ნიკა ხაბელაშვილის პერსონალური სახელოვნებო პროექტი – გზად: A Space Between The Places
გზად: A Space Between The Places ნიკა ხაბელაშვილის პერსონალური სახელოვნებო პროექტია, რომელიც სახლის კონცეფციის არტისტულ კვლევას გარესამყაროსთან მჭიდრო კავშირში მყოფი ეგზისტენციალური ხედვით წარმოადგენს. ამ კვლევაში ფართო კონტექსტით ერთიანდება კულტუროლოგიური, გეოგრაფიული, ურბანული, თუ სოციალური საკითხები. გამოფენა ხანგრძლივი კვლევის ფინალური ეტაპია, სადაც სახლი – ფუნდამენტური საარსებო, სასიცოცხლო მოცემულობა – ხელოვანის დაკვირვების, მისი შთაგონების მთავარი საწყისია. ხელოვანის მისწრაფება, შეიცნოს საკუთარი და ზოგადადამიანური ყოფის ცვალებადი შეგრძნებები, ერთმანეთთან აკავშირებს მძაფრ პერსონალურ გამოცდილებებს, და არსობრივ მოცემულობათა ჰუმანისტურ გაგებას.
ხელოვანის შთაგონების საწყისი ეტაპი მისივე ბავშვობაა – ოჯახისეული სახლი გორში და იმდროინდელი ჭერის ბიაზი, მასალა, რომელიც მასშტაბურ ფერწერულ ტილოებად გარდაიქმნა და 2023 წელს გორის ხელოვნების სახლში გამოიფინა. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ამავე ეტაპზე ნიკამ დიდი ხნით ადრე დაგეგმილი ჩანაფიქრი რეალობად აქცია. მან აღმოსავლეთ ევროპიდან ცენტრალურ აზიამდე, სახმელეთო გზით იმოგზაურა. მოგზაურობისას მანქანაში ცხოვრებისა და უსახლობის 14 თვიანი გამოცდილება მშობლიური სივრცისგან მოშორებით, კომფორტის ზონიდან გასვლით დაიწყო. სწორედ ამ პროცესში, უცხო ქვეყნების საზღვრების კვეთისას, სახლის კონცეფციის შემდეგი ეტაპი განვითარდა.
სახლი… საზღვარი…გაქცევა და დაბრუნება… ადგილებს შორის მიყურადებული სიჩუმე…სახეები და უცნობ ადამიანთა პროფილები… დროებითი, მძაფრი შეგრძნებების მხატვრული ფიქსაცია… აკრილში შესრულებული მასშტაბური ტილოები, მოგზაურობისას ფიქსირებული აბსტრაქტული პეიზაჟები, გზისპირა ჩანახატები და გზად ნაპოვნი ობიექტები, ინტერვიუები საკუთარ თავთან და შემხვედრ ადამიანებთან, თუ დაბრუნების შემდეგ შექმნილი რეფლექსიური ინსტალაციები, ნიკა ხაბელაშვილის მხატვრული ძიების საეტაპო პროცესს წარმოაჩენს. სად შეიძლება იყო შინ, ან რას შეიძლება აღნიშნავდეს სახლი, როდესაც საათში 100 კილომეტრს, 14 თვეში 9 ქვეყანას და 11 ადგილს გადაკვეთ?
მუდმივი დაკვირვების ფონზე აღმოჩენილი უხილავი სივრცეები, ჰორიზონტები – მომენტალური, უეცარი „შეჯახების“, ტკივილის, შიშის, ეჭვისა და უსაზღვრობის, დამოუკიდებლობის სასიამოვნო, მყიფე და ამავდროულად ცხადი მოგონებების რკალი, ან სულაც უხილავ ძალთა თანაფარდობაა. ამ დაქსელილ ინტერვალებში თუ კოორდინატთა აბსტრაქტულ სიბრტყეზე „ნაცნობი“ და „უცნობი“ ერთმანეთის აჩრდილებს განდევნიან. რა რჩება მას შემდეგ? როგორია შიშველი მზერა? ერთი შეხედვით უცხო ზედაპირები ყველაზე ახლობელთან – საკუთარ თავთან დაბრუნებას იწყებენ. ამ პროცესში „საკუთარი თავი“ – უცნობი ლანდშაფტის ორგანული ნაწილი – აერთიანებს ყველა ნანახ და გადაულახავ საზღვარს. რა შეიძლება იყოს ამ საზღვრის იქით?
ტექსტი: ხელოვნებათმცოდნე, კურატორი, მარიამ შერგელაშვილი
იდეისა და პროექტის ავტორი: ხელოვანი ნიკა ხაბელაშვილი
პროექტის ფინალურ გამოფენაზე მოწვეული კურატორი: მარიამ შერგელაშვილი
პროექტის მხარდამჭერი: რია ქებურიას ფონდი
240 total views, 2 views today



