მარინა იეს მეორე სიცოცხლე
ავტორი: ანი თენიეშვილი
ალბათ, ყველას გქონიათ ისეთი ნივთი, რომლის „ამოჩემებაც“ იცით და მანამ არ იხსნით ტანიდან, სანამ სიტყვასიტყვით არ შემოგეფლითებათ. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მრავალფეროვანია თქვენი გარდერობი ან რამდენი ახალი კაბა თუ შარვალი გელოდებათ საკიდზე – არის რაღაც მაგნიტური იმ ერთ კონკრეტულ ჯინსში ან პალტოში, რომელიც სხეულზე ისე გადგათ, თითქოს თქვენი მეორე კანი იყოს.
ნამდვილი დილემაც სწორედ მაშინ იწყება, როდესაც საყვარელი ნივთი ცვეთას იწყებს, იხევა ან ფორმას კარგავს. ჩვენ კი არც მისი გადაგდება გვინდა და არც ის ვიცით, როგორ დავუბრუნოთ ძველი დიდება. ზუსტად ამ გამოსავალზე ვფიქრობდი რამდენიმე დღის წინ, როდესაც ჩემმა მეგობარმა, რომელიც მოდის დიზაინის სამყაროში პირველ ნაბიჯებს დგამს, ერთი სევდიანი ამბავი მომიყვა. მან მარინა იეს შესახებ დაიწყო საუბარი – ქალზე, რომელმაც მთელი ცხოვრება სწორედ ასეთი „ამოჩემებული“ ნივთების განახლებას მიუძღვნა. დასანანია, რომ 2025 წლის 1 ნოემბერს ეს ლეგენდარული დიზაინერი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჩემმა მეგობარმა გამიზიარა, როგორ აპირებს 2026 წელს ანტვერპენის MoMu-ს მუზეუმში მის პატივსაცემად გამართულ დიდ გამოფენას დაესწროს. მაშინვე ინტერესით „დავგუგლე“ და მივხვდი, რომ ამ ქალის ისტორია აუცილებლად უნდა გამეზიარებინა.
მარინა იე არ ყოფილა ისეთი დიზაინერი, როგორებსაც პრიალა ჟურნალების გარეკანებიდან ვიცნობთ, თუმცა მისი სტარტი ხმაურიანი იყო. ის 80-იანი წლების ლეგენდარული „ანტვერპენის ექვსეულის“ (Antwerp Six) წევრი გახლდათ – მათ ევროპული მოდის იერარქია დაანგრიეს. მარინა ტიპური ბელგიელი იყო თავისი ერისთვის დამახასიათებელი სიმშვიდით, თავმდაბლობითა და საგნებისადმი თითქმის რელიგიური მოკრძალებით. სწორედ ეს ხასიათი გახდა მისი შემოქმედებითი ღერძი 70-იანი წლების მიწურულს, როდესაც ანტვერპენის სამეფო აკადემიის დერეფნებში სრულიად განსხვავებულ, ექსპერიმენტულ ენას ეძებდა. იქ, ამ აკადემიურ კედლებში, მან საკუთარი „ანარეკლი“ იპოვა.
ის და მარტინ მარჯიელა თავიდანვე „მონათესავე სულები“ აღმოჩნდნენ. მათი მეგობრობა არა მხოლოდ საერთო სასწავლო მაგიდამ, არამედ სამყაროსადმი ერთნაირმა ხედვამ – ნივთების მეორადი სიცოცხლის ძიებამ შეკრა. ისინი დადიოდნენ ვინტაჟურ ბაზრობებზე, საათობით იქექებოდნენ მივიწყებულ ნაგავში და იქიდან ამოთხრილ, ერთი შეხედვით უსარგებლო ნივთებს ნამდვილ არტ-ობიექტებად აქცევდნენ. ეს არ იყო მხოლოდ თამაში, ეს იყო საერთო ფილოსოფია – დაენახათ მშვენიერება იქ, სადაც სხვები მხოლოდ ნარჩენებს ხედავდნენ. სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა ის დეკონსტრუქციული სტილი, რომელმაც მოგვიანებით მსოფლიო მოდა შეცვალა, თუმცა მათთვის ეს სტილი მაშინ უბრალოდ გულწრფელი, ყოველდღიური პროტესტი იყო პრიალა ზედაპირების წინააღმდეგ.
თუმცა, 1988 წელს პარიზში, მარტინ მარჯიელას პირველ, ისტორიულ ჩვენებაზე მარინამ საკუთარი თავი სხვის პოდიუმზე დაინახა. ეს არ იყო მხოლოდ პროფესიული ეჭვიანობა, ეს იყო საკუთარი იდენტობის სხვის ხელში ხილვით გამოწვეული შოკი. პოდიუმზე გამოსული მოდელები მისი სტილით, მისი „დაუვარცხნელი“, ჰაეროვანი თმებითა და ვინტაჟურ ბაზრობებზე ნაპოვნი, გადაკეთებული მეორადი სამოსით მოაბიჯებდნენ. ის, რაც მარინასთვის ინტიმური, თითქმის საკრალური თვითგამოხატვა იყო, უცებ მოდის ინდუსტრიის ახალ „ტრენდად“ იქცა, რომელსაც სხვისი სახელი ერქვა. იმ დღეს კულისებში მდგარმა მარინამ იგრძნო, რომ მისი სულიერი სამყარო საჯარო საკუთრება გახდა. მან ტირილით დატოვა პოდიუმი და მასთან ერთად დიდი მოდის ინდუსტრია.
მაშინ როდესაც მისი კოლეგები „ანტვერპენის ექვსეულიდან“ გლობალურ იმპერიებს აშენებდნენ და Vogue-ის გარეკანებს იპყრობდნენ, 1958 წელს ტემსეში დაბადებულმა მარინამ ყველაზე რადიკალური გზა – „გაქრობა“ აირჩია. მან ზურგი აქცია პროჟექტორებს, რადგან ვერ ეგუებოდა მოდის ინდუსტრიის დაუნდობელ, თითქმის არაჰუმანურ სისწრაფეს. მარინასთვის გაუგებარი და მიუღებელი იყო ყოველ სეზონზე ახალი ნივთების წარმოების იძულება, როცა სამყარო ისედაც გადატვირთულია მიტოვებული, „ობოლი“ საგნებით. მან აირჩია დუმილი, როგორც პროტესტის ფორმა და საკუთარი თავი პარიზის ხმაურიანი პოდიუმებიდან ბრიუსელის წყნარ ქუჩებში გადამალა.
მარინასთვის მოდა არასდროს ყოფილა კომერციული პროექტი, ეს უფრო მისი ცხოვრების წესი იყო. სწორედ ამიტომ, როდესაც ის დაუბრუნდა შემოქმედებას, შეიქმნა “M.Y. Studio” – ადგილი, რომელიც ერთდროულად იყო სახელოსნოც და ლაბორატორიაც მიტოვებული ნივთებისთვის. მისი მეთოდი ნამდვილ ალქიმიას ჰგავდა: ის კი არ კერავდა ახალს, არამედ ოსტატურად გარდასახავდა ძველ, სხვისგან დაწუნებულ სამოსს. ის საათობით მუშაობდა ერთ პიჯაკზე ან პალტოზე, სანამ მის მივიწყებულ ფორმაში ახალ ენერგიასა და აქტუალობას არ იპოვიდა.
ამ ყველაფერმა ჩემი ბავშვობა გამახსენა, როდესაც გახეულ ჯინსებს ნაგავში კი არ ვაგდებდი, არამედ მაკრატლით ჩანთებად ან ქვედაბოლოებად ვაქცევდი. მარინასთვის ეს არ იყო უბრალოდ ხელმოკლეობით გამოწვეული „ეკონომია“; ეს იყო მანიფესტი – მივიწყებული ნივთებისთვის ღირსების დაბრუნება და მათთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება. მას სჯეროდა, რომ სამყაროს კიდევ ერთი ახალი ნივთი კი არ სჭირდება, არამედ უკვე არსებულისადმი მზრუნველობა და სიყვარული.
მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ბრიუსელში თითქმის განდეგილად ცხოვრობდა და ყავის პატარა მაღაზიას მართავდა, შემოქმედებაზე უარი არასდროს უთქვამს. ის მიიჩნევდა, რომ სამოსის გადაკეთება არის „შერიგება“ წარსულსა და მომავალს, ძველსა და ახალს შორის…








