fbpx

შობის ლიტერატურული მაგია


გააზიარე სტატია

 

ავტორი: მათე წიკლაური

 

ლიტერატურაში სიმბოლოები კონკრეტულ დეტალებს აბსტრაქტული იდეების წარმოდგენაში ეხმარება. შობაც სწორედ ამ ტიპის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სიმბოლოა. ის არის სიბნელეში სინათლის გაჩენის, დაცემის შემდეგ წამოდგომისა და სიკეთის გამარჯვების რწმენის ნიმუში. შობა პერსონაჟისთვის ხშირად გარდამტეხი დღეა, თანაგრძნობის უნარს აჩენს და პასუხობს იმ შეკითხვებს, რომლებიც ადამიანებს კეთილისა და ბოროტის იდეათა მიღმა გაუჩნდათ.  შობის მაგია ლიტერატურულ სამყაროში არაერთი პერსპექტივიდან გვხვდება. რამდენიმე მათგანს კი ქვემოთ შეგახსენებთ.

 

შობის მაგიის მორალური ჩარჩო

ლიტერატურა მკითხველს ეთიკის გაკვეთილებს ხშირად უტარებს. ამის ნათელი მაგალითია ჩარლზ დიკენსის „საშობაო სიმღერა“. დიკენსისთვის შობა მორალური ჩარჩოა, რომელიც მკითხველს ანიჭებს ფუნქციას, შეაფასოს სოციალური ნორმა თუ ქცევა. ებენიზერ სკრუჯს ფულსა და სიმდიდრეს არაფერი ერჩივნა, სულ მუშაობდა… შობას ვერ იტანდა, მაგრამ ერთ დღესაც მეგობრის სული გამოეცხადა და სამოგზაუროდ წაიყვანა. სკრუჯის მეტამორფოზი მკაფიოდ შესამჩნევია, მოგზაურობის შემდეგ ხვდება, რომ ადამიანის შინაგანი ბედნიერება მხოლოდ ფულით არ მიიღწევა და თავის ბნელ აზრებსა და წარმოდგენებს კეთილშობილური ფასეულობებით ცვლის. რეალურად, ასეთი მასშტაბური ცვლილება შობის მაგიის გამოხატულებაა. იმის გამო, რომ ნაწარმოები შობას სრულდება, მახვილგონიერი მკითხველი შეამჩნევს – დიკენსი ცოდვების გამოსყიდვას მაშინ აღიარებს, თუ მას ქმედება  მოჰყვება. ამიტომაცაა, რომ სკრუჯი მხოლოდ ემოციურად კი არა, საქციელითაც იცვლება და ეს მრავალმხრივი გარდაქმნა შობის სასწაულით აიხსნება. 

მორალური სიმაღლე, ოჯახური ეთიკა და სათნოება

ლუიზა მეი ოლკოტის „პატარა ქალები“ კლასიკური ამერიკული ლიტერატურის გამორჩეული ნაწარმოებია. ავტორი შობას მორალური განვითარების სივრცედ წარმოგვიდგენს. შობა აქ სიკეთის, თავმდაბლობისა და მოთმინების გაჩენის სიმბოლოა, სწორედ ამიტომ ოლკოტი რომანს მოკრძალებული შობით იწყებს, სადაც დები მწირი შესაძლებლობების მიუხედავად, საუზმეს ღარიბ ოჯახს უნაწილებენ. „პატარა ქალებში“ შობა არ არის ზებუნებრივი ჩარევა ან დრამატული მეტამორფოზი, ის უბრალოდ აძლიერებს მარადიულ ეთიკურ არჩევანს სიკეთის მიღმა და ასე აყალიბებს პერსონაჟს. შობის სცენა ნაწარმოებში მიგვითითებს, რომ სიმდიდრე კეთილშობილებით იზომება და არა ფულით – ამ იდეური ცვლილების გააზრება კი პერსონაჟთათვის, ფაქტობრივად, ხელახალი დაბადების ტოლფასია. 

 

შობა და ბავშვის წარმოსახვა

საბავშვო ლიტერატურაში შობა ხშირად რწმენისა და განცვიფრების შემომტანია. ე.ტ.ა ჰოფმანის „მაკნატუნა და თაგვების მეფე“, რომელიც 1816 წელს გამოქვეყნდა, რეალობასა და ფანტაზიას შორის ზღვრის გახსნას ცდილობს. ეს ყველაფერი შობის წინა დღით უნდა მოხდეს. სათამაშოები ცოცხლდებიან და ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ შობა წარმოსახვას აძლევს „გზა ფართოს“ და  ადამიანის შინაგან სამყაროს სულიერად ამდიდრებს. ჰოფმანთან სიმდიდრე უკვე აღარაა დაკავშირებული მატერიალურ ყოფასთან და მხოლოდ სულიერი ასპექტით შემოიფარგლება.

შობის წარმოსახვითი იდეის გააზრებისას  გვახსენდება დოქტორ სიუსის „როგორ მოიპარა გრინჩმა შობა?!“ გრინჩის წარუმატებელი მცდელობა, გაანადგუროს შობა, დღესასწაულის სიმბოლურ იდეას ავლენს. გრინჩი უტევს რეალურ საგნებს, მაგრამ მარცხდება, რადგან შობის მაგია ადამიანურ ურთიერთობებშია და არა ფიზიკურ დეტალებში.

 

საშობაო მოგონება – ნოსტალგია

თანამედროვე ლიტერატურისათვის დამახასიათებელია იდენტობის ჩამოყალიბება მოგონებათა მეშვეობით. ამ გზაზე საშობაო მოგონებებს განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება. XX საუკუნის ამერიკელი მწერალი  ტრუმენ კაპოტე „საშობაო მოგონებას“ რეტროსპექტიულ ნარატივად აქცევს. ზრდასრული მთხრობელი ბავშვობის საშობაო რიტუალებს იხსენებს – ნამცხვრების მომზადება, ხელნაკეთი საჩუქრების გაცვლა, ხილი… ეს არის ყველაფერი, რაც ემოციურ სიმართლეს ინარჩუნებს პერსონაჟის შინაგან სამყაროში და  მარადიული ხდება, თუმცა, რამდენადაც ერთადერთი გულწრფელი წერტილია ეს მოგონება, იმდენად ნაწარმოები სრულიად ემიჯნება სენტიმენტალურობას, რადგან ამ დანაკარგით გამოწვეულმა შემზარავმა განცდამ მიანიჭა მოგონებას ძალა. მსგავსი განსხვავებული გააზრება შობის დღესასწაულისა იმითაც აიხსნება, რომ მოდერნისტული ტრადიცია შეშფოთებული, უიმედო და მავედრებელია – ეს განცდები ომის შემდეგ გაჩენილ უფუნქციო ყოფას მოსდევს და კაპოტეც ვერ გაურბის მას. 

თანამედროვე რეალიზმი – ემოციური ფონი

თანამედროვე რეალიზმი შობას ხშირად ემოციური კონტრასტის წარმოსაჩენ ინსტრუმენტად იყენებს კონფლიქტის გადაჭრის ნაცვლად. მაგალითად, რეიმონდ კარვერი რამდენიმე მოთხრობის სიუჟეტს შობის პერიოდში ავითარებს და დღესასწაულს ადამიანის დაუცველი ბუნების წარმოსაჩენად იყენებს. ამ დროს შობა ემოციური ძალისა და ღონის მიმცემია, ის არ კურნავს პირდაპირ ჭრილობებს, მაგრამ ქმნის მომენტებს, როდესაც თანაგრძნობა სასწრაფო და აუცილებელი ხდება. თანამედროვე რეალიზმმა შობის მაგია გამოიყენა იმ ჰუმანისტური ლიტერატურული თეორიის დასამკვიდრებლად, რომელიც თანაგრძნობას ლიტერატურის მთავარ ეთიკურ ფუნქციად განიხილავს.

 ამდენად, შობა ლიტერატურაში მხოლოდ სრულყოფილება და რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნა კი არაა, არამედ ეს არის აღიარება როგორც საკუთარი თავის, ისე სხვათა მორალური შესაძლებლობების. სწორედ ამიტომ უბრუნდებიან მწერლები მას ყველა ეპოქაში და ამიტომაცაა ის მარადიული მაგია, რომელსაც ადამიანთა შეცვლა შეუძლია. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.