fbpx

სიგიჟე, როგორც ძალაუფლების ალეგორია


გააზიარე სტატია

ავტორი: ტატო ჩანგელია

შემოდგომის თბილისი უკვე წლებია თეატრალური დღესასწაულების სივრცედ არის გადაქცეული, სადაც სხვადასხვა ფესტივალი ერთმანეთს ენაცვლება და ხშირად პარალელური დინებებითაც ცოცხლდება. ამ მრავალხმოვან დინებაში გასულ წელს ჩაეწერა ახალი ფესტივალი – “თბილისური ბროწეულები” – კამერული და მონოსპექტაკლების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი. ფესტივალის წლევანდელი სლოგანიც ასეთი იყო: “მცირე ფორმები, დიდი იდეები”.

სლოგანმა შინაარსი პირველივე დღეს გაამართლა. ახმეტელის თეატრის სცენაზე OKT – ვილნიუსის ქალაქის თეატრმა წარმოადგინა ოსკარას კორშუნოვასის სპექტაკლი – “შეშლილი”, რომელიც კლასიკოსი მწერლის, ნიკოლაი გოგოლის “შეშლილის წერილების” მიხედვით შეიქმნა.

კორშუნოვასი თანამედროვე თეატრის ერთ-ერთი გამორჩეული რეჟისორია, ლიეტუვური თეატრის ტრადიციის გამგრძელებელი, რომელმაც 1990-იან წლებში საკუთარი სახელობის თეატრი (OKT) დააარსა. თეატრი სწრაფად იქცა ევროპული ავანგარდის მნიშვნელოვან ცენტრად. კორშუნოვასის სტილი გამოირჩევა სოციალური კრიტიკით, პოლიტიკურობითა და რეალობის მიმართ ირონიული დამოკიდებულებით; განსაკუთრებით ცნობილია კლასიკური ტექსტების თანამედროვე ინტერპრეტაციებითა და მათთვის პოლიტიკური კონტექსტის მინიჭებით. რეჟისორის ხელწერა არც მოცემულ სპექტაკლში იცვლება. ეს მონოწარმოდგენა გოგოლის “შეშლილის წერილს” კითხულობს, როგორც წინასწარმეტყველებას დიქტატორული სენის შესახებ, რომელიც XIX საუკუნის ფიქციის ფარგლებს სცდება და ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იან წლებში ამოყობს თავს ჰიტლერის სახით.

კორშუნოვასის “შეშლილი” თავისი ფორმით მკაცრად კამერულია, მაგრამ ინტენსივობით – კათარსისული, შესაბამისად, სცენოგრაფია –  მინიმალისტური. თითოეული ნივთი თავისთავად არა საგნობრივი, არამედ სიმბოლურია: სცენის მარცხენა კედელზე ირმის რქები კიდია, როგორც ძალაუფლების, ბნელისა და მტაცებლის ინსტინქტებზე აგებული იერარქიის ნიშანი. სცენის ცენტრში დასაკეცი კიბეა – აღმავლობისა და დაცემის ბილიკი, რაც მაყურებელს უკეთ წარმოუდგენს პერსონაჟის შინაგან სამყაროში მიმდინარე მოძრაობას, მის ავადმყოფურ მეტამორფოზს. სცენის სიღრმეში კი თეთრი ნაჭერი კიდია, რომელზეც პროექცია იშლება – გონების ეკრანი, სადაც თავდაპირველად აბსტრაქტული ფორმებია – თითქოს ფსიქიკის მუხტები, შემდეგ კი ეს ნარკვევი მკვეთრ პოლიტიკურ კადრებად გარდაიქმნება. სიგიჟის გაფორმებასთან ერთად შეშლილი გარდაიქმნება, იცვლის ტანსაცმელს. შეშლილს BDSM სტილის ტრუსი და მასზე მესამე რაიხის ქურქი აქვს მოცმული. პროექციაზე კადრები შემოდის: მესამე რაიხის მარში, პუტინის გამოსვლები, დიქტატორული ქარიზმის სახეები და სხვა.

მოცემული სტრატეგიით კორშუნოვასი გოგოლის ტექსტს დროის ჩარჩოსგან გაათავისუფლებს და მას პოლიტიკურ არქეტიპად აქცევს. ამრიგად,  “შეშლილის წერილი”  არა მხოლოდ პიროვნული დესტრუქციის, არამედ ძალაუფლების ტოტემური კულტის ანატომიაცაა. რეჟისორისთვის ფსიქიატრიულ დიაგნოზზე უფრო მთავარი ძალაუფლების მექანიზმია, რომელიც სიგიჟეს ამუშავებს, მას კულტად აქცევს და ბოლოს – სახელმწიფოებრივ სისტემად გარდაქმნის.

მონოსპექტაკლი იმართება სიზმრისა და ბოდვის საზღვარზე, სადაც მსახიობი (ერთდროულად მაყურებლის წინაშე და საკუთარ თავში) დგამს გონებრივი დაშლის თითქმის ფიზიოლოგიურ ქორეოგრაფიას. მისი სხეული სუნთქვის, წონასწორობის დაკარგვისა და ხმოვანი რიტმის საშუალებით ქმნის იმ რყევას, რაც “შეშლილის” ცნობიერების მოშლის ანალოგი ხდება. მონოსპექტაკლს ეიმანტას პაკალკა უძღვება. გამორჩეული ლიეტუველი მსახიობი. პაკალკა არ გვთავაზობს შაბლონურად ფსიქოლოგიურ როლს; იგი ინაცვლებს პიროვნულსა და კოლექტიურ განზომილებებს შორის. მისი სხეული ერთდროულად ინდივიდის დაშლისა და ეპოქის კრიზისის ალეგორიად იქცევა.

პროექციების ზრდა და მათში კონკრეტული პოლიტიკურობის გაჩენა ამ პროცესს თან ახლავს, როგორც სიგიჟე ხდება კონკრეტული, ასევე პოლიტიკური ძალაუფლება ვლინდება სახეებში, გამოსვლებში, ლოზუნგებში. სპექტაკლის დასასრულისკენ მაყურებელი ხვდება, რომ პერსონაჟის ჰალუცინაციები რეალობას ემთხვევა – ამით კორშუნოვასი თანამედროვე ეპოქის პარადოქსს გვიჩვენებს: სიგიჟე და რეალობა ერთ ტერიტორიაზე ტივტივებენ. რეჟისორი ირჩევს არა ემპათიურ, არამედ დიაგნოსტიკურ თეატრს, სადაც შეგვიძლია ამოვიკითხოთ ბრეხტიანული გაუცხოების მეთოდი – მაყურებელი არ იძირება ფსიქოლოგიურ დრამაში, პირიქით, რეჟისორი აშორებს ტექსტს ფსიქოლოგიზმის ნალექებს და მას პოლიტიკურ ალეგორიად გარდაქმნის.

თანამედროვე პოლიტიკური ლანდშაფტი ხშირად ფსიქიატრიული პალატის მეტაფორაა. ძალაუფლების ლოგიკა ემყარება არა რაციონალურ არგუმენტებს, არამედ ილუზიებს, შეთქმულების თეორიებს, ჰალუცინაციებს. თანამედროვე ესთეტიკის კვლევებში არსებობს აზრები, რომ პოლიტიკა ხშირად მუშაობს ესთეტიკის პრინციპებით, უფრო ძლიერი ეფექტით, ვიდრე თავად ხელოვანები. ლიდერები ქმნიან საკუთარ სპექტაკლებსა და მითებს, რომლებიც მათ ძალაუფლებას უფრო და უფრო ამყარებს. პოლიტიკის ესთეტიზაცია მეთოდს კი თან დაჰყვება გარკვეული ტიპის ირაციონალური შესრულების მანერა. ესე იგი, თუკი სიგიჟის ანთროპოლოგია შემდეგნაირი იყო, და იგი წარმოიქმნებოდა ძალაუფლების მიერ დაწესებულ საზღვრებთან მიმართებაში, თანამედროვე პოლიტიკურ სივრცეში ეს საზღვრები იშლება: რაც ერთი ადამიანის ბოდვაა, მასების აღიარების შემთხვევაში შესაძლოა “პოლიტიკურ რეალობად” იქცეს.

ტრამპის გამოსვლები, პუტინის აგრესიული „ისტორიული ლოგიკა“, ორბანის ან ბოლსონაროს პოპულიზმი – ეს ყველაფერი ერთი და იგივე პროცესის ვარიაციებია: პოლიტიკის სპექტაკლიზაცია, სადაც მმართველის პიროვნება იქცევა თეატრალურ ფიგურად. სწორედ ამიტომ კორშუნოვასის სცენაზე ნაჩვენები პროექციები – მესამე რაიხის მარში თუ პუტინის გამოსვლები – ფუნქციონირებს არა როგორც ილუსტრაცია, არამედ როგორც დოკუმენტური მასალა, რომელიც მაყურებელს აჩვენებს: სიგიჟე რეალურია და ის უკვე აქაა, პოლიტიკურ ცხოვრებაში.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.