fbpx

ძაფების დიალექტიკა – ქალი და ქსოვა


გააზიარე სტატია

ავტორი: ანი თენიეშვილი


წარმოიდგინეთ მე-19 საუკუნის მისაღები ოთახი: მზის შუქი, ჩაის ჭიქების წკრიალი და ქალები, რომლებიც თავდახრილნი მდუმარედ ქსოვენ. მაშინდელი თვალისთვის ეს სცენა იდილიური იყო – სიმშვიდის, შინაური გარემოს, მყუდროებისა და იმ „სწორი“ ქალურობის სიმბოლო, რომელიც საზოგადოებას ასე მოსწონდა. ხელში ნემსის ჭერა და ძაფის ლაბირინთებში ჩაკარგვა ერთგვარ სოციალურ ნიღაბს ჰგავდა; სანამ თითები დაკავებული იყო, ქალი „უსაფრთხო“ ჩანდა. ხელოვნების ისტორიკოსებიც კი ამ საქმიანობას მხოლოდ „სასარგებლო ხელსაქმედ“ მიიჩნევდნენ, რაღაცად, რაც კეთდებოდა სახლში, სიყვარულით, მაგრამ არასდროს აღიარებისთვის. ფერწერა და სკულპტურა კაცების საქმე იყო, ქარგვა კი – შინაური მორჩილების რიტუალი.

თუმცა, ამ თავდახრილი მზერის მიღმა რაღაც სხვა იმალება. როგორც მწერალი კოლეტი აღნიშნავდა თავის ქალიშვილზე დაკვირვებისას: „ის დუმს, როცა კერავს… და ის ფიქრობს“. სწორედ ეს ფიქრი გახდა საფუძველი იმ დიდი გარდაქმნისა, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დაიწყო. ავანგარდის ეპოქაში ქალებმა ნემსი და ძაფი საავტორო იარაღად აქციეს. სონია დელონემ ქსოვილი აბსტრაქტულ ტილოდ გარდაქმნა, რომელიც ბალეტის მოცეკვავეების სხეულზე ცოცხლდებოდა, ხოლო „ბაუჰაუსის“ ლეგენდარულმა ქალებმა – გუნტა შტოლცლმა, ოტი ბერგერმა და ენი ალბერსმა – დაამტკიცეს, რომ დაზგაზე ნაქსოვი ნამუშევარი თავისი ინტელექტუალური დატვირთვით არაფრით ჩამოუვარდებოდა ზეთით შესრულებულ პორტრეტს. მათთვის ტექსტილი გახდა შეხებისა და ხედვის ინტერფეისი.

1960-იანი წლებიდან ეს პროცესი კიდევ უფრო თამამი გახდა. მაგდალენა აბაკანოვიჩმა ტექსტილს ყველაზე მთავარი – კედლიდან მოწყვეტის თავისუფლება აჩუქა. მისმა მონუმენტურმა, უზარმაზარმა სკულპტურებმა, რომლებსაც „აბაკანებს“ ეძახდა, ადამიანის სხეულის სიმყიფე და ომის შემდგომი ტრავმა სრულიად ახლებურად დაანახა მაყურებელს. ძაფი – მის ხელში ნაზი საგანი –  გახდა მყარი, ძლიერი, რომელიც შეიჭრა მეხსიერებაში, რბილსა და ხორცში.

პარალელურად, ეთელ ადნანი ფერებისა და ძაფების მეშვეობით ეძებდა გზას, როგორ გადმოეცა ის, რაც სიტყვებით არ ითქმებოდა. ზოგიერთი ხელოვანი ამ მედიუმს ყველაზე პირადული ისტორიების სათქმელად იყენებდა. მაგალითად, ბუთინა აბუ მილჰემი თავის ნამუშევრებში ბებიის ძველი კაბების ფრაგმენტებს აქსოვდა. მისთვის ეს დეკორაციის ნაცვლად, იყო ერთგვარი კულტურული დოკუმენტაცია, სადაც ნემსი და ძაფი ფუნჯის როლს ასრულებდა. მან აჩვენა, რომ ქარგვა შეიძლება იყოს კულტურული გადარჩენის გზა, სადაც ყოველი ნაკერი წინაპრების ხმას ინახავს.

დღეს, როდესაც ნტომბეფი ნტობელა, მარი უოტი ან იი ი-ლანი ტექსტილზე მუშაობენ, ისინი არ ცდილობენ ვინმეს რამე დაუმტკიცონ. ისინი უბრალოდ აგრძელებენ იმ უწყვეტ ხაზს, რომელიც ოდესღაც მისაღებ ოთახებში ჩუმად დაიწყო, თუმცა თითოეულ მათგანს ეს ენა სრულიად განსხვავებულ სიმაღლეზე აჰყავს. სამხრეთაფრიკელი ხელოვანი ნტომბეფი ნტობელა მძივებით ქარგვის უძველეს ტრადიციას იყენებს. მის ნამუშევრებში მძივები არა მხოლოდ სამკაულია, ისინი იქცევიან მედიუმად, რომელიც კულტურულ მეხსიერებასა და სულიერებას გადმოსცემს. ნტობელა აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ათასობით მცირე დეტალს შექმნას ერთიანი ტილო, რომელიც წარსულისა და აწმყოს კავშირზე მოგვითხრობს.

მარი უოტი, რომელიც ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის შთამომავალია, თავის შემოქმედებაში ხშირად იყენებს ჩვეულებრივ შალის საბნებს. საბანი მისთვის არის ობიექტი, რომელიც ადამიანის ცხოვრების ყველა ეტაპს ახლავს: დაბადებას, ძილს და სიკვდილს. უოტი ამ საბნებს ერთმანეთზე აგროვებს, ჭრის ან ქარგავს მათზე, რითაც ქმნის კოლექტიური მეხსიერების სიმბოლოებს. მის ხელში ტექსტილი სოციალური კავშირებისა და სათემო ისტორიების მატარებელი ხდება. 

მალაიზიელი არტისტი იი ი-ლანი კი ტექსტილის მეშვეობით ძალაუფლებისა და კოლონიური ისტორიის საკითხებს იკვლევს. ის ხშირად იყენებს ტრადიციულ დაწნულ ჭილოფებს, რომლებიც მალაიზიის კულტურაში ყოველდღიური ყოფის განუყოფელი ნაწილია. ი-ლანის ხელში ეს ობიექტი სცილდება თავის პირველად დანიშნულებას და იქცევა პლატფორმად, სადაც იკვეთება პოლიტიკა, გეოგრაფია და ქალის პირადი გამოცდილება.

მათ შემოქმედებაში საბოლოოდ ქრება ზღვარი „მაღალ ხელოვნებასა“ და „ეთნოლოგიურ ობიექტს“ შორის. ის, რაც ოდესღაც ქალის საოჯახო მოვალეობად მიიჩნეოდა, დღეს თანამედროვე ხელოვნების ყველაზე ცოცხალი და ტაქტილური ენაა. ეს არის ისტორია, რომელიც არასდროს დასრულებულა, ის უბრალოდ სხვადასხვა ფერისა და ფაქტურის ძაფებით იწერება, ყოველ ჯერზე უფრო ხმამაღლა, უფრო მკაფიოდ და უფრო თავისუფლად.

 

14 total views, 14 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.