fbpx

როგორ შექმნა ტომას ელიოტმა ახალი სალიტერატურო ენა?


გააზიარე სტატია

ავტორი: მათე წიკლაური

 

შესავალი

XX საუკუნის უდიდესი პოეტი და კრიტიკოსი ტომას სტერნზ ელიოტი მოდერნისტული ლიტერატურის მთავარი ფიგურაა. მისი შემოქმედება როგორც ინდივიდუალური, ისე ერთიანი კონტექსტის გათვალისწინებით, ნოვაციაა მსოფლიოს ლიტერატურულ ტრადიციაში. ამერიკელი გენიოსის ლიტერატურულ შემოქმედებას შეგვიძლია ერთგვარი გადატვირთვაც კი ვუწოდოთ. მისმა ახალმა ენამ მოდერნისტული ლიტერატურის კანონიც კი განსაზღვრა და სამყაროში ახლად გაჩენილ ისეთ ასპექტებზე გააკეთა აქცენტი, როგორებიცაა შფოთვა, იმედგაცრუება, პოეტური ენის რევოლუცია, ტრადიციის გადააზრება და სხვა.

მოდერნიზმის გამოწვევები

XIX საუკუნის უკანასკნელი ათწლეულების შემდეგ მოდერნიზმი თანამედროვე დასავლური ცივილიზაციის კულტურული პროცესებისათვის უმთავრესი მნიშვნელობის მქონე სტილია. ამ დროიდან დასავლური ცივილიზაცია ცვლის პოლიტიკურ სისტემებს, ეკონომიკურ და სახელმწიფოებრივ პრინციპებს, ეთიკურ ღირებულებებს და სხვა მნიშვნელოვან რგოლებს იმ ეპოქალური ჯაჭვისა, რომელიც კაცობრიობის არსებობიდან დღემდე რეალურად უწყვეტი რჩება. მოდერნისტულ ეპოქაში ორიენტირების ინსტრუმენტები ქრება და ადამიანი საყრდენად რელიგიურ, ფილოსოფიურ, მეცნიერულ და სხვა ტიპის ცნებებს ვეღარ იშველიებს, რაც დიდი იმედგაცრუების გამომწვევი ფაქტორია. მოდერნისტული ხელოვნება დგება გამოწვევის წინაშე, აღწეროს გარე სამყაროსთან კავშირგაწყვეტილი ინდივიდის სულიერი მდგომარეობა, თუმცა მას გამოსავალს არ სთავაზობს, რაც კიდევ უფრო ტრაგიკულს ხდის ადამიანის ყოფიერებას. ეს ყველაფერი კი დიდწილად ადამიანებში ქრისტიანული რწმენის შერყევამ გამოიწვია. როგორც ვიცით, მოდერნიზმმა უარყო რაციონალიზმის უპირატესობა და ნახსენები რწმენის შერყევა რაციონალისტური დამოკიდებულების საცეცების გავრცელების შედეგად მიიჩნია. ელიოტი ესეიში „ბოდლერი ჩვენს დროში“ ფრანგ პოეტზე ამბობს: „ბოდლერმა მიაღწია უდიდეს, ურთულეს ქრისტიანულ სათნოებას, სათნოებას მორჩილებისა.“ შემთხვევითი სულაც არაა, რომ 1890 წელს გამოქვეყნებულ პიესაში – „ბრმები“ მორის მეტერლინკმა კაცობრიობა უსინათლოებს შეადარა, – მათ დაკარგეს მწყემსი – ღმერთი. იმედგაცრუებით გამოწვეული შფოთვითი კრიზისი კარგად ჩანს ჯოისის „დუბლინელების“ უკანასკნელ მოთხრობაში – „მიცვალებულნი“. მწერალი მოთხრობის დასასრულს წერს: „თოვლი ათოვდა მთელ დედამიწას, როგორც მოახლოება აღსასრულის ჟამისა.“ ამავე მოთხრობების კრებულიდან, ვფიქრობ, რელევანტურია, გავიხსენოთ „სუროს დღე“. ისტორია ულიდეროდ დარჩენილი პარტიის წევრების შესახებ, რომელთაც პარნელის სიკვდილის შემდეგ შემგუებლური ბუნება განუვითარდათ და მათი პათოსი მხოლოდ ყალბ რომანტიზმს ეფუძნება. 

მოდერნიზმის კიდევ ერთი გამოწვევა და ჩიხი ინდივიდის გარე სამყაროსადმი იმედგაცრუებაში იკვეთება, თუმცა განსხვავებით რომანტიზმისგან, მოდერნიზმის სულიერი კრიზისით შეპყრობილი ადამიანი ფიზიკურად რჩება სივრცეში და მხოლოდ სულიერი თვალსაზრისით აღიქვამს საკუთარ სუბიექტურ სამყაროში მყოფობას.  ამ გაგებით, მიმაჩნია, რომ პაოლო იაშვილის ლექსში – „პოეზია“ არსებული სტროფი ცალსახად მოდერნისტულია:

„დადის ქალაქში ბევრის მსგავსი ჩემი სხეული

და ხალხი ამბობს: „ეს კაცია ლექსის მწერალი“,

მაგრამ ვინ იცის, რა ცეცხლშია გამოხვეული

ეს ჩემი ტვინი, დასაქცევი, ტვინი ვერანი.“  

ქართველი პოეტი საზოგადოებისგან იზოლირებულად აღიქვამს თავის სულიერ მდგომარეობას, მაგრამ ფიზიკურად რჩება არსებულ სოციუმში. შემთხვევითი სულაც არაა, რომ ბოდლერის სიმბოლისტური „ბოროტების ყვავილები“ დღემდე მოდერნიზმის საძირკვლად რჩება. ლოკაციის უცვლელობა კი ჰერმან ჰესესეული პასაჟით აიხსნება. ჰარი ჰალერი ბიურგერულმა სოციუმმა მორალურ კათარსისში მოათავსა, მაგრამ მან არ მისცა საშუალება საკუთარ თავს, დასჯერებოდა ყოფით რეალიზმს. ცხადია, მოდერნისტულ კრიზისს ჰქონდა მკაფიო მიზეზებიც. პირველი მსოფლიო ომის, იმპერიათა დაშლის, რუსული რევოლუციებისა და ტოტალიტარული რეჟიმების დამკვიდრება სოციუმს ტრაგიკული ბედისწერით აჯილდოებს, მაგრამ პრობლემას ამძაფრებს ისიც, რომ ომის საშინელებების მხოლოდ აღწერას ვხვდებით მოდერნისტული ხანის ტექსტებში, – განცდათა ფართო პალიტრას, რომელსაც არ უჩანს გამოსავალი.  

განსხვავებით მოდერნიზმში მოღვაწე სხვა დიდი ავტორებისაგან, ელიოტმა ეპოქის ესთეტიკური და აზრობრივი მრავალფეროვნება  ინოვაციებისათვის გამოიყენა და ძველზე დაყრდნობით შექმნა ახალი ტრადიცია, რომელსაც რევოლუციური სალიტერატურო ენის დაბადება უკავშირდება.

ტომას ელიოტის ახალი სალიტერატურო ენა

ტომას ელიოტი ენისა და სტილის პრობლემას ემოციას უკავშირებდა. ზვიად გამსახურდია ესეიში – „ტრადიციის გაგება ტ.ს. ელიოტის შემოქმედებაში” იმოწმებს ელიოტისავე სიტყვებს: „თუ მწერალს არ გააჩნია ენა, რომლითაც იგი გადმოსცემს ემოციებს, ე.ი. მას არ გააჩნია არც ემოციები.“  მკვლევარი შენიშნავს, რომ ენობრივი და სტილური პრობლემა დაკავშირებულია ემოციურ პრობლემასთან.  გამსახურდიამ მიაგნო ელიოტის შემოქმედების მნიშვნელობის უმთავრეს ასპექტს სალიტერატურო ენის რევოლუციურ ჭრილში: „პოეტი ენათმეცნიერის მსგავსად კი არ უნდა აანალიზებდეს ენობრივ მოვლენებს, კი არ უნდა ცდილობდეს ზოგადი კანონების საფუძველზე გარკვევას ამა თუ იმ ენის სპეციფიკისას, არამედ იგი უნდა მონაწილეობდეს თავად ენის შექმნის პროცესში.“  თავად ამერიკელი პოეტი გმობს იმ პოეტებს, რომლებმაც შემოქმედება ცხოვრებისეული ამბებისგან განცდილი ემოციებით ააგეს. ელიოტისთვის პოეზიის შეცდომა „ახალი ადამიანური ემოციების გამოხატვის ძიებაა; სიახლის მაძიებელი ჯიუტი ამ სიახლეს ყოველთვის შეუფერებელ ადგილას წააწყდება. პოეტი სრულებით არ მიიჩნევს შეუძლებლად, რომ ავტორის განცდები შეიძლება უმწიფარი იყოს, ამიტომ ამ პრობლემას ახალი ენის შექმნის გზაზე აღმოცენებული შემდეგი ინსტრუმენტით აღწევს თავს. 

ენის ფრაგმენტაცია ტრადიციული პოეტური ფორმებისა და ნარატიული სტრუქტურების რადიკალური უარყოფაა. თუ ვიქტორიანული ხანის პოეტი რეგულარულ სალექსო საზომს იცავდა, ელიოტი ცვლის ამ ხაზს და თანამედროვე გამოცდილების ფურცელზე გადატანას იწყებს. მრავალჯერადი ხმები, არეული სინტაქსი, ქაოსური ლექსი, როგორც სამყაროს ქაოსურად წარმოდგენის ილუსტრაცია, ელიოტის  სიმბოლოა, რომელიც მისი ეპოქის თანამედროვეობას – პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს – მოერგო. „უნაყოფო მიწის“ ერთ-ერთ ლექს-თავში „ჭადრაკის თამაში“ ლირიკული გმირი ითხოვს ლაპარაკს და უცბად არსაიდან შემოდის ფრაგმენტულ ენით ამოთქმული შემჩნევა: 

„მე ვფიქრობ, ვირთხის ბილიკს მივყვებით,

სადაც ძვლები დასცვივდათ გვამებს.“

პირადი ურთიერთობით გატანჯული მთქმელი უკანა პლანზე გადის და ჩნდება პოეტი, რომელიც მთელი საზოგადოების ტრაგიკულ ბედსა და მდინარებას აღწერს.  მსგავსი ფრაგმენტული ჩანართებით ელიოტი ირიბად ამსხვრევს როლანდ ბარტის ავტორის სიკვდილთან დაკავშირებულ კონცეფციას. ბარტს მიაჩნია, რომ მკითხველს  ტექსტის უკეთ გაანალიზებისთვის ავტორთან დაკავშირებული ბიოგრაფიული ცნობები არ სჭირდება, რადგან ეს მას იზოლაციაში აქცევს, ამიტომ ავტორი უნდა „მოკვდეს“. ამ თეორიის საილუსტრაციოდ, ვფიქრობ, თომას მანის „ჯადოსნური მთის“ ფინალური სცენის მოხმობა ლოგიკური იქნება. ავტორი, ერთი მხრივ, განზე დგება და არსად არ წერს, რომ ჰანს კასტორფი კვდება, მაგრამ, მეორე მხრივ, აქ ჩანს მწერლის ჩართულობაც ტექსტში. ეს ყოველივე მხატვრული გადაწყვეტაა და ავტორის ცრუ მანევრი, თითქოს მკითხველს მარტო ტოვებს ნაწარმოებთან. „უნაყოფო მიწას“ რომ დავუბრუნდეთ, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ელიოტს მიზნად ახლებური, მრავალშრიანი ტექსტის შექმნა აქვს დასახული. სწორედ ზემოთ აღნიშნული მაგალითია იმის დასტური, რომ ელიოტმა ფრაგმენტული ჩანართების გაკეთება განიზრახა და ტექსტის ფრაგმენტაციით სამყაროს დანაწევრებული ბუნება წარმოაჩინა.  

ამერიკელი პოეტი ესეიში „ტრადიცია და პიროვნული ნიჭიერება“ პოეტური ხელობის შესახებ საუბრობს. ენის, დავარქვათ ამას ლიტერატურული რევოლუცია, ელიოტის მოსაზრებაში ვლინდება. მისი თქმით, „პოეტი უაღრესად ერუდირებული უნდა იყოს“,  მაგრამ თვითონვე დასძენს, რომ „ამ მოსაზრების გაბათილება პანთეონის პოეტთა ცხოვრების გახსენებითაც“ შეიძლება, მაგრამ აქვე მოჰყავს შექსპირის მაგალითი, რომელმაც უფრო მნიშვნელოვანი ისტორია შეითვისა პლუტარქესაგან, ვიდრე ადამიანთა უმეტესობა ბრიტანეთის მუზეუმიდან შეითვისებდა. აქ მთავარია დავასკვნათ, რომ პოეტურობა დაუსრულებელი პროცესია და ის უნდა მიისწრაფოდეს ჩაახშოს პიროვნულობა და შექმნას ახალი ენობრივი სისტემა. 

მრავალგზის ნახსენებმა ენობრივმა განახლებამ უნდა შთანთქას პოეტი პოეზიაში. ის ვერ ეზიარება უპიროვნობას ამის გარეშე. ემოცია ელიოტისთვის ლექსში უნდა ცოცხლობდეს და არა პოეტის ბიოგრაფიაში. მაგალითად, ემოცია შეიძლება იყოს გამოვლენილი არა, როგორც საკუთარი სულის გამოძახილი, არამედ უბრალოდ მიმართვა, თუნდაც სარკასტული, ან ბასრი. ელიოტი ნაწარმოებში – „კლდე“ მიმართავს მკითხველს: „უბადრუკო და უგვანო მოდგმავ!“ მაგრამ უცბად სხვა პირით დააყოლებს: „უფალო, ნუთუ მიატოვებ ჩემს საცოდავ ხალხს…“ 

განახლებულ ენობრივ პასაჟებზე მსჯელობისას, მნიშვნელოვანია ინტერტექსტუალობისა და ალუზიების საკითხი. „უნაყოფო მიწა“ სავსეა დაკავშირებული ხაზებით დანტესთან, ბიბლიასთან, შექსპირთან. ელიოტი ცდილობს გააღრმაოს პოემის მნიშვნელობა და შექმნას დისონანსის განცდა. შემოქმედებითი არსის გაღრმავება კი, ეჭვგარეშეა, მთავარი გასაღებია ახალი სალიტერატურო ენის დაბადებისა. ამ ყოველივეს ემატება ელიოტის დამოკიდებულება პოეტურ ენასთან. ის მიიჩნევს, რომ თანამედროვე პოეტი პირდაპირ კი არა, მინიშნებებით უნდა წერდეს, რათა ენის „დისლოკაცია“ მოხერხდეს მნიშვნელობისაგან.  ზვიად გამსახურდიამ შეამჩნია, რომ ახალი მნიშვნელობის ძიება ძველის სრული იგნორირებით ელიოტის შემთხვევაში არ მიმდინარეობს. ამერიკელი პოეტი მნიშვნელობას მეორად როლს ანიჭებს და ჟიულ ლაფორგის  მაგალითი მოჰყავს „დისლოკაციის“ საჩვენებლად: 

„იგი შორსაა, იგი სტირის,

გლოვობს უზარმაზარი ქარი“.

ენის რევოლუციური ბუნების მნიშვნელობის საილუსტრაციოდ, ვფიქრობ, აუცილებელია გვესმოდეს ლიტერატურული ტრადიციისა და მისი განახლების მთავარი იდეა, რომელსაც ელიოტი, გარდა ლექსებისა და პოემებისა, შემოქმედების ესეისტურ პარადიგმაშიც წარმოაჩენს.

ტრადიციის ცნება მისეულ მოდერნიზმში

1919 წელს გამოქვეყნებულ ესეიში „ტრადიცია და პიროვნული ნიჭიერება“ ელიოტი ამტკიცებს, რომ მწერალმა უნდა იცოდეს ლიტერატურული კანონი და ძველი ავტორების შემოქმედება, რითაც მიგვანიშნებს, რომ პოეტის შემოქმედება ძველი ტრადიციის უარყოფით კი არ იქმნება, არამედ მასთან დიალოგით და თანაარსებობით ყალიბდება. ტომას ელიოტის ამ იდეას ბრწყინვალედ ესადაგება ადრიან მარინოს წიგნის – „კომპარატავიზმი და ლიტერატურის თეორიის“ პირველი თავი. მკვლევარი აღნიშნავს, რომ კვლევები ვიწრო გაგებით არ უნდა მიმდინარეობდეს, რომ ეს მთავარი ნაკლია ლიტერატურათმცოდნეობისა. მარინოს აზრით, ლიტერატურა კონკრეტულ ლინგვისტურ კონტექსტში კი არა, ფართო კულტურულ-ისტორიული რაკურსით უნდა გაირჩეს. სწორედ ამას გულისხმობს ელიოტიც ტრადიციათა არდავიწყებაში.

ზვიად გამსახურდიასთვის ელიოტის ტრადიციის მრავალშრიანობა ყველაზე კარგად ენის დისლოკაციის ასპექტში ჩანს. მკვლევარი ორ განზომილებას გამოყოფს, რომელთაგან პირველი ჟამიერს მიეკუთვნება, მეორე კი – უჟამობას. ელიოტი ენას, როგორც უჟამობის ფენომენს, ისე განიხილავს და მკითხველში ტოვებს განცდას, რომ ის ყველა დროში ცხოვრობდა. როდესაც ვსაუბრობთ პოეტისეული ტრადიციის ახლებურ გაგებაზე, სწორედ ამას ვგულისხმობთ. ელიოტი არ ებრძვის ძველს, ის უბრალოდ აზოგადებს და გადაიაზრებს მას, – ამიტომაცაა მისი ლექსები ჩოსერის, შექსპირის და სხვა კლასიკოსთა ალუზიებით სავსე. 

ელიოტის პოემაში „უნაყოფო მიწა“ გვაქვს შესავალი, რომელიც, ჩემი აზრით, ყველაზე ცხადად ასახავს ჩვენ მიერ გაკეთებულ თეორიულ ანალიზს. თუ ძველი პოეტი გაზაფხულს აღმაფრენისა და სილაღის, ხოლო ზამთარს უბედურებისა და სიცივის სიმბოლოდ წარმოიდგენდა. ელიოტმა აპრილის მიმართ ეპითეტი „დაუნდობელი“ გამოიყენა და ზამთარს სითბოს შემნახველი უწოდა. ამ არასტანდარტული გადაწყვეტით, პოეტი თანამედროვე პოეზიაში ავითარებს ტენდენციას მოულოდნელი, შეუსაბამო მეტაფორებისა. ელიოტისთვის ყოველ თაობას თავისი მიდგომა შემოაქვს ტრადიციის განჭვრეტის გზაზე, მაგრამ ტრადიცია არ არის ის, რომ წინა თაობის დაწყებულს უეჭველად ბრმად გააგრძელებს მეორე თაობა. ტრადიცია საერთოდაც არ არიის მემკვიდრეობითი, როცა მის შეთვისებასა და გააზრებაზე ვსაუბრობთ. ამიტომ, გამსახურდიას მსჯელობას თუ გავყვებით, ელიოტისეული ტრადიციის ასპექტებზე დაკვირვებისას, შევამჩნევთ, რომ „ისტორიის შეგრძნება გულისხმობს წარსულის აღქმას არა მხოლოდ წარსულად, არამედ აწმყოდაც.“

ძველი პოეტები პოეზიის განსასაზღვრად ახალი, ხშირად ინდივიდუალური ფორმულის შექმნას ცდილობდნენ. ელიოტის მხრიდან არსებული ტრადიციის არა უარყოფა, არამედ გადააზრება კი სწორედ აქ მტკიცდება. მისი თქმით, ეს მიდგომა ეპოქის შესაბამისია, მაგრამ ახალი დროის პოეტი უნდა იყოს აუცილებლად რთული. მისთვის პოეზია ფილოსოფიურ-თეოლოგიური მსჯელობა არ არის, ის უფრო ემოციური სპექტრია და ხშირად ინტელექტისმიერი ბგერებით მისი გადმოცემა საჭირო სულაც არაა, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის უფლებას პოეტს გაუნათლებლობა ვაპატიოთ, ეს კი, როგორც ზევით აღვნიშნეთ, ელიოტის ერთ-ერთი მთავარი თეზისია. 

ტრადიციის გადააზრების მრავალ ნაწილში ელიოტი პიონერია, მაგრამ არის ერთი დეტალი, რომელსაც მის გარდა ნამდვილად ვერავინ მიაგნო. ლირიკული პოეზიის ტრადიცია გულისხმობდა, რომ პოეტს პერსონალური ემოციები და განწყობები უნდა გადმოეცა. ელიოტმა კი ავტორს მისაღწევ მიზნად იმპერსონალურობა დაუსახა. ეს კი პიროვნულობისაგან გათავისუფლებას ნიშნავს. ამ განსაზღვრებით დანტე მარცხდება. ის ძალიან ხშირად გვაგრძნობინებს პერსონალურ ემოციათა მოზღვავებას. პოეტმა არ უნდა შექმნას ახალი ემოცია, მან უბრალოდ უნდა აიღოს უკვე არსებული და გარდაქმნას იგი. რეალურად, ეს იმხელა მისიაა პოეტისათვის, რომ მას ყოველთვის თავად ელიოტიც კი ვერ აღწევს, მაგალითად, პოემაში „კლდე“ გვხვდება სტრიქონები:

„ამქვეყნიური ცხოვრების რიტმში

ჩვენ გვღლის ნათელი

და გვიხარია, დღე რომ ღამდება.“ 

პოეტს გაურბის პერსონალური ემოციები და უბრუნდება „უნაყოფო მიწაში“ არჩეულ ხაზს აპრილის მტანჯველად, ხოლო ზამთრის სითბოდ გააზრებისას. სწორედ ესაა მისი პიროვნული ემოციების მოზღვავება, მაგრამ შეგვიძლია სტრიქონი მის სხვა თეორიასაც მოვარგოთ. იქნებ ელიოტი იღებს ხალხის გრძნობა-წარმოდგენას სინათლისა და ხალისის იგივეობის შესახებ და უბრალოდ გარდაქმნის მას? ამავე ლექსში პოეტი უპასუხებს შეკითხვას: „გმადლობ ნათლისთვის“ პოემას „კლდე“  უამრავი დეტალი აქვს, რატომაც ის ელიოტისეული ტრადიციის გაგებას შეგვიძლია მივუსადაგოთ, მაგრამ, ვფიქრობ, უმჯობესია სათაურის მნიშვნელობაზე შევჩერდეთ. კლდე სიმტკიცის სიმბოლოა, რომელმაც ნაწარმოების პირველივე სტრიქონებში შეიძინა ფუნქცია:

„მე მგონი, ჩვენ კლდე გვიახლოვდება.

ის ნათელს მოჰფენს ურთულეს კითხვებს

და გაგვიფანტავს ეჭვს, ორჭოფობას.“

პოემის მთარგმნელი მანანა გიგინეიშვილი ელიოტის ტრადიციასთან უწყვეტი კავშირის და მისი, როგორც გადამააზრებლის ფენომენს, პოემის სათურის იდეის სახარებაში აღმოჩენით წარმოაჩენს. „შენ ხარ კლდე და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ მას“ (მათე 16,18).  

საინტერესოა, რომ ქართულ ლიტერატურულ მოდერნიზმშიც ტრადიციასთან დამოკიდებულება ევროპული მოდერნიზმის ტენდენციების ანალოგიურია. როგორც ვიცით, ელიოტი მიიჩნევდა, რომ ახალი ტრადიცია ძველზე დაყრდნობით, მასთან უწყვეტობით ყალიბდებოდა და სწორედ ეს გვაძლევდა საშუალებას დაგვენახა ის ფართო კონტექსტში. კონსტანტინე გამსახურდიაც ზუსტად კონტექსტის დავიწროებასა და პროვინციალიზმს ედავება ქართულ რეალიზმს. მისი აზრით, სწორედ მათი შეფერხებულია რომანის ჟანრის განვითარების პროცესი საქართველოში და ეს განწყობა ყველასთვის კარგად ნაცნობ „დიონისოს ღიმილის“ ბოლოსიტყვაობაშიც მშვენივრად აისახა. 

ტრადიციის ხელახალ გაგებაზე საუბრისას, ვფიქრობ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ უოტ უიტმენი შემოქმედების ცენტრში ღვთის ხატად წარმოდგენილ ადამიანს აყენებს და ამ მხრივ მისი ცენტრი შეგნებულად დავიწროებული და ლოკალურია, ელიოტი უფრო აზოგადებს ამ შუალედს. მისეულ მონაკვეთზე შუა წერტილად უფრო ფართო ცნება დგება, კერძოდ, ისეთი, რომელიც ერთმანეთში ძველისა და ახლის შერწყმას მოიაზრებს, რაც უდავოდ ნოვაციაა როგორც ენის რევოლუციური, ისე ტრადიციის გადააზრების რაკურსიდან.

ცნობილ ამერიკელ რეჟისორს – კვენტინ ტარანტინოს ხშირად ემადლიერებიან მიწასთან გასწორების პირას მყოფი ჰოლივუდის გადარჩენას. გაბუქებული იქნება იმის თქმა, რომ მოდერნიზმი განადგურების პირას იყო, როცა ელიოტი გამოჩნდა, მაგრამ ის კი უეჭველია, რომ ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე იდგა. 

ამერიკელმა პოეტმა კი უბრალოდ ახლიდან გადაიაზრა ენა და ტრადიცია. ენა, როგორც ბაზისი, პირველსაწყისი სამყაროს კომუნიკაციის, ხოლო ტრადიცია კი როგორც სხივი, რომელიც სამყაროს არსებობას პარალელურად გასდევს. ელიოტისთვის ტრადიციის განვითარება უწყვეტი, მხოლოდ ნიუანსური შელამაზებებით სავსე პროცესია, რომელიც ხშირად მას რადიკალურად სხვანაირად გადაიაზრებს, მაგრამ მაინც იმ სიბრტყეში რჩება, რომლიდანაც დაიწყო, სწორედ ამიტომ არსებობს ალუზია და ამიტომ არ ეხსნება თავად ელიოტიც კი ძველი დროის პოეტებს. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.