ლოტფი ნათანის ფილმ The Carpenter’s Son-ის ამერიკული პრემიერა 14 ნოემბერს გაიმართება
14 ნოემბერს ლოტფი ნათანის ახალი ფილმის, “დურგლის შვილის” (The Carpenter’s Son) ამერიკული პრემიერა გაიმართება
ლოტფი ნათანის საავტორო ფილმი “დურგლის შვილი“ იესოს ბავშვობასა და მის ტრაგიკულ შთაბეჭდილებებზე მოგვითხრობს, იმ დროზე, როცა მას უწევს თავისი ღვთიური ბუნება გაიაზროს. ფილმი შთამბეჭდავად აერთიანებს კინემატოგრაფიულ სილამაზეს, სიღრმესა და ემოციურ ინტენსივობას.
ფილმში მონაწილეობენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ნიკოლას ქეიჯი, FKA თვიგსი, ნოა ჯუპი, სუჰეილა იაქუბი და აილა ჯონსტონი. ნიკოლას ქეიჯი იესოს გამზრდელ მამას – იოსებს განასახიერებს, მარიამს კი – მომღერალი FKA Twigs. თუმცა ჩვენთვის ეს პრემიერა განსაკუთრებული იმითაა, რომ ფილმის კოსტიუმების დიზაინერი პარიზში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი არტისტი Liza Amorphokyria. აღსანიშნავია, რომ კოსტიუმები საქართველოში ლიზამ თავის სტუდიის ჯგუფთან ერთად შეიქმნა.
ლიზას მრავალმხრივი საქმიანობა აერთიანებს მხატვრობას, სკულპტურას, კინოს კოსტიუმის დიზაინს, რეჟისურასა და პერფორმანსს. ლიზას ხელწერა განსაზღვრავს The Carpenter’s Son-ის გამორჩეულ ვიზუალურ ტონალობას. აღსანიშნავია, რომ მან ფილმზე იმუშავა „ოსკარზე“ და „ცეზარზე“ ნომინირებული ფილმების ფრანგ ოპერატორთან, სიმონ ბოფისთან და „ცეზარის“ ლაურეატ ფრანგ პროდაქშენ დიზაინერთან, ჟან-ვენსან პუზოსთან ერთად.
სწორედ ამ სამი ადამიანის თანამშრომლობა ქმნის გამორჩეულ კინოატმოსფეროს.
ლიზა ევროპულ და ჰოლივუდის ფილმებზე მუშაობს როგორც კინოს კოსტიუმების მთავარი შემქმნელი და სკულპტორი – კონცეპტ-არტისტი. მისი სახელი ასევე უკავშირდება დეივიდ ეაიერის წარმატებულ ფილმს, სადაც მთავარ როლს ჯეისონ სტეტჰემი ასრულებს. ლიზამ ფილმისთვის ექვსმეტრიანი სკულპტურა შექმნა და რეჟისორთან ერთად იმუშავა ფილმის ვიზუალური კონცეფციის ჩამოყალიბებაზე.
“დურგლის შვილის” ამერიკული პრემიერა 14 ნოემბერსაა დაგეგმილი, ხოლო ევროპის კინოთეატრებში ის წლის ბოლოდან გამოვა.
ფილმზე მუშაობის პროცესზე, მის გამოცდილებასა და სამომავლო პროექტებზე Liza Amorphokyria-ს ვესაუბრეთ.
როგორ გახდით ამ ფილმის კოსტიუმების დიზაინერი და როგორი იყო მუშაობა როგორც პრე-პროდუქციის ეტაპზე, ასევე სეტზე?
ლიზა ამორფოკირია: ფილმზე მუშაობის წინადადება მივიღე ნიკოლას ქეიჯის პარტნიორი პროდიუსერებისგან. მათ სურდათ, რომ ფილმის ვიზუალურ სამყაროს ჰქონოდა განსხვავებულად გამოკვეთილი სტილი. სწორედ ამიტომ ეძებდნენ ხელოვანებს პარიზში – მკაფიო არტისტული ხელწერითა და ხედვით, ფილმის ორი მთავარი პოზიციისთვის: ფროდაქშენ დიზაინი და კოსტიუმების დიზაინი. როცა სცენარს გავეცანი და რეჟისორს შევხვდი, ნათელი გახდა, რომ მათი მიზანი იყო თითოეული დეტალის ნულიდან შექმნა – არანაირი მზა კოსტიუმების ან არსებული ელემენტების მოძიება, რა გზასაც ხშირად მიმართავენ კინოს კოსტიუმის დიზაინერები. მათ სურდათ სრულიად ორიგინალური, საავტორო ნამუშევრები ამ ისტორიის ვიზუალური ენის შესაქმნელად. მათი მოტივაცია დაემთხვა ჩემს შემოქმედებით მიდგომას. რეჟისორს სურდა თითოეული ელემენტი ჩემი ინტუიციიდან და ხედვიდან შექმნილიყო. ამ გზით კოსტიუმი ხდება არა უბრალოდ ტანსაცმელი, არამედ პერსონაჟის ბუნების ნაწილი. აქამდე უკვე მქონდა გამოცდილება ამავე ფილმის ვეტერან ფროდაქშენ დიზაინერთან სხვა პროექტზეც, სადაც კონცეპტ არტისტად ვმუშაობდი, ამიტომაც ჩვენი კოლაბორაცია ბუნებრივად და ჰარმონიულად გაგრძელდა. პრე-პროდუქციის საწყის ეტაპზე პარიზსა და ლონდონში ვმუშაობდით. თუმცა მოგვიანებით, ჩემი ინიციატივითა და დიდი სურვილით, პროდიუსერები დავიყოლიე, რომ კოსტიუმების შექმნა თბილისში გამეგრძელებინა, ჩემს სტუდიაში, მეგობრების ნიჭიერ გუნდთან ერთად. ეს ფაქტი ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ყოველთვის მიზნად მაქვს, ასეთი მასშტაბის პროექტებში ჩართული იყოს რაც შეიძლება მეტი ქართველი. მიხარია, რომ ეს გამოცდილება მათთვის გამორჩეული აღმოჩნდა! ნიკოლას ქეიჯთან და სხვა მსახიობებთან კოსტიუმების მორგების დასრულების შემდეგ გავემგზავრე გადასაღებ ლოკაციაზე, სადაც სამი თვის განმავლობაში ინტენსიურად ვმუშაობდით. მიუხედავად იმისა, რომ ლოკაციები ხშირად სირთულეებით იყო სავსე და ყოველდღე ახალ გამოწვევებს გვთავაზობდა, პროცესი საოცრად ემოციური და ლამაზი აღმოჩნდა.
რომელია თქვენთვის გამორჩეული პროექტები, რაზეც გიმუშავიათ.
Liza Amorphokyria: საინტერესო იყო დეივიდ ეაიერის ბოლო ფილმზე მუშაობის პროცესი ჯეისონ სტეტჰემის მონაწილეობით. რეჟისორმა ჩემი სკულპტურული ნამუშევრები იხილა, რის შედეგადაც მოისურვა ფილმის ესთეტიკურ ტონალობაზე ჩემთან ერთად მუშაობა ადრეულ სტადიაში, ლეგენდარული სილვესტერ სტალონეს მიერ ამ ფილმის სცენარის დამუშავების პროცესშივე, რაც საკმაოდ არასტანდარტული მეთოდია. საბოლოოდ, ფილმისთვის ლონდონში შევქმენი 6 მეტრის სიმაღლის სკულპტურა, რომელიც სამი ჰუმანოიდური სხეულის კომპოზიციას წარმოადგენს, როგორც ჩემი პირადი ნამუშევრების სერიის ერთგვარი გაგრძელება. ასევე გამორჩეული იყო ერთდროულად რეჟისორის, სამხატვრო ხელმძღვანელისა და პერფორმერის ამპლუაში პოსტ-მეტალ ბენდ AMENRA-ს ვიდეოკლიპის შექმნა. ბენდის ბოლო ალბომის სიმღერის, FORLORN-ის კლიპი ჩემს ნიჭიერ მეგობრებთან ერთად თბილისში გადავიღეთ. ეს პროექტი ჩემთვის განსაკუთრებულად პერსონალური ტონალობით გამოირჩეოდა. კინოინდუსტრიამდე მოდის სფეროში ვმუშაობდი. მაქვს პარიზის სორბონის უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნებისა და ფილოსოფიის აკადემიური განათლება და ორი მაგისტრის ხარისხი არტ დირექტორობის, დიზაინისა და მოდის მენეჯმენტის მიმართულებით. სწავლის დასრულებისთანავე ვმუშაობდი ლუი ვიტონის მოდის სახლში, ფარელ უილიამსის წინამორბედის, ვირჯილ აბლოს კრეატიული დირექტორობისას, სამკაულების დიზაინზე, ასევე ბრენდ Han Kjøbenhavn-ში. ასევე, პარალელურად, როგორც editorial პროდიუსერი სხვადასხვა მოდის გამომცემლობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ კინო სრულიად განსხვავებული დინამიკის სფეროა, მოდის ინდუსტრიაში მუშაობა საინტერესო ეტაპად იქცა ჩემს პროფესიულ განვითარებაში.
თქვენი აზრით, რა როლი აქვს კოსტიუმების დიზაინერს ფილმის ატმოსფეროს განწყობის შექმნაში, პერსონაჟების ხასიათის გამოსაკვეთად?
ლიზა ამორფოკირია: ფილმის ვიზუალურ იერსახეს ქმნის სცენოგრაფი, ოპერატორი და კოსტიუმის დიზაინერი. ჩვენ ერთობლივი ძალებით ვაქცევთ რეჟისორის წარმოსახვას რეალობად, ერთიან მხატვრულ ტილოდ. ამ შემოქმედებით გუნდში მსახიობთან ფიზიკურად და ემოციურად ყველაზე ახლოს კოსტიუმის დიზაინერია. ამიტომაც მსახიობები განსაკუთრებული სენსიტიურობით ეკიდებიან კოსტიუმის შემოქმედთან ურთიერთობას. ისინი გვიზიარებენ საკუთარ სიფაქიზესა და ემოციურ მდგომარეობას იმ მოტივით, რომ მათი განცდები გათვალისწინებული იყოს სამოსის შექმნის პროცესში. მათი მთავარი სამუშაო იმპულსი ხომ ემოციაა, ამიტომ ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ნდობას და სიახლოვეს, რომელიც მათთან ურთიერთობაში ყალიბდება. რა თქმა უნდა, რეჟისორის ხედვა და ჩემი კონცეპტუალური აღქმა პროცესის შემოქმედებით ბირთვს წარმოადგენს, თუმცა დეტალები იქმნება მსახიობებთან მჭიდრო კავშირით. ნიკოლას ქეიჯთან კოსტიუმების პირველი მორგებისას, როგორც კი სამოსი მოვარგე, მაშინვე შეიცვალა მისი სხეულის მანერა, მზერა და მთელი ჰაბიტუსი. უზომოდ შთამაგონებელი იყო დაკვირვება იმაზე, თუ რამდენად ძლიერ გავლენას ახდენს კოსტიუმი როლის სრულად შეგრძნებაზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეპოქალურ ის ფილმს ეხება. გადაღებაზეც ეს სიახლოვეა მთავარი – მსურს, მსახიობებმა იგრძნონ, რომ მე მათ სამსახურში ვარ მთელი ამ რთული შემოქმედებითი პროცესის განმავლობაში. ეს ურთიერთობა არა მხოლოდ პროფესიული, არამედ ძალიან ემოციური და ადამიანურია.
გეგმავთ უკვე ახალ პროექტებზე, ახალ ფილმებზე მუშაობას?
ლიზა ამორფოკირია: ამჟამად რამდენიმე ძალიან საინტერესო კინოპროექტის კონცეპტუალურ განვითარებაში ვარ ჩართული, სადაც ჩემი როლი არ შემოიფარგლება კოსტიუმის დიზაინით. დეტალების გაზიარება ამ ეტაპზე არ შემიძლია როგორც პროფესიული ვალდებულების, ისე შემოქმედებითი ეთიკის გამო. მათ შორის ერთ-ერთი ლეონარდო დიკაპრიოს პროექტია გარემოს დაცვის თემაზე, რომელიც შემოქმედებითად ღრმა და მრავალსაფეხურიანი გამოწვევებისგან შედგება.


















