fbpx

ოსკარი 2026: მოლოდინები


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინკა მამულაშვილი

 

დადგა წელიწადის ის დრო, რომელსაც კინომოყვარულები მოუთმენლად ელიან. ოსკარის  98-ე ცერემონია 2026 წლის 16 მარტს ჩატარდება, რომელსაც როგორც 2025 წელის, წამყვანი და კომიკოსი – კონან ო’ბრაიენი გაუძღვება. 

უხეშად რომ ვთქვათ, წლევანდელი ნომინაციების ულუფა ნახევრად სავსეა და, როგორც წესი, მხურვალე დისკუსია გამოიწვია, როდესაც საუკეთესო ფილმის ერთ-ერთმა პრეტენდენტმა, რაიან კუგლერის „ცოდვილებმა“ 16 კატეგორიაში ნომინაციით ოსკარის რეკორდი მოხსნა. ეს რეკორდი ჯერ „ტიტანიკს“, ხოლო შემდეგ „ლა-ლა ლენდს“ ეკუთვნოდა. 

2026 წლის ოსკარი მაღალბიუჯეტიანი, მასშტაბური და კომპლექსური შინაარსის ფილმების უჩვეულო მიქსია, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ოსკარმა ეს მეთოდი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტრადიციადაც კი აქცია, განსაკუთრებით, თუ 2019 წელს გავიხსენებთ, როდესაც საუკეთესო ფილმის ნომინანტებში პირველად მოხვდა  სუპერგმირების თემაზე შექმნილი – „შავი პანერა“. აღსანიშნავია, რომ „შავი პანთერას“ რეჟისორი – რაიან კუგლერი „ცოდვილებით“ კვლავ ოსკარის ეპიცენტრშია. 

მიუხედავად იმისა, რომ ოსკარი ხშირად უამრავი კრიტიკის საგანია, მრავალფეროვნების მიმართ კინოაკადემიის ენთუზიაზმი სასიამოვნო სიურპრიზია და  მათ ჩაკეტილ კარიბჭეს საინტერესო ელემენტებით ამდიდრებს, კერძოდ, ბრაზილიური ფილმი „საიდუმლო აგენტი“, რომელიც მთავარი პერსონაჟის იდენტობით, დახვეწილ და ამავდროულად, გაბედულ და დრამატულ ნაბიჯს დგამს. 

წლევანდელი ფილმების უმეტესობა შინაარსობრივად ძალაუფლებას, უმეტესწილად პოლიტიკურს, სხვადასხვა ფორმით უპირისპირდება, მაგრამ მათ ერთი საერთო პრობლემა აქვთ: ყველა მათგანი იმდენად გადატვირთულია სხვადასხვა თემებით, სიმბოლიზმებითა და მეტაფორებით, რომ ფილმის მთავარი სათქმელი და მორალი თითქოს ჩრდილში რჩება. 

ოსკარის უახლეს ნომინაციაში, კასთინგში, ჯოშუა სედეფის „მარტი დიდებული“ მოხვდა. ფილმი უეს ანდერსონის სტილისტური ანალოგია და ის ნიუ-იორკის დაძაბულობას, აგრესიას, ბრძოლისუნარიანობას და სასოწარკვეთას ასახავს, რომელმაც შესაძლოა მსახიობ ტიმოთი შალამეს კარიერაში პირველი ოსკარი მოუტანოს. ის პინგ-პონგის მოთამაშის, მარტი მაუზერის როლს ასრულებს, რომლის ინსპირაციაც 1950-იანი წლების რეალური მოთამაშე – მარტი რაისმანია. 

ფილმი შალამეს ხანგრძლივი პიარკამპანიის დაუსრულებელ სერიად იქცა და პრესტურნეს განმავლობაში უკვე გაცვეთილი და გადამლაშებული method acting-ის კვინტესენციაა. მსახიობი ამ  როლისთვის პინგ-პონგში 7 წელი ემზადებოდა. 

საოსკარო ფილმების ე.წ. ჩექლისთში იოახიმ  ტრიერის „სენტიმენტალური ღირებულება“ და ქლოი ჟაოს „ჰამნეტი“ ლიდერობენ. „სენტიმენტალურმა ღირებულებამ“ კანის კინოფესტივალის გრანპრი მიიღო და ევროპის კინოაკადემიის გამარჯვებულიც გახდა. ნორვეგიული ფილმი კინორეჟისორისა და მისი ქალიშვილის კონფლიქტის ფონზე, იმ მხატვრული სამყაროს შესახებ მოგვითხრობს, რომელშიც პერსონაჟები არცთუ ისე დამაჯერებლად ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ისეთი ადამიანური თემებით არის დახუნძლული, როგორიცაა  ოჯახი, მარტოობა და თაობათა ტრავმა, „სენტიმენტალური ღირებულების“ პერსონაჟებსა და მაყურებელს შორის ემოციური კავშირი  ვერ მყარდება და ფილმი საბოლოოდ სიცარიელის შეგრძნებას ტოვებს.

 „ჰამნეტი“, რომელიც ტრაგედიის, გლოვისა და ხელოვნების ერთგვარ ურთიერთკავშირს ასახავს, „სენტიმენტალური ღირებულების“ მსგავსად, ემოციურ სიღრმეს მოკლებულია და მელოდრამატული სიუჟეტის მსხვერპლია. ფილმი მსახიობ ჯესი ბაკლის შესრულებაზე დგას. ის აგნესის შინაგან ტკივილს და დამანგრეველ მწუხარებას იმდენად დამაჯერებლად გადმოსცემს, გულდასაწყვეტია, რომ ერთგანზომილებიანი სცენარის მარწუხებშია მოქცეული. ბაკლი ამ  როლისთვის ოქროს გლობუსის მფლობელი გახდა, რაც ირლანდიელ მსახიობს საოსკარო ასპარეზზე ფავორიტს ხდის.

 

თამამად შეიძლება ითქვას, რომ იორგოს ლანთიმოსმა „ეშვის,“ „წმინდა ირმის მკვლელობის“ და მისი საუკეთესო ნამუშევრის, „ლობსტერის“ დიდება ვეღარ გაიმეორა, რომლის ახლა უკვე ზღაპრად ქცეული ფილმების, მათ შორის „ბუგონიას“  სათავეში კვლავ ემა სთოუნი დგას. 

ამ მხრივ, გაცილებით სანახაობრივი გილერმო დელ ტოროს „ფრანკენშტაინია“. მერი შელის წიგნის ეკრანიზაცია გოტიკური ჰორორის ნამდვილი ზეიმია, ჟანრი, რომელიც დელ ტოროს ხელწერასთან ორგანულად მოდის თანხვედრაში, თუმცა „ფრანკენშტაინი“ და მსახიობ ჯეიკობ ელორდის მიერ განსახიერებული მონსტრი რამდენად იმსახურებენ კინოაკადემიის ნომინანტებს შორის მოხვედრას, ეს სადავოა. 

ვამპირებზე ფილმები ერთი შეხედვით მოძველებულია. წმინდა წყალი, ნიორი, მზის ამოსვლა, ხის პალო და ა.შ. არაერთხელ გვინახავს ფილმებსა და სატელევიზიო შოუებში, განსაკუთრებით ფენტეზის აფეთქების შემდეგ. ამის გათვალისწინებით, რაიან კუგლერი „ცოდვილებით“ ოსკარის ისტორიაში შევიდა. 

რეჟისორი შავკანიანთა წარმომავლობასთან წყვეტას და ამერიკული რასიზმის ლაქას განსხვავებულ ჟანრში წარმოაჩენს, თუმცა „ექშენს“ ფილმის მეორე ნახევრისთვის გამიზნულად ინახავს, რადგან სურს სიუჟეტში ვიზუალურად „ჩაგვძიროს.“ 

კუგლერის არჩევანი შთამბეჭდავ და ტექსტურ  სანახაობას ქმნის, თუმცა ამავდროულად, პერსონაჟებს იმ გარემოსგან აცალკევებს, რომელიც მათი რეალობის განუყოფელი ნაწილია. 

ფილმში აშკარად იგრძნობა კვენტინ ტარანტინოს „გათავისუფლებული ჯანგოს“ და „მზის ჩასვლიდან განთიადამდეს“ გავლენა, თუმცა „ცოდვილებს“ ტარანტინოს სითამამე და პარადოქსულობა აკლია. 

ფილმის თემები: აფრიკული ფოლკლორი, ამერიკის რასობრივი ისტორია, შავკანიანთა თავისუფლება, წინაპრების მნიშვნელობა და მუსიკის დამაკავშირებელი ძალა ხშირად ერთმანეთში არეული და ქაოსურია. 

სემის პერსონაჟი ერთგვარი რგოლია, რომელიც  ამ ყველაფერს მუსიკალური ტალანტის მეშვეობით აერთიანებს. მას მღვდელი მამა აფრთხილებს: „თუ ეშმაკის შეცდენას განაგრძობ, ის ერთ დღესაც სახლში გამოგყვება.“ ციტატა ფილმის დასაწყისში მონოლოგთან პირდაპირ კავშირშია: ხელოვნებას საზოგადოების განკურნების ძალა აქვს, მაგრამ ასევე იზიდავს ბოროტებას. „ცოდვილებში“ ბოროტება არა მუსიკიდან, არამედ გარედან მოდის და მას პოულობს. 

ფილმში ვამპირების ამბავი რეალურად კულტურული და სპირიტული  ექსპლუატაციის მეტაფორაა. რემიკის პერსონაჟი თეთრკანიანი მუსიკოსია, რომელსაც სურს სემის და მის წრეში მყოფი შავკანიანი მუსიკოსების ტალანტი მიითვისოს, თუმცა ის არც იმ გამოცდილების და არც იმ ისტორიის ნაწილია, რომელმაც ეს ხელოვნება წარმოშვა.

ოსკარი, განსაკუთრებით  ბოლო წლებში, სიურპრიზებით გამოირჩევა, რაც 2026 წლის ცერემონიის პროგნოზს ართულებს, მაგრამ კულტურული მნიშვნელობიდან და პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, „ცოდვილების“ გამარჯვება თითქმის გარდაუვალია. ამასთან ერთად, თუკი წლევანდელი ნომინანტების სიას გადავხედავთ, ფილმის ტრიუმფი დაუმსახურებელი ნამდვილად არ იქნება. რაც შეეხება მსახიობებს, ჯესი ბაკლი და ტიმოთი შალამე ერთი შეხედვით ოსკარის აშკარა კანდიდატები არიან, თუმცა ითან ჰოუკი რიჩარდ ლინკლეიტერის ფილმისთვის –  „ლურჯი მთვარე“, ახალგაზრდა მსახიობის პირველი ოსკარის გზაზე ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.