ხმარებით გაცრეცილი სიტყვები – დათია ბადალაშვილი
ჩემა მეგობარმა მთხოვა წერილი მომეწერა თქვენთვის. ფეხს ვითრევდი, რადგან ამ ქვეყნად არაფერი მძულს ისე, როგორც მუშტების ცემა მკერდზე. თანაც გუშინ 8 მარტი იყო, მესაკუთრე კაცების ბევრი უშნო ხუმრობა მოვისმინე, და ბევრი, ხმარებით გაცრეცილი, ყალბი ქების სიტყვა.
მე რა უნდა გითხრათ თქვენ?! უბრალოდ ავდგები და მოგიყვებით ერთ ადამიანზე რომელიც ძალიან მენატრება და თქვენსავით მაგალითია ჩემთვის.
ის ამბობდა, რომ მოდიოდა და მოსტიროდა წუთისოფელს.
მსოფლიოში ალბათ სულ რამდენიმე პეტრეს ქალაქია, მის სოფელს კი, სადაც გაიზარდა, პეტრებუხი ერქვა. ამ სოფელში სულ რამდენიმე სახლიდან ამოდიოდა ბოლი და ისმოდა ძაღლის ყეფა. სახლები კლდეს იყო მიკრული, კლდის თავზე კი თეთრად შეფეთქილი წმინდა ბარბარეს ბაზილიკა იდგა. სწამდათ, რომ სალოცავი სოფლისა და განსაკუთრებით გოგონების მფარველი იყო.
ყოველ ჩვიდმეტ დეკემბერს იქაური ხალხი ბარბარობას აღნიშნავდა. სალოცავიც მარტო თეთრ მამლებს იწირავდა. გოგონები საყდრის ეზოდან უშვებდნენ მამლებს. ზოგი შვილიანობას სთხოვდა ღმერთს, ზოგი სხვა რამეს. იმ თოვლიან დღეს კი გოგონამ ლამაზი და ჭკვიანი ქმარი ითხოვა. მამალი ფრთებით დაიჭირა და ჰაერში აიქნია. მამალი დაბალ ასიკილის და ტყემლის ბუჩქებს მოერიდა და ცადაქნილ ალვაზე დაჯდა. რამდენიმე ბიჭმა უშედეგოდ სცადა მამლის დაჭერა, შემდეგ კი შურის თვალით უყურებდნენ მეზობელი სოფლიდან მოსულ „კინომეხანიკს“, რომელიც ჯიუტად მისრიალებდა გაყინულ ხეზე. იქიდან კბილებით დაჭერილი მამლითა და ხელებგაყვლეფილი დაბრუნდა. გამარჯვებული მოვალე იყო სალოცავის წინაშე, იქვე მოეხარშა მამალი, არ უნდა შეეწვა არაფრის დიდებით და ხორცი სხვისთვისაც ეწილადებინა.
მარჯვე „კინომეხანიკი“იქაურმა ბიჭებმა იმ საღამოსვე სცემეს, მიხვდნენ, რომ სიმამაცეც დაამტკიცა და ულამაზესი გოგოს გულიც მოიგო. რაც ყველაზე მთავარია, „კინომეხანიკს“ შეეძლო ხალხისთვის ინდური ფილმები ეჩვენებინა სიყვარულზე. შეყვარებული გოგონა ყინულიანი მდინარის წყლით ბანდა სისხლს სახიდან „კინომეხანიკს“. მდინარეზე ყინული კი თვითონვე ჩაამტვრია სისხლიანი, სამსხვერპლო ნაჯახით. შემდეგ კი, როგორც თვითონ ამბობდა – „მეორე დასაწვავ დღეს“ სოფელში გაჰყვა. სადაც ქვედა სართულზე დაიდეს ბინა, ხბოების გვერდით. დედამთილ-მამამთილს რძალი არ მოსწონდათ. დედამთილს უნდოდა უმცროს ვაჟს ცოლი მისი მხრიდან მოეყვანა, უფრო მორჩილი რომ ყოფილიყო. ეს ის დროა, როცა რძალი მოვალე იყო, მამამთლისთვის ფეხები დაებანა ღამით. გაბრაზებული დედამთილი ღამის ქოთანს რძლისა და შვილის კარს წინ ღვრიდა. ამას განსაკუთრებით ზაფხულში აკეთებდა, ფსიტის სუნი უფრო აუტანელი რომ ყოფილიყო. კაცი ცოლს დედამთილ-მამამთილის უპირობო სიყვარულს სთხოვდა, თან ეჭვიანობდა კიდეც. ამიტომაც ამწარებდა. ამის მიუხედავად, ცოლს მისი მოკვლა უფრო შეეძლო, ვიდრე ღალატი.
მემაწვნე იყო, როგორც ყველა ქალი იმ სოფლიდან. პარასკევ დღეს ადუღებულ რძეს გაკრიალებულ მინის ქილებში ასხამდა და თბილი შალით ფუთავდა რომ არ გაციებულიყო და არ გაწყალებულიყო. მე კეწერების მოტანა მევალებოდა, ფიცხი ცეცხლისჭირდებოდა რძის ადუღებას. რძეს კი იმათგან ვყიდულობდით ვისაც საქონელი ბლომად ჰყავდა. რძე ალალი არ იყო, ბებიაჩემი წყალს ამატებდა გასაბევრებლად. მაწვნის ქილებს რუსული წიგნებიდან ამონახევი ფურცლებით თავს კოხტად უკრავდა. შაბათს, დილით, სანამ ცა გამოაშუქებდა, სხვა მემაწვნეებთან ერთად დიდ ქალაქში გასაყიდად მიდიოდა. მე ვდგებოდი და ვაცილებდი. მაღლობიდან ჩანდა, როგორ დადიოდა ავტობუსი ბღუილით ჩქამჩაკრეფილ სოფელში, სხვა ქალებიც რომ ჩაესხა. მე და ბებიაჩემი იმ ჩანთებზე ვისხედი, სადაც რძის ბოთლები ელაგა, მაწვნის ქილებზე არაფრის დიდებით არ შეიძლებოდა დაჯდომა, აინჭყრეოდა და გაწყალდებოდა.
ვლაპარაკობდით იმაზე თუ რას ჩამომიტანდა დიდი ქალაქიდანკიდევ იმაზე, რომ თუ საქონელი ტყეში დამეფანტებოდა, არ შევშინებულიყავი. საღამოს შინ დაბრუნებული ბებიაჩემი იტყოდა შელოცვას, შელოცვა კი მგელს მსუნაგ ყბას შეუკრავდა და ვერაფერს ავნებდა საქონელს.
ჩანთები ქვასავით მძიმე იყო. უსაშველოდ მძიმე. მას კი კორპუსიდან კორპუსში, ბინიდან ბინაში უნდა ეტარებინა გასაყიდად. აღებული ფულით იყიდდა სურსათს სახლისთვის,რვეულებსა და კალმებს ჩემთვის.
მოსაღამოვდებოდა თუვარა, გზისკენ მაწყდებოდა თვალები ლოდინით. როცა მთიდან მომავალი საქონელი გორიდან დაეშვებოდა,მაშინ გადმოდგებოდა ბებიაჩემის ყვითელცხვირა ავტობუსიც. გაჩერდებოდა და გავრბოდი. ბებიაჩემს მძიმე ჩანთების გადმოტანაში რომ მივხმარებოდი. ის ჯერ ტკბილეულსა და რვეულებს მაწვდიდა, იმას, რასაც მე ველოდებოდი. შემდეგ მაწვნის ქილებს ფრთხილად. ჩამოვიდოდა ბოლოს თვითონ, მე კი ამ დროს გულდაგულ ვსინჯავდა ჩანთებს.
იმ წელსაც, როგორც სჩვეოდა, მოუმცდარი ზამთარი მოვიდა. მე დილიდან დაღამებამდე ვსრიალებდა ციგით, გასიპულ თოვლზე.
პარასკევს ქარიც ამოქროლდა და არც დალევია საბერველი. ქალაქში წასვლა საშიში იყო, ქარი მთებიდან თოვლს აკრეფდა და გზაზე მინამქრავდა.
მძღოლს ეშინოდა, მაგრამ ქალებმა დაიჟინეს წასვლა. ეშინოდა ბებიაჩემსაც, მაგრამ წავიდა.
კარგად მოიარა ქალაქი, გაყიდა ყველიცა და მაწონიც და იყიდა ვეფხვებიანი რვეული ჩემთვის. უკან მობრუნებული ავტობუსი, არმისული სოფლამდე, ნამქერში ჩაიჭედა. ქარი ყინულად ნაქცევ ფიფქებს აყრიდა ავტობუსს და მარხავდა. რომ არ გაყინულიყვნენ, სვამდნენ ქმრებისთვის წამოღებულ სპირტს, ქალებიცა და მძღოლიც. ფეხით წამოსვლა არც უფიქრიათ, მათ ცხვირწინ შეჰყმუოდნენ თავიანთ მშიერ მუცლებს მგლები. მათი ერთადერთი საშველი გაზაფხულის მოსვლა და თოვლის წამიერად დადნობა თუ იქნებოდა.
დილით ქარის შიშინში ვერტმფრენის გუგუნი მოესმათ. კარი ვერაფრით გააღეს, ფანჯრიდან გამოძრომაც ერთი შარი იყო, განსაკუთრებით მძღოლის მოსული ცოლისთვის. კარგი დალოცვაც მიიღო ქმრისგან, სალხლში დატეულიყავიო.
ვერტმფრენი, თოვლში ჩარჩენილი მემაწვნეებით, სოფლის სტადიონზე დაჯდა. ბებიაჩემს მორიდებით უკითხავს, იქნებ სახლამდე მიგეყვანეთო, შემდეგ კი უარობდა, არ მითქვამსო.
გავიქეცით მე და მამაჩემი. ბებიაჩემი მიხუტებდა და იცინოდა. ჩემი ერთი ხელი მას ჰქონდა ჩაბღუჯული, მეორე ხელით ვეფხვებიანი რვეული მეჭირა, თოვლს მივკვალავდით. მე მახსოვს როგორი თვალებით მიყურებდა ბებიაჩემი, აი, ისეთი თვალებით, გამოდევნებულ ობოლ ლეკვს რომ გაექცევი და დაემალები…
როცა გავიზარდე, გავიგე როგორ გამოძვრნენ ქალები გამთენიისას მინდორზე ავტობუსის ფანჯრიდან, როცა შველის იმედი საბოლოოდ დაკარგეს და როგორ იცეკვეს, როცა ცა მოკრიალდა, ქარი ჩადგა და კუდი მოასვენა.
რცხვენოდათ და ერთმანეთს უყურებდნენ, თუ რომელი გაბედავდა პირველი ხელის გაშლას… დაიწყო ქალმა, რომელსაც არავინ ელოდა სახლში, გამოცივებული ღუმლისა და კატის გარდა. აჰყვნენ დანარჩენებიც. მათმა, სიმძიმეს მიჩვეულმა ხელებმა, იუცხოვეს სიმსუბუქე და ვერ შეიშნოვეს…
უწადინოდ ცეკვავდნენ, სახლში, ყინვისგან მოჭიქულ ფანჯარაზე, ცხვირებით მიკრულ შვილებზე და შვილიშვილებზე ეფიქრებოდათ, სანამ ისინი მშივრები იყვნენ, მათ მხოლოდ თავჩახრილი შრომის უფლება ჰქონდათ, მეტი არაფრის. არადა, რა კარგი იქნებოდა, ისე ეცეკვათ, როგორც გოგოობისას დღეობებზე ცეკვავდნენ, როცა თავიანთ ახლანდელ ქმრებს აწონებდნენ თავს. ახლა ის ქმრები მიწაში ცქერისგან მიწას დამსგავსებოდნენ…
შორს, გუბურის პირას, ხელაპყრობილ შიშველ მლოცველებს ჰგავდნენ ვერხვები. თითქოს უხაროდათ, მემაწვნე ქალები რომ ცეკვავდნენ.
ზარივით ისმოდა მინდორში მათი გაყინული ტოტების ტკაცატკუცი.
როცა ვიღლები ყველაფრით, როცა წკიპზე ვარ რომ, ბრძოლის ძაფს ხელი გავუშვა, თქვენზე და ბებიაჩემზე ვფიქრობ. თქვენ თუ გიჭირდათ და შეძელით, მეც უნდა შევძლო.
ხოდა ვიბრძოლებ თქვენს გამოც, სანამ ცოცხალი ვარ. მაშინაც კი როცა ბრძოლა დაგვიანებული და უიმედო იქნება.
245 total views, 245 views today


