“მეხსიერების პარალელები” – ანა შონიას პირველ პერსონალურ გამოფენა გალერეა 4710-ში
გალერეა 4710 წარმოგიდგენთ ანა შონიას პირველ პერსონალურ გამოფენას – “მეხსიერების პარალელები”.
გამოფენაზე წარმოდგენილია ნამუშევრები სამი განსხვავებული სერიიდან და წარმოადგენს ვიზუალურ კვლევას, რომელიც მეოცე საუკუნის ქართული ოჯახის ისტორიას, პირად და კოლექტიურ მეხსიერებას ეყრდნობა.
ანა შონიას სამუშაო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია ძველ ნივთებთან ურთიერთობა, მათი შეგროვება და შემდეგ დაკვირვება; სწორედ ეს ნივთები აკავშირებს მას საგნის მეხსიერებასთან და მნიშვნელობასთან. ასევე ფოტო არქივზე მუშაობა. ფოტომეხსიერებით შექმნილი სცენები და ლანდშაფტები, რომლებიც მეხსიერებასა და მატერიალურ სივრცეს შორის ბუნდოვან საზღვრებში არსებობენ. ეს ერთგვარი ძიების და შემეცნების პროცესია.
არტისტის შემოქმედებით პრაქტიკაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მეხსიერების პარალელებს, რომელიც წარსულთან, ოჯახურ ცხოვრებასთან, სიმშვიდესა და ჩუმ დაძაბულობასთან აკავშირებენ, იქნება ეს მეტად ტრადიციული ქართული მხარე, თუ უკრაინელი ბებიის მიერ საბჭოთა აღზრდის მეთოდები. ფერწერებში ასახული სცენები გაყინულია კონკრეტულ მომენტში – თხრობის პაუზის მსგავსად, მომენტი რომელიც ამ დროსთან მიმართებით ცნობიერსა და ქვეცნობიერში მუდმივად არსებობს. მნახველი აკვირდება არსებულ პერსონაჟებს პირად, ინტიმურ გარემოში ისე, როგორც ავტორი იკვლევს და ხედავს ამ არქეტიპებს საკუთარ წარმოსახვაში, ხოლო საბოლოო შედეგი თვითრეფლექსიის პროცესია.
ანა შონიას ფერწერაში ვიზუალური ენა აერთიანებს კინემატოგრაფიულ რეფერენსებს, სივრცეებსა და დეკორებს, რაც ხშირად ქმნის ნაწილობრივ ფოლკლორულ და დეკორულ ატმოსფეროს.












