fbpx

Freedom has a parking problem


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინო ამონაშვილი

 

2025 წლის 19 ოქტომბერს მხატვარი ლევან მარგიანი დააკავეს და ექვსი დღით პატიმრობა მიუსაჯეს. ბრალად გზის გადაკეტვა ედებოდა. პიტერ ბრეიგელ უფროსის ყველაზე ამორალურ პერსონაჟებს, ანუ ქართული ოცნების წარმომადგენლებს, რატომ არ უნდა დაეკავებინათ კაცი, რომელიც მინიატიურულ ნამუშევრებს სიყვარულზე, რწმენასა და უბრალოებაზე ქმნიდა? ხელოვნებაზე კარგად ინფორმირებულ მოქალაქეს შესაძლოა გაუჩნდეს კითხვა იმის შესახებ, თუ რა უნდოდა ლევან მარგიანს იზოლატორში. ყველაფერი ახსნასა და ლოგიკას მაშინ დაექვემდებარება, როცა მოსახლეობის სრული ნაწილი აღიარებს რუსული საცეცების არსებობას ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე, დაინახავს, რომ საოკუპაციო ხაზის გარდა ქვეყნის დედაქალაქშივე იტაცებენ მოქალაქეებს და აპატიმრებენ. რეჟიმისთვის სიყვარული, სიკეთე და ერთობა აუტანელია, ამიტომ აუტანელია მარგიანიც.  

ქართული ოცნების მმართველობის ქვეშ არსებული ქვეყანაც არ ჰგავს იმ ადგილს, სადაც ლევან მარგიანის ღირებულებებით სავსე პერსონაჟები იცხოვრებდნენ, მაგრამ, სამაგიეროდ, ძალიან კარგად მოახერხა ქართულმა პოლიციამ სახელმწიფო თეზი გაბუნიას ნამუშევრისთვის დაემსგავსებინა: ბრძოლა დაეწყო საზოგადოების ჯანსაღ ნაწილთან, დაეგეგმა ქვეყნის იზოლაცია და დაეკავებინა ყველაზე გაბედული მოქალაქეები. თეზის ინსტალაცია, რომელიც ციხის გისოსებს მოგვაგონებს, დისტანციას ქმნის საგამოფენო სივრცესა და დამთვალიერებელს შორის. ავტორი შესაძლოა სწორედ ამით გვახსენებს საგამოფენო  პროცესის წარმატებით მიმდინარეობის შეუძლებლობას, იმ დროს როდესაც გარეთ ყველაფერი ცუდად არის და გამოხატვის თავისუფლება შეზღუდულია. 

რეჟიმი გაშმაგებით ცდილობს უდანაშაულო ხალხის დასჯას, ქართული პოლიცია კი საგანგაშოდ “შიშვლდება”. ელენე რაქვიაშვილის 2010 წლის ნამუშევარი “Where You Belong” კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ იქცევა გაშიშვლებული მოქალაქე, რომელსაც არ უნდა სხვამ შეამჩნიოს მისი ეს მდგომარეობა.  ნამუშევარში ტანს ზევით შიშველი მამაკაცები ერთმანეთს აფარებენ თვალებზე ხელს და იფარებენ თვითონაც. პოლიციის ქცევა დღეს ძალიან ჰგავს ამ ქმედებას. ისინი ერთმანეთს უშლიან სინამდვილის დანახვას, მაგრამ მათი მანკიერი თვისებები დიდი ხანია კარგად არის აღქმული სამოქალაქო საზოგადოებისთვის. სინამდვილის გადაფარვის ამ უსუსური მცდელობის მიუხედავად, კოლექტიურ ტყუილებში, რომლისაც მხოლოდ გარკვეულ ჯგუფს სჯერა, ეს სიცხადე არ ჩაიკარგება. 

პროტესტმა თავისი ესთეტიკით გვაჩვენა, რომ “რუსთაველი” ჩვენია და ამას რაქვიაშვილის სხვა ნამუშევრის –  „BRIDGE1/2”-ისყურებითაც კარგად დავინახავთ. ინსტალაცია ავტორის სხვადასხვა არტისტულ ქმედებასაც აერთიანებს. ერთ ნაწილში ვხედავთ ვეფხისტყაოსნის აფორიზმებს.  შექმნის პროცესში ელენეს   საფერავით ნელ-ნელა გადააქვს სიტყვები. ღვინის სტრუქტურა და შეფერილობა აკვარელის საღებავს ემსგავსება. დატანილი სიტყვები გვახსენებს თანამებრძოლებს, მეგობრობას, გამბედაობას, ყველაფერ იმას, რისი შეგრძნებაც და დანახვაც ასე ძალიან გვჭირდება აქ და ახლა.  

 

ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად.“ – შოთა რუსთაველი. 

 

სწორედ ამ სიტყვებით ხელმძღვანელობენ რუსთაველზე მდგარი მოქალაქეები, ცდილობენ ხიდები გააბან ერთმანეთში და ქვეყნის მიღმა არსებულ მეგობრებთან. ზოგჯერ ყველაფერი პათეტიკური გვეჩვენება. მათ შორის აქტივისტების სიტყვები, რომლებიც, ერთი მხრივ, შემართებისა და ოპტიმიზმის გრძნობას აჩენს და, მეორე მხრივ, გვაფიქრებს ეროვნული იდენტობის სახასიათო ნაწილზე. 

“არ გაჩერდება ხალხის მდინარე, ქვეყნის გულიდან გამომდინარე”.

იქნებ მართალია ყველა ამბავი ჩვენი თავისუფლების სიყვარულისა? პროტესტის მონაწილეებს გვჯერა საკუთარი თავის და გვჯერა სხვებისაც. 

ხელოვანი არჩიბალდ კორძაია იუმორნარევი ნამუშევრით გვახსენებს სასამართლოს კომიკურ და მეტად მძიმე რეალობას, იმას, თუ რას დაამსგავსა რეჟიმმა მოსამართლეები. საქმე გვაქვს პორტრეტთან, სადაც სასქესო ორგანო გამოხატავს პიროვნების ხასიათსა და ცხოვრების სტილს. ინდივიდი მოსამართლეა, ხელში პატარა ჩაქუჩით. მისი იდენტიფიცირებისთვის რამდენიმე დეტალია საკმარისი და მათ შორისაა მანტიის მცირე ნაწილიც. თანაც, როცა სხეული ქმედებითაც ამბობს – “კის”, ჰყვება თავის რაობას, ჩვენ ვერ შევეწინააღმდეგებით.

ხელოვნებაში დიქტატორებსაც შევხვედრივართ და მის  თანამონაწილეებსაც, ირიბად თუ პირდაპირ, ეს მაინც ჩანს ერთ მთლიან სურათში. გამოსახულება მას აუცილებლად ამხელს. თუ გვინდა დავინახოთ მთავარი პერსონაჟი, ჩვენ უნდა ვუყურებდეთ სურათს, სადაც მნიშვნელოვანი არა საზოგადოებაა, ან რამდენიმე ინდივიდი, არამედ მხოლოდ ერთი ადამიანია, მისი ქცევა და სხვა დანარჩენი მის გარშემოა, ან მის დაბლა, ანდაც მის ფეხქვეშ. ჩემთვის ამის ნათელი მაგალითია მხატვარი ილია ბალავაძის 2019 წლის ნამუშევარი, რომლის სახელწოდებაცაა “მაღლა ცაში”. კომპოზიციაში კარგად ჩანს ინდივიდი, რომელიც გარკვეულ ზედაპირს სცილდება ფეხებით, მის ქვევით კი მამაკაცები წრიულად არიან განლაგებულნი და მათი ძირითადი ფუნქცია იმ ზედაპირის შეკავებაა, რომელსაც მთავარი პერსონა შორდება, რომლის ხელის მტევნის ქვეშაც წითელი ლაქებია, სისხლის მსგავსად. 

მაგრამ ხელოვნება არა მხოლოდ კედელზე, ტილოზე ან ციფრულ რეალობაში არსებული დიქტატორების წარმომჩენი და აღმწერია, არამედ იგი ინახავს ქარიზმატული გმირების სახეებსაც, კონკრეტულის ან გამოგონილის. როდესაც ჩვენს პოლიტიკურ პატიმრებს ვუყურებ, ვუსმენ და მათ დაწერილ წერილებს ვკითხულობ, მგონია, რომ ციხის კედლები მათი აზრების მერე უნდა იწყებდეს დაშლას და ლამაზ, ფერად ციხესიმაგრეებად გადაქცევას. შესაძლოა ისინი გისოსებს მიღმა ათვინიერებენ ლომებს და ვეფხვებს. მაქვს ამ ყველაფრის წარმოდგენის სრული უფლება. ნიკო ცეცხლაძის ნამუშევარში – “ნიუ-იორკი” თითქოს ეს ესაა დიდ და უზარმაზარ ქალაქში პატარა ბიჭმა მნიშვნელოვანი ბრძოლა გამოიარა და საბრძოლო ჟინი არ გაუქრა. ალისფერი ქალაქი და მის წინ მწოლიარე ლომი, რომელიც უფრო მეტად უღონოდ გამოიყურება, ვიდრე ზემოთ ხსენებული ახალგაზრდა, კიდევ უფრო მეტად მაბრუნებს ოპტიმიზში, სადაც მჯერა გამარჯვების, მჯერა სიმართლის და მჯერა ჩვენი ფარისმჭერი ლომების, რომლებიც არცერთი ბრძოლის მერე არ დათმობენ მთავარს – თავისუფლებას!  

 ნიკო ცეცხლაძე. ნიუ-იორკი. ფერწერა.შერეული ტექნიკა, 2011, 70×90 სმ.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.