ფრანგული იმედიდან ფრანგულ სიცარიელემდე
ავტორი: ავტორი: მათე წიკლაური
26 თებერვალი ფრანგული ლიტერატურული კალენდრისთვის სიმბოლური თარიღია. 1802 წელს ბეზანსონში დიდი რომანტიკოსი მწერალი ვიქტორ ჰიუგო დაიბადა, საუკუნე-ნახევრის შემდეგ კი, 1956 წელს, რეიუნიონში – მიშელ უელბეკი.
ამ ორი სახელისა და გვარის გაგონებისას მკითხველის თვალწინ ორი საუკუნე, ორი განწყობა, ორი საფრანგეთი გადაიშლება, მაგრამ ეს მხოლოდ განსხვავებულ ეპოქათა და წარმოდგენათა კონტრასტი სულაც არაა, მეტიც, ჰიუგოსა და უელბეკის შემოქმედება თითქოს დიალოგს მართავს ერთმანეთთან და ფრანგულ ლიტერატურაში აღმოცენებულ იდეებს უფრო ამკვეთრებს მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში.
XIX საუკუნის საფრანგეთი სავსეა რევოლუციური პათოსით, ნაციონალისტური იდეებითა და წარსული სიდიადის რწმენით. მიშელ უელბეკი კი წერს ეპოქაში, სადაც იდეოლოგიური ჩარჩოები გამქრალია, საზოგადოება კი გაუცხოებული და, შედეგად, კრიზისში ჩაფლული. ფრანგული ლიტერატურა ჰიუგოს ეპოქიდან დღემდე მასშტაბურ ცვლილებებს განიცდის. ადრე ჩასახული იმედი თითქოს ქრება და მას სიცარიელე ცვლის…
ვიქტორ ჰიუგოს ხუთი ამბავი
- ემიგრაცია
ემიგრაციაში ჰიუგომ თითქმის 19 წელი გაატარა – ბრიუსელი, ჯერსი, გერნსი… გადასახლებაში დაასრულა მთავარი რომანიც – „საბრალონი“… ლიტერატურათმცოდნეების შეფასებით, დევნილობა ჩახშობა არ ყოფილა, ის შემოქმედებით მწვერვალად იქცა. სწორედ გერნსიზე ყოფნისას მწერალი ხშირად აწყობდა სპირიტულ სეანსებს – ბრუნდებოდა წარსულში და იესოს, შექსპირს, დანტეს, სიკვდილსაც კი ესაუბრებოდა. ჰიუგოსთვის ეს „საუბრები“ გასართობი საერთოდაც არ გახლდათ, უფრო ინტელექტუალური და მეტაფიზიკური ექსპერიმენტი იყო.
- ჩანაწერები სასიყვარულო ურთიერთობებისა
ჰიუგოს ჩვევად ჰქონია სასიყვარულო ურთიერთობების დეტალურად ჩანიშვნა. მისი ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მწერალი ძალიან აქტიური სასიყვარულო ცხოვრებით ცხოვრობდა… ზედმიწევნით ზუსტად ინიშნავდა ყველაფერს და დღიურებს ცალკე შემოქმედებაც აქცევდა.
- შიშველი აივანზე
არსებობს ასეთი ლეგენდაც, რომ ერთ დღეს, პარიზში ყოფნისას, ჰიუგომ ტანსაცმელი ფანჯრიდან გადაყარა, რათა სახლში დარჩენილიყო და ემუშავა, რადგან სხვა შემთხვევაში აუცილებლად წავიდოდა ქალაქში სასეირნოდ, დისციპლინას კი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა.
- გარდაცვალების „რეპეტიცია“
სიმბოლოების მოყვარული მწერალი მხატვრობაშიც სინჯავს ბედს, შექმნის 3000-ზე მეტ ტილოს და სიურრეალისტურ იდეებსაც კი დაუდებს სათავეს. ფაქტია, სიმბოლოებს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა და ერთხელაც ასეთი რამ გადაწყვიტა: სიცოცხლეშივე დაგეგმა საკუთარი დაკრძალვა, ანდერძში უბრალო, ღარიბული კუბო მოითხოვა, თუმცა სახელმწიფოს ეს თხოვნა არ გაუთვალისწინებია და მისი დაკრძალვის ცერემონია გრანდიოზულად ჩატარდა.
- დიალოგი და ერთი სიმბოლო
ლეგენდის მიხედვით, როცა „საბრალონი“ გამოიცა, ჰიუგომ გამომცემელს მისწერა: „?“ (როგორ იყიდება?). პასუხად მიიღო – „!“ (შესანიშნავად)
უდიდესი ეპოქა შექმნა, ისტორიაში არაერთი შედევრის ავტორად დარჩა და არ არსებობს თაობა, რომელიც არ მოინდომებს ესმერალდასა და კვაზიმოდოს სასიყვარულო ამბის ჭორ-მართალში გარევას, არ არსებობს თაობა, რომელიც წაიკითხავს პარიზის უზარმაზარ აღწერას და არ ჩაფიქრდება საფრანგეთის დედაქალაქში გამგზავრებაზე… ჰიუგოს სახელს უკავშირდება დიდი ფრანგული ლიტერატურის ტრადიციის დაბადება, ტრადიციისა, რომელიც მიშელ უელბეკმა გადაასხვაფერა, მაგრამ ახალი ინტერპრეტაციები ყოველთვის შთამაგონებელია, კიდევ უფრო მაშინ, თუ ავტორზეც ვიცით რამდენიმე ჭორი…
მიშელ უელბეკის 5 ამბავი
- დედის გვარი და პროტესტი
უელბეკი დედის გვარია. დედასთან რთული ურთიერთობა ჰქონდა, გვარის შეცვლა პროტესტი იყო, იდენტობის ცვლილება და საკუთარი თავის ხელახლა შექმნა.
- პროფესიონალი აგრონომი
ლიტერატურულ კარიერას წინ აგრონომიის ინსტიტუტი უძღოდა. ის მუშაობდა სოფლის მეურნეობის სფეროში, რაც მის ტექსტებში თვალნათლივ აისახა – უელბეკის პერსონაჟები გაუცხოებულნი არიან, ბიუროკრატიულ გარემოში ჩაბუდებულნი და გაციებულნი.
- ისლამი – სასამართლო
ჰუმანისტ მწერლად არასდროს მიიჩნეოდა. ყოველთვის ბასრი და ეპატაჟური იყო მისი გამოსვლები. 2001 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში ისლამს ყველაზე სულელური რელიგია უწოდა, რის გამოც სასამართლოში უჩივლეს რელიგიური სიძულვილის გაღვივებისთვის. უელბეკს სიტყვის თავისუფლება იცავდა, მაგრამ ამ შემთხვევამ ფრანგ ავტორს „სკანდალური მწერლის“ იარლიყი სამუდამოდ მიაწება.
- რომანის გამოსვლა და თავდასხმა „შარლი ებდოზე“
2015 წლის 7 იანვარს მიშელ უელბეკის რომანი „მორჩილება“ გამოვიდა – იმ დღეს, როდესაც თავს დაესხნენ ჟურნალ „შარლი ებდოს“. ამ დამთხვევამ უელბეკის რომანი აპოკალიფსურ წინასწარმეტყველებად აქცია.
- The Kidnapping of Michel Houellebecq
2014 წელს გამოდის ფილმი The Kidnapping of Michel Houellebecq, სადაც მწერალი საკუთარ თავს თამაშობს. ფილმი ნახევრად დოკუმენტურია, ნახევრად აბსურდში ვითარდება. მწერალს იტაცებენ… ამ ყოველივეს მიღმა კი მაყურებელი უელბეკის ირონიზებულ იმიჯს იხილავს – ალკოჰოლი, დეპრესია, ცინიზმი…
ეჭვგარეშეა, ჰიუგო და უელბეკი საერთოდ სხვადასხვა სამყაროს წარმოადგენენ მსოფლიო ლიტერატურაში, მაგრამ, ფაქტია, ფრანგული ლიტერატურისთვის თითოეული მათგანი დარჩება, როგორც დიდებული ლიტერატურული რგოლი უზარმაზარი ჯაჭვისა, რომელიც მუდამ მიიზიდავს მკითხველს ჟან ვალჟანის სამყაროში და იმაზეც დააფიქრებს, „კუნძულის შესაძლებლობა“ და დანიელი სკეტჩების მომზადების გარშემო ტრიალებენ, თუ შავ ყუთში რაღაც სხვაა დამალული?







