იზოლაცია
ავტორი: სანდრო ნავერიანი
ჩვენ დროში, სადაც ინფორმაციაც და ადამიანებიც უწყვეტი ნაკადებით მოძრაობენ, იზოლაციას მაინც რჩება განსაკუთრებული ძალა. ის შეიძლება შეგვეხოს როგორც პირად, ისე საზოგადოებრივ დონეზე. ფიზიკური, ემოციური, სოციალური თუ პოლიტიკური იზოლაცია ყოველთვის რაღაცას ცვლის ჩვენში და შესაბამისად, ყველაფერს ჩვენ გარშემო. იცვლება აღქმა და ზოგადი სურათიც მახინჯდება. ხშირად ეს ცვლილება ჩუმად, შეუმჩნევლად ხდება, მაგრამ შედეგი ხმამაღალია: გაღიზიანება, გაუცხოება, აგრესია, სისასტიკე.
იზოლაცია ცვლის ადამიანს ბიოლოგიურად და ანგრევს კავშირების კულტურას გარე სამყაროსთან. იზოლირებულ სივრცეებში ადამიანები ერთმანეთს სასტიკად ეპყრობიან, მაშინ როცა სოციუმთან ინტეგრირებული შეიძლება ემპათიურები, შემწყნარებლები და მეგობრულები იყვნენ. ეს ყველაფერი ზედმეტად კომპლექსური ფენომენია და არ არის მხოლოდ ფსიქოლოგიური, მას ფესვები აქვს ნეიროქიმიაში, კულტურაში, პოლიტიკაში.
მარტო დარჩენილი ადამიანის ორგანიზმი თავდაცვის რეჟიმში გადადის. იზრდება კორტიზოლის, სტრესის ჰორმონის დონე, რაც ნიშნავს, რომ სხეული მუდმივად დაძაბულ მდგომარეობაშია. ამ მდგომარეობაში ტვინი ადვილად იგზნება, ჩნდება აგრესიული რეაქციები და იკარგება ემოციებზე კონტროლი.
წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერავისთან საუბრობს, ან საუბრობს ერთი და იგივე ადამიანებთან, რომელთა სელექციაც მისი არჩევანი არ ყოფილა – მოცემულობა ბუნებრივად შეირჩა. არ ენდობა გარშემომყოფებს. მისი სხეული და ტვინი სტრესულ რეჟიმში მუშაობს, რა დროსაც მეტია ინსტინქტი, ვიდრე რაციო, შესაბამისად, ადამიანი ემსგავსება მის პირველყოფილ ძირს – ველურს, აგრესიულს, სასტიკს, რომელსაც ნებისმიერ ფასად გადარჩენის სურვილი ამოძრავებს.
იზოლაცია ამცირებს სიხარულის, სიმშვიდის და კმაყოფილების შეგრძნებებს. ამის მიზეზი ტვინის ქიმიური ბალანსია. დოპამინი და სეროტონინი, ნეიროქიმიური ნივთიერებები, რომლებიც გვეხმარებიან თავი მშვიდად და ბედნიერად ვიგრძნოთ, იზოლაციისას კლებულობს. ასეთ დროს სრულიად გაუაზრებლად ადამიანი კარგავს მოტივაციას იყოს უფრო ჰუმანური, განავითაროს უნარები, რომელიც მას ადამიანად აქცევს, ვიწროვდება თვალსაწიერი და ის ხდება იმპულსური.
ადამიანის ტვინს, რომელიც ვეღარ იღებს სიახლეებს, დროდადრო ამ სიახლეების მიმართ უჩნდება შიში, რაც ბუნებრივად იწვევს აგრესიას. სიახლეების მიღმა დარჩენილი ადამიანის გონება გადადის ანაბიოზის რეჟიმში, ტვინი ეჩვევა მოცემულობას, ამ მოცემულობაში პოულობს მეთოდებს, როგორ გადაარჩინოს სხეული და ყველა მოვლენას, რომელიც მის ტვინს სიცოცხლის იმპულსებს აძლევს, სასტიკი ფორმებით უსწორდება.
არ არის აუცილებელი იზოლაცია აპრიორი ოთხ კედელში გამომწყვდევა იყოს. ზოგჯერ, შესაძლოა, მთელი საზოგადოება აღმოჩნდეს გარე სამყაროსგან მოწყვეტილი. როცა ქვეყანა თავს შორს იჭერს კულტურული და საგანმანათლებლო პროცესებისგან, თანდათან ქრება საერთო ღირებულებები და ნდობა – ის, რაც ადამიანებს აერთიანებთ. შედეგად, ადამიანებს შორის ჩნდება გაუცხოება. აღარ არსებობს საერთო ენა, საერთო მიზნები. ყველა საკუთარი სხეულის გადარჩენაზე ფიქრობს. ასეთ გარემოში კი ავტოკრატიას, დიქტატურას მცირედი ძალისხმევაც აღარ სჭირდება მასების მოსათოკად და მოსათვინიერებლად. საზოგადოება, რომელიც ამ სიტყვის შინაარსისგან სრულიად დაცლილია, თავად გააკეთებს “საქმეს”, თავისივე სისასტიკით გაანადგურებს საკუთარ თავს.
საქართველოს პოლიტიკური ვექტორი დღეს სწორად ამ იზოლაციისკენ მიდის. სისტემური იზოლაციისკენ. ჩვენ უფრო და უფრო ვემსგავსებით რუსეთს, ბელარუსს, ირანს და მსგავს ქვეყნებს, რომელთა მთავრობებს საზოგადოებისთვის სხვადასხვა ფორმის და ზომის ლაგამი აქვს ამოდებული. ზოგან რელიგია, ზოგან თოფიანი მტრის ხატი, ზოგან პერვერტული მომავლის შიში. ამ და მსგავს ქვეყნებში, მათ შორის- ჩვენთანაც, ხელისუფლება არასდროს პარტნიორობს თავის ხალხთან და მათ უწოდებს მოსახლეობას და არა მოქალაქეებს, ან თანამემამულეებს. მათ სჭირდებათ მორჩილებაში მყოფი მასები, რომელთაც ჩაუგდებენ მარცვალს, ისინი კი ერთმანეთს სასტიკად გაუსწორდებიან, რადგან შექმნილ სისტემაში ისინი ვერ შექმნიან საზოგადოებას, ისინი იქნებიან გადარჩენისთვის ყველაფერზე წამსვლელი ინდივიდები, რომელთაც უბრალოდ საარსებოდ სჭირდებათ პურის, ხორცის, შაქრის ტალონები.
თუ ქვეყანა ირჩევს გზას, რომელიც კავშირს წყვეტს საერთაშორისო საზოგადოებასთან, დემოკრატიასთან და ღია დისკუსიებსა და დიალოგებთან, ეს პირდაპირ მოქმედებს საზოგადოების განწყობებზე. იზოლირებული სახელმწიფოები ქმნიან იზოლირებულ მოქალაქეებს. ასეთი მოქალაქეები კი ნაკლებად ენდობიან ერთმანეთს და უფრო ხშირად ხდებიან ძალადობის და სასტიკი ქცევის მონაწილენი.
ტოტალიტარული კულტურა გვეუბნება, რომ როცა საზოგადოება კარგავს კავშირს საგნობრივ რეალობასთან, იწყებს თავის ენაზე საუბარს, რომელიც მხოლოდ თვითონ ესმის. ეს ენა კი იზოლაციის პროდუქტია და მისი მიზანიც იზოლაციაა. ტოტალიტარული სისტემის ბუნება.
როდესაც ადამიანი იზოლაციაშია, მისი ტვინი და სხეული იღლება. მაგრამ როდესაც იზოლირებულია მთელი საზოგადოება, მთელი კულტურა – იქ ახალი ნორმები ყალიბდება, რომლებიც ბოლოს აუცილებლად იქნება სასტიკი.
დანიელ დეფოს “რობინზონ კრუზო” უხსოვარ დროს მაქვს წაკითხული, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბოლომდე ვერ ვხვდებოდი ისეთი სიტყვების მნიშვნელობას, როგორიც არის “იზოლაცია”, “ტოტალიტარიზმი”, “სეკულარიზმი”, “კოლონიალიზმი” და ასე შემდეგ. ამიტომაც, როცა წავიკითხე ძალიან გამიჭირდა გადმომეცა, რომ ეს არ არის მხოლოდ სათავგადასავლო რომანი, საჭირო სიტყვებს ვერ ვპოულობდი. ახლა კი, როცა ამ წერილს ვწერდი, თავისით ამომიტივტივდა ეს ძალიან ძლიერი ტექსტი.
კაცი, რომელიც ათეულობით წლის განმავლობაში მარტო ცხოვრობს, იზოლაციის გავლენით მისი ქცევა ნელ-ნელა იძენს რადიკალურობას და აკვიატებებს. ის ცდილობს იპოვოს წესრიგი მტრულ სამყაროში, მაგრამ თვითონვე ხვდება ამ წესრიგის ტყვეობაში.
ის არ არის მხოლოდ თავგადასავლის გმირი, მის ქცევებს და მსოფლხედვას განაპირობებს ეპოქის კოლონიალური, სოციალური და რელიგიური წარმოდგენები. აკვიატებებს და რადიკალიზმებს, რომელსაც რობინზონი კუნძულზე მოხვედრის შემდეგ ავლენს, რამდენიმე წინაპირობა აქვს.
რელიგიური აკვიატებულობა და მორალური რადიკალიზმი. რობინზონის სეკულარული გონება თანდათან იცვლება. ის მიდის ღმერთთან და ქრისტიანულ მორალს იზიარებს. მას აქვს ცოდვასთან ბრძოლის, ღმერთის ნების გაგების და თავად მქადაგებლის როლში ყოფნის აკვიატება. პარასკევა მისთვის მდაბიო და ცოდვილია, რომელსაც მან უნდა უჩვენოს სინათლე. ასე ირჩევს რობინზონი რელიგიას გადარჩენის სტრატეგიად. შემდეგ კი რელიგია მისთვის ძალაუფლების ინსტრუმენტი ხდება.
კოლონიალისტური აკვიატება და იმპერიული რადიკალიზმი. რობინზონი თავს კუნძულის მეფედ აღიქვამს. ის ტერიტორიის და პარასკევას El Patron-ია. მისი დამოკიდებულება პარასკევას მიმართ ინდივიდის განვითარების კლასიკურ კოლონიალისტურ დინამიკას წარმოადგენს – მას ასწავლის “ცივილიზაციას”, აძლევს სახელს, ენას და საკუთარ ღმერთს. ასე ხდება რობინზონი კლასიკური რადიკალი იმპერიალისტი. თვლის, რომ ყველა ადგილს და ადამიანურ რესურსს უნდა ჰყავდეს პატრონი. რომ მისი თეთრი, ევროპული ცივილიზაცია უმაღლესია.
შრომის და მორალური წესრიგის აკვიატება. რობინზონისთვის შრომა წმინდაა. ალბათ ადეკვატური იქნებოდა, Arbeiten macht frei რომ ეწეროს რობინზონის თავშესაფრის შესასვლელში. მთელი თავისი საზარელი კონოტაციით. გადარჩენას ის უკავშირებს რაციონალურ, სისტემურ შრომას და არა ინსტინქტს. ქმნის კალენდარს, დროის სტრუქტურას, გეგმავს დღის წესრიგს. შრომის ეს აკვიატება უკავშირდება პროტესტანტულ ეთიკას და კაპიტალისტურ მორალს. ის ქმნის თავის “პატარა სახელმწიფოს”, რომელიც, მისივე გაგებით, ცივილიზებული წესრიგის მოდელია.
ინდივიდუალიზმის რადიკალიზმი. რობინზონ კრუზოს ამბავს არცთუ იშვიათად თვლიან დასავლური ინდივიდუალიზმის მითოსად. მისი არქეტიპია ადამიანი, რომელიც ყველაფერს საკუთარი შრომით და გონებით აღწევს. ამით დეფოს თითქმის რადიკალურ პოზიციამდე მიჰყავს თვითკმარობის იდეა. რობინზონი არ ეჭვობს თავის პრივილეგიებსა და ზნეობრივ პოზიციაზე – ვერ აცნობიერებს ძალაუფლებრივი ურთიერთობების პრობლემას.
რომ შევაჯამო, რობინზონ კრუზო ავლენს: რელიგიურ ფანატიზმს (ღმერთის შიშით ნაკარნახევ მორალს), კოლონიალისტურ ფანტაზიას (საკუთარი უპირატესობის რწმენას), შრომის და საკუთრების აკვიატებას (პროტესტანტული მორალის გავლენით), რადიკალურ ინდივიდუალიზმს და პასიურ აგრესიას სხვათა მიმართ (განსაკუთრებით პარასკევასთან).
კი ბატონო, ბოლოს ჩნდება თანაგრძნობის იმპულსები, რადგან ჩნდება გრძნობა და სიყვარული მაინც იმარჯვებს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ “რობინზონ კრუზო” მხატვრული ლიტერატურაა და მისგან განსხვავებით, რეალობაში იშვიათია ასეთი დასასრულები.
ქიმიური ცვლილებები და კულტურული გაუცხოება ერთმანეთს აძლიერებს. სტრესი და უიმედობა ქმნის ფსიქოლოგიურ ნიადაგს, სადაც ადამიანი აგრესიას ხედავს როგორც გადარჩენის საშუალებას. ის ხდება გზა, როგორ დაიცვას თავი ან გამოავლინოს გრძნობები, რომლებსაც ვერ აფიქსირებდა, როცა ჯერ კიდევ ჰქონდა სულიერი და ფიზიკური თავისუფლება.
იზოლაცია არ ნიშნავს მხოლოდ მარტოობას. ის ნიშნავს ემოციური, კულტურული და პოლიტიკური კავშირის დაკარგვას. ასეთ პირობებში ადამიანი, რომელსაც სჭირდება კავშირი, რომ იგრძნოს თავი უსაფრთხოდ და მშვიდად, ხდება სევდიანი, შემდეგ გაღიზიანებული, ბოლოს კი სასტიკი. თუ ეს პროცესი დიდხანს გაგრძელდა.
ის, რაც ციხეში ხდება, როცა ორი კაცი ერთმანეთს ჯერ სიყვარულს უმტკიცებს, შემდეგ კი მცირე მიზეზის გამო სასტიკად ეპყრობა, მხოლოდ იქ არ ხდება. იზოლაცია ქმნის ამგვარ გარემოს ყველგან, სადაც ადამიანებს ერთმანეთთან კავშირი აქვთ გაწყვეტილი.
თუ ქვეყანა განაგრძობს იმ გზას, რომელიც აიძულებს მას გადაუხვიოს დემოკრატიულ ღირებულებებს და ჩაკეტოს საკუთარი თავი მასავით იზოლირებულ და უკვე სასტიკ საზოგადოებებთან, მაშინ იზოლაცია გახდება ჩვენი საერთო მდგომარეობა. ჩვენი შვილების, მათი შვილების, იმათი შვილების მთავარი მოტივატორი აღარ იქნება ტოლერანტობა, რითაც, ჩემი აზრით, ქართული კულტურა და შესაბამისად, ადამიანი ყოველთვის გამოირჩეოდა. აღარ იქნება სტუმარ-მასპინძლობა. თანასწორობა. ემპათია. ყანწიც კი აღარ იქნება. აღარ იქნება აღარაფერი, რამაც შეგვანარჩუნებინა იდენტობა და რაზეც ასე დაუღალავად გვეუბნებიან, რომ გლობალიზაცია ამ ყველაფერს წაგვართმევს. გლობალიზაცია კი არა, იზოლაცია წაგვართმევს ამ ყველაფერს, რადგან ქვეყანაში აღარ იარსებებს ადამიანი, რომელიც საკუთარი სხეულის გადარჩენის გარდა ვინმეზე ან რამეზე იდარდებს.
ამიტომაც, ღიაობა, თვალსაწიერის 360 გრადუსით გაფართოება, ყველაფერზე საუბარი, განათლება – ეს არის ჩვენი ფსიქოლოგიური და კულტურული გადარჩენის აუცილებელი პირობები, რომელსაც დათრგუნავს იზოლაცია, ბოლო ლურსმანს კი ჩვენ თვითონ დავაჭედებთ.
267 total views, 1 views today







