“ხელოვნება შემოქმედი ადამიანის სასაუბრო ენაა” – მაკა ზედელაშვილი ფლორენციის ბიენალზე
ავტორი: თამუნა გეფერიძე
მაკა ზედელაშვილი მხატვარი და მულტიმედია არტისტია, რომელიც 30 წელზე მეტია ქმნის ფერწერას. ის აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში და მუდმივად უზიარებს საკუთარ შემოქმედებას მსოფლიოს აუდიტორიას. მისი ფერწერის გამორჩეულ ხასიათს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის სხვადასხვა მედიუმების გამოყენება, როგორიცაა ტრადიციული ტექნიკა, ინსტალაცია, ციფრული მოდელირება და მათი სინთეზი.
რას ნიშნავს ქმნიდე საქართველოში და გაგქონდეს შემოქმედება ქვეყნის ფარგლებს გარეთ?
ქმნიდე საქართველოში იმას, რაც შემდეგ ღირებული და რელევანტური გახდება საერთაშორისო სახელოვნებო ასპარეზზე, არ არის მარტივი ამოცანა. ის ფაქტი, რომ ჩვენი ყოველდღიურობა გაჟღენთილია სოციალური და პოლიტიკური საკითხების განსჯითა და ანალიზით, ნათლად აჩვენებს, რომ საზოგადოება თვითგამორკვევის პროცესშია, ხოლო ეს ფსიქოემოციური ფონი ართულებს შემოქმედებით პროცესში ჩაძირვას. ამ ყველაფრის პარალელურად თანამედროვე სამყაროში ხალხთა შორის საზღვრები გამკრთალებულია და ნაკლებად წარმოადგენს ბარიერს, ხელოვნება კი კიდევ უფრო ღია და ხელმისაწვდომი ხდება. მრავალმხრივი გამოწვევები თუ შესაძლებლობები არ ცვლის იმ ფაქტს, რომ შემოქმედება შემოქმედისთვის სასაუბრო ენაა, ხოლო სათქმელი ბევრია. ვიყენებ ყველა შესაძლებლობას, რომ ჩემი შემოქმედება იყოს ფართოდ ხელმისაწვდომი.
როგორია უცხოელების უკუკავშირი, რეაქცია? რამდენად გვაახლოებს ან გვაშორებს ერთმანეთს ხელოვნება?
კულტურული და სოციალური თვალსაზრისით მრავალფეროვან ადამიანებთან მიწევს ურთიერთობა. წლის განმავლობაში უმეტესად ევროპის ქვეყნებში მქონდა გამოფენები, პირადად შევხვდი დამთვალიერებლებს და ვესაუბრე მათ. ინსპირაციულია უკუკავშირის დიაპაზონი. არაფერია იმაზე ძვირფასი, როდესაც შენი ნამუშევრის სათქმელი მნახველთან ვერბალური ჩარევის გარეშე ამყარებს კავშირს, ხოლო შემდგომ გაქვს შანსი მოისმინო მათი მონათხრობი, დაინახო ის, თუ როგორ აღიქვეს შენი შემოქმედება. ნამუშევარი შენთან ერთად თუ შენ გარეშე არის ერთგვარი გზავნილი, რომელიც დამთვალიერებელთან მართავს დიალოგს და ეს ნამდვილად არის ის, რაც ქმნის მჭიდრო კავშირს.
ფლორენციის ბიენალესთან დაკავშირებით:
ჩემი შემოქმედებითი წლის ბოლო აქტივობა ფლორენციის ბიენალეა, სადაც ორი ნამუშევარი წარვადგინე. თემა “სინათლისა და სიბნელის დიდებული არსი” იყო, რაც მჭიდრო თანხვედრაშია ჩემს ბოლოდროინდელ ნამუშევრებთან. შესაბამისად, დუალიზმისა და ერთიანობის კონცეფციის ფარგლებში დაგეგმილ ამ ღონისძიებაში ჩავერთე ნამუშევრებით: “ვარდნა” და “ხეტიალი”.
“ვარდნა” – გარდატეხის ერთგვარი ალეგორიაა. ნამუშევრის ძირითადი მოტივი ონტოლოგიური ინვერსიაა, რომელიც გარდასახვის წინა მომენტს აღწერს.
“ხეტიალი” – ქრისტიანული მოძღვრებით იმქვეყნიური არსებობის ორსახოვნების ალეგორიული სახეა, სადაც სეირნობა სამოთხისეული სიმშვიდისა და სინათლისაკენ სვლასთან, ხოლო ხეტიალი ღვთისგან განშორებასა და არსის დაკარგვასთან ასოცირდება.
შინაგანი ტრანსფორმაციის ჩემეული ხედვის ბიენალეს თემასთან კავშირმა გადამაწყვეტინა დავთანხმებოდი მათ მოწვევას. ბიენალე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა და მიხარია, რომ ჩემი ნამუშევრებით საქართველო კიდევ ერთ საერთაშორისო პლატფორმაზე წარვადგინე.
“ვარდნის ექო” ატელიე ჰამანში, ქალაქ ჰანოვერში გამოიფინა, რომელიც აქამდე რია ქებურიას ფონდის საგამოფენო სივრცეში იყო წარმოდგენილი. როგორია ემოციების ხელოვნების სახით გამოფენა სხვადასხვა ადამიანებთან, სხვადასხვა სივრცეში, იცვლება თუ არა თითოეულ გამოფენასთან ერთად თავად ავტორი და მისი ემოციები?
წლის დასაწყისში ჩემი სოლო გამოფენის, “ვარდნის ექოსთვის” – მზადება კაჭრეთის რეზიდენციაში დავიწყე. რეზიდენციაში ყოფნის დროს შეიქმნა სერიის თითქმის ყველა ნამუშევარი. გამოფენამ ფონდის მხარდაჭერით გეგმის მიხედვით ჩაიარა. შეიქმნა როგორც ფერწერული ტილოები, ასევე ინსტალაცია, ობიექტი, რომელიც ექსპოზიციის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი იყო.
იგივე პროექტი წავიღე ჰანოვერში, სადაც ლოკალური ფესტივალის, ზინობერის ფარგლებში ჰანოვერის გალერეათა დიდი ნაწილი სხვადასხვა ავტორებს წარმოადგენდა.
საქართველოში გამართულ სოლო გამოფენასთან შედარებით ჰანოვერის გამოფენა, ლოგისტიკური ლიმიტაციიდან გამომდინარე, არ მოიცავდა ყველა ნამუშევარს, თუმცა შინაარსი და თემა შეკრული და ერთიანი იყო. შევხვდი უამრავ ადგილობრივ დამთვალიერებელსა და ხელოვნების მოყვარულს. როგორც უკვე აღვნიშნე, დამთვალიერებელთან კონტაქტი საინტერესო გამოცდილებაა და ვფიქრობ, რომ საკუთარი ნამუშევრების გავლენაზე დაკვირვება და ნახვა იმისა, თუ როგორ აღიქვამს ნანახს დამთვალიერებელი აისახება შემოქმედზეც.
“ვარდნის ექოს” შემდეგ შეიქმნა “სითბოს მიტოვების მემკვიდრეობა”. მოგვიყევით ამ კონცეფციის შესახებ.
კანის რეზიდენციაში ყოფნის დროს მქონდა საშუალება ოჯახთან ერთად დროებით შემეცვალა გარემო. ახალი კონცეფცია მჭიდროდ დაუკავშირდა იმ ადამიანურ და მელანქოლიურ საწყისებს, რაც ყოველი ჩვენგანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ის, რომ ბოლოჯერ ვითამაშეთ, ბოლოჯერ აგვიყვანეს ხელში, ბოლოჯერ ჩაგვიხუტეს, სევდიანი და მემკვიდრეობითია. თაობიდან თაობამდე სითბოს ეს უეცარი წყვეტის პრაქტიკა რომ ნორმალური და შეუმჩნეველია, პარადოქსულად ჟღერს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ეტაპობრივად ქრება, მაინც არის ბოლო, ფინალური მომენტი, რომელიც ამა თუ იმ კავშირს სამუდამოდ აქრობს.
კანი პირადად ჩემთვის ბავშვებსა და მშობლებზე განსაკუთრებულად ადაპტირებულია, რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაშიც, რომ საზოგადოებას თანაგრძნობისა და ზრუნვის გაზიარებით გაცილებით თვითკმარი და სრულქმნილი შეუძლია გახდეს. ვფიქრობ, ჩანახატების ის სერია, რომელიც კანში შევქმენი, ემოციური დატვირთვით ხაზს უსვამს სითბოს მიტოვების ტრაგიკული და ტრადიციად ქცეული რიტუალის მემკვიდრეობითობასა და სიმძიმეს.
Empower Her Art Forum-თან დაკავშირებით:
ამ სახელოვნებო ფორუმში წელს მეორედ მივიღე მონაწილეობა, ხოლო ჩემი წარმდგენი იყო ერთ-ერთი ბელგიური გალერეა, რომელთანაც წლებია ვთანამშრომლობ. ქალთა ხელოვნების მხარდასაჭერად შექმნილ ამ ფორუმში პირველად 2023 წელს ჩავერთე. მაშინ ფორუმი ეგვიპტური ცივილიზაციის ეროვნულ მუზეუმში გაიმართა. ფორუმს უამრავი არტისტი ესწრებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ის წელსაც გრანდიოზული და ამავდროულად, ექსკლუზიური იყო. ღონისძიებას უმასპინძლა The Grand Egyptian Museum-მა, რომელიც ჯერ ოფიციალურად არც კი იყო გახსნილი. ფორუმი, ლოკაციიდან გამომდინარე, ეგზოტიკური და კულტურულად დახუნძლული აღმოჩნდა, რაც ჩემთვის, როგორც ხელოვანისთვის საინტერესო და ძვირფასი გამოცდილებაა.
წლის შეჯამება, როგორ ხედავთ თქვენს შემოქმედებით გზას 2026 წელს?
2025 წელი ნაყოფიერი და აქტიური იყო. ფოკუსირებული ვიყავი არსებული პროექტებისა და ნამუშევრების ფართო აუდიტორიისათვის გაცნობაზე. ვფიქრობ, 2026 წელს ახალი სერიების შექმნას დავუთმობ. ვგეგმავ ასევე სოლო გამოფენას და ვრჩები ღია ახალ-ახალი თანამშრომლობისთვის.
439 total views, 6 views today
















