fbpx

რა არის ქართული იდეა? – ირაკლი ზურაბ კაკაბაძე


გააზიარე სტატია

ავტორი: ირაკლი ზურაბ კაკაბაძე

 

დღეს ბევრი ლაპარაკია იმაზე, თუ რა არის ზოგადად ქართული იდეა და როგორ კავშირშია ის დასავლურ ცივილიზაციასთან.   უნდა ითქვას, რომ ამ მსჯელობას აქამდე მეტად ზედაპირული ხასიათი ჰქონდა და კარგად არ განიხილავს ამ იდეის ძირებს – როგორც ისტორიულ, ასევე ფილოსოფიურ ჭრილში.  აქ სწორედაც რომ გარკვეულობის ნაკლებობასთან გვაქვს საქმე, თუმცა წანამძღვარი უამრავია და ხანდახან ჩვენ წინ პირდაპირ დევს მეტად გარკვეული სურათი იმისა, თუ რატომაა ქართული იდეა დაკავშირებული დასავლურ – კერძოდ კი ძველ ბერძნულ ცივილიზაციასთან და ამაზე ბევრი რამის თქმა შეიძლება.  

თუმცა, ჩვენს დეზორიენტირებულ საზოგადოებაში რთულია მტკიცედ სიმართლის თქმა – ყოველგვარი პოლიტკორექტულობის ნიღბისაგან განცალკევებულის და “ეთიკური ჭეშმარიტების”  გახსენების, რომელიც “სოკრატეს აპოლოგიაში” ასე ნათლად წარმოგვიდგება.  ერთმა კომენტატორმა ძალიან კარგად თქვა, რომ მთელი დასავლური აზროვნება პლატონის ფილოსოფია და ამის შემდეგ უკვე მასზე სხვადასხვა კომენტარებიაო.  ეს მეტ-ნაკლებად სიმართლეს შეესაბამება.  პლატონის მიერ დაწერილი სოკრატესეული “სულის უკვდავების” თეზისი ნამდვილად საფუძვლად დაედო იმ დიდი სააზროვნო არეალის გახსნას, რომელმაც კაცობრიობას არნახული პროგრესი მოუტანა, მიუხედავად იმისა, რომ მასში არაერთი ტრაგედია და მარცხიც ყოფილა.  

უნდა აღინიშნოს რომ ბერძნული ფილოსოფიის და ზოგადად აზროვნების საწყისებიდანვე “ფიზიკოი” და “ტექნოი”-სთან ერთად “ფსიქე”-ს. ანუ სულს ძალიან დიდი ადგილი უჭირავს.  პირველი მილეთოსელი მოაზროვნეებიდან – თალესიდან, ანაქსიმანდრედან და ანაქსიმენედან დაწყებული, პითაგორათი გაგრძელებული და უკვე პლატონის გამორჩეული მოწაფის, არისტოტელეს “მეტაფიზიკით” დამთავრებული.  “სულის” და “განათლებული გონის” საკითხი ბერძნულ ფილოსოფიაში აბსოლუტურად ცენტრალურია – ეფესოელი ჰერაკლიტეს “ფლუქსუსიც” ვერ ჩაითვლება საფუძვლიან მატერიალიზმად, რადგან ეს ავტორიც აღიარებს სამყაროს უსასრულობას და სულიერი ფენომენის აღმატებულებას.  

სწორედ ამ ფაქტორმა გამოიწვია ის, რომ უკანასკნელი 25 საუკუნის განმავლობაში, კაცობრიობას აქვს განვითარების გარკვეული დონე.  ცხადია, გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ ასევე მეტად ღირებულია როგორც უძველესი აფრიკული, ასევე აღმოსავლური თუ სამხრეთული ცივილიზაციების კვალი.  ზოგი მათგანიც ჯერ კიდევ არ არის კარგად შესწავლილი.  მაგრამ ჩვენ აქ უნდა გავჩერდეთ იმაზე, რომ პლატონისტური და ნეოპლატონისტური აზროვნების განვითარებამ მოიტანა შემდგომში უკვე ქრისტიანული კულტურა – სიყვარულისა და სიქველის მსოფლმხედველობა, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა პლანეტის განვითარებაზე.  

ქრისტე იყო სიყვარულის და სიქველის იდეის განხორციელება და პრაქტიკა.  ამ იდეების თეორია კი მანამდე შეიქმნა ბერძნული ფილოსოფიის წიაღში.  

უნდა ითქვას, რომ ზვიად გამსახურდიას “საქართველოს სულიერი მისსია” არის თანამედროვეობის უდიდესი ფილოსოფიურ-პოლიტიკური მანიფესტი ქართველი ერის ისტორიაში და ის, თავის მხრივ ეყრდნობა დიდი ქართველი და მსოფლიო მეცნიერების – რისმაგ გორდეზიანის, ნიკო მარრის, სიმონ ყაუხჩიშვილის, ივანე ჯავახიშვილის, ჰუმბოლტის, შელინგის, ფურნეეს, ღაფანციანის და სხვების შრომებს.  რისმაგ გორდეზიანის უდიდესი მეცნიერული ნაშრომის, “ბერძნული ცივილიზაციის”, რომელიც პირველად 1988 წელს გამოქვეყნდა, პირველი თავის საფუძვლიანი ანალიზის და ნიკო მარრის “იაფეტური თეორიის” კარგად წაკითხვის შემდეგ ეს კავშირები აშკარაა.  

ზოგადად ანატოლიური კულტურის ჭრილში ამ კავშირების სახელდება შეიძლება არა მხოლოდ ბრინჯაოს ხანიდან, არამედ ნეოლითის და მეზოლითის პერიოდიდანაც.  საინტერესოა, რომ ანატოლიური კულტურის უძველეს ნიმუშებში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ჩატალჰუიკლი და გიობეკლი ტეპეს გათხრებზეც მოძებნილია უძველესი ცივილიზაციის საინტერესო და ეგალიტაული ნიმუშები.  ცნობილი ფემინისტი მეცნიერი რიან აისლერი ნეოლითისა პერიოდის თანასწორუფლებიან კულტურას “გილანურ ცხოვრების წესს” უწოდებს, იქ, სადაც ქალებისა და მამაკაცების უფლებები თანაბარია და მშვიდობა ნამდვილად სამართლიანობას ეყრდნობა.  დღევანდელი მეცნიერული პროგრესი და გენეტიკური ანალიზები ადასტურებს იმას, რომ ნეოლითის პერიოდის შემდეგაც მედიტერანულ აუზსა და ეგეოსის ზღვაზე მცხოვრები ავთენტური მოსახლეობა მთლიანად არ განადგურებულა და მისი არა-ყორღნული ნაწილი შემორჩენილია, როგორც ფიზიკურ-ბიოლოგიური სახით, ასევე მსოფლმხედველობრივად.  

“გილანური კულტურის” ნაწილები სწორედაც რომ პლატონიზმის და ქრისტიანობის საშუალებით შენარჩუნდა.  უძველესი ევროპული ცივილიზაცია სწორედაც რომ ის მინოსური კრეტაა ბრინჯაოს ხანიდან, რომელიც სრულიად მშვიდობიანად ახერხებდა თანაცხოვრებას მეტად აგრესიულ მეზობლებთან – ერთი მხრივ, ეგვიპტესთან, მეორე მხრივ, ხეთებთან ძველი წელთაღრიცხვის დაახლოებით 2000-1500 წლებში.  ართურ ევანსის მიერ დამკვიდრებული ტერმინი Pax Minoica სწორედ ამ არნახულ პრეცედენტს ეხება.  როგორ ახერხებდა მინოსური კრეტა ამ მშვიდობიანი და სამართლიანი ცხოვრების წესის შენარჩუნებას?  ეს ყველაფერი კარგად ჩანს პლატონური ფილოსოფიიდან.  

ყველა ადამიანში შემოქმედის მიერ არის ჩადებული ონტოლოგიური “ეთიკური (და ესთეტიკური) ჭეშმარიტება”,  რასაც,  სოკრატეს გადმოცემით, მატერიალისტური სამყარო მთლიანად ცდილობს, რომ დაავიწყოს ნებისმიერ ინდივიდს, მაგრამ მაინც ვერ ახერხებს.  ამაზე არაჩვეულებრივად საუბრობდა თავის ლექციებში დიდი ქართველი ფილოსოფოსი თამაზ ბუაჩიძე.  კაცობრიობის ისტორიაში არსებობს პერიოდები, როდესაც ადამიანების დიდ უმრავლესობას ბევრი ცდუნების შედეგად “გზა-კვალი ერევა”, მაგრამ ადამიანში “სულიერების მთლიანად ჩაკვლა” შეუძლებელია.  სანამ ადამიანი ცოცხალია, მასში სულიერებაც არის.  

სულიერება არის ეთიკა და ესთეტიკა – რატომ არის რომ ადამიანს რატომღაც სიამოვნებს სიკეთის გაკეთება, მიუხედავად იმისა, რომ მატერიალისტური თვალსაზრისით სიკეთე სრული სიბრიყვეა?  და აგრეთვე, რატომ არის რომ ადამიანს რატომღაც მოსწონს ხელოვნების ისეთი ნაწარმოები – ვთქვათ, ჯეიმს ჯოისის “ულისე” ან ფრანც კაფკას “მეტამორფოზ”, რომელიც მას სინამდვილეში უხერხულ მდგომარეობაში უნდა აგდებდეს?  რატომ მოგვწონს ვაჟას “ალუდა ქეთელაური” ან “სტუმარ მასპინძელი”?  ამ კითხვაზე პასუხი აბსოლუტურად და პოზიტიურად მეტაფიზიკურია.  დიახ, ეს პლატონისტურ-არისტოტელური მეტაფიზიკაა, რომელიც სცდება ფიზიკას და ფიზიკაზე მეტია.  ადამიანს “პური მისი არსობისა” უთუოდ სჭირდება, მაგრამ მასზე მეტად სჭირდება იდეა, ცხოვრების ნამდვილი მიზანი, რომელიც არ არის მატერიალისტური.  თავისუფლება არ არის მატერიალური, ისევე როგორც ბედნიერება.  შეიძლება სიღატაკეში თავისუფლების მიღწევა ძალიან რთული იყოს, თუმცა სოკრატემ და შემდეგ კიდევ უფრო მეტად დიოგენე სინოპელმა, კინიკოსებმა, სტოიკოსებმა, ავგუსტინელებმა, ფრანცისკანელებმა, დავით გარეჯელმა, აბო თბილელმა, გრიგოლ ხანძთელმა და მისმა მიმდევრებმა, უტყვებმა და დაყუდებულებმა დაამტკიცეს, რომ მატერიალური მდგომარეობა ვერ შეზღუდავს ადამიანის სულიერ თავისუფლებას.   

ადამიანის მატერიალური მდგომარეობა მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი სულიერი კონდიციაა მისი ყოფიერების მთავარი და ძირითადი განმსაზღვრელი.  პლატონის ფილოსოფია ამისი უდიდესი ტესტამენტია.  ქრისტეს და მისი მიმდევრების ცხოვრების გზა კი ამის უტყუარი მტკიცებულებაა.  რწმენა იმისა, რომ ამქვეყნად სიკეთის ქმნა და უანგაროდ სიყვარული შესაძლებელია და ეს ადამიანის ცხოვრების მიზანია, არის ჩვენი ყოფიერების მთავარი განმსაზღვრელი პრინციპი.  ამას გვეუბნება როგორც ემანუელ კანტის “კატეგორიული იმპერატივი”, ასევე თამაზ ბუაჩიძის “არა-კატეგორიული იმპერატივი” და კიდევ ბევრი სხვა მოაზროვნე თუ ფილოსოფოსი.  

“საქართველოს სულიერი მისსიის” დიდი მსოფლმხედველობრივი მნიშვნელობა სწორედ ისაა, რომ ჩვენს ქვეყანას ფუნქციას აძლევს სულიერების შენარჩუნების საქმეში იმ დროს, როდესაც მთელ მსოფლიოში სულიერებას დიდი გამოწვევები და წინაღობები აქვს.  მატერიალიზმმა, ამ სიტყვის ვულგარული გაგებით, თითქმის მთლიანად წალეკა კაცობრიობა.  აქ ლაპარაკი არ არის მხოლოდ მარქსისტულ “დიალექტიკურ მატერიალიზმზე”, რომელიც თავისთავად მცდარი მოძღვრებაა, არამედ ყველა ტიპის მომხვეჭელობაზე და მატერიის ზეობაზე.  ამ ტიპის მატერიალიზმი უდევს საფუძვლად ყველანაირი ძალმომრეობის კულტურას – მაშინ, როდესაც მხოლოდ “ამქვეყნიურ სიკეთეებს” ვითვლით, ვეღარ ვამჩნევთ იმ პლატონურ “ეთიკას”, რომელიც ჩვენი ცხოვრების მთავარი ძარღვია.  თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ფილოსოფოსი – მარტინ ჰაიდეგერი სწორედ ამაზე ლაპარაკობს თავის ნაშრომში “პლატონის სწავლება ჭეშმარიტების შესახებ”.  მატერიალისტურ-ემპირიული სამყარო ცდილობს ადამიანს დაავიწყოს მისი ცხოვრების ჭეშმარიტი არსი – Dasein-ი, და მაშასადამე, ის ეთიკა, რომელზეც “სოკრატეს აპოლოგიაში” და სხვა დიალოგებშია საუბარი.   

ქართული იდეა რომ ნეოპლატონიზმთან არის დაკავშირებული, ამაზე მეტყველებს არა მარტო პეტრე იბერისა და იოანე პეტრიწის, შალვა ნუცუბიძის, სერგი დანელიას, მოსე გოგიბერიძის, სავლე წერეთლის, კოტე ბაქრაძის და სხვა დიდი მოაზროვნეების ნაშრომები, არამედ კიდევ რამდენიმე საინტერესო ფაქტი ჩვენი ისტორიიდან.  

451 წელს ქალკედონის კრებაზე ქრისტიანული სამყარო პირველად გაიყო.  ამ სქიზმას შედეგად მოჰყვა, პირობითად რომ ვთქვათ, ბერძნულ და სპარსულ ბანაკებად გადანაწილება.  ქალკედონის კრება პეტრე იბერის ცხოვრებაში ხდება.  თვით პეტრე იბერის მონოფიზიტობაზეც არაერთი მოსაზრება არსებობს.  მაგრამ ეს არ არის აქ მნიშვნელოვანი.  მთავარი ისაა, რომ ქალკედონის კრების შემდეგ იწყება დიდი ქიშპი მაშინდელ კონსტანტინოპოლ-რომსა და, მეორე მხრივ, სპარსეთს შორის რომ მოიპოვონ გეოპოლიტიკური და იდეოლოგიური გავლენა კავკასიაში.  და  ამის მერე მაზდეანური დიდი კულტურის მქონე სპარსეთი საკუთარი მობიდან-მობედების და პიტიახშების საშუალებით ცდილობს, რომ მთლიანად თავს მოახვიოს საკუთარი მსოფლხედვა.  საინტერესოა, რომ ქალკედონის კრებიდან დიდი ხნის განმავლობაში ქართველი მთავარეპისკოპოსები ქალკედონის გადაწყვეტილების მიმართ ერთგვარ ნეიტრალურ პოზიციაზე დგანან.  მხოლოდ წარმოშობით სპარსელი ვახტანგ გორგასლის მეფობისას,  უკვე მე-5 საუკუნის დასასრულს  ქართლის სამეფო იღებს გადაწყვეტილებას ქალკედონელების სასარგებლოდ.  და ამ აქტს წინ უძღვის სომეხი მთავრის, ვართან მამიკონიანის ქალიშვილის, შუშანიკის გმირული აქტი.  “შუშანიკის წამება” რეალურად აყალიბებს ქართული იდენტობის დიდ ნაწილს.  ესეც მეტად საინტერესო ფაქტია.  “ბერძნული (და მაშასადამე – დასავლური) ორიენტაციის“ ფუძემდებლური აქტის ავტორია წმინდა შუშანიკი. ეს ჩვენი წელთაღრიცხვით დაახლოებით 475 წელს ხდება. იაკობ ხუცესის ეს ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები პირველია ამ რიგში.  ვახტანგ გორგასლის სამეფოც ამის შემდეგ იღებს სახელმწიფოებრიობის საფუძვლად “სიყვარულს ბერძენთასა”.  ეს ქართული ნეოპლატონიზმია.  

და რაში მდგომარეობს ამ ნეოპლატონიზმის არსი?  დღევანდელი პოლიტიკური მეცნიერების ენაზე რომ ვთქვათ, ეს არის იმის მტკიცებულება, რომ “ადამიანის ბუნება არ არის ბოროტი” – რომ ადამიანს სიკეთის ქმნაც და არა-მატერიალური ცხოვრების შესაძლებლობაც აქვს.  რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი უნაკლო არსებაა, არა.  ადამიანი ქრისტიანული დოქტრინის მიხედვით ნამდვილად არ არის სრულყოფილება.  სრულყოფილი მხოლოდ ღმერთია.  ადამიანს კი ყოველთვის აქვს “თავისუფალი არჩევანი” – ის ან დაივიწყებს “ეთიკას და ესთეტიკას” ან  გაჰყვება ამ ერთადერთ ჭეშმარიტ გზას, ანუ სულიერებას.  სოკრატე თავისი საქციელით “ნადიმში”, როდესაც უარს ამბობს ალკიბიადესთან კავშირზე და შემდეგ “აპოლოგიაში”, “ფედონსა” და “კრიტონში”, როდესაც იგი უარს ამბობს ფიზიკურ-ბიოლოგიურ გადარჩენაზე ჭეშმარიტების საზიანოდ.   

დღევანდელ დღეს ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.  კაცობრიობა ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე დგას, ისე როგორც არასდროს უკანასკნელი ათასწლეულების განმავლობაში.  ამ დროს ჩვენ მუდმივად ჩაგვჩიჩინებენ, რომ “ადამიანის ბუნება ბოროტია” და ის მხოლოდ საკუთარი ძალაუფლებისა და სიმდიდრისათვის იბრძვის. ჰენრი კისინჯერის თუ დღევანდელი “მაკიაველისტების” მსოფლხედვის საფუძველში სწორედ ეს ოსტულატი სდევს.  პლატონიზმი კი ამტკიცებს, რომ ეს ასე არ არის და ადამიანში ყოველთვის არსებობს ნამდვილი და “პლატონური სიყვარული”, როდესაც ადამიანი უანგაროდ გასცემს ვაჭრული ანგარიშის გარეშე.  

სწორედ პლატონმა დაამკვიდრა დიალექტიკა, როგორც სააზროვნო კატეგორია.  ამის წყალობით წინა რამდენიმე საუკუნის განმავლობაში წამოვიდა მძლავრი ათეისტური და მატერიალისტური მიმდინარეობანი.  ამ ავტორებს შორის არიან უნიჭიერესი და მეტად ღრმა მოაზროვნეები, რომლებმაც აგრეთვე დიდი როლი ითამაშეს საკაცობრიო კულტურის განვითარებაში.  მათი დიალექტიკური წინააღმდეგობაც პლატონიზმის დამსახურებაა.  რომ არა პლატონი, არ იქნებოდა არც მარქსისტული და არც სხვა ტიპის დიალექტიკა.  თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მე-19 და მე-20 საუკუნეების მატერიალიზმმა საბოლოო ჯამში კაცობრიობა ჯერ არნახულ ეგზისტენციალურ კრიზისამდე მიიყვანა.  “ლოგოცენტრიზმმა” ანუ -ემპირიული რაციონალიზმის გაკერპებამ შედეგად მოიტანა საშუალო ადამიანის, ჰაიდეგერის ენაზე რომ ვთქვათ, man-ის ძრწოლით ატანილ არარაობად და კომფორტის მონად ქცევა.  ჩვენ დღეს გვაქვს, ერთი მხრივ, საოცარი მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროგრესი და ამავე დროს, ვხედავთ ადამიანის სულიერებისგან დაცლილობას, ეგოცენტრიზმს, ზღვარგადასულ ჰედონიზმს და ბიოლოგიური თვითგანადგურების რეალურ რისკებს.  თუმცა, ასეთი ტიპის მატერიალიზმი, ცხადია, პლატონის დროსაც არსებობდა და მანამდეც.  თუმცა პლატონიზმმა ყველაზე რაციონალური გზით მოახდინა სულიერი უკვდავების გზის დასახვა.  აქ არ არის არცერთი არალოგიკური და ირაციონალური მარცვალიც კი.

ქართული იდეა სწორედ ეს პლატონიზმია.  და ის არამარტო ქართულია.  ის ზოგადსაკაცობრიო გადარჩენის იდეაა.  დღეს ეს იდეა დიდი განსაცდელის ქვეშაა მატერიალიზმის მოძალების წინაშე.  პლატონურ სიყვარულზე მეტად რაციონალური იდეა კაცობრიობას ჯერ არ მოუფიქრებია.  სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს ასეა… სიყვარული არის თავისუფლება – ჩვენი ბიოლოგიური ინსტინქტების მონობისაგან ჭეშმარიტი თავისუფლება, რისი განუმეორებელი ნიჭი და გენი ყველა ადამიანშია ჩადებული და რომლის განხორციელების გზა იესო ქრისტემ ყველას ნათლად გვაჩვენა.  

სწორედ ამაზე უნდა იყოს დღეს ჩვენი მსჯელობა – სწორედ ამაზე უნდა ვიფიქროთ და ვილაპარაკოთ ბევრი, რადგან ეს არის ჩვენი ყოფიერების თუ ცნობიერების მთავარი საკითხი:  არის თუ არა ადამიანის სული უკვდავი და არის თუ არა დღეს უანგარო სიყვარული შესაძლებელი?.  არსებობს აზრი, რომ დიახ, ეს შესაძლებელია.  თუმცა არის საპირისპირო მოსაზრებებიც. 

“საქართველოს სულიერი მისსია” სწორედ სიყვარულის შესაძლებლობაა. თუ არადა, მზად ვარ მოვისმინო ამის საპირისპირო შეხედულებანი.  ვის, თუ არა სოკრატეს უნდა მივბაძოთ ამაში.  მან ხომ არაჩვეულებრივად იცოდა საკუთარი თანამოსაუბრეების მოსმენა. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.