fbpx

ნობელი 2025: ლასლო კრასნაჰორკაი – აპოკალიფსის მწერალი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ტატო ჩანგელია

 

2025 წელს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში  უნგრელ მწერალს  ლასლო კრასნაჰორკაის ხვდა წილად – ევროპული ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე უკომპრომისო ავტორს. ქართველი მკითხველისთვის, რომელიც ბოლო დროს მართლაც განებივრებულია მსოფლიო ლიტერატურის გამორჩეული ტექსტებით,  მისი სახელი არცთუ ისე ნაცნობია, რადგან ნობელიანტი ავტორის არცერთი წიგნი არ არის ქართულად თარგმნილი. მხატვრული ლიტერატურისგან განსხვავებით, ქართულად მოიძებნება მწერლის ესეი, კერძოდ, 2018 წელს ჟურნალ „განთიადის“ ნომერში დაიბეჭდა სერგო წურწუმიას თარგმნილი – „ყველაზე გვიან – ტურინში“. წერილი ნიცშეს ტურინულ შემთხვევას ეხება.

ქართველი მკითხველისთვის თუ ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანებისთვის ლასლო კრასნაჰორკაი ცნობილია, როგორც სცენარისტი. უნგრელი რეჟისორის, ბელა ტარის შავ-თეთრი ფილმების დიდი ნაწილი სწორედ კრასნაჰორკაის სცენარითაა გადაღებული. მათ შორისაა – „ტურინის ცხენი“ – დამოუკიდებელი სცენარი, და ლასლოს რომანი „სატანტანგოა“ (1985), რომელიც ტარმა შვიდსაათიან შავ-თეთრ ფილმად აქცია. 

კრასნაჰორკაის გამარჯვება ნობელის კომიტეტმა შემდეგი სიტყვებით დაიწყო: „მისი მძლავრი, წარმოსახვითი ლიტერატურული ტრაექტორიისთვის, რომელიც, აპოკალიფსური ძრწოლის პირობებში, კიდევ ერთხელ ამტკიცებს ხელოვნების ძალას“.

თუკი მეოცე საუკუნის დასავლური მოდერნიზმის ლიტერატურული ენა ყალიბდება სამყაროს მიერ მოგვრილი ტკივილის ფარგლებში, კრასნაჰორკაი ამ ენას გარდაქმნის აპოკალიფსის პოეტიკად – არა მოსალოდნელ ჰოლივუდურ ფინალურ აფეთქებად, არამედ გრძელვადიან დაღმავალ მოძრაობად, რა დროსაც ინდივიდუალური აბსურდი გადაიქცევა ტექსტის სამყაროს მამოძრავებელ კოსმოლოგიად.

ლასლო კრასნაჰორკაის ტექსტის პირველივე გვერდებიდან მკითხველი ხვდება ენაში, რომელიც არ ემორჩილება ჩვეულებრივ გრამატიკულ სიზუსტეებს ან ნარატიული ეკონომიკის წესებს. მისი წინადადებები არც კონსტრუქციებად ყალიბდებიან, ისინი გარკვეული ტიპის სტიქიურ დინებებს წარმოადგენენ; დაუსრულებელ, ჩარჩოს მიღმა გასულ სინტაქსებს, რომელიც არ ჩერდება არც აბზაცის და არც წერტილის ძალით. ესაა ერთგვარი უწყვეტი დინება, რომელსაც ბოლო არ უჩანს.

ესე იგი, მისი სინტაქსი უარყოფს „წერტილს“, როგორც დასასრულს. წერტილი მისთვის არ არის დასასრული, არამედ გარკვეული ტიპის დროებითი შეჩერებაა. ამიტომაც მის პროზაში წინადადება იქცევა საკუთარ თავში გამოკეტილ სივრცედ – თვითმყოფად გალაქტიკად, სადაც აზრი არ იზომება სიუჟეტით, სადაც დაკვირვების საგანს წარმოადგენს ინტენსიური მონოლოგი, რომელიც თავიდან ბოლომდე იქმნება შიგნით. უკეთ აღსაწერად: გვაქვს გარკვეული ტიპის ნული – ანუ გარე ჩარევისგან ტექსტი სრულიად დაზღვეულია, ყველაფერი კი ამ ნულის პრიზმიდან ამოიზრდება. ამ შიდა სივრცეში კი ერთმანეთს ადამიანი, ღმერთი და არარსებობა კვეთენ და ერთმანეთშიც იხლართებიან. შესაბამისად, ენა იმგვარადაა დაძაბული, თითქოს სიტყვების უკან იშლება მძიმე, უხილავი ზეწოლა – გადაუჭრელი მეტაფიზიკური კითხვები: არსებობს თუ არა მიზანი? არსებობს თუ არა გამოსავალი?

ხშირად ნახსენები ეს აპოკალიფსი არა იმდენად მოვლენაა, რამდენადაც მდგომარეობა. ლასლო კრასნაჰორკაის ტექსტებში არ გვხვდება რაიმე კონკრეტული დრამატურგიული კატასტროფა; პირიქით, მთელი სამყარო არსებობს უწყვეტი დაშლის პროცესში. Everything is always ending, yet never finished. სწორედ ამ მუდმივ დაღმასვლაში ცხოვრობენ გმირები – ადამიანები, რომლებიც თითქოს ხედავენ რაღაცას, რაც სხვებმა ვერ დაინახეს, და ამ ხედვამ მათ შეუცვალა თვით არსებობის მატერია. ადამიანებმა დაკარგეს ჰარმონია სამყაროსთან, რადგან მიხვდნენ, რომ ეს ჰარმონია არასოდეს არსებობდა. ასე ქმნის მწერალი ლიტერატურულ ანტიგმირს, ადამიანს, რომელიც გაცდა ბიოგრაფიას და ნაბიჯს დგამს მეტაფიზიკურ ნანგრევებში.

მაგალითად,  „სატანტანგოში“ ექიმი, რომელიც ყველაფერს წერილობით აფიქსირებს, მწერლის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ხატი ხდება – არა იმიტომ, რომ ის ავადაა, არამედ იმიტომ რომ ხედავს უსასრულო ავადმყოფობას, სამყაროს ქრონიკულ ანომალიას. პერსონაჟები მუდმივი მოლოდინის რეჟიმში არიან, ეს ერთგვარი დაუსრულებელი სასოწარკვეთაა, თუმცა როგორც ფილოსოფიიდან  ვიცით, სასოწარკვეთას შესაძლოა ორი ბოლო ჰქონდეს: ერთი მხრივ, ჭეშმარიტებამდე სავალი გზა მოითხოვს მოცემულ მდგომარეობაში ჩავარდნას, მეორე მხრივ კი, მისი ბოლო – კატასტროფაა. უნგრელი მწერლის შემთხვევაში საქმე ამ უკანასკნელთან გვაქვს – პერსონაჟები ელიან კატასტროფას, რომლის არსის შესახებაც არაფერი იციან.

შესაბამისად, ლიტერატურულ ქსოვილში წყდება გარკვეული ტიპის მოქმედება; პერსონაჟი უბრალოდ არსებობის მორევშია გადავარდნილი, რადგან ყველაფერი რაც უნდა მოხდეს, უკვე მოხდა: ღმერთი წავიდა, თუმცა კვალი ჯერ კიდევ დარჩენილია. ეს პერსონაჟები არა მონდომებული იდეალისტები არიან, არამედ მონაცემები, რომლებიც გასცდნენ ფიზიკას და გადავიდნენ პიროვნული რელიგიის სფეროში. აქ მნიშვნელოვანი ხდება დასავლური ლიტერატურისთვის უკვე ჟანრის კანონად შექმნილი ფაქტი – მწერლის დაინტერესება აღმოსავლური მსოფლმხედველობით. 

ზემოთ ნახსენებ ესეიში, რომელიც ქართულად თარგმნილია, კრასნაჰორკაი ეყრდნობა ნიცშეს სიცოცხლის უკანასკნელ მოქმედებას: ნიცშე ტურინის მოედანზე გადააწყდება სცენას, მეეტლე ურტყამს ცხენს, რომელიც უარს აცხადებს ადგილიდან დაიძრას. მეეტლეს ქმედება უშედეგოა – ცხენი ადგილიდან არ იძვრის. ნიცშე კი, როგორც ცნობილია, აღშფოთებას ვერ იოკებს და წერტილს უსვამს ამ სასტიკ სპექტაკლს, მოულოდნელად მიუახლოვდება მიზანსცენას და ცხენს ყელში ძლიერად ჩაეხუტება. ამ მოვლენის შემდეგ ნიცშე სნეულდება და სიცოცხლის ბოლო ათ წელს მდუმარებაში გაატარებს. ამ სცენამ ბრძენკაცის გონება საბოლოოდ დაშალა. მწერლისთვის კი ეს არ არის მხოლოდ ბიოგრაფიული მოვლენა, ეს არის დასავლური ცივილიზაციის მსხვრევის პროცესი.

კრასნაჰორკაი პირდაპირ ამხელს იმ დიდ წინააღმდეგობას, რომელშიც ცხოვრობს თანამედროვე ადამიანი: ის შეიძლება ცხოვრობდეს „ცხოვრების კანონის“ გარეშე, როგორც ეს ნიცშეს ფილოსოფიაშია, თუმცა ვერასდროს გაექცევა მას.

ნიცშეს ტურინული ტრაგედია გვიკარნახებს: ცხოვრება ზნეობრივ კანონთან თანხმიერებისას – არ არის თავისუფალი არჩევანი, რამდენადაც, აირჩიო რამე საპირისპირო, აპრიორი შეუძლებელია. მე შემიძლია, ვიცხოვრო ამ კანონის უგულებელყოფით, მაგრამ ვერ შევძლებ, გავთავისუფლდე იდუმალი და ჭეშმარიტად გადაულახავი ძალისგან, რომელიც განუყოფლად მაკავშირებს მასთან. და თუ მაინც დავიწყებ ცხოვრებას ზნეობრივი კანონის საწინააღმდეგოდ, მაშინ ალბათ შევძლებ, მოვეწყო წინასწარ განსაზღვრულ და უბადრუკ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რომელიც – ნიცშეს სიტყვებით რომ ვთქვათ – “იცხოვრო და იყო უსამართლო – ერთი და იგივეა”, მაგრამ ვერ შევძლებ, გადავწყვიტო ის გადაუწყვეტელი კონფლიქტი, რომელიც ასე ხშირად მაიძულებს, ვიდარდო საკუთარი არსებობის საზრისის გამო, რადგან, ვარ რა ამ საზოგადოებრივი ცხოვრების ნაწილი, მე ზუსტად ასევე ვრჩები ნაწილად იმისა, რასაც, გაუგებარი მიზეზით, კვლავაც მივიჩნევ რაღაც დიდად, ერთიან მთელად, და – კანტის მოხმობას ვერ ავცდები – სწორედ ამ დიდმა ჩააბუდა ჩემში ეს კანონი მისი დარღვევის სავალალო უფლებასთან ერთად.

ეს უმძიმესი აღსარებაა, ეს არის კრიზისი ადამიანისა, რომელმაც დაკარგა ღმერთი, მაგრამ ვერ დაკარგა, ხელიდან ვერ გააგდო მის მიერ დატოვებული კანონი. სწორედ ამიტომ მისი გმირები მოძრაობენ არა ნიჰილისტურ თავისუფლებაში, არამედ შინაგან წინააღმდეგობაში, რომელიც არაფრით წყდება.

სწორედ აქედან მომდინარეობს მწერლის დაინტერესება აღმოსავლური აზროვნების მიმართ, არა როგორც ეგზოტიკური ინტერესი, არამედ ერთგვარი ალტერნატივა დასავლური ლოგოსის ნგრევის პროცესში.

 ფილმში „ტურინის ცხენი“, რომლის სცენარი კრასნაჰორკაის ეკუთვნის, ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური ანტიინარიტული ჟესტია დასავლური კულტურის მიმართ. აქ აღარ არის ამბავი, არ არის არც განვითარება, არც თავგადასავალი. არის მხოლოდ განმეორება, გამოფიტვა, მოძრაობის ნელ-ნელა შეწყვეტა, თითქოს ისტორია თავად ემზადება სიკვდილისთვის.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.