“მექანიზმი” – ხმა, მოძრაობა და უსიტყვო კომუნიკაცია
16 ნოემბერს, 20:00 საათზე “ქალაქი თეატრი” ახალ ექსპერიმენტულ სპექტაკლს – “მექანიზმს” წარმოგიდგენთ. “მექანიზმი” არის ხმა და მოძრაობა, უსიტყვო კომუნიკაციის ენერგია.
ქართული თეატრის სცენისათვის “მექანიზმი” ინოვაციური პერფორმანსია, რომელიც აერთიანებს მოძრაობას, მუსიკას და ექსპერიმენტულ ხმოვან ხელოვნებას. სპექტაკლის რეჟისორი ნიკა კოხრეიძეა. წარმოდგენა 65 წუთს გრძელდება.
„მექანიზმი“ მუსიკალური, რიტმული და ქორეოგრაფიული ექსპერიმენტია, რომელიც აერთიანებს ფიზიკური თეატრის, მოძრაობისა და მუსიკის ელემენტებს. სპექტაკლის მსვლელობისას მონაწილეები იყენებენ მხოლოდ საკუთარ სხეულსა და ყოველდღიურ საგნებს, მათ შორის: კალათბურთის ბურთებს, ხის ჯაგრისებს, მილებს და ა.შ. საგნები მუსიკალურ ინსტრუმენტებად გარდაიქმნებიან და მათი საშუალებით მსახიობები ქმნიან ხმას, რიტმს და ვიზუალურ დინამიკას სრულიად უსიტყვოდ.
სპექტაკლში არ გამოიყენება ტექსტუალური მასალა – მხოლოდ შეძახილები, რომელთა საშუალებითაც კიდევ უფრო ძლიერდება უსიტყვო კომუნიკაციის ენერგია.
„მექანიზმი“ შედგება სხვადასხვა პერკუსიული, ქორეოგრაფიული და მუსიკალური ეტიუდებისგან. თითოეული სცენა დამოუკიდებელია დრამატურგიული თვალსაზრისით, თუმცა გაერთიანებულია საერთო იდეით – ადამიანისა და გარემოს ურთიერთქმედება ხმისა და მოძრაობის ენით. თითოეულ ეტიუდში მაყურებელი ხმითა და მოძრაობით ამოიცნობს გარემოს, სადაც ვითარდება მოქმედება.
„მექანიზმი“ არის მოგზაურობა ხმაში – სივრცეში, სადაც ადამიანი სწავლობს უსიტყვოდ ურთიერთობას, ხოლო ხმა და მოძრაობა ხდება უნივერსალური ენა.
ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულებს:


