იუნკერ ერისთავის ბუცები – ზაალ სამადაშვილი
ავტორი: მათე წიკლაური
,,ამ ბრძოლაში იუნკრების რაინდობისა და მისი დიადი სილამაზის სამარადისო სიმბოლურ სურათად დარჩება ტყვიამფრქვევზე მწოლიარე, განგმირული შალვა ერისთავი“.
გენერალ ალექსანდრე ჩხეიძის მოგონება
„სახლიდან სკოლაში ფორთოხლის კენწვლით მივდიოდი…“
დიეგო მარადონა, „მე ვარ დიეგო“
1921 წლის თებერვალში საქართველოში წითელი არმიის შემოჭრით საოკუპაციო რეჟიმის პერიოდი დაიწყო. საბჭოთა ჯარების მიზანს საქართველოს დემოკრატიული ხელისუფლების დამხობა და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ბოლშევიკური წესების გავრცელება წარმოადგენდა. ისინი გეგმავდნენ, რომ შემოსულიყვნენ არა როგორც დამპყრობლები, არამედ მშრომელთა და გლეხთა უფლებების დამცველნი. ამ პროცესს წინ ორმოცი ათასამდე ქართველი ჯარისკაცი აღუდგა, განსაკუთრებით კი სამხედრო სწავლების კურსანტები, იუნკრები, გამოირჩნენ, მათ სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლეს თავიანთი ქვეყნის დასაცავად და თავიც გასწირეს საქართველოს ერთგულების სახელით წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში. მარო მაყაშვილთან, ალექსანდრე ახვლედიანთან, პავლე იაკობაშვილთან და სხვა გმირებთან ერთად დაიღუპა შალვა ერისთავიც, რომლის ისტორია საფუძვლად უდევს ზაალ სამადაშვილის შესანიშნავი ნოველებისა და ჩანაწერების კრებულის ერთ-ერთ მოთხრობას – „იუნკერ ერისთავის ბუცები“.
2015 წელს გამომცემლობა „ინტელექტმა“ „იუნკერ ერისთავის ბუცები“ გამოსცა. როგორც აღვნიშნეთ, ეს გახლავთ ჩანაწერებისა და ნოველების კრებული, რომელშიც მკითხველმა მწერლის განცდების, აღქმებისა და ემოციათა ფონზე ეპოქა უნდა დაინახოს და მიხვდეს, თუ რა პრობლემები და მანკიერი მხარეები ჰქონდა საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდში, როგორი იყო საბჭოთა მკითხველი, რატომ ხვდებოდა ამერიკული კევი შავ ბაზარზე, როგორ აპატიმრებდნენ უდანაშაულო ადამიანებს, რა იყო აგვისტოს ომის მთავარი საშინელება და სხვა. ამ დეტალების აღმოჩენა მკითხველში გააღვიძებს იმ განცდებს, რომლებიც შეიძლება თავადაც აქვს, მაგრამ დიდი ხანია მეხსიერებაში აღარ ამოსტივტივებია. კრებულის ერთ გამორჩეულ ასპექტს საგმირო, რაინდული, რომანტიკული პათოსის რეფრენად გადევნება წარმოადგენს, ყოველივე ამას კი წიგნის მთავარ სათქმელამდე მივყავართ – თავისუფლების მოპოვება ერის უმთავრესი ამოცანაა და მასზე ძვირფასი ქვეყნად არაფერი არსებობს.
კრებულის დასაწყისში ძალიან საინტერესო ნოველას ვხვდებით – „მამა“. ეს არის ისტორია უსამართლოდ დაკავებული ადამიანისა. ზაალ სამადაშვილი ახერხებს ზუსტად ამოიცნოს უსამართლობის მსხვერპლი კაცის ტკივილები, განცდები, ფიქრები ბავშვებზე, მეგობრებსა თუ სახლზე… ოჯახზე, რომლის წევრებიც ერთადერთნი აღმოჩნდნენ, ვინც მთავარი გმირის დაპატიმრებას არ ელოდნენ, ნოველაში ძალიან მოკლედაა აღწერილი პატიმრის მეორე ცხოვრების დასაწყისი – მან, როგორც ვკითხულობთ, ერთი ცხოვრება უკვე გაიარა, სანამ თავისუფალი იყო, ციხეში კი ახალი ეტაპი იწყება, ახალი და ყველასგან გამორჩეული. ავტორი ბრწყინვალედ აღწერს საკანს და მკითხველს მთელი სიცხადით წარმოუდგენს, როგორც ციხის საშინელებებს, ისე უსამართლობის მსხვერპლი ადამიანის ფიქრებსა და ემოციებს.
ზაალ სამადაშვილმა მთავარი სათქმელის წარმოსაჩენად ძალიან რთული ხერხი აირჩია. მან ეპოქიდან ეპოქაში მკითხველის მოგზაურობა დაგეგმა. თუ ნოველაში „მამა“ უახლესი ისტორიის თავისებურებებს ვეცნობით, მომდევნო ნაწარმოებებში საბჭოთა სისტემის მანკიერ მხარეებს აღმოვაჩენთ. „თვრამეტი წლის რომ ხარ“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნოველაა ამ კრებულისა. ტექსტი ავტობიოგრაფიულია და მწერლისა და მისი თანაკლასელის ახალგაზრდობაში გვაბრუნებს, შეგვახსენებს დროს, როცა შიმშილი ჩვეულებრივ მოვლენად იყო ქცეული, როცა ფული არავის ჰქონდა, როცა ავტორისა და მისი სამეგობროს პარალელურად, „ძალით დაბოხებული ხმით კრეტინობების“ მოსაუბრე საზოგადოება არსებობდა და, როცა გრძელი თმა, ჭრელი სამოსი და ფერადოვნება ადამიანებს ისე აღიზიანებდა, რომ მასწავლებელი მოსწავლეს ემუქრებოდა: „ომის დროს შენისთანას ტრიბუნალს გადავცემდიო…“ ამ ძალიან მოკლე ნაწარმოების მიღმა მთელი ეპოქა ჩანს. მასწავლებელი, რომელიც დაფასთან გაყვანილ მოსწავლეს უშვერი სიტყვებით ლანძღავს, საბჭოეთს, გაღიზიანებულ, ნაცრისფერ და უსამართლო ეპოქას განასახიერებს, მოსწავლე კი საზოგადოების ცივილიზებული, მაგრამ მშიერი, დამცირებული და განადგურებული ნაწილის სიმბოლოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ. ქართველი მკითხველისთვის სიახლე ნამდვილად არაა ზაალ სამადაშვილის გამორჩეულად თბილი და სასიამოვნო თხრობის სტილი, რის დასტურადაც ამ ნოველის იმ ეპიზოდის გახსენება შეგვიძლია, რომელშიც პერსონაჟი გოგოებს მოსათაფლად დითირამბებით სავსე წერილებს უგზავნის და ძალიან კეთილ, ლაღ და სასაცილო რამეს შესთავაზებს: „თითოეული წერილი ორი ნაწილისგან შედგებოდა, პირველი გახლდათ სონეტი ადრესატის სილამაზისა და გონიერების შესახებ, ხოლო მეორე – შეთავაზება, რომლის თანახმადაც, თუკი წერილს დაიტოვებდნენ, რათა წლების შემდეგ ხელახლა ენახათ და გაეხსენებინათ, როგორ აღიქვამდნენ მათ ბიჭები, ცრემლები მოსდგომოდათ თვალებზე გაფერმკრთალებული სტრიქონების კითხვისას – გაეღოთ გასამრჯელო, სულ რამდენიმე გროში…“
კრებულზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით ნოველას „არდონის ქუჩის პური“, რომელიც, ვფიქრობ, მთელი რიგი მახასიათებლებით გამოირჩევა სხვა ნოველებისა თუ ჩანაწერებისაგან. ერთი მხრივ, ზაალ სამადაშვილმა არც აქ გადაუხვია კრებულში შესული ნამუშევრების გამაერთიანებელ ხაზს, მან კვლავ განაგრძო დროში მკითხველთან ერთად მოგზაურობა და არ დაუვიწყებია ეპოქის რეალური სახის წარმოჩენა, მაგრამ ამ ნაწარმოებში ეს ყველაფერი კიდევ უფრო მკაფიოდ უსვამს ხაზს მწერლის ოსტატობას. სულ რამდენიმე გვერდში მკითხველი ავტორის ბავშვობიდან 2008 წლის აგვისტოში გადაინაცვლებს. ეს პასაჟი კი, დამეთანხმებით, ძალიან მოულოდნელია და განცვიფრებას იწვევს. ეს არის ტექსტი იმის შესახებ, რომ, გარდა ზოგადი ტრაგედიისა, ომისაგან განცდილი საშინელება და, საერთოდ, ყველანაირი ტკივილი აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურ წვრილმანზე გადის. მწერლისთვის ეს პურის რიგში დანახული ბავშვია, რომლის ისტორიასაც ნოველაში მოკლედ და ამომწურავად ვიგებთ.
ავსტრიელი მწერალი, თომას ბერნჰარდი, რომანში „დაღმამავალი“ ვირტუოზ პიანისტზე მოგვითხრობს. კანადელი მუსიკოსი, გლენ გულდი, იგებს, რომ მისმა მეგობარმა თავი მოიკლა. გულდი, ვერთჰაიმერი და მათი მეგობარი ერთად სწავლობდნენ მუსიკალურ სასწავლებელში, შემდეგ კი გულდის ზებუნებრივმა შესაძლებლობებმა მისი მეგობრების ბედი მნიშვნელოვნად განსაზღვრა. რომანი ბევრ ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიურ ნიუანსთან ერთად ერთი ადამიანის მიერ სხვათა ბედისწერის ჩამოყალიბებაზე და დროისა თუ სივრცის ძირფესვიან ცვლილებაზეა. რახან დროში ავტორთან ერთად მოგზაურობა ვახსენეთ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, გავიხსენოთ ზაალ სამადაშვილის მოთხრობა „რასპე“. ავტორი მოგვითხრობს მის ახალ თანაკლასელზე, რომელთან ერთადაც ბავშვობის დიდი ნაწილი გაატარა, მაგრამ საბოლოოდ მათი გზები გაიყო და სრულიად სხვადასხვა ასპექტით განვითარდა. ავტორმა და მისმა მეგობარმა „ტექნიკუმებში წოწიალი“, „დიდ და მცირე მშენებლობებზე ბეტონის ზელა და საზიდრების თრევა“ გადაწყვიტეს, ხოლო რასპემ კი ჯერ ჟურნალისტობა სცადა, ბოლოს – კი რომანი დაწერა და მწერალი გახდა. ეს სიუჟეტი ძალიან ჰგავს ავსტრიელი მწერლის რომანში განვითარებულ ამბავს, იმ განსხვავებით, რომ აქ ავტორის პროტოტიპი მეგობართან ერთად ცვლის რასპეს ბედს და, როგორც ვხედავთ, მის ცხოვრებას სრულიად ახალ ფორმასა და შინაარსს აძლევს. ნაწარმოებში მთხრობელი რასპეს წიგნის საყიდლად მიდის და უკან დაბრუნებული ფიქრობს: „კითხვისას ის ინტერვალი რომ ამოივსო თითქოს, რომელიც წარსულსა და აწმყოს შორის არსებობდა, თითქოს ამ ინტერვალის გარეშე გავაგრძელე ყოფილი კლასელის ყურისგდება…“ – აი, სწორედ ამ ინტერვალების ამოვსების მცდელობაა „იუნკერ ერისთავის ბუცებში“ შესული სხვადასხვა პერიოდზე დაწერილი ნოველები. ზაალ სამადაშვილი წარსულს, აწმყოსა თუ მომავალს აქრობს და იმ შთაბეჭდილებებზე გვესაუბრება, რომლებიც მასში არასოდეს ჩამქრალა.
როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, „იუნკერ ერისთავის ბუცები“ ურთულესი ლიტერატურული ხერხებით დაწერილი ნოველების კრებულია და მისი მთავარი ღირსებაც ისაა, რომ დასაწერად რთული ტექსტი ძალიან მარტივად იკითხება. ზაალ სამადაშვილმა ერთ-ერთ ნოველაში თავის მეგობარზე, შესანიშნავ მხატვარ ვახო რურუაზე გვიამბო, რომელთან საუბრებისა და რომელზე ფიქრების ფონზეც ჩვენ თვალწინ კიდევ ერთხელ გადაშალა ძველი დროება, – როცა ფერადი და შავ-თეთრი კინო ერთმანეთს დაუპირისპირდა და უდიდესი კონტრასტი წარმოშვა. აქ საუბარია ვახო რურუას მიერ შესრულებულ ილუსტრაციებზე სხვადასხვა რომანებისათვის და იმ სევდაზე, რომელიც ავტორს მეგობრის გარდაცვალებამ დაუტოვა. ამ ყოველივემ კი, ვფიქრობმ მკითხველი გულგრილი არ უნდა დატოვოს და, შესაბამისად, არც სირთულედ უნდა ექცეს, როგორც მთავარი სათქმელის, ისე მწერლის განცდების გათავისება.
ბუენოს-აირესში ჩატარებული ლექციების კვირეულის უკანასკნელი შეხვედრა ბორხესმა მკითხველთან სიბრმავეზე სასაუბროდ გამართა. არგენტინელმა გენიოსმა ლექცია შემდეგნაირად დაიწყო: „ჩემი მრავალი ლექციის კითხვისას შევნიშნე, რომ მსმენელები უპირატესობას ანიჭებენ პირადულს საზოგადოსთან შედარებით, კონკრეტულს – აბსტრაქტულთან შედარებით.“ ეს, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი, კარგი დაკვირვება რეალურად არის გასაღები კარგი წიგნის დაწერის, თუ კარგი ლექციის ჩატარებისა. ფაქტია, სინამდვილე ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენია კრებულის მთავარი აზრის გაგების გზაზე. ზაალ სამადაშვილი მკითხველზე მზრუნველი ავტორია. ის პირდაპირ მიჰყვება ბორხესის შემოთავაზებულ ფორმულას და კონკრეტულ, პირად განცდებზე აგებულ, წარსულში თავსგადახდენილ ისტორიებს გვიამბობს, რითაც თითქოს პირადად ესაუბრება მკითხველს და ხან წიგნის მნიშვნელობაზე, ხანაც კი კარგი ლიტერატურული ნაწარმოების გავლენებზე უამბობს: „… რა თქმა უნდა, ძალიან კარგი წიგნი, გარკვეულ, არცთუ უმნიშვნელო ცვლილებებს იწვევს მოვლენების ჩვენეულ, უკვე ჩამოყალიბებულ აღქმასა და მათ გაანალიზებაში.“ ამ კრებულში გამონაგონ ამბავს ვერ ნახავთ. ეს არის ნაკრები იმ ყველაზე გულწრფელი ემოციებისა, რომელიც მწერალმა სხვადასხვა დროს სხვადასხვა მოვლენათა მიმართ განიცადა. მართლაც, თუ კარგად დავაკვირდებით, დავრწმუნდებით, რომ ტექსტში ყველაფერი ძალიან ნათელია. „კალამს მიდევნებით დაწერილებს“ ავტორი შემდეგი ფრაზით იწყებს: “ცხოვრებაში გაცილებით საინტერესოდ ვითარდება ყველაფერი, ვიდრე გამოგონილ ამბებში;“ რეალურად, ჩვენ ამ წინადადების მიღმა მწერლის მოტივაცია უნდა დავინახოთ. მას უნდა, რომ მკითხველმა ზუსტად ის გზა გაიაროს, რასაც თავად ავტორი გადიოდა წიგნზე მუშაობისას და, რა თქმა უნდა, რომ ამ მიზნის მიღწევა სწორედ ნამდვილი ამბებისა და უაღრესად ადამიანური თავისებურებების გადმოცემის ფონზეა მხოლოდ შესაძლებელი.
ვფიქრობ, საკამათო სულაც არაა, რომ ადამიანში გაჩენილი ემოციები ყველაზე წრფელი და სპონტანური რამაა, რასაც კი შეიძლება ეს ეპითეტები მივუსადაგოთ. ტექსტს კი გენიალურად დიდწილად სწორედ სიმართლე აქცევს, ეს უკანასკნელი კი იმდენად ძლიერია, რომ „იუნკერ ერისთავის ბუცების“ წაკითხვის შემდეგ შალვა ერისთავივით გმირობა გინდება და რაინდული პათოსით ივსები. მხატვრულ ლიტერატურაში სიმართლის მნიშვნელობაზე საუბარს თუ გავაგრძელებთ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება გავიხსენოთ 2011 წელს ვუდი ალენის მიერ გადაღებული ფილმი „შუაღამე პარიზში“. მთავარი გმირი, სცენარისტი გილ პენდერი დროში მოგზაურობს და უამრავ ცნობილ სახესთან ერთად, ერნესტ ჰემინგუეის ხვდება. ამერიკელი კლასიკოსი კი უხსნის გილს, თუ რატომაა მისი წიგნები საუკეთესო: „იმიტომ, რომ მართალია!“ ფილმში ჰემინგუეის ნათქვამი ეს განმარტება, თავისი ნაწარმოებების გენიალურობისა, კიდევ ერთხელ მიგვითითებს პერსონაჟების, ამბებისა და განცდების სინამდვილის უზარმაზარ მნიშვნელობაზე. ისევ „რასპეს“ რომ დავუბრუნდეთ, ტყუილ-მართლისა და ლიტერატურის კავშირზე ბრწყინვალე მონაკვეთს წავაწყდებით: „ბავშვობაში დაუჯერებელ ამბებს თუ თხზავ, მატყუარას გეძახიან, ხოლო დიდობაშიც იგივე საქმით თუ ხარ დაკავებული, მწერალსო…“ ზაალ სამადაშვილი კი გამონაგონს არ წერს, მისი მთავარი ლიტერატურული ღირსება ძალიან თბილ, სასიამოვნო თხრობის სტილთან შეზავებული გულწრფელობა და სიმართლეა, რომელთათვისაც არასოდეს გადაუხვევია.
ცნობილ ირლანდიელ მწერალს, უილიამ ტრევორს, მოთხრობა თვალის მოკვრის ხელოვნებად მიაჩნდა. სწორედ ამ მსჯელობის დასტურია „იუნკერ ერისთავის ბუცებში“ შესული ყველა მოთხრობა. მწერალი ძალიან პატარა და კონკრეტული დეტალების მიღმა წარმოაჩენს საკუთარ ტკივილებს და შლის ძალიან დიდ სივრცეს, რომელშიც სხვადასხვა ეპოქა ჩნდება. ეს არის ძალიან შეკავშირებული, ერთმანეთთან უწყვეტი ჯაჭვით გადაბმული ტექსტების ერთობა, რომლებსაც საერთო ამოსავალი წერტილი აქვს და ეს შალვა დადიანის და იმ პატარა ბიჭის ისტორიაა, არცერთ მატჩს რომ არ აკლდებოდა და შალვას ყველა ცრუმოძრაობა თუ სხვა საფეხბურთო ფანდი ბრწყინვალედ ჰქონდა დამახსოვრებული. მოთხრობაში აღწერილია იუნკრების ომში წასვლის პროცესი, ისე, რომ მკითხველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. სულის შემძვრელია იმის წარმოდგენა, თუ როგორ ყოფთ ქუჩა შუაზე ახალგაზრდა მებრძოლებსა და მათ გამცილებლებს, როგორ ისვრის ვიღაცა აივნიდან ყვავილებს და როგორ არ წყდება ქვითინი. „კვლავ ისმოდა ქვითინი…“ – წერს ზაალ სამადაშვილი და, თითქოს საკუთარი თავი შეჰყავს ნაწარმოებში. ეს მისი ემოციაა, რომელიც მთელ კრებულს რეფრენად გასდევს. მოთხრობაში შალვა ერისთავი ბიჭს ბუცებს უტოვებს და საჩუქრის ნახვამდე კვლავ ვხვდებით საოცარი მწერლური ოსტატობით გაჯერებულ აღწერას, – ბავშვი ნებისმიერ საჩუქარზე თანახმაა, მას უნდა, რომ სიამაყით მოჰყვეს ყველგან, რა დაუტოვა საუკეთესო ფეხბურთელმა. ეჭვგარეშეა, რომ კითხვის პროცესში შენც ის პატარა ბიჭი ხდები, რომელიც თავისი კერპისგან საჩუქარს მიიღებს და აღტაცებას ვერ მალავს. ამ ბიჭისთვის ახალი ცხოვრება დაიწყო, ახალი ცხოვრება დაიწყო შალვასთვისაც და თუ, მართლაც, ადამიანს ბევრი სიცოცხლე აქვს, შალვა ერისთავმა სიკვდილით მიაღწია ახალ, სიცოცხლის უკანასკნელ, მაგრამ მარადიულ ფაზას და სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ჩვენს მეხსიერებაში, რის დასტურადაც ეს ფანტასტიკური ნაწარმოები და ნოველათა კრებული გვევლინება.






