TALES & DREAMS – RECKLESS-მა ახალი კოლექცია წარადგინა, რომლის კამპანიაზე უტა ბექაიამ იმუშავა
ქართულმა ბრენდმა RECKLESS-მა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მე-8 კოლექცია, სახელწოდებით RECKLESS TALES & DREAMS წარადგინა. ახალი კოლექციის პრეზენტაცია Chaos Concept Store-ში 12 ნოემბერს გაიმართება. როგორც ყოველთვის, კოლექციის დიზაინზე ბრენდის დიზაინერების გუნდმა – ანკა ქოიავამ, მასუ მწარიაშვილმა და ლიზა ყაჯრიშვილმა იმუშავეს. კოლექცია სამი სიზმრის ირგვლივ არის აგებული: A Nightmare, A Good Dream და A Loop. კამპანია Reckless Studio-მ გადაიღო. არტისტმა უტა ბექაიამ იმუშავა კი სპეციალურად კამპანიისათვის შექმნა პერსონაჟი – Half Sleeper, რომელიც გამოხატავს ფაქიზ ბალანსს ფანტაზიებსა და კოშმარებს შორის – იმ სიურეალისტურ სივრცეს, სადაც გონება რეალობასა და ფანტაზიას შორის ხვდება. კოლექციაც ამ გამოცდილების ვიზუალური მანიფესტაციაა.
RECKLESS TALES & DREAMS-ის ესთეტიკა აშენებულია მსუბუქი და ბნელი ტონების კონტრასტზე, სადაც ამქვეყნიური, სიზმრისეული სილუეტები ნაზად ერწყმის მისტიკურ შეგრძნებებს. როგორც ბრენდის შემოქმედებითი გუნდი ამბობს, თითოეული ნამუშევარი შექმნილია მათთვის, ვინც ერთდროულად ორ სამყაროში ცხოვრობს – მატერიალურსა და წარმოსახვითში, სიზმრებისა და გამოღვიძების ზღვარზე. RECKLESS TALES & DREAMS ერთგვარად თავშესაფრის პოვნაა წარმოსახვით სამყაროში. კოლექციის იდეა გამოხატავს სიზმრებში მოგზაურობის გამოცდილებას, რომლებიც რეალურ სახეს იღებს. ეს არის მოგზაურობა გონებაში, სადაც მთავარი გმირი Reckless-ის წარმოსახვით მომხმარებელს განასახიერებს და ემოციურ შრეებს შორის გადაადგილდება. ამ შრეებში თითოეული გრძნობა გაძლიერებულია, ყოველი ფიქრი გამძაფრებულია და საბოლოოდ ყველაფერი ერთგვარ ლუპს ქმნის. ამ რეალობაში ისტორიები და სიზმრები გვევლინება როგორც პორტალები ალტერნატიულ სამყაროში, რომელიც ერთდროულად ბნელიცაა და გარდამავალი სიმშვიდის მატარებელიც.
„ზოგადად, ჩვენი კოლექციები და კამპანიები ყოველთვის ეხება ახალი თაობისთვის, მოზარდებისთვის აქტუალურ პრობლემას. ამჯერად კი იმ თემას შევეხეთ, რომელიც ყველა ადამიანისთვის აქტუალურია. კოლექციის სახელწოდება RECKLESS TALES & DREAMS ღრმა შინაარსის მატარებელია. ზღაპრები ყველა ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. სწორედ ზღაპრების საშუალებით, ბავშვები საკუთარ სამყაროს ქმნიან. ეს ერთგვარი გადასვლაა ცნობიერიდან არაცნობიერ მდგომარეობაში. თუმცა ეს ზღაპრები არა მხოლოდ დადებით წარმოსახვასთან, არამედ შესაძლოა შიშებთანაც იყოს დაკავშირებული, რადგან ზღაპრებში არიან ცუდი პერსონაჟებიც, რომლებიც ბავშვის გონებაშიც თავისებურ სახეს იღებენ. შემდეგ დავფიქრდით, თუ რა ანაცვლებს ადამიანის გონებაში ზღაპრებს, როდესაც ის იზრდება და ჩვენი აღქმით, ეს სწორედ სიზმრებია,“ – აღნიშნავენ RECKLESS-ის დიზაინერები.
ზღაპრების, სიზმრების და მათი შედეგად დაბადებული წარმოსახვებიდან გამომდინარე, შეიქმნა სამნაწილიანი კოლექცია – ერთი მეტად ბნელი, მეორე მსუბუქი და მესამე ლუპი, რომელიც მუდმივად ტრიალებს. ეს სამნაწილიანი კონცეფცია გადმოტანილია დიზაინში, მატერიაში, ფერებში. კოლექციაში გვხვდება განსხვავებული თარგები და ფორმები, რომლებიც RECKLESS-ის მომხმარებელს აქამდე არ უნახავს. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა ქსოვილებს. RECKLESS-ის ხელწერის ერთ-ერთი ძირითადი დეტალი ამ კოლექციაშიც უცვლელია – ამბავი, რომელსაც ბრენდი ამ კოლექციით ყვება, ტანსაცმლის დიზაინში გამოტანილია გზავნილის შემცველი ტექსტებით. მაგალითად, ერთ-ერთ კოსტიუმზე მთელი სიზმარი წერია.
იქიდან გამომდინარე, რომ RECKLESS-ს სამი დიზაინერი ჰყავს, კოლექციების შექმნის პროცესი კომპლექსურია და მრავალ ეტაპს გადის.
„თავიდან, როდესაც კოლექციაზე მუშაობას ვიწყებთ, ირჩევა თემა, რომელსაც თითოეული დიზაინერი ამუშავებს. შემდეგ ჩვენს იდეებს ვუზიარებთ ერთმანეთს, ირჩევა დიზაინის ვიზუალური კონცეფცია – ქსოვილი, ფერები. ამის შემდეგ ჩვენც ჩვენს დიზაინს წარვადგენთ გუნდთან და იწყება კოლექციის საბოლოო სახეზე ერთობლივი შეჯერება. RECKLESS TALES & DREAMS ჩვენთვის განსაკუთრებული გამოცდილება იყო, რადგან ყველაზე კარგად გამოვხატეთ ჩვენი თავი – თითქოს აქ ჩვენ ჩვენს სიზმრებს ვყვებით,“ – ამბობენ ანკა ქოიავა, მასუ მწარიაშვილი და ლიზა ყაჯრიშვილი.
კამპანია, კოლექციის შინაარსის ვიზუალური გამოხატულებაა. როგორც RECKLESS-ის დიზაინერები აღნიშნავენ, უტა ბექაიამ ზუსტად გაიგო მათი იდეა და შექმნა პერსონაჟი, რომელიც მოდელებთან ერთად კამპანიის მთავარი გმირია.
უტა ბექაიას თქმით, Half Sleeper ერთდროულად ჰგავს ბავშვის თვალით დანახულ ზღაპრულ მფარველსაც და დემონურ ფიგურასაც. სწორედ ეს დუალისტური აღქმა აერთიანებს და აყალიბებს კონცეფციას.
„იდეა და კონცეფცია თანამშრომლობის დასაწყისშივე შეიქმნა და არსებულ იდეაზე დაეფუძნა. ჩემი შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი პოსტჰუმანური არსებების შექმნას უკავშირდება – ამ მიმართულებით უკვე დიდი ხანია ვმუშაობ. ეს არსებები სრულყოფილ არსებებად წარმოიდგენიან, რომლებიც ადამიანის ევოლუციის შემდეგ საფეხურს განასახიერებენ. ჩემი არსება ერთგვარ ეფემერულ დამცველს წარმოადგენს. ეს არსება ჩემი უფრო დიდი პროექტის ნაწილია, რომელიც ევოლუციას, ალტერნატიულ ხედვას და პოსტაპოკალიპტურ სამყაროს ეხება. იგი არ წარმოადგენს ერთჯერად კონცეფციას – ეს უფრო ფართო, მრავალწლიანი პროექტის ფრაგმენტია, რაზეც წლებია ვმუშაობ. ეს არსება დიდი ნარატივის ერთ-ერთი თავია. პროცესი თავიდან ფორმების და ფერების შეთანხმებით დაიწყო და ნელ-ნელა არსებამ მიიღო ის ფორმა, რაც დღეს აქ.ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის იყო კოლაბორაცია და ის შესაძლებლობა, რომ ჩემი სამყარო და ჩემი არსებები ამ უნიკალური კომპანიის კონტექსტში დამენახა. ასეთი ახალი პლატფორმაზე თანამშრომლობა ჩემთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. დისციპლინური მიდგომა ყოველთვის ძვირფასია ჩემთვის,” – ამბობს უტა ბექაია.
კამპანიის ფარგლებში, ფოტო სერიასთან ერთად მომზადდა ვიდეოც, რომელზეც გივიკო არახამიამ იმუშავა.
კოლექცია 12 ნოემბრიდან გაიყიდება ბრენდის ვებ-გვერდზე – reckless.ge-ზე ონლაინ, ხოლო ფზიზიკური სახით კოლექციის სელექცია წარმოდგენილი იქნება Chaos Concept Store-ში.






