fbpx

სარვამარტო ფრაგმენტები


გააზიარე სტატია

ავტორი: ანი თენიეშვილი

დღეს მინდა მოგიყვეთ ქალების შესახებ. არა იმ ქალებზე, რომლებსაც მხოლოდ სადღესასწაულო ბარათებზე ვხედავთ, არამედ მათზე, ვის ზურგზეც რეალურად დგას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, ჩვენი ოჯახების სიმშვიდე და ჩვენი შვილების მომავალი. ეს არის ამბავი ზრუნვაზე, რომელიც ხშირად საკუთარი თავის უარყოფის ფასად მოდის.

ქართულ ლეგენდებში გვაქვს მაია წყნეთელის სახე – ქალის, რომელმაც კაცის სამოსი ჩაიცვა, რათა გადარჩენილიყო და სხვებს დახმარებოდა. დღევანდელი მაია წყნეთელები ის ემიგრანტი ქალები არიან, რომლებმაც აეროპორტის გასასვლელთან დატოვეს თავიანთი სისუსტეები, ჩაიცვეს „მუშის ფორმა“ და უცხო ქვეყანაში სრულიად მარტო შეებრძოლნენ ბედს. ისინი არიან გადაცმული გმირები, რომელთა იარაღიც არა ხმალი, არამედ გაუხეშებული ხელები და დაუღალავი შრომაა.

ერთ-ერთი ისტორია მახსენდება: ჩემი ოჯახის ახლობელი ქალი უკვე ოცი წელია საბერძნეთშია. ის 2000-იანი წლების დასაწყისში წავიდა. ცოტა ხნის წინ მესაუბრა და მისი ხმა ისეთივე სველი იყო, როგორც ათენის ზღვისპირა ჰაერი. მომიყვა თავის შვილზე, რომელიც უკვე მაგისტრატურას ასრულებს. დედამისი მასთან არ იყო, როცა სკოლა დაამთავრა, არც მაშინ, როცა უნივერსიტეტში ჩააბარა და არც მაშინ, როცა პირველად შეუყვარდა. ის ბებიაც გახდა ისე, რომ შვილიშვილს მხოლოდ ონლაინ იცნობს.  

„ყველაფერი მისთვის გავაკეთე,“ – მეუბნება ის, – „ახლაც, სულ 2, მაქსიმუმ 3 წელი და ჩამოვალ, მინდა ბინა ვუყიდო“. ეს არის ემიგრანტი ქალის პარადოქსი: შრომობენ იმისთვის, რომ შვილები იყვნენ კარგად, მაგრამ ამ შრომაში კარგავენ მთავარს – შვილებთან ერთად ყოფნის დროს.

აქ კი ისმის უმთავრესი კითხვა: რატომ იქცა ათწლეულების განმავლობაში ემიგრაცია ქართველი ქალის გადარჩენის ერთადერთ მოდელად? პასუხი ჩვენს დღის წესრიგშია, სადაც ქალი „ზრუნვის ეკონომიკის“ მძევალია. სახელმწიფო სტრუქტურული უმოქმედობის გამო, ოჯახის შენარჩუნების, განათლებისა და ჯანდაცვის მთელი სიმძიმე კერძო პასუხისმგებლობად იქცა, რომელიც ქალის მხრებზე გადავიდა.

ეს ციფრები სტატისტიკურ გრაფებში კიდევ უფრო შემზარავად გამოიყურება, სხვადასხვა კვლევის მიხედვით, საქართველოს ემიგრანტების ნახევარზე მეტი ქალია. ეს ნიშნავს, რომ ასეულობით ათასი ქართველი ქალი დღეს ქვეყნის ფარგლებს გარეთაა – ეს არის მთელი თაობა დედების, მასწავლებლებისა და პროფესორების, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, მათ მიერ გამოგზავნილი თანხა წლიურად 4 მილიარდ დოლარს აღწევს. ფაქტობრივად, სახელმწიფო ეკონომიკურ სუნთქვას სწორედ იმ ქალების ხარჯზე ინარჩუნებს, რომელთაც სამშობლოში ღირსეული შრომის უფლება წაართვეს. ეს არის ეკონომიკა, რომელიც ქალების ემოციურ ექსპლუატაციაზე დგას.

ეს ფასი ზოგჯერ იმაზე მძიმეა, ვიდრე ადამიანის ორგანიზმს გაძლება შეუძლია. სწორედ ასეთია იმ ქალის რეალობა, რომელიც 2018 წელს შვილებისთვის ბინის ყიდვის იმედით წავიდა, თუმცა თაღლითმა სააგენტომ კუთვნილი ანაზღაურება არ გადაუხადა და სრულიად უუფლებოდ ქუჩაში დატოვა. როცა წლების თავგანწირვა ერთ წამში უსამართლობის უფსკრულში იძირება, სხეული ამას ვერ უძლებს – განცდილი სტრესის ნიადაგზე მას ინსულტი დაემართა. დღეს ის ისევ საქართველოშია, ისევ იმავე ნაქირავებ ბინაში, ოღონდ ახლა უკვე შერყეული ჯანმრთელობითა და იმ სიმწარით, რომელსაც დაუნდობელი გარემო გიტოვებს.

ერთ თანამედროვე ქართულ ფილმში გვხვდება ასეთი სიუჟეტი: დედის ხმა მხოლოდ ტელეფონში ისმის – შორიდან მოლაპარაკე, ფულის გამომგზავნი, მუდამ დაღლილი ექო. ეს არის ცხოვრება, სადაც მონატრება საერთაშორისო ზარის გათიშვის შემდეგ ოთახში მძიმე, ყრუ სიჩუმედ იქცევა.

ბერძნულ ტრაგედიაში ანტიგონე არის ქალი, რომელიც მორალურ მოვალეობას ყველაფერზე მაღლა აყენებს. ქართველი ქალის ზრუნვაც ანტიგონესეული თავგანწირვაა – ბრძოლა სისტემის წინააღმდეგ, სადაც ქალი საკუთარ თავზე იღებს იმ ტვირთს, ეს ბრძოლა განსაკუთრებით მძიმეა ჯანდაცვის წინაშე. აფთიაქებში მედიკამენტების ფასები ყოველდღიურად იზრდება, ექიმთან ვიზიტი კი პრივილეგიად იქცა. სულ მახსენდება ჩემი მეზობელი მოხუცი, რომელიც ყოველთვის ნიმესილს ყიდულობდა დიდი რაოდენობით. მას არ ჰქონდა ექიმთან წასვლის ფული, რადგან მისი პენსია – 495 ლარი – ძლივს ჰყოფნიდა პურსა და გადასახადებს.

მისთვის ნიმესილი აღარ იყო უბრალო გამაყუჩებელი; ეს იყო ერთგვარი მკაცრი ევქარისტია, თეთრი რიტუალი, რომლითაც ის ყოველდღიურად საკუთარ სხეულს ტკივილისგან ყიდულობდა. ეს იყო მისი ერთადერთი მოკავშირე და ერთადერთი „ღმერთი“, რომელიც ყრუ ტკივილს რამდენიმე საათით მაინც უყუჩებდა, რათა მას თვიდან თვემდე როგორმე მიეღწია.

ამ უმწეობას აშიშვლებს კიდევ ერთი დოკუმენტური ნამუშევარი, „9-თვიანი კონტრაქტი“. ის გვიჩვენებს სუროგატ დედებს, რომლებიც საკუთარ სხეულს გადარჩენის იარაღად აქცევენ. საქართველო დღეს იქცა ადგილად, სადაც ქალის სხეული ბოლო ინსტანციის ბანკია – როცა სხვა ყველაფერი გერთმევა, საკუთარ ორგანიზმს დებ ვალის სანაცვლოდ. ეს არის სოციალური განაჩენი ქვეყანაში, სადაც ქალი იძულებულია უკიდურეს ზომებს მიმართოს შვილების გამოსაკვებად.

„ეკონომიკა ყვავის,“ – გვეუბნებიან ტრიბუნებიდან. „თბილისი სიკეთით სავსე ქალაქია!“ – ვკითხულობთ ბანერებზე. მაგრამ ამ ბრჭყვიალა ლოზუნგებს მიღმა სხვა რეალობაა. ცოტა ხნის წინ რუსთაველზე ხანში შესული ქალი შევნიშნე. ბერეტის სტილის ქუდი ეხურა, ლამაზი შარფი და ბეწვიანი საყელოთი გაფორმებული ქურთუკი ეცვა. მოვლილი, პროფესორული იერის ქალი იყო, რომელიც ჩუმად ტიროდა.

მივედი და ვკითხე, რა სჭირდა. მომიყვა, რომ 30 წელზე მეტი უნივერსიტეტში ასწავლიდა, ქვეყანას ემსახურებოდა, ახლა კი ისე უჭირს, რომ მთელი თავისი ბიბლიოთეკა გაყიდა და საჭმლის ფულიც კი არ აქვს. ის იქ იდგა – განათლებული, ღირსეული და სახელმწიფოსგან მიტოვებული, კანცელარიისა და პარლამენტის სიახლოვეს.

ეს ჩვენი რეალობაა, ქუჩაში გაჭირვებული ახალგაზრდა დედები, აფთიაქში გამაყუჩებლის იმედად დარჩენილი მოხუცები და პროფესორები, რომელთაც წიგნები პურში გადაცვალეს. ამ ქვეყნის „სიკეთეს“ ჩვენ კბილებით ვინარჩუნებთ, ერთმანეთის გატანით და არა სისტემის წყალობით.

მანიფესტი – 8 მარტი

დღეს, როცა ქალაქი ყვავილების ფუჭი სურნელით ივსება, მე იმ ქალებს ვულოცავ, ვისი ხელებიც მიწის, შრომისა და სხვისი მოვლის სუნით არის გაჟღენთილი. 8 მარტი არ არის საჩუქრების დღე – ეს არის იმ ქალების დღე, ვინც საკუთარი ხერხემლით აკავებს ამ ქვეყნის ჩამოშლას.

ჩვენი დედები ეკრანებს მიღმა, ათენის თუ რომის ცივ ოთახებში, სხვისი სიბერის დარაჯებად იქცნენ, რათა ჩვენ აქ სიცოცხლის უფლება შეგვენარჩუნებინა. ეს არ არის ემიგრაცია, ესაა ნებაყოფლობითი გადასახლება, სადაც ქალი საკუთარ სიცოცხლეს წვრილ კუპიურებად შლის და სამშობლოში „იმედად“ გზავნის.

მოვიდა დრო, რომ ზრუნვა აღარ იყოს თავგანწირვის სინონიმი. მოვიდა დრო, რომ ქალობა არ ნიშნავდეს მუდმივ ბრძოლას გადარჩენისთვის. ჩვენ არ გვჭირდება სიმბოლური პატივისცემა წელიწადში ერთხელ, ჩვენ გვჭირდება სამართლიანი სამყარო, სადაც დედა შვილს სკაიპით არ ზრდის და სადაც პროფესორი საკუთარ ბიბლიოთეკას პურზე არ ცვლის.

ჩვენი ხმა, ჩვენი ინტელექტი და ჩვენი დაუღალავი, ხშირად უხილავი შრომა არის ის ძალა, რომელიც ამ უსამართლო კედლებს ადრე თუ გვიან დაანგრევს. მე მჯერა იმ დღის, როცა ჩვენი დედები დაბრუნდებიან – არა როგორც სტუმრები საკუთარ სახლში, არამედ როგორც თავისუფალი ადამიანები, რომლებმაც თავისი წილი გოლგოთა დაასრულეს.

ყველა ქალს, რომელიც დღეს ამ სირთულეების პირისპირ დგას, ვულოცავ 8 მარტს. ეს დღე ჩვენია – მებრძოლი, მშრომელი და მზრუნველი ქალების. ვიბრძოლოთ ერთმანეთისთვის, რადგან ამ დაუნდობელ სისტემაში ქალის ერთადერთი საყრდენი ისევ ქალია. ჩვენი ერთიანობაა ის ერთადერთი რადიკალური აქტი, რომელიც მომავალს გვიბოძებს.

სახლში დაბრუნებისა და ღირსეული სიცოცხლისთვის – დღეს ჩვენი დღეა.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.