fbpx

თბილისის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონია


გააზიარე სტატია

თბილისის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონია  არაოფიციალური და ცოცხალი პერფორმანსით დაიწყო. წამყვანები, თიკა ლაღიძე და ქეთევან ბარნოვი,  სცენაზე საწვიმრებით და სასტვენებით გამოჩნდნენ. 

„ალბათ უკვე მიხვდით საიდანაც უნდა მოვდიოდეთ . იქ არის ჩვენი ადგილი , ჩვენი მეგობრების გვერდით, ქუჩაში, გარეთ , ჩვენს მეგობრებთან და თანამებრძოლებთან ერთად! ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს ქვეყანას და ღირსებით ვიბრძოლებთ ბოლომდე!“ – თიკა ლაღიძე, წამყვანი. 

პირველი პრიზები გამარჯვებულებს  ტრადიციულად ევროკავშირის და UNDP-ის წარმომადგენლებმა გადასცეს. ევროკავშირის ეგიდით დაწესებული პრიზი „ადამიანის უფლებების საუკეთესოდ ასახვისთვის კინოში“ – კოტე კალანდაძემ მიიღო,  დოკუმენტური ფილმისთვის „არავინ არ ჩანს“, მხატვრულ ფილმებში კი იგივე პრიზი რეჟისორ პაპუნა მოსიძეს ერგო , მხატვრული ფილმისთვის „ქალაქის ხმაური“. 

„ერთხელ ვიღაცამ თქვა, 3 ადამიანი რომ დარჩეს რუსთაველზე, ერთი აუცილებლად კინოდან იქნებაო… ამიტომ გვინდა ეს პრიზი მივუძღვნათ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს და ირაკლი ქერაშვილს, ჩვენი პროდიუსერის მეუღლეს, რომლებიც ახლა აქ უნდა ყოფილიყვნენ“ – აღნიშნა პრიზის მიღების შემდეგ „ქალაქის ხმაურის“ პროდიუსერმა ნინო ჯინჭარაძემ. 

 

რაც შეეხება „ქართული პანორამის“ მიერ გამოვლენილ გამარჯვებულებს, წელს პრიზები ასე გადანაწილდა: 

 

„ოქროს პრომეთე“ საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის: 

„შინაგანი გაზაფხულების ყვავილობა“ – რეჟ. თიკუ კობიაშვილი

 

სპეციალური აღნიშვნა:

„რას ჩურჩულებს ტალახი“ – დეა ჭოლოკავა 

 

„ოქროს პრომეთე“ საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის: 

„9 თვიანი კონტრაქტი“ – რეჟ. ქეთევან ვაშაგაშვილი

სპეციალური აღნიშვნა: 

„ქართლის ცხოვრება“ – რეჟ. თამარ კალანდაძე, ჟულიენ პებრელი.

 

„ოქროს პრომეთე“ საუკეთესო მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის:

“თემო რე“ – რეჟ. ანკა გუჯაბიძე

 

სპეციალური აღნიშვნა:

“ქალაქის ხმაური“ – რეჟ. პაპუნა მოსიძე

 

„ოქროს პრომეთე“ საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის:

“ხმელი ფოთოლი“ – რეჟ. ალექსანდრე კობერიძე

სპეციალური აღნიშვნა საუკეთესი მსახიობის ნომინაციაში:

ნინი იაშვილი

 

„1 წლის შემდეგ ყველას გვინდა რომ შევხვდეთ აქ, ამ დარბაზში საზეიმო განწყობით… მაგრამ მანამდე, მეგობრები გვყავს ციხიდან გამოსაყვანი, ქვეყანა გვაქვს დასაბრუნებელი.“- თქვა რეჟისორმა, ალექსანდრე კობერიძემ, „ოქროს პრომეთეს“ მიღების შემდეგ. მისი ფილმი ლანა ღოღობერიძემ ასე შეაფასა: „ვნახე სანდრო კობერიძის „ხმელი ფოთოლი“. ვუყურებდი ფილმს და არ მშორდებოდა ძალიან სასიამოვნო განცდა, რომ მიუხედავად ყველა განსაცდელისა, ქართული კინო ცოცხალია. და მეტიც, ის არღვევს ტრადიციებს და ეძებს ახალ გზებს…“ 

დოკუმენტური კინოს ასოციაცია DOCA-მ 1500 ლარის ჯილდო გადასცა ქეთი ვაშაგაშვილის სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს „9 თვიანი კონტრაქტი“. ფილმი ეხება სუროგაციის პრობლემას საქართველოში და გვიყვება ახალგაზრდა ქალის ამბავს, რომელსაც უწევს სუროგატობას მიმართოს იმისთვის, რომ საკუთარი შვილის მომავალი უზრუნველყოს. 

„ჩვენმა ფილმმა უკვე 30-მდე ქვეყანა მოიარა, მაგრამ ყველაზე მეტად ვნერვიულობდით საქართველოში ჩვენებაზე. მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ამის საშუალება მოგვცა.  ეს პრიზი კი მინდა მივუძღვნა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ქალს, მზია ამაღლობელს“ –  ქეთი ვაშაგაშვილი, რეჟისორი. 

თბილისის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გამორჩეული იყო დოკუმენტური კინოს თვალსაზრისით. კინო, როგორც რეფლექსია საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე, საუკეთესოდ აისახა წლევანდელ დოკუმენტურ კინოში. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია დოკუმენტალისტი ქალების სიმრავლეც. 

„ვერ ვიტყვი რომ სელექციის პროცესი მარტივი იყო. მხატვრული ფილმები არ გვაქვს ბევრი, რაც ლოგიკურია და პირდაპირპროპორციულია იმის, რაც ქვეყანაში ხდება. კინოცენტრი ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას… არადა იცით, რაოდენ რთულია მხატვრული ფილმისთვის სახსრების მოძიება. მართლაც გმირობაა , თუნდაც ის 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რაც წელს გვქონდა. რაც შეეხება დოკუმენტურ კინოს, ვფიქრობ, დღესდღეობით ის ძალიან მაღალ საფეხურზეა საქართველოში. ეს  არის ერთგვარი „სუფთა ჰაერი“ და ასახვა იმისა, რაც ხდება ჩვენს ირგვლივ. და უნდა ითქვას, რომ ნამდვილად ყოჩაღი დოკუმენტალისტი ქალები გვყავს, რომლებიც არ უშინდებიან ასე ღიად სიმართლის თქმას. ეს კი აუცილებლად დაეხმარება დოკუმენტურ კინოს განვითარებაში“ – ლევან აბდუშელიშვილი, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის, „ქართული პანორამის“ კოორდინატორი.

მცირე დაფინანსების და ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, თბილისის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალი შედგა. ჩვენებებზე „ამირანის“ ოთხივე დარბაზი სავსე იყო მაყურებლებით.  წლევანდელი ფესტივალი იდეურადაც,  გამორჩეულად ერთიანი იყო. 

„ვფიქრობ ჩვენი ფესტივალი ერთგვარი ნაწილია პროტესტის. ჩვენთან არსებობს გამოხატვის მრავალფეროვნება, თავად გამოხატვის ფორმები, თემების მრავალფეროვნება-ამ ყველაფერს წარმოგვიდგენს ქართული კინო.  27 ქართული ფილმი იყო კონკურსში, ორი კი – კონკურსს გარეთ. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი დაბრკოლება შეუქმნა სახელმწიფომ ჩვენს ახალგაზრდა, უაღრესად ნიჭიერ კინემატოგრაფისტებს, ისინი მაინც ახერხებენ თავის სათქმელის თქმას, გადმოცემას და იმ თემებზე მუშაობას რომელიც მათ აწუხებთ“ – გაგა ჩხეიძე, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორი. 

ფესტივალის გამარჯვებული ფილმების განმეორებითი ჩვენება კინოთეატრ „ამირანის“ დარბაზებში, ტრადიციულად, ბოლო დღეს გაიმართა.  თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კი მაყურებელს მომავალ წლამდე დაემშვიდობა. 

 

637 total views, 28 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.