fbpx

პიკასო თუ ბრაკი? კუბისტური დეტექტივი იანვრის ბერლინში


გააზიარე სტატია

ავტორი: ანი თენეიშვილი


იანვრის ბერლინი დაუნდობელია. როცა მობილურის ეკრანზე კითხულობ: -2°C, მაგრამ ქვევით, პატარა შრიფტით “Feels Like: -7°C” აწერია, ხვდები, რომ ქალაქი გარეთ აღარ გეპატიჟება. სუსხიანი ქარი ძვალსა და რბილში ატანს და ქუჩაში სეირნობა  ფიზიკურად შეუძლებელი ხდება. სწორედ ამ დროს ერთადერთი გონივრული გამოსავალი შენობისთვის თავის შეფარებაა. ასე აღმოვჩნდი ბერგრიუენის მუზეუმში (Museum Berggruen) – ადგილას, სადაც ერთი შეხედვით ნაცნობმა ნახატმა შეიძლება სრულიად თავგზა აგიბნიოს.

დარბაზების თვალიერებისას ერთმა ნამუშევარმა გამაჩერა. ეს იყო პაბლო პიკასოს „Still Life with a Bottle of Marc“ (1911). ტილოზე დაშლილი რეალობა დამხვდა: სათამაშო კარტები, გაზეთის ნაგლეჯები და წარწერა „MARC“. ყველაფერი ისეთი ნაცნობი იყო – პიკასოსეული ქაოსი, რომელიც რაღაც უცნაურ წესრიგს ექვემდებარება. თუმცა, იქვე, სულ რამდენიმე ნაბიჯში, მეორე ნახატს წავაწყდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ისევ პიკასოს ვუყურებდი – იგივე მონოქრომული ტონები, იგივე გეომეტრიული ლაბირინთი. მაგრამ ქვედა კუთხეში ხელმოწერამ გამაოცა: Georges Braque – “fox “ 1911

სახლში დაბრუნებულმა, ამ გაყინული დღის შთაბეჭდილებით ძიება დავიწყე. აღმოვაჩინე ისტორია, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მეგობრობა. ჟორჟ ბრაკი ამბობდა: „ჩვენ ვიყავით როგორც მთამსვლელები, ერთი თოკით გადაბმულნიო“. და მართლაც, 1908 წლიდან მოყოლებული, ეს ორი ადამიანი ერთმანეთის გონებით სუნთქავდა.

ჩვენ ყველამ ვიცით პიკასო – ექსცენტრიკული, ხმაურიანი გენიოსი. თუმცა, მის ჩრდილში იმალება ჟორჟ ბრაკი, კაცი, რომლის გარეშეც კუბიზმი არ იარსებებდა. ბრაკი მღებავისა და დეკორატორის ოჯახში გაიზარდა. ეს მნიშვნელოვანი დეტალია – მას ჰქონდა ხელოსნის საოცარი ალღო და მასალის სიყვარული. სანამ პიკასო ტილოზე ფუნჯით “იბრძოდა”, ბრაკი საღებავში ქვიშასა და ნახერხს ურევდა, რათა ნახატს ფაქტურა ჰქონოდა. ის იყო  რევოლუციონერი, რომელიც თვლიდა, რომ ხელოვნება არა მხოლოდ,  ემოციების გადმოფრქვევაა, არამედ ფორმისა და ტექნიკის ძიებაც.

კუბიზმი ხომ მხოლოდ გეომეტრიული ფიგურებით თამაში არ არის, ესაა მცდელობა,  საგანი ყველა მხრიდან ერთდროულად დაინახო. ჟანრის პიონერებმა უარი თქვეს ტრადიციულ პერსპექტივაზე, რომელიც ილუზიას ქმნის, თითქოს ტილო სარკეა. მათ სურდათ სიმართლე – ისეთი, როგორიც ჩვენს გონებაში არსებობს. სწორედ ბრაკი იყო ამ პროცესის მთავარი ინოვატორი, მან პირველმა გამოიყენა სავარცხელი ხის ფაქტურის იმიტაციისთვის, მანვე შეიტანა ტილოზე ასოები და ციფრები. და რაც მთავარია, მან მოიფიქრა კოლაჟი. ბრაკი ასწავლიდა პიკასოს, რომ ნახატი შეიძლება იყოს არა მხოლოდ გამოსახულება, არამედ თავად “საგანი”.

1914 წლამდე მათი მეგობრობა თითქმის რელიგიურ ფანატიზმს ჰგავდა. ერთმანეთის სახელოსნოში ათევდნენ ღამეებს, აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდნენ, იგონებდნენ ხელოვნების ახლებურ ტექნიკას. ისინი ხშირად არ აწერდნენ ხელს ნახატების წინა მხარეს, რადგან სურდათ წაეშალათ “მე” და დაეტოვებინათ მხოლოდ “ხედვა”. მათი განსხვავება დეტალებშია: პიკასო ყოველთვის ეძებდა დრამას და ადამიანურ ფიგურას, ბრაკი კი იყო ნივთების პოეტი – მას შეეძლო მთელი ცხოვრება ერთი ვიოლინოსა და დოქის ხატვაში გაეტარებინა, მაგრამ მერე მოვიდა 1914 წელი და ყველაფერი დაამსხვრია. ბრაკი ომში წავიდა, პიკასო კი პარიზში დარჩა. სწორედ აქ გაიყო მათი გზები. სანამ ბრაკი სანგრებში სიკვდილს ებრძოდა და მძიმე ჭრილობის შემდეგ საკუთარ თავს ხელახლა აწყობდა, პიკასომ სხვა ორბიტაზე გადაინაცვლა. პიკასო მსოფლიო ვარსკვლავად იქცა, ბრაკი კი… ბრაკი თავის სახელოსნოში დაბრუნდა, უფრო ჩუმი და ღრმა.

ომმა მათი “ერთი თოკი” გაწყვიტა. ბერგრიუენის მუზეუმის დარბაზში დგომისას ეს ფიზიკურად იგრძნობა – მათი ნამუშევრები გვერდიგვერდ არ კიდია. ისინი ერთ სივრცეში არიან, ერთმანეთისგან რამდენიმე მეტრის დაცილებით, სხვადასხვა კედელზე. ეს  სიმბოლურია: იდენტურები ერთ ჰაერს სუნთქავენ, ერთ ენაზე საუბრობენ, მაგრამ მაინც აღარ არიან “ერთ თოკზე”. მათ შორის ის მანძილია, რომელიც ისტორიამ, ომმა და განსხვავებულმა დიდებამ შექმნა.

ბრაკი  მე-20 საუკუნის დასაწყისის იმ ხელოვანთაგანია, რომელმაც თანამედროვე ხელოვნების საძირკველი ჩაყარა. პიკასოს გენიალურობის ნახევარი სწორედ ბრაკის სიმშვიდეში და იმ “პატარა კუბებშია”, რომლებიც მან პირველმა დაინახა. ასე რომ, როცა შემდეგში პიკასოს ნახატს შეხედავთ, დააკვირდით – იქნებ სადმე, ტილოს სიღრმეში, იმ ფრანგი “ხელოსნის” სულიც იმალება, რომელსაც ხმაურიან დიდებაზე მეტად ვიოლინოს ფორმის საიდუმლო აინტერესებდა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.