეთი ასათიანი – მსახიობი, ქორეოგრაფი: პლასტიკა არ არის მხოლოდ სხეულის და კუნთების ვარჯიში, პლასტიკა ჩემთვის არის გზა საკუთარი თავის შეცნობისკენ. როცა მოძრაობა სავსეა სათქმელით და შინაარსით, სხეულის ენა, თვითგამოხატვის ფორმად გადაიქცევა. სხეულით და მოძრაობით შეიძლება ბევრი რამ გადმოსცე და გააგებინო მაყურებელს. პლასტიკა ხშირად ეხმარება მოზარდებს თავის თავში აღმოაჩინონ ჩაკეტილი სივრცეები, ის შინაგანი სამყაროს კვლევაა. ყოველთვის საინტერესოა ბავშვებთან მუშაობა, მათთან ერთად ძიება, თვითშემეცნება.




