ნოემბრის პირველი კვირა და ბესიკ ხარანაულის ფეისბუქი
ავტორი: მათე წიკლაური
აგერ უკვე დიდი ხანია, რაც ბესიკ ხარანაული ფეისბუქს უტრიალებს, ხან თითქოს „ბოლოშემართული შაშვივით“ დაეძებს გრძნობას, ხან კი „ხის წვერზე ისაღამოვებს“, ხანაც „დიდ სმაშია“, ხან თავის თავს შეუძახებს: „ეჰ, ბესარიონ!“ და ბოლოს მაინც „მთავარი გამთამაშებელი“ ხდება. წონასწორობას ხომ არ დაეძებს?
„არც სავსე ვარგა ადამიანი, არც ნაკლული.
სავსე დაგეღვრება, ფეხებს დაგისველებს,
ნაკლული კი ყანყალით გაგტანჯავს.“
მის მკითხველებს გვსმენია, რომ ბესიკს ადამიანის მისიად წონასწორობის პოვნა მიუჩნევია ოდესღაც და ვიღაცის პათეტიკურობას თავისი ირონიით ავსებს და ზოგჯერ, პირიქით, თამაშობს ანტონიმურ წყვილებში.
11 ნოემბერს დიდი პოეტის დაბადების დღეა. მე კი მის ფეისბუქს ამოვყევი, ნოემბრის თვისას, და „ყრმა“ გავხდი, მისეული ჯოხი გამოვართვი და წინამძღოლს სადღაცამდე უკან მივყევი. იქ კი ასეთი რამე-რუმეები დამხვდა:
1 ნოემბერი, 11:01 საათზე – „ორივ ფურცელი ცისა და მიწისა 2000-2005“
ზარი ვარო, – მე მიჩვეული ვარ, რომ პირველ ცდაზე ვერ უნდა გავიგო, ან არასწორად გავიგო, ან იმ ჯოხის გამორთმევაზე უარი ვუთხრა. ისევ თვითონ მიშველის – „გეძახეთ და არ გამომხედეთ“ – უთავბოლობაზე მიმანიშნა, შემარცხვინა და გამომიშვა. გავაგრძელე… თურმე ხალხის ბედზე იწყებს ლაპარაკს და ამბობს, როცა გვიჭირდაო, კავკასის ჩრდილოეთიდან, მთების კალთებზე აწყვეტილი ავაზაკები გვესეოდნენო, როცა მაგრად ვიდექით, იმავ კალთებზე აბრეშუმი, ტკბილმოუბრობა და ლაქარდიანობაო… მერე სასიძოსავით გამოვეწყობოდითო და სისხლის საღვრელად ავიბარგებოდითო, უთანასწორო ბრძოლებს სიმღერით ვიგებდითო და ესე…
მერე ასეთი სტრიქონები შემომხვდა:
„კაცი თავის სახლში ცხოვრობს, მაგრამ საბუთს მაინც ინახავს…“ მომაგონდა მოხუცი ცოლ-ქმარი, შვილოო, საქართველოში დავიძინეთ და რუსეთში გაგვეღვიძაო. აქ მეტაფორები აღარ იყო, საზღვარი გადმოეწიათ – კონკრეტული და ეკლიანი.
მერე კიდევ ერთი: „ვინც მკვდარი არის სიცოცხლეში, ის მკვდარი იქნება სიცოცხლის მერეც, ცოცხალი კი ცოცხალი დარჩება“. ვაჟასეული ამბავია – უგრძნობი კაცი, რომ მკვდარზე საზარელია და ბარათაშვილისეული: „არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს…“
ბოლოს კი ეს დავიხსომე: „ჩემი ხალხი ყველა მხეცთაგან შეზავებულ მხეცს დაემსგავსა.“ ყველა ლექსი სიტყვაკაზმულობის ვერ იქნება, დამადარდიანებელიც უნდა იყოს, უბრალოდ ბესიკს შეკაზმული სიტყვებით შეუძლია დადარდიანება და ნოემბრის ფეისბუქიც ეგრე გახსნა.
2 ნოემბერი, 10:33 საათზე – „*…გამღუნა მადლობამ…“
ადამიანი „ჰო“-ს და „არა“-ს შორისაა, პოეტი „მადლობასა“ და „ბოდიშს“ შორის, – ორივე გამღუნველია. არცერთი არ აგაწევინებს თავს, მაგრამ ეგ სიმძიმე სინდისია – პატიოსნად მოფრთხილებული სინდისი. ახლობელს ეტყვი მადლობას და ქვეყანას, როგორც „ჰო“-ს, მაგრამ მაგათ „არასაც“ ხომ ეტყვი? – ბოდიშიც ეგრეა, მთავარია, გესმოდეს, რომ:
„აჰა, მივდივარ და,
კიდევ ბევრი მმართებს…“
3 ნოემბერი – მე ვარ სული საქართველოსი 2000-2005
ცოდვილს უნდა მოვერიდოთ, ყველაზე რთული მოსარიდებელია. განა ცოდვა? არამედ ცოდვილი. სახელის მოხვეჭა ყველა მოსახვეჭელს ჯობია, ამიტომ „ნუ გინდათ თქვენს ახლოს სახელგატეხილი“, ცოდვილს ცოდვა არ ჰყოფნის – იდაყვამდე აქვს სისხლში ხელი და მკლავებამდე მოინდომებს. მარტო თვითონ კი არა, შენც მოგანდომებს. ამიტომ დიდი პოეტის სიტყვა აქ მაშველია, ხავსია, რომ შენ არ იყო წყალწაღებული.
4 ნოემბერი – ორივ ფურცელი ცის და მიწისა 2000-2005
სოფლის სახლის ბოლო კაცი მოკვდება და მეზობლები იტყვიან, ჩვენ დაგვიტოვაო, თურმე სინამდვილე ესეა:
„რაზედაც დაობენ,
ის მუდამ სხვისია…“
მერე ერთი სტრიქონი შემაჯახა: „სანამ ნაგავს არ გადაყრი, ახალი დღე არ დაიწყება!“ და მე 3 ნოემბრის ლექსს ავხედე, მივხვდი, თუ იმ სისხლიან ჯამს არ გადაასხამ, მკლავისა და იდაყვის ამოყოფა რას გიშველის? – ისევ ცდუნდები და თავით ჩახტები შიგ… დიდი პოეტი დღეს ეგრე იწყებს, ცხოვრებას მაგას ეძახის – ყველაფრის ნაყოფი უნდა მოკრიფო და მერე გადაარჩიო. ლიტერატურა ეგეთია, ჯაჭვური, მაგრამ ინდივიდუალიზმით სავსე, ახალ დღეს მზის ამოსვლა კი არ დააყენებს, არამედ შენი უკეთესობა.
5 ნოემბერი – წალენჯიხის ეკლესიაზე…
წალენჯიხის ეკლესიაზე კი არა, თურმე საქართველოზეა „წმინდა ადგილიანებზე“. მთავარია, არ დაგვიანდე, გადამარხვაზეც კი, შენი სახლი შენი ქვეყანაა, შემფარავი და წმინდა, მაგრამ ის თუ შეგიფარებს, შენც არ უნდა დაგავიწყდეს, მისი ნიავის დავიწყებაც არ შეიძლება. ის რომ წმინდაა, შენც წმინდად ვერ გაქცევს – შენი თავი უნდა გააწმინდაო.
ამავე დღეს საქართველოზე ახალი ლექსია – ადგილზე, „საიდანაც მე ვიგინები“. დაფასებული, დაღირებული მიწაა, დიდი ვაჭრობის ქარ-ცეცხლში გახვეული. საქართველოდან არ გადავვარდებიო – იტყვის პოეტი და მერე ემოციის პოვნას მოჰყვება, ემოციისა, რომელიც მარტო თვითონ იცის და შენ ვერ გაიგებ, რადგან შემდეგი დღე ასეა:
6 ნოემბერი – *
„არც ერთი ყლუპით,
არც ერთი გროშით,
არც ერთი ღერით,
არც ღონითა
და, არცა ჭკუით –
ერთი ცრემლით მეტი ვარ თქვენზე!“
გასაზიარებელი ლექსია და არა დასაკომენტარებელი, ფეისბუქ რეაქციასაც ვერ აურჩევ – ლაიქიც არის და დაგულებაც, დასედებაც და ჩახუტებაც, დაჰაჰავება და გაბრაზება კი არაფრით… მაინც გასაშეარებელია და დასაგულებელი, პორტალს იქით კი დასაფიქრებელი.
7 ნოემბერი – * მოდიოდა ჭიანჭველა…
ურჩხულისხელა ჭიანჭველა მოდის. რუსეთიცაა, იუდაცაა – გულწრფელობით და სიმართლით შეაშინებ. „ჰაიტ!“ ამ მიმართვაზე ალალი კი არაფერია. ადამიანი ღმერთს ამით ებრძვის – განსაცდელში კაცს უფალი სჭირდება და უფალს – კაცი, მაგრამ სამყაროს ეს ბრძოლა იმ ერთ მოძახილზე დგას: „ჰაიტ!“
ასე დაასრულა კვირა, 9 ნოემბერს კი შემოვიდა ფეისბუქზე და დაწერა ჩემი საყვარელი ლექსი, რომელიც აქ სრულად გადმოსაკოპირებელია:
„ჩემო დედი
ჩემო დედი,
დაბერდი და
ლექსებს ირჩევ სევდიანს,
შენი ძვლები წამდაუწუმ
სატირალზე სხდებიან,
შენი ფიქრნი
სად არ წავლენ,
სად არ გადასწვდებიან,
ცოცხალთა და მკვდართა შორის
ბილიკს გაიტკეპნიან…
მერე უცებ
მთელ ქვეყანას
ბრაზით ზურგს შეაქცევენ,
წავლენ,
გაინაპირებენ,
კარავს ცალკე დასცემენ…
უცებ
აღარავინ უნდათ,
პურს მწარეში იწობენ
დასხდებიან მარტოდმარტო,
ქვებსაც შემოიწყობენ…
დედი,
იის ძირში ცხოვრობ,
სახლი გიდგას სვეტებით,
სახლს კარიც აქვს,
მაგრამ, ვაი,
მე ვერ შემოვეტევი…
დედი, რაა,
ამ ბოლო დროს
სულ საფლავზე გხედავენ,
ბებოჩემი, პაპაჩემი
შენს თავს შემომედავენ!..
და თუ მართლა წაგიყვანეს,
თუ გაუწყრათ გამჩენი,
კიბეს ხომ მეც ამომაწვდი,
როგორც ხეზე დარჩენილს,
ჩამოვყვები კიბეს, დედი,
სისხლიანი ფეხებით,
დედი, როგორ გავიხარებთ,
როგორ გადავეხვევით!“
*
დედაჩემი გარდაიცვალა ჩემ დაბადების დღეს – 11 ნოემბერს
ბევრი ლაიქი აქვს, კომენტარიც და გაზიარებაც. მე, აკი გითხარით, წინა ლექსებს ჩავყევი, მეთქი, ეს კვირა როგორ გაატარა დიდმა პოეტმა ფეისბუქზე, ვორდის ფაილი გავხსენი და ჩემებურად დავაკომენტარე.





