გიორგი ტერიშვილს – რატი ამაღლობელი
გიორგი ტერიშვილს
მოგესალმები გიორგი,
დიდი პატივისცემითა და სიყვარულით.
მართალია ჩვენ პირადად არ ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ თქვენ,
ყველა სწორად მოაზროვნე ქართველისა და ამ ქვეყნის მოქალაქის გულში ხართ.
თითოეულ ჩვნეთაგანს აქვს განცდა რომ თქვენ და თქვენთან ერთად ყველა სინდისის პატიმარი ყოველი ჩვენთაგანის გამო ხართ საპყრობილეებში,
შეიძლება ითქვას ჩვენს ნაცვლადაც იხდით უსამართლო სასჯელს,
რადგან ამ სასჯელის მიზეზი ის საერთო ღირებულებებია,
რასაც პირველყოვლისა ჩვენი ქვეყანა ჰქვია და მისი ცივილიზაციური არჩევანი.
ეს განცდა, ერთი მხრივ სინდისის იმგვარ ქნეჯნას იწვევს, რომ ვერსად დაემალები, მეორე მხრივ კი უდიდეს შინაგან სიახლოვეს, სიყვარულს და პატივისცემას,
სწორედ ამ შეგრძნებების გამო გავბედე ამ წერილის მოწერაც.
სიამაყის გასაოცარ განცდას ბადებს დედათქვენის, ქალბატონი მარინეს ყოველი გამოჩენა საპროტესტო აქციებზე თუ სხვადასხვა პროევროპულ მედიებში.
მისი სიტყვები სავსეა სიმტკიცით, შემართებით, ღირსებითა და ამ ქვეყნის სრულიად გაცნობიერებული სიყვარულით.
მინდა გადმოქცეთ ის ფიქრები და განცდები, რაც ყოველ ჩვენთაგანს ყოველდღიურად თქვენთან გვაკავშირებს,
ადამიანებთან, რომლებიც მოწყვიტეს თავიანთ ოჯახებს, საყვარელ ადამიანებს, საკუთარ საქმეს.
მძიმე და აუნაზღაურებელია ფასი რომელსაც ქვეყნის სამსახურისთვის იხდით, მაგრამ მაქვს იმედი, ძალიან დიდი იმედი და რწმენა,
რომ სწორედ ამ მსხვრპლზე თქვენ რომ გაიღეთ, ამ მსხვერპლგაღების საფუძველაზე იხარებს ის ნაყოფი, რასაც ჩვენი, როგორც პიროვნული,
ისე მთელი ქვეყნის თავისუფლება და საბოლოო გამარჯვება ჰქვია.
მინდა გისურვოთ პირველყოვლისა ჯანმრთელობა,
სიმტკიცე და შეუპოვრობა ისედაც არ გაკლიათ და ამას თქვენგან ვსავლობთ.
გისურვოთ თქვენი ახლობლების და საყვარელი ადამიანების მტკიცედ, ჯანმრთელად ყოფნა.
თუ კი რითიმე შემიძლია გვერდში დგომა, მთელი გულით გთხოვთ მომწეროთ, ნებისმიერ საკითხზე.
აქვე მინდა გამოგიგზავნოთ ერთი ლექსიც, რომელიც გუშინ დავწერე და რომელიც ეძღვნება თქვენსა და მთელი საქართველოს თანამოსახელეს,
პირველმოსახელეს – წმინდა გიორგის, ამავე დროს ეძღვნება შვენს ბრძოლას თავისუფლებისათვის,
საუკეთესო სურვილებით პირადად თქვენი და ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარი
რატი ამაღლობელი
2 თებერვალი 2026წ.
წმინდა გიორგისადმი
შემოხვალ მხედრული ყალყით და იორღით,
გეშლება ველი და მინდვრები სათიბი,
რა მშვენიერი ხარ წმინდაო გიორგი –
ნატიფი სინათლით გიელავს ქათიბი.
მძიმდება მტევანი, მწიფდება თავთავი,
თავს გიხრის ყოველი შტოსავსე ხეხილი,
მოგდევს უთვალავი მწყურვალი თვალთვალი,
ჩნდები ელვასავით, მოისმი მეხივით.
მოგდევ და მოგძახი, ხმა ვერ დავიოკე,
სისინებს, ყრმებს გესლავს ისევ ის გველივე,
შენს ხალხს და ქვეყანას მოხედე გიორგი,
სული მოუბრუნე და მოათქმევინე.
იმედის ყვავილი ჭკნება უშენობით,
გველს უყვარს უდაბნო, ქვიშა და ხრიოკი,
გრძნობაში შემოდი, ნებაში შემოდი,
სივრცეში ნაბიჯი შემოდგი გიორგი.
განზრახვის მაღლობზე ნავარდით ავარდი,
დალეწე, დახსენი ციხის კლიტეები,
ამხედრდი, შებოჭე ამ ქვეყნის თავადი
დაამხე ახალი დიოკლეტიანე.
ღვთის ნების გარდუვალ ძალით და სიმყარით
ძამო და მეგზურო გიორგი – იყავი.
156 total views, 156 views today


