fbpx

არუნდატი როი – არქიტექტურიდან მწერლობამდე


გააზიარე სტატია

ავტორი: მათე წიკლაური

 

ინდოელი მწერალი, ბუკერის პრემიის მფლობელი, არქიტექტურული განათლებით, პოლიტიკური აქტივისტი ადამიანის უფლებათა და გარემოს დაცვის საკითხებში – ასეთი მრავალმხრივია არუნდატი როის პროფესიათა და მიღწევათა ჩამონათვალი. „წვრილმანების ღმერთის“ ავტორი 1961 წლის 24 ნოემბერს დაიბადა. მან მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ და შთამბეჭდავ ავტორად დაიმკვიდრა თავი ლიტერატურულ რუკაზე. 

ჩვენ კი მის შესახებ იმ რამდენიმე საინტერესო ფაქტს შემოგთავაზებთ, რომელიც მისი შემოქმედების გააზრებაში კიდევ უფრო დაგვეხმარება.

არქიტექტურულ სამყაროში

დელიში, არქიტექტურის სკოლაში, რომელიც ინდოეთში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დიზაინის ინსტიტუტია, არუნდატი როი სამწერლო კარიერის დაწყებამდე სწავლობდა. მწერალი ტექნიკურ ასპექტებზე მეტად დიზაინის შემოქმედებითი და ინტელექტუალური ასპექტებით დაინტერესდა. ამ გავლენათა შტრიხებს მის შემოქმედებაში ხშირად ვხვდებით.  არქიტექტურისთვის დამახასიათებელი წყობები, პასაჟებისთვის ფორმის მიცემა და სხვა ნიუანსები როის შემოქმედებაში წამყვან როლს თამაშობს, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ მისი გადასვლა არქიტექტურიდან ლიტერატურულ სამყაროში მოულოდნელი არ ყოფილა. სადებიუტო რომანი, „წვრილმანების ღმერთი“, ოთხი წლის განმავლობაში იწერებოდა და, აი, სწორედ აქ გამოჩნდა მისი არქიტექტურული მიდგომაც. როგორც თავად ამბობს, მუდმივად ცვლიდა თითოეულ დეტალს, აჩერებდა წერის პროცესს და ელოდებოდა იდეალურ ემოციურ გარემოს. სწორედ ამიტომაა, რომ მკითხველს წიგნის წაკითხვის შემდეგ მწერლის ხმა არ შორდება.

წარმატებული სცენარისტი

სანამ რომანების წერას შეუდგებოდა, ბედი სატელევიზიო სერიალებსა და ფილმებზე მუშაობაშიც მოსინჯა. „ელექტრომთვარე“ და “In Which Annie Gives It Those Ones” მისი ფილმოგრაფიის განუყოფელ ნაწილებად იქცა. როიმ ამ უკანასკნელში მთავარი როლიც ითამაშა. ფილმი ავტობიოგრაფიულ პასაჟებს აერთიანებს და საუკეთესო სცენარისთვის პრიზითაც კი ჯილდოვდება. ამას მოჰყვა ზემოთ ნახსენები „ელექტრომთვარე“, რომელიც სატირულ ჟანრში ტურიზმისა და სოციალური უთანასწორობის შესახებ გვიამბობს. 

ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი გარემო

არუნდატი როის დედა ქალთა უფლებების დამცველი ძალიან ცნობილი აქტივისტი იყო. მერი როიმ იბრძოლა სირიელი ქრისტიანი ქალების უფლებებისათვის. მრავალწლიანი ბრძოლა გამარჯვებით დასრულდა და 1986 წელს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით თემში თანასწორობა დამკვიდრდა. გასაკვირი სულაც არაა, რომ ამგვარ  გარემოში აღზრდამ დიდი გავლენა მოახდინა არუნდატის მსოფლმხედველობაზე და  ამის შემდგომ აქტივიზმი მწერლის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. 

პირველი ინდოელი ქალი, რომელმაც ბუკერის პრემია მოიპოვა

1997 წელს ლიტერატურულ სამყაროს დიდი საჩუქარი ხვდა არუნდატი როისგან წილად. „წვრილმანების ღმერთის“ ავტორი პირველი ინდოელი ქალი გახდა, რომელმაც ეს ძალიან პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო მიიღო. კომისიამ თქვა, რომ წერის სტილი ინოვაციურია, ემოციათა ბალანსი და პოლიტიკურ-პირად ისტორიათა შერწყმა ნაწარმოებს საოცარ ხიბლს სძენს. ბუკერის პრემიის მოპოვების შემდეგ როი ლიტერატურული სამყაროს ვარსკვლავი გახდა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მან ეს პოპულარობა სოციალური და პოლიტიკური საკითხებისა და პრობლემების წარმოსაჩენ სცენად იქცია და მასში, როგორც აქტივისტში, განმტკიცებული პრინციპები კიდევ უფრო გაამყარა. ბევრს ეს უკვირდა, როი კი აგრძელებდა გარემოს დაცვასა და ქალთა უფლებებზე ზრუნვას – მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ აქტივისტობისას წარმოთქმული მოსაზრებები, არ რჩებოდა მხოლოდ სიტყვებად. 

ღია პოლიტიკურ შეხედულებებს რისკიც ახლდა თან…

ასეთი აქტიური პოლიტიკური ცხოვრების გამო, როის რამდენჯერმე წაუყენეს ბრალი და ამბოხება, ცილისწამება და სასამართლოს უპატივცემულობა დააბრალეს. რეალურად, მასთან დავის მიზეზს ქაშმირის კონფლიქტი წარმოადგენდა. 2010 წელს ქაშმირის თვითგამორკვევის საკითხების მხარდაჭერის მიზეზით, როის ბრალი დასდეს ამბოხებაში, მაგრამ ამას მისი პატრიოტული განცდები არ გაუნელებია… მსოფლიოს ნაწილი ებრძოდა არუნდატი როის, მაგრამ ცივილიზებული და ღირსეულ ფასეულობებზე დაფუძნებული მსოფლიო აღიარებდა მის მუხლჩაუხრელ შრომასა და თავდადებას. აშშ-ში მან მიიღო ლანანის ფონდის პრიზი სამართლიანობისადმი ერთგულებისათვის. მწერალს ეს პრიზი 2002 წელს გადაეცა, რადგან მან გააკრიტიკა ბირთვული პოლიტიკა და სამხედრო ჩაგვრა. 

რომანი – ესეისტიკა – რომანი

რადგან პირველი რომანი ასეთი წარმატებული გამოდგა, მკითხველს ეგონა, რომ როი უფრო და უფრო გაახშირებდა მხატვრული ლიტერატურის შექმნას. ნაცვლად ამისა, მან დაახლოებით ოცი წელი გაატარა პოლიტიკური ესეებისა და რეპორტაჟების წერაში. ნაშრომები ძალიან გლობალურ და მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავდა. არუნდატი როი იკვლევდა ინდოეთის ბირთვულ პოლიტიკას, მითუმეტეს, როცა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცოდა რაჯასტანის შტატის ქალაქში ჩატარებული ბირთვული იარაღის ტესტირების საპასუხოდ გამოქვეყნებული მისი წერილი „წარმოსახვის დასასრული“. გარდა ამისა, ის აქტიურად განიხილავდა ექსპლუატაციის ფენომენს, კასტურ ძალადობას, ქაშმირისა და ცენტრალური ინდოეთის მილიტარიზაციის საკითხებს. 2017 წელს როის ახალი რომანი „უზეშთაესი ნეტარების სამინისტრო“ გამოქვეყნდა. ნაწარმოები ბუკერის პრემიის გრძელ სიაში მოხვდა და დაახლოებით 50-ზე მეტ ენაზე ითარგმნა.

ამდენად, არ გავაბუქებთ, თუ ვიტყვით, რომ არუნდატი როი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური, პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაბმული მწერალია, ვინც კი ლიტერატურულ სამყაროს ოდესმე ჰყოლია. მისი ცხოვრება პირდაპირ, საოცარი სიზუსტით აირეკლავს რომანებს, რომანები კი ცხოვრებას, და ამ ორი ცნების  ჰარმონიული თანხვედრა მკითხველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.