fbpx

InJoy Universe – სამყაროს თვალთვალის ხელოვნება


გააზიარე სტატია

დღეს, როდესაც ასე მარტივია წამის აღბეჭდვა, ძალაუნებურად გიჩნდება სურვილი, გამოიჭირო სამყაროში ის ფრაგმენტები, რომლებიც ბედნიერებას განიჭებენ და ამავდროულად, რაღაც შინაგანს გახსენებენ. შექმნა სერიები და აწარმოო დღიურები, ფოტოების, წარწერების, მუსიკისა და საერთოდ  სოციალურ ქსელებში პოსტების სახით. InJoy Universe – დავით მირცხულავას კომპანიის სახელია, რომელიც მაშინ შეიქმნა, როცა მისი შემქმნელი ბედნიერი იყო. დავით მირცხულავას ასევე ეკუთვნის Pixweets და სხვა ქართული ანიმაციური პროექტები და თამაშები. 

მისი ყოველი პროექტი დაფუძნებულია სიმარტივესა და კინემატოგრაფიულ თხრობაზე. დავითის  ანიმაციისა და თამაშის პერსონაჟები ყოველდღიური უბრალო ამბებიდან ჩნდებიან. პიქსვიტების შექმნის იდეაც ერთ ჩვეულებრივ ამბავს, კიბეზე ასვლას მოჰყვა,როდესაც შენობაში ლიფტი გაჩერდა და სასურველ სართულამდე მიღწევა გრძელ, დამღლელ თავგადასავლად გადაიქცა. თამაში მოძრაობაზე, პერსონაჟების პატარა ფეხებზე უნდა ყოფილიყო ორიენტირებული, საბოლოო ჯამში კი პიქსვიტების მთელი  ოჯახი მივიღეთ, სადაც ყველას თავისი ისტორია, ხასიათი, მიზნები და ოცნებები აქვს.

პიქსვიტებისა და დავითის სხვა პროექტების, მაგალითად, “ბუშტების” (BALLOONS) მერჩის, სათამაშოების შეძენა დღესდღეობით გალერეა თბილისში შეგიძლიათ. სტენდთან ასევე დაგხვდებათ ფოტოსერიები, რომლებსაც დავითი აწარმოებს ინსტაგრამის გვერდზე. მათში თქვენ ამოიცნობთ ნაცნობ ქუჩებს, სახეებს, ხედებს, კატებს და ვინ იცის, იქნებ საკუთარ ხედვასაც კი. 

როგორც ფილმებისა და ანიმაციის თითოეული პერსონაჟი, ასევე ფოტოებიც თავიანთ ისტორიას ჰყვებიან თითოეულ პოსტში და ქმნიან სერიებს, მათი ამოკითხვა და გამოცნობა თავდაპირველად რთულია, თუმცა თუკი დააკვირდებით და თანმიმდევრულად მიჰყვებით თბილისის, გარემოსა და ზოგადად სამყაროს თვალთვალის ამბებს, მალევე აუღებთ ალღოს და თამაშში თქვენც ჩაერთვებით, რადგან დაკვირვება, აღბეჭდვა და საკუთარი თავის გამოხატვა თავისუფლებისა და ბედნიერების მისაღწევად ყველაზე მარტივი ხრიკია. ზუსტად ამის გამო უამრავი ჩვენგანი თვალთვალს ხელოვნებად გადააქცევს ხოლმე. 

https://www.instagram.com/injoyuniverse/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.