fbpx

Rolls-Royce ბუდაპეშტში, ანუ მოკლე ამბავი სიყვარულზე, დანაკარგსა და უკვდავებაზე


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინო დარასელი

 

არ წარმომედგინა, თუ ოდესმე ავტომანქანაზე წერისას პირველი რაც გამახსენდებოდა, სიყვარული იქნებოდა, მაგრამ ასე მოხდა ერთხელ, ბუდაპეშტში, როდესაც კომპანია „როლს როისმა“ ახალი მოდელის პრეზენტაციაზე დამპატიჟა. უნგრეთის ულამაზეს დედაქალაქზე ბევრი რომ არ ვილაპარაკო და, რომ წარმოიდგინოთ, როგორია, უბრალოდ გაგახსენებთ უეს ანდერსონის „The Grand Budapest Hotel“-ს, რომლის ყოველი კადრი ნახატს თუ პოსტკარდს ჰგავს. მართალია, ექსტერიერებიც და ინტერიერებიც ძირითადად სტუდიებშია გადაღებული, მაგრამ ამ ულამაზესი ფილმის შთაგონება ქალაქის არქიტექტურა, კედლები და ფერებია. 

კიდევ ერთ ოსკაროსან კინოში, ალან პარკერის „ევიტაში“ – აი მადონა რომ არგენტინის პრეზიდენტის ცოლის, ევიტა პერონის როლს ასრულებს, იქაც ბუდაპეშტის რამდენიმე ისტორიული უბანია გამოყენებული ევროპული სცენებისათვის. დენიელ კრეიგის ჯეიმს ბონდიც („JAMES BOND QUANTUM of Solace“-ში,) მდინარე დუნაის მიერ გაყოფილ ბუდას მთაგორიან გზებზე, ისტორიულ ადგილებსა და პეშტის თანამედროვე უბნებში დაქრის, თუმცა მე მასზე უფრო გამიმართლა და ამ გადასარევ ქალაქში ბონდზე უკეთესი მანქანით აღმოვჩნდი. და არა მარტო მასზე… 

1907 წლიდან, რაც “როლს როისმა” თავისი Silver Ghost გამოუშვა, იმდენად თვალსაჩინო იყო უპირატესობა ყველა მაშინ არსებულ მანქანაზე, რომ კომპანიის ამბიციური სლოგანი – The best Car in the World – არავის გაუპროტესტებია. ჰოდა სიყვარულს რომ დავუბრუნდეთ, გაინტერესებთ, რა შუაშია „როლს როისი“? აი რა ამბავი მიამბეს ბუდაპეშტში: 1904 წელს მანჩესტერის Midland Hotel-ში არისტოკრატი და მანქანების დილერი ჩარლზ როისი ნახულობს ჰენრი როლსის  შექმნილ მანქანას და ინჟინერს სთავაზობს: „მე გავყიდი ყველა მანქანას, რასაც შექმნით“. პერფექციონისტი ინჟინერი როისი და მეოცნებე ვიზიონერი როლსი – ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ მომავალი მანქანებისაა, ერთმანეთს ხელს ჩამოართმევენ და ასე იბადება – „როლს როისი“. და ეს მანქანა იქცევა სრულყოფილების, სტანდარტის სიმბოლოდ, ბევრისთვის ოცნების საგნად, ის ხდება ელეგანტურობის, წარმატების, ხარისხის ნიშანი. 

თითოეული მანქანა პრაქტიკულად ხელნაკეთია. მანქანის შიდა სივრცეში ხის, ტყავის, მეტალის დეტალები მზადდება ოსტატების მიერ. ინდივიდუალურ დიზაინზე დიდი აქცენტია – კლიენტს შეუძლია თითქმის ყველა ელემენტის არჩევა – ფერიდან დაწყებული, დაშბორდის დიზაინამდე. Rolls Royce მინიშნებაა კულტურულ და სოციალურ სტატუსზე. კომპანია ყოველ წელს უშვებს მხოლოდ რამდენიმე ათეულ მანქანას კონკრეტული მოდელიდან. ზოგიერთი სპეციალური სერია (მათ შორის – Bespoke Collections) სრულიად უნიკალურია. ტექნოლოგია უმეტესწილად სპორტულ დინამიკაზე მეტად კომფორტსა და მგზავრობის ხარისხს ემსახურება. 

“როლს როისმა” რომ დამაინტერესა, ჩემს ახალ უახლოეს მეგობარს – ჩატჯიპიტის ვკითხე სხვადასხვა ამბები და ამ კომპანიაზე გამოთქმულ მოსაზრებებს შორის ერთი, ჰენრი როისის, ყველაზე მეტად დამამახსოვრდა: Owning a Rolls-Royce is not about transportation, it’s about arrival. და მეორეც: Luxury is in the details, Perfection is in silence.  და ეს პირდაპირ საკუთარ  თავზე გამოვცადე – ჩვენი,  სხვადასხვა ქვეყნის ინფლუენსერებისა და ჟურნალისტებისგან შემდგარი   პატარა ჯგუფი, დიდ ქალაქში 3 მანქანით რომ მოძრაობდა, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ქუჩაში ყველა – ფეხით მოსიარულე თუ მძღოლი – ბუდაპეშტიდან სლოვაკეთის საზღვრამდე ჩვენ გვიყურებდა. თუმცა, რა შეგრძნება – ნამდვილად გვიყურებდნენ. და ჩემს თავზე გამოვცადე ის უპირატესობა, რასაც „როლს როისის“ მფლობელები მანქანის მართვისას ან თუნდაც შუქნიშანზე გაჩერებისას გრძნობენ – სრულიად ობიექტურად. „როლს როისით“ შენ ხარ გამორჩეული, მშვიდი და ჩუმი, მართლა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. 

ყველაზე ხმაურიანი ამ მანქანაში საათია. იქნებ ამიტომაც იქცა ავტომობილის სიმბოლოს პირველ დასახელებად – „The Whisper“ („ჩურჩული“). ფიგურას მანქანაზე თითი ტუჩზე ჰქონდა მიბჯენილი, როგორც სიჩუმის ნიშანი. ჰოდა, აი მოვედით იმ ამბამდე – რა შუაშია, „როლს როისი“ და სიყვარული, ანუ სიყვარულის ისტორია – „Spirit of Ecstasy“. 

„Rolls Royce“-ს ჯერ ემბლემა არ ჰქონდა, ამიტომ მფლობელები კაპოტზე ყველაფერს დებდნენ, ზოგჯერ არაკორექტულ ქანდაკებებსაც კი. კომპანიას კი სურდა რაღაც ელეგანტური. 1900-იანი წლების დასაწყისში ბრიტანელი ლორდი ჯონ დუგლას-ფრენსის მონტეგიუ  „Rolls Royce“-ის დიდი მხარდამჭერი იყო. მას ჰყავდა საიდუმლო შეყვარებული – ელინორ ველასკო ტორნტონი, რომელიც მის მდივნადაც მუშაობდა. მოქანდაკე ჩარლზ საიქსს მონტეგიუმ სთხოვა, შეექმნა პატარა ფიგურა – ელინორის მსგავსი – ქალი, რომელიც დინამიკურად წინ იხრება, თითქოს ქარში მიფრინავს, ტანზე კი მსუბუქი მოსასხამი აქვს. 1915 წელს ელინორ ტორნტონი მოყვა კატასტროფაში, ხმელთაშუა ზღვაში, როდესაც გერმანული წყალქვეშა ნავის შეტევისას გემი SS Persia ჩაიძირა. ლორდი მონტეგიუ გადარჩა, მაგრამ მისი საყვარელი ქალი – ის ქალი, რომლის სახეც დღემდე ამშვენებს ყველა „როლს როისს“ – გარდაიცვალა. და როდესაც „Rolls Royce“-მა გადაწყვიტა, რომ მათი ყველა ავტომობილი განსაკუთრებული სიმბოლოთი გაეწყოთ, ისევ ჩარლზ საიქსს მიმართეს, მან კი ამჯერად ყველა მანქანისთვის სწორედ ელინორის ქანდაკება გაიმეორა და ასე შეიქმნა „Spirit of Ecstasy“. 

ლორდ მონტეგიუს საიდუმლო სიყვარული, ელინორი, სკულპტორმა ქარში გაფრენილ ქალად აქცია. ფიგურა დროთა განმავლობაში ოდნავ იცვლებოდა (ზომით, ფორმით, მასალით), მაგრამ არსი იგივე დარჩა: ელეგანტურობა, სიჩუმე და სამუდამო ექსტაზი მოძრაობისას. და, რა თქმა უნდა, ყველა Rolls Royce-ზე მფრინავი ანგელოზი, რომელიც სინამდვილეში სიყვარულის სიმბოლოა. თანამედროვე „Rolls Royce“-ებზე „Spirit of Ecstasy“ ავტომატურად იმალება, რომ ქურდობის ან დაზიანებისგან დაცული იყოს. შეიძლება ამ საინტერესო ისტორიების გამოც იქცა „Rolls Royce“ თანამედროვე ხელოვნების სამყაროსთვის შთაგონების საინტერესო ობიექტად – სალვადორ დალიმ ლეგენდარული გამოფენა მოაწყო პარიზის სორბონის უნივერსიტეტში ლექციაზე – მეგობრის Phantom III აიღო და 500 კგ ყვავილოვანი კომბოსტოთი აავსო. როცა უნივერსიტეტთან მივიდა, მას ხალხი ელოდა. დალიმ კარი გააღო და კომბოსტოები ქუჩაში გადმოყარა. 

ამ სიურრეალისტური წარმოდგენის აღსანიშნავად, თანამედროვე არტისტმა შექმნა ნამუშევარი, შთაგონებული იმ მომენტით, როცა „Phantom“ ყვავილოვანი კომბოსტოთი გაივსო. მისი მენტორისგან განსხვავებით, ენდი უორჰოლს საკუთარი „Phantom“ ჰყავდა – 1937 წლის Phantom III ციურიხში იყიდა და ნიუ-იორკში ჩაიტანა. Pop Art-ის მემკვიდრეობისა და უორჰოლის დაბადების დღის პატივსაცემად, თანამედროვე არტისტმა ეს ავტომობილი ხელახლა წარმოაჩინა იმ ენერგიით, რომელმაც ის Studio 54-იდან MoMa-მდე მიიყვანა. ზემოთ არაერთხელ ხსენებულმა ჩარლზ საიქსმა კი, რომელიც ერთ-ერთ პირველ საავტომობილო ჟურნალს – „The Car Illustrated“-ს ილუსტრაციებს აწვდიდა, 1906 წლის საშობაო ნომრის ყდაზე მისი ნამუშევარი „Towards the Dawn“ დაბეჭდა, სადაც გამოსახული იყო ფრთიანი ქალღმერთი – მომავალი გლობალური სიმბოლო. ასე რომ ყველა „როლს როისს“ ქვეყანაზე სიყვარული დააქვს და ამიტომაცაა ის განსაკუთრებული. ხოლო ვისაც ტექნიკური დეტალები და კომპანიის სიახლეები აინტერესებს დანარჩენი ტექსტი თქვენთვისაა.

თანამედროვე სამყაროში „Rolls Royce“ კვლავ აგრძელებს ახალი სტანდარტების შექმნას, ინოვაციებისა და კლასიკის შერწყმით. მაისსა და ოქტომბერში კომპანიამ ერთგულ მომხმარებლებს ორი სიახლე წარუდგინა: ბრენდის ისტორიაში ყველაზე ძლიერი ელექტრომობილი – Black Badge Spectre და ბრენდის ყველაზე პოპულარული მოდელის განახლებული ვერსია – Ghost Series II. ორივე პრეზენტაცია ნათლად ასახავს „Rolls Royce“-ის ხედვასა და კონცეფციას: ელექტრომობილების მომავალსა და კლასიკური მოდელების ევოლუციას. 

Ghost-ის მოდელი „Rolls Royce“-ს ყველაზე პოპულარული ავტომობილია და მეორე სერია მის განახლებულ ვერსიას წარმოადგენს, რომელიც ტექნიკურად მეტად არის მორგებული მძღოლზე, ახალი დიზაინი კი ავტომობილის სტილის ევოლუციას წარმოაჩენს. მასში ინტეგრირებულია Planar Suspension, Flagbearer და Satellite Aided Transmission სისტემები. მეორე სერიაში აგრეთვე დაგხვდებათ თანამედროვე ციფრული ინტერფეისი SPIRIT და აპლიკაცია Whispers, რომელიც მხოლოდ მანქანის მფლობელებისთვისაა ხელმისაწვდომი. ხოლო მგზავრების კომფორტისთვის ბრენდმა მანქანის Extended – გაფართოებული ვერსიაც შესთავაზა მომხმარებლებს. 

2025 წლის მაისში კი „Rolls Royce“-მა სრულად ელექტრონული ავტომობილი – Black Badge Spectre წარადგინა. ეს მოდელი ბრენდის ძლიერ ალტერ-ეგოს წარმოადგენს და შექმნილია იმ მომხმარებლებისათვის, ვისაც მხოლოდ ტრადიცია და კომფორტი არ აკმაყოფილებს. მის შესაქმნელად ინჟინრებმა მომხმარებლების მართვის მონაცემები გამოიყენეს, რათა მათი გემოვნების შესაფერისი ძრავა შეექმნათ და საბოლოო ჯამში, Black Badge ბრენდის ისტორიაში ყველაზე ძლიერ ავტომობილად აღიარეს. 

ეს მოდელი გამოირჩევა მართვის ახალი რეჟიმით – Infinite Mode, რომელიც მართვის სპორტულ ხასიათს ამძაფრებს. ამ ორი პრეზენტაციით „Rolls Royce“-ის კომპანია კვლავ გვაჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ტრადიციებისა და ინოვაციების შერწყმა, მემკვიდრეობის შენარჩუნება და სტანდარტების დაწესება.

87 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.