fbpx

წერილი რუსული რეჟიმის ტყვეებს!.. – ბექა ქურხული


გააზიარე სტატია

ქუჩას, ამბოხებასა და ბრძოლას გაცილებით მეტი საერთო აქვს ლიტერატურასა და ხელოვნებასთან, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს…
არ არის შემთხვევითი, რომ მსოფლიო ლიტერატურის პირველი შედევრები – „გილგამეშიანი“ და ჰომეროსის „ილიადა და ოდისეა“ ბრძოლასა და ომზეა!..

კი, როგორ არა, მორჩილ, წყნარ და სახლში გამოკეტილ გენიოსებსაც შეუქმნიათ დიადი და უკვდავი ნაწარმოებები. ნაირგვარი ჩათლახი პოლიტიკოსების შეკვეთითაც შექმნილა ღვთაებრივი ძეგლები, მაგრამ მაინც აჯანყებული და ქვისკენ ან სატევრისკენ ხელწაწვდილი, ბრძოლის მტვერწაყრილი, დასისხლიანებული და ჩამოფლეთილი პოეტი მირჩევნია, მბრძანებლის წინაშე, ჯილდოს მოლოდინში, გაფაქიზებული და განსპეტაკებული სამოსით მორჩილად მდგარ პოეტს…

არც ის არის შემთხვევითი, რომ ესქილე სიკვდილის წინ იმას კი არ მოითხოვდა ეპიტაფიად – „შვიდნი თებეს წინააღმდეგ“ ავტორი და დრამატურგთა შორის უპირველესი რომ ვარ, ის დამაწერეთო!..
არა!..

ჩემი საფლავის ქვაზე ის ამბავი ამოკვეთეთ, თერმოპილეს ბრძოლაში რომ ვმონაწილეობდი და „გრძელთმიან სპარსელებს“ სამუდამოდ დავამახსოვრე თავი, რა ბიჭიც ვიყავიო…
შესაბამისად, არც სხვადასხვა ჯურის ნაბოზვარი ტირანების, ჭკუიდან შეშლილი დესპოტებისა და დაკომპლექსებული მედროვეების მიერ გამეტებული, დილეგში ჩაგდებული თუ სასიკვდილოდ განწირული ხელოვანები არ აკლდნენ ჩვენი ბედკრული და ცოდვიანი პლანეტის ისტორიას…

სწორედ ამგვარმა – „სახელმწიფოს მამებმა“ და „ქველმოქმედებმა“ დაალევინეს საწამლავი სოკრატეს, თვითმკვლელობამდე მიიყვანეს ციცერონი, უსაფლავოდ გადააგეს შოთა რუსთაველი, დილეგში გამოამწყვდიეს მიგელ დე სერვანტესი, უკვალოდ გააქრეს ხესუს გალინდეს სუარესი, დახვრიტეს მიხეილ ჯავახიშვილი და ტიციან ტაბიძე, თავის ქალა ახადეს პაოლო იაშვილს, საშინელი წამებით მოკლეს რეჟისორი სანდრო ახმეტელი და დირიჟორი ევგენი მიქელაძე, ტყვია დაახალეს შუბლში ილია ჭავჭავაძეს, საგიჟეთში გამოამწყვდიეს ალექსანდრე ყაზბეგი, ჭკუიდან შეშალეს ტერენტი გრანელი, საავადმყოფოს ფანჯრიდან გადმოაფრინეს გალაკტიონ ტაბიძე!..

და ეს სია უსასრულოა – პოლიტიკოსებად წოდებული, ცვედანი სატრაპების მიერ დაპატიმრებული და დახვრეტილი პოეტების, მწერლების, არტისტების, რეჟისორების, ფილოსოფოსების, ჟურნალისტების, მსახიობების, სტუდენტების, პროფესორების, ექიმების, სასულიერო პირების სია!..

თუმცა მადლობა ღმერთს, ისეთი შემოქმედები და ხელოვანებიც ახსოვს კაცობრიობას, რომლებსაც სულ არ ეხალისებოდათ უმწეო მსხვერპლისა და ზვარაკის როლში ყოფნა და არა მარტო ძალიან მაგრად წერდნენ, ხოშანიადაც ირტყმევინებოდნენ, სიტყვის შემობრუნებაც იცოდნენ, ხელისაც, რევოლვერსაც გააძრობდნენ და დანასაც საკაიფოდ ჩახსნიდნენ ხოლმე, საქმეს როცა გაუჭირებდნენ!..

ესქილე და სერვანტესი, თერმოპილეს და ლეპანტოს ომის გმირები, დავით გურამიშვილი, სეხნია ჩხეიძე, ლორდი ბაირონი… აქეთაც, ჩვენს დროში, მე-20 საუკუნეში, კაი გემრიელად დაუშვა ახალგაზრდა, 27 წლის ნიკარაგუელმა პოეტმა რიგობერტო ლოპეს პერესმა „სმით და ვესონის“ ფირმის რევოლვერიდან მის სამშობლოზე წამომჯდარ დიქტატორ ანასტასიო სომოსას 7 ტყვია და რადგან მაინც პოეტი იყო, ასე, ახლოდან, ლამის მიჯრით ნასროლიდან, 3 ააცილა და მხოლოდ 4 მოარტყა, მაგრამ ეგ ოთხი ტყვიაც საკმარისი აღმოჩნდა, რომ კოხტად გაეფშეკინებინა ფეხები მაგ დიქტატორი სომოსასთვის, ვისაც ლუკმა პური ენანებოდა თავის მოსახლეობისთვის და მილიარდები ემეტებოდა საკუთარი ბითური თავისათვის… აგერ, ნიგერიელი მწერალი უოლე შოიინკა, რომელიც ნიგერიის სახელმწიფო ტელევიზიაში შევარდა სასროლით და ზუსტად დათა თუთაშხიასავით შესძახა:

„შეხედეთ, ნიგერიელებო, რა დღეში ხართ და რას დაგამსგავსათ ამ ბოლო კახპის გაგდებულმა დიქტატორმა სანი აბაჩამო!..“

და მერე უკვე სიკვდილმისჯილი, მოტოციკლეტით გაექცა ქვეყნიდან მაგ გოიმს…
ამაზე ის ნაბიჭვარი სანი აბაჩა ისე გამწარდა, სიმსივნე შეეყარა და ჩაძაღლდა!.. ჩვენებიდან, მაგარი პოეტი მიხა ხელაშვილი, პოლკოვნიკ ქაიხოსრო ჩოლოყაშვილთან ერთად ტყეში გავარდნილი, კარაბინით ხელში, ცოტა აქეთ გურამ რჩეულიშვილი და ვაჟა გიგაშვილი, რომლებმაც 1956 წელს, მას შემდეგ რაც ბოზიშვილმა რუსებმა კიდევ ერთხელ დაგვხვრიტეს, დღისით, მზისით, ლენინის ძეგლს თოფი დაახალეს… და 10 წლით გაციმბირებული მერაბ კოსტავა…

თუმცა ეს ხალხი დამპყრობლების, უღმერთო საბჭოთა რუსეთის პატიმრები და მსხვერპლნი იყვნენ, ახლა კი „საკუთარმა“, თუმცა რეალურად ისევ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის სატრაპებმა გაგვიბედეს, გვაკადრეს და ჩვენ თვალწინ დაიჭირეს პოეტი ზვიად რატიანი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, ზვიად ცეცხლაძე, ელენე ხოშტარია, ბაჩო კუცია… რავი… ვინ აღარ…

ექიმები, ლექტორები, სტუდენტები, პროფესორები, მეომრები, მწერლები, მსახიობები, რეჟისორები…

მზია, ზვიად, ანა, ანდრო, რეზო, ნუცა, თორნიკე, მეორე ზვიად, მათე, მინდია, ბაჩო, თორნიკე, ლიაკა… ყველას, ვისაც გიცნობთ ან არ გიცნობთ, ყველას მოგმართავთ:
ზუსტად ვიცი, რასაც განიცდით ახლა, რასაც განიცდიან თქვენი ოჯახის წევრები და ახლობლები და ისიც ვიცი, რომ ახლა ყოველგვარი პათეტიკა, ყალბი ჰეროიზმი და ლირიკა სრულიად ზედმეტი და უადგილოა!..

რომ ყოველგვარ – თქვენ გმირები ხართ ძახილს, ერთი ღამის მშობლიურ სახლში, საკუთარ საწოლში გათევა, ოჯახის წევრებთან ერთად ჩაის დალევა გირჩევნიათ ან, ბოლოს და ბოლოს, ნორმალურად შხაპის მიღება და სწორედ ამიტომაც ხართ გმირები, რომ ჩვეულებრივი ადამიანები ხართ, რომლებსაც უბრალოდ სხვანაირად ცხოვრება, მოქცევა და სიცოცხლე არ შეუძლიათ!
უბრალოდ!
არ შეგიძლიათ…

ადამიანებს, ჩვეულებრივ, მეტ-ნაკლებად ჯანსაღ ადამიანებს, არ შეუძლიათ თავისუფლების გარეშე ცხოვრება, არ შეუძლიათ, ვიღაც ბინძური, შიზოფრენიკი ბიძინა ივანიშვილის ტირანიის პირობებში ცხოვრება, ნორმალურ ადამიანებს გააჩნიათ ღირსების გრძნობა და ჯანსაღი ფსიქიკა, რაც პირდაპირ, ინსტინქტის დონეზე გვიკრძალავს ფიზიკურ და სულიერ სიმახინჯესთან, ბოროტებასთან, უსამართლობასთან, ტირანიასთან, ძალმომრეობასთან შეგუებას და თანაარსებობას…

მახსოვს, ჩემს ბავშვობაში, როდესაც თავგადასავლების საძიებლად საბურთალოს და ბახტრიონის ეზოებში დავძვრებოდით და სიყვარულს, ძმაკაცობას და ერთგულებას ვსწავლობდით და არა ბოზობას, „ნასედკობას“ და „ტიტუშკობას“ უფროსი ბიჭებისაგან, ნაირგვარი ძველებური ქუჩური სენტენციები შემოგვრჩა… ბევრი მათგანი ახლა ცოტა მაზალოდაც მეჩვენება, მაგრამ ერთი მათგანი კი სამუდამოდ დამამახსოვრდა, მითუმეტეს, რომ ამ „ბარიგების“ „მთავრობის“ – „ერთმორწმუნეების ენაზე“ იყო და ასე ჟღერდა:
„ლიუდსკომუ ჟიც ვეჩნა!.. მენტოვსკომუ ბესპრეძელუ გასნუც…“

ვისაც ახსოვს, გაიგებს, ვისაც არა, ესე იგი, თავისუფალ საქართველოში დაიბადა და რუსული აღარ იცის და ძალიანაც კარგი – მთავარია ქართული იციან, ჩვენს დედაენას საფრთხე აღარ ემუქრება, უცხო ენა კი… გაცილებით უკეთესი, საინტერესო და ღრმა ენებიც არსებობს, ვიდრე რუსულია – ესპანური, ბერძნული, ფრანგული, იტალიური, ინგლისური, იაპონური, უკრაინული, სომხური, ივრითი და რავი… რამდენიც გინდა, ლიეტუვური ან პორტუგალიური აგერ…

ხოდა ისე წავიდა ჩვენი საქმე, მზია, ზვიად, ლიაკა, ანდრო, ანა, რეზო, თორნიკე, ნუცა, მეორე ზვიად, მათე და ყველას, ვისი სახელებიც არ ვიცი და პირადად არ გიცნობთ, ჩემი და ჩვენი ქვეყნის – საქართველოს საქმე ისე წავიდა, ან ჩვენს ქვეყანასთან ერთად უნდა დავეხსნათ ტყვეობიდან, ამ გიენების „მენტოვსკი ბესპრეძელს“, ან ჯვარი გვწერია და ჩვენ, ყველანი, ჩვენი საქართველოიანად, თქვენთან ერთად, კვლავ რუსული მონსტრის ტყვეობაში აღმოვჩნდებით, რომლებსაც უკვე 225 წელია ვებრძვით და თითქოს კიდევაც დავაღწიეთ თავი რამდენჯერმე, მაგრამ ბოლოს მაინც გამოგვკრავს ხოლმე თავის სისხლიან და შხამიან… კლანჭს არა, კლანჭი სადა აქვთ, მაგ ბოზიშვილებს, უფრო საცეცებს და სულ ერთიანად გვიწამლავენ, წარსულს აწმყოსა და მომავალს, გვართმევენ ინდივიდუალობას, რითაც ასე გამოვირჩევით ქართველები და ზოგადად კავკასიელები – თავისუფალ ნებას, უფლებას, ის ენა ვისწავლოთ, რომელიც გვინდა, გავაკეთოთ ის, რაც გვინდა, ან იმის უფლებას – არაფერიც არ ვისწავლოთ და გავაკეთოთ, ჩვენთვის ჩამოვდგეთ რუსთაველზე, ლაღიძის წყლებთან… ლამაზად…

ჩვენ უკან დასახევი აღარ დაგვრჩა, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გვაქვს. ლიაკა, მზია, ზვიად, რეზო, ანდრო, მათე, ნინო, ბაჩო, ნუცა, თორნიკე, ანა, მეორე ზვიად და ყველას, ვისი სახელებიც არ ვიცი და პირადად არ გიცნობთ, ჩვენ ამ ბოლო ჟამის ბრძოლაში თუ დავმარცხდით, სულ ერთიანად დავკარგავთ ყველაფერს, დაგკარგავთ თქვენ – ჩვენს სისხლს და ხორცს, დავკარგავთ საქართველოს, საბოლოოდ დავკარგავთ ნახანძრალ აფხაზეთსა და ცხინვალს, დავკარგავთ წინაპრების საფლავებს, მშობლებს, შთამომავლობას!..
დავკარგავთ საკუთარ თავს სულით ხორცამდე!..

ამიტომ ჩვენ გამეტებული ვართ, სრული და უპირობო გამარჯვებისათვის!

თქვენი, სამშობლოს გამარჯვებისთვის, რომელსაც ასე სრულად განასახიერებთ დღეს, წინაპრებისა და ჩვენი შვილების, საკუთარი თავისა და სულიერების ერთიანად გასამარჯვებლად და გასათავისუფლებლად, იმ უწყვეტი დიდი და დაუსრულებელი გზის გასაგრძელებლად, რომელსაც თავისუფალი, დამოუკიდებელი, ერთიანი საქართველო გადის ამდენი საუკუნეა და ვერაფრით დავუშვებთ, რომ ეს გზა ჩვენს ხელში შეწყდეს – „დაღათუ იყოს სიკუდილი!..“

დიდება საქართველოს!..
სიკვდილი რუსეთის იმპერიას!..
დამხობა ბინძურ, მოღალატეობრივ, უჯიშო და მახინჯ რეჟიმს!..
ცეცხლი, დედის ხვნა და მამის შიმშილი ოლიგარქიას!..
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!..
ბოლომდე!..
ავჯანყდით!..

ბექა ქურხული, 2026 წელი
16 იანვარი

157 total views, 157 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.