fbpx

რუსეთის ბნელი მხარე დოსტოევკსის შემოქმედებაში


გააზიარე სტატია

ავტორი: მათე წიკლაური

 

ფიოდორ დოსტოევსკის თხზულებების კრებულს თომას მანმა წინასიტყვაობა გაუკეთა და ის ასე დაასათაურა:  „დოსტოევსკი, ოღონდ ზომიერად“. გერმანელი კლასიკოსი, რუსი მწერლის შემოქმედებაზე დაყრდნობით, ზომიერებაში ბევრ რამეს გულისხმობდა, მაგრამ ყველაზე კარგად ესეის არსი მერეჟოვსკის სიტყვებშია ასახული: „გაშინებს მისი ყოვლისმცოდნეობის, სხვის სინდისში წვდომის უნარი. ჩვენ მასთან ჩვენსავე იდუმალ ზრახვებს ვხვდებით, რომელსაც არათუ მეგობარს, საკუთარ თავსაც არ ვუმხელთ ხოლმე.“ მკვლევრის ეს სიტყვები მიაჩნდა თომას მანს დოსტოევსკის შემოქმედების მთავარ გასაღებად, ჩვენ კი შეგვიძლია, მისი შემოქმედება რუსული საზოგადოების მანკიერი მხარეების შესასწავლად გამოვიყენოთ.

1821 წლის 11 ნოემბერს მოსკოვში დაიბადა რუსეთისა და მსოფლიოს უდიდესი კლასიკოსი ფიოდორ დოსტოევსკი. საქართველოში პატრიოტული ქართული ელიტა ყოველთვის ებრძოდა რუსული იმპერიალისტური ნარატივის დამკვიდრებას, ამ გზაზე გამარჯვებას კი პირველ რიგში რუსული საზოგადოებისავე მანკიერი მხარეების შეცნობა და გაანალიზება წარმოადგენდა. ეჭვგარეშეა, ლიტერატურა ხშირად ყველაზე კარგად აირეკლავს ხალხის განწყობასა და მისწრაფებებს. რუსი ავტორების სწორად წაკითხვა კი ჩვენ უფრო განგვიმტკიცებს აზრს, რომ ბედნიერი და ჰარმონიული მომავლის პოვნა მხოლოდ ევროპასთან თანაარსებობით შეგვიძლია.

ცოტა მწერალმა შეისწავლა საზოგადოების მორალური და სულიერი სტრუქტურა ისე სიღრმისეულად, როგორც ეს ფიოდორ დოსტოევსკიმ. მისი რომანები მხოლოდ ფსიქოლოგიური დრამები კი არა, არამედ ვრცელი კვლევებია იმ მორალური დილემების და გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც რუსული საზოგადოება დგას. ხშირად ამ ბოროტ მხარეთა გამომწვევი სიღარიბე, უთანასწორობა, მორალური გულგრილობა, რადიკალიზმი და თვალთმაქცობაა. საზოგადოებას როგორც ღმერთის, ისე საკუთარი თავის რწმენა დაკარგული აქვს და აბსოლუტურ ნიჰილიზმში ჩაძირულთ მავნე თვისებები უვითარდებათ. „ძმები კარამაზოვები“, „დანაშაული და სასჯელი“, „იდიოტი“ თუ სხვა ნებისმიერი ტექსტი დოსტოევსკის შემოქმედებიდან, გვეხმარება ადამიანის ზოგადი პორტრეტის შექმნაში, პორტრეტისა, რომელიც ყოველდღიურად კარგავს ღირსებას. 

 

სიღარიბე და გაუცხოება 

მატერიალური გაჭირვება რომ ადამიანის მანკიერ მხარეებს აღვიძებს ხოლმე, ეს ახალი სულაც არაა ქართული ლიტერატურისთვის. დავით კლდიაშვილის პერსონაჟები სიღარიბეს მიჰყავს იმ მორალურ დეგრადაციამდე, რომელსაც, მაგალითად, გალაქტიონი და ზენათი, პლატონი და ბეკინა, მორბელაძე და სხვანი განიცდიან. „სამანიშვილის დედინაცვლის“ პირველ გვერდებზე პლატონი მამას თქვენობით ელაპარაკება, ბოლოს კი ფეხმძიმე დედინაცვალს ფიზიკურად უსწორდება, იმდენად დიდია „მოზიარის“ ყოლის შიში. ასეა როდიონ რასკოლნიკოვის მორალური გადაგვარების საკითხიც. „დანაშაულსა და სასჯელში“ დოსტოევსკი პეტერბურგს წარმოგვიდგენს, როგორც ქალაქს, რომელიც სიღარიბის, გადატვირთულობისა და მორალური სასოწარკვეთის წნეხს ვერ უძლებს და იხრჩობა. რასკოლნიკოვი პატარა, უჰაერო ოთახში ცხოვრობს, რაც თითქოს საზოგადოებისგან მისი ფიზიკური და მორალური გაუცხოების გამოვლინებაა. ქალაქი სავსეა მათხოვრებით, ლოთებითა და ზნედაცემული ადამიანებით. სწორედ ესაა ერთ-ერთი ფაქტორი იმ მრავალთაგან, რომელიც რასკოლნიკოვს ნაჯახს ააღებინებს ხელში და მოხუცს მოაკვლევინებს. რუსეთის ინტელექტუალურ წრეებში გავრცელებულ ნიჰილისტურ იდეებს რასკოლნიკოვის ეს ქმედება მკაფიოდ წარმოაჩენს, თანაგრძნობის განცდა შორდება გონებას და ბოროტება მხოლოდ მკვლელობაში კი არ იბუდებს, არამედ ინტელექტუალურ ამპარტავნებაშიც. დაჭაობებული სანქტ-პეტერბურგი კი ილიასეული „იამშჩიკისა“ და პოდპორუჩიკი N-ისთვის საუკეთესო ნიადაგია და სიბრიყვისა და სისასტიკის ფესვების გადგმას უწყობს ხელს.

 

მატერიალიზმი და სულიერი სიცარიელე

დოსტოევსკის რომანებში ხშირად ვაწყდებით პერსონაჟებს, რომლებიც ცხოვრების აზრს მხოლოდ მატერიალურ სარგებელში ხედავენ. უკანა პლანზე გადაწეულ რწმენას, სიყვარულსა და თანაგრძნობას ანაცვლებს სიმდიდრე, ძალაუფლება და სოციალური სტატუსი. დოსტოევსკიმ „ძმებ კარამაზოვებში“ სამი ტიპი დააპირისპირა ერთმანეთს. ივანი ცივი გონების ინტელექტუალის სახეა, დიმიტრი ვნებით სავსე დაუდევრობის, ხოლო ალიოშა კი სულიერი ამაღლებულობისა. დოსტოევსკი ცდილობს გვიჩვენოს, თუ როგორ უარყოფს ღმერთს საზოგადოება და მორალურ ჩარჩოებს ამსხვრევს. 

ეს სულიერი სიცარიელეა ქაოსისა და სისასტიკის დამამკვიდრებელი. წარმატება უკვე ადამიანის სულიერ ამაღლებულობას კი არა, გამდიდრებასა და ძალაუფლების მოპოვებას გულისხმობს, რაც წინასწარმეტყველური ლიტერატურული გადაწყვეტაა, მსგავსად „ეშმაკნისა“. ნაწარმოებში სატირულად წარმოჩენილ ინტელიგენციას ვხვდებით, ისინი აბსოლუტური უტოპიის ძიებაში საზოგადოებრივი წესრიგის ნგრევას იწყებენ. სწორედ ამიტომაა, რომ იქ ხშირად ძალადობისა და მკვლელობის ღმერთის იდეის დაცვით შენიღბულ, მანიპულატორულ პასაჟებს ვაწყდებით. რუსული საზოგადოება ხშირად ურევს ერთმანეთში თავისუფლებასა და ქაოსს, ერთი შეხედვით, მისწრაფება თავისუფლებისკენ და განვითარებისკენაა, მაგრამ რეალურად მათ მთავარ მოტივს სხვა ერებში დესტრუქციისა და ქაოსის დანერგვა წარმოადგენს. 

ნიჰილიზმის აღზევება, დაცემული რწმენა და ინდივიდის დეჰუმანიზაცია

თუ მოდერნიზმი გვიამბობდა ნირწამხდარ, მსოფლიო ომის შემდეგ უფუნქციოდ დარჩენილ საზოგადოებაზე,  – ეს გულწრფელი თხრობა იყო იმდენად, რამდენადაც საზოგადოებრივი როლის მიღმა დარჩენილი ადამიანები დეპრესიულ ჩარჩოებში ექცეოდნენ, თანაც ეს იმდენად მძლავრი განცდა იყო, რომ ელიოტს ესეც კი ათქმევინა: „მე ვფიქრობ, ვირთხის ბილიკს მივყვებით…“ დოსტოევსკის წარმოჩენილ რუსულ საზოგადოებას ნიჰილიზმი ამ გულწრფელობით არ გასჩენია. მწერლის გმირებმა დაიჯერეს, რომ ღირებულებების პატივისცემა უაზრო და ფუჭია, მეორე მხრივ, დაუპირისპირდნენ აზრს რწმენისა და ფასეულობების წინააღმდეგ წასული ერი თვითგანადგურებამდე მივა. ივანე კარამაზოვი დგება დილემის წინაშე: „თუ ღმერთი არ არსებობს, ყველაფერი დაშვებულია.“ ეს არის ფრაზა, რომელიც დოსტოევსკის შიშს წარმოაჩენს. მორალურის უკანა პლანზე გადაწევას რუსული ცხოვრების საფუძველთა ნგრევა შეუძლია მხოლოდ. სწორედ ესაა დიდი ინკვიზიტორის ერთ-ერთი იდეაც, რომ ნიჰილისტურ, გაციებულ თაობას ტანჯვის იდეის შეთავსება ღმერთთან აღარ შეუძლია. დოსტოევსკისთვისაც საზოგადოება განწირულია სულიერ ჭეშმარიტებასთან განშორებისათვის. 

თუ გავიხსენებთ მიხეილ ჯავახიშვილისეულ განმარტებას, რომ რუსეთისაა მიწა, რომელზეც რუსი ჯარისკაცი ფეხს დადგამს და სისხლს დაღვრის, მივადგებით ერთ საინტერესო მსჯელობას: როდესაც საზოგადოება კარგავს რწმენას უმაღლესი იდეების მნიშვნელობათა მიმართ, ის განწირულია ძალადობისა და ფანატიზმის მორევში ჩასაძირად. ამ ყველაფერს კი დეჰუმანიზაციამდე მიჰყავს საზოგადოება. დოსტოევსკის აზრით, რუსების მორიგი ბნელით მოცული მხარე სწორედ ესაა. მათ სოციალურ სარგებლიანობამდე დაჰყავთ ადამიანის ქცევა და ამით ცდილობენ პასუხისმგებლობებისგან გათავისუფლებას. ამიტომ რუსული საზოგადოების სისასტიკე მხოლოდ ბოროტ ქმედებებში კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ თანაგრძნობისა და ინდივიდუალობის ჩამოშლის პროცესებშიც. ის, რომ უკიდურესად მატერიალისტური და ემოციისაგან დაცლილია მათი განწყობები ერთმანეთისა და სხვა ერების მიმართ, ნიკო ლორთქიფანიძესთან ბრწყინვალედ აისახა. გრაფი ბორენკოვი, რომელიც მკითხველს დახვეწილი მანერებით ეცნობა, ერთი დღის მოყვანილ ცოლს, ელის, მეგობრების თვალწინ უდიდეს შეურაცხყოფას მიაყენებს. ეს ყოველივე კი იმის განსხეულებაა, რომ კოლექტიური ბორენკოვისთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ჰედონიზმი, მხოლოდ სოციალური სარგებლიანობა და არაფერი სხვა. 

 

თანაგრძნობის გარეშე თუ თანაგრძნობით?

ის, რაც „ვეფხისტყაოსნის“ გმირებში ყველაზე უფრო მოგვწონს, თანაზიარობის პრინციპია. ავთანდილს, ფრიდონს, ტარიელს, ფატმანს და სხვებს შეუძლიათ, ერთმანეთისადმი ცხოვრების აზრის მიმცემნი იყვნენ. რუსთაველმა ეს უმთავრესი ზნეობრივი კანონი პროლოგშივე გამოკვეთა: „მით შევეწივნეთ ტარიელს, ტურფადცა უნდა ხსენება“. პოემაში ეს უამრავ ადგილას გვხვდება, მაგრამ ჩვენი მოკლე და ზედაპირული მსჯელობის საგანი ამ ყოველივეს გაშლა, ვფიქრობ, არაა, თუმცა ფაქტია, რომ, რაც მაღალზნეობრივ საზოგადოებებს ადამიანობის მთავარ განმსაზღვრელად მიაჩნიათ, ის დოსტოევსკის რუსულ სოციუმში საერთოდ გამქრალია. მწერლის პერსონაჟები ხშირად მარტონი არიან, ვერ პოულობენ საერთო ენას საზოგადოებასთან, მაგრამ ეს არ ხდება იმიტომ, რომ მათ რომანტიზმისეული მისწრაფებები აქვთ სამყაროს შეცნობის გზაზე, პრობლემის გასაღები უფრო ამპარტავნებასა და ბრუტალობაშია. ინდიფერენტული ადამიანები კი ინდიფერენტულ, არათავისუფალ გარემოს ქმნიან და ერთმანეთს სრულებით არ უსმენენ. მხოლოდ აქ შეუძლიათ კეთილშობილების გამო დაუძახონ ადამიანს იდიოტი, შეუგდონ ბუხარში ასი ათასი მანეთი და გაერთონ სხვისი უბედურების ყურებით, დოსტოევსკიმ მიშკინის გარშემო აღმოცენებულ საზოგადოებას დაკარგულის სტატუსი მიანიჭა. ავტორი ბოროტებას არა როგორც გარე ძალას, არამედ შინაგან მორალურ შეუთავსებლობად განიხილავს. ყველა საზოგადოებამ უნდა აირჩიოს რწმენასა და სასოწარკვეთას, თანაგრძნობასა და გულგრილობას შორის, მაგრამ რუსული საზოგადოება საკუთარ თუ სხვათა სივრცეში, ჯავახიშვილის დახმარებით მეტაფორულად და თანაც პირდაპირ თუ ვიტყვით, საროსკიპოებს დგამდა ტაძრებში და არ წუხდა ამ დამოკიდებულების არსებობას. 

რეალურად, ამ დეგრადირების გამომწვევი „ნელა მოსიარულე ეტლი“, „პირდაუბანელი იამშჩიკი“, ცრუ-გამომგონებელი პოდპორუჩიკი და რა თუ ვინ აღარ იყო, მაგრამ გუბეში ჩალპობის პირას მყოფმა რუსულმა საზოგადოებამ აქედან ამოსვლა კი არ სცადა, არამედ მიზნად დაისახა, რაც შეიძლება მეტი ერისა და სახელმწიფოს ჩათრევა. ის განშორდა ეგზისტენციალიზმს, აბსტრაქტულობას, დაივიწყა მორალური კანონი და ირწმუნა, რომ თუ ღმერთი არ არსებობს, ყველაფერი შეგიძლია გააკეთო. რეალურად კი მორალური დეგრადაციისაგან თავის დაღწევის საშუალება არსებობდა და ამ ყოველივეს პასუხიც. დოსტოევსკის შემოქმედებაში აღწერილმა რუსულმა საზოგადოებამ სულის სიყვარული აირჩია, რაც სიმბოლურად ადამიანის საკუთარ ცხოვრებასთან ჩაბღაუჭებასა და ამქვეყნიურ მისწრაფებებს გამოხატავს. მეორე მხარეს კი იყო „სულის სიძულვილი ამ სოფელში“, როგორც არა თვითსიძულვილი, არამედ ღმერთის, ჭეშმარიტებისა და ჰუმანიზმისთვის თავგანწირვის სიყვარული. აი ამ მეტაფორული სიძულვილის ამრჩევს „საუკუნო სიცოცხლისთვის შენახვა“ ელოდათ, როგორც მარადიული სამყოფელი. ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ პერიფრაზის გარეშეც ვიცით იოანეს სახარებიდან: 

„ვისაც თავისი სული უყვარს, კარგავს მას, ხოლო ვისაც თავისი სული სძულს ამ სოფელში, საუკუნო სიცოცხლისათვის შეინახავს მას.“ (იოანე 12:25)

ავტორი: მათე წიკლაური


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.