fbpx

არქიეპისკოპოს სარა მალალის მიერ წარმოთქმული ქადაგება მის აღსაყდრებაზე კენტერბერიის კათედრალში


გააზიარე სტატია

25 მარტი, 2026

თარგმნა: თომა ლიპარტიანმა

 

რადგან ღმერთისთვის არაფერია შეუძლებელი, დაე, ვილაპარაკო სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ამენ.

დღეს თქვენთან ერთად ყოფნა ჩემთვის დიდი სიხარულია. გასული კვირის განმავლობაში უძველესი მომლოცველთა გზა გამოვიარე, ლონდონის წმ. პავლეს კათედრალიდან კენტერბერიის კათედრალამდე. თითოეულ დღეს სხვადასხვა ასაკის ადამიანებთან შეხვედრის წყალობით, ჩემმა გულმა და სულმა განუზომლად გაიხარა, თუმცა ჩემი მტკივანი ფეხები და კიდურები სხვა ამბავს ჰყვებიან.

სიარულის პროცესში გავაცნობიერე, რომ ვმოგზაურობდი პიროვნულ დონეზეც (ვინაიდან ჩემმა მსახურებამ ლონდონის ეპისკოპოსობიდან კენტერბერიის არქიეპისკოპოსობაზე გადაინაცვლა), თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია, რომ ვიმოგზაურე სხვებთან ერთად და წინაპართა კვალდაკვალ. ჩემმა წინამორბედმა, კენტერბერიის არქიეპისკოპოსმა თომას ბეკეტმა, მომლოცველობის ეს გზა 850 წელზე მეტი ხნის წინ გაიარა.

დღეს ვფიქრობ იმ ათასობით უსახელო ქრისტიანზე, რომელნიც მას შემდეგ ამ ბილიკებზე მიაბიჯებდნენ, არამარტო ამ უძველეს მიწაზე, არამედ მთელ მსოფლიოში. ადამიანები ყოველდღე მიაბიჯებენ რწმენის მომლოცველთა ბილიკებზე.

რა თქმა უნდა, ბილიკზე სიარულის დროსაც კი შეიძლება, გზა უცნობი იყოს. ყოველთვის გასაგები არ არის, სად მიგვიყვანს იგი, მაგრამ შეგვიძლია, ვენდოთ ღვთის ხელს, რომელიც მიგვიძღვის, და ვენდოთ ღვთის დაპირებებს. ლოცვებში, რომლებიც არქიეპისკოპოსის სკოლის მოსწავლე კაპელანებმა ჩემი მომლოცველობისათვის დაწერეს აქ, კენტერბერიაში, ისინი ლოცულობდნენ, რომ ღმერთმა განგვამტკიცოს რწმენაში, მოგვანიჭოს ქრისტეს მსგავსი გული: სათნო, მდაბალი და ჭეშმარიტების ერთგული, რათა სიხარულით გავავრცელოთ სახარება.

შესანიშნავია, არა? ეს შეგვახსენებს, რომ ჩვენ ყველას შეგვიძლია ახალგაზრდების რწმენისგან ბევრი ვისწავლოთ.

მარიამისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, ამ მოსწავლე კაპელანების ასაკის იყო,  ღვთისგან მოხმობა, რომ დანდობოდა მის დაპირებას, ნიშნავდა მომავლისადმი ნდობას, რომელსაც ის ჯერ ვერ ხედავდა, მომავლისა, რომლის წარმოდგენასაც ვერასდროს შეძლებდა. მარიამი მოხმობილ იქნა, რათა დანდობოდა ღმერთს და დანდობოდა ანგელოზის დამარწმუნებელ სიტყვას: „რადგან ღმერთისთვის არაფერია შეუძლებელი.”

ეს მეც მეხმიანება. როცა ჩემს განვლილ ცხოვრებას თვალს გადავავლებ და ვუყურებ მოზარდ სარას, რომელიც ღმერთს დაენდო და გადაწყვიტა, გაჰყოლოდა იესოს, მაშინ ვერ წარმომედგინა, რა მომავალი მელოდა წინ, და, რასაკვირველია, არ წარმომედგინა ის მსახურება, რომლისთვისაც ახლა ვარ მოწოდებული. მარიამი მორწმუნის კვალს გაჰყვა. მისი ამბავი ეხმიანება წმინდა წერილში მოცემულ ისეთ ქალთა მშვენიერ ამბებს, როგორიც ანა წინასწარმეტყველია. მარიამი ღვთის მომავალზე ამყარებდა იმედს. მიენდო, რომ ღმერთი იყო მასთან და მარიამის მეშვეობით ღმერთმა შექმნა ახალი!

ვუახლოვდებით რა ვნების კვირასა და აღდგომას, ვიგებთ, რომ მარიამის მოგზაურობა არ იყო მარტივი, ის წარმოუდგენელ სირთულეებს შეეჯახა. ჭმუნვისა და ტკივილის მახვილმა გაიარა მარიამის სულში, ისე, როგორც სვიმეონმა იწინასწარმეტყველა, ყველაზე მეტად –  ჯვარცმისას, თუმცაღა ეს აღდგომის სასოებად და სიხარულად გარდაისახა.

მაგრამ ამ მომენტში, ანგელოზთან შეხვედრისას, სანამ ეს ამბავი გამჟღავნდება, მარიამი ხმობილია, რათა გახსნას გული, გაიღოს საკუთარი თავი და თქვას: „აჰა, აქა ვარ,“ და დაენდოს ანგელოზის სიტყვებს, რომ „ღმერთისათვის არაფერია შეუძლებელი.”

ჩვენი ანგლიკანი ძმებიდან და დებიდან ზოგმა ვერ შეძლო დღეს ჩვენთან ერთად ყოფნა, ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომის გამო. განუწყვეტლივ ვლოცულობთ მათთვის, ასევე – ყველასთვის, ვინც მსოფლიოს ომით გაპარტახებულ ადგილებშია: უკრაინაში, სუდანში და მიანმარში, რათა განიცადონ ღვთის მათთან მყოფობა, როცა ჩვენ მშვიდობის დამყარებისათვის ვლოცულობთ.

კონფლიქტებით, ტანჯვითა და განხეთქილებით გახლეჩილ სამყაროში ჩვენ ასევე გვმართებს, ვაღიაროთ ის ტკივილი, რომელიც გაცილებით ახლოსაა ჩვენთან. არ შეგვიძლია, უგულებელვყოთ ან დავამცროთ მათი ტანჯვა, ვინც დაზიანდა ჩვენი ქრისტიანული ეკლესიებისა და თემების წევრთა ქმედებებით, უმოქმედობითა და მარცხით. დღეს და ყოველდღე, მსხვერპლებსა და გადარჩენილებს ვატარებთ ჩვენს გულებსა და ლოცვებში, და ჩვენ ვალდებულნი ვართ, დავრჩეთ ჭეშმარიტების, თანაგრძნობის, სამართლიანობისა და ქმედითობის მიმართ ერთგულნი.

როგორც ეკლესია, ჩვენ მომლოცველი ხალხი ვართ, და, მსგავსად მარიამისა, მოწოდებულნი ვართ, ვირწმუნოთ, რომ ღმერთისთვის შეუძლებელი არაფერია მაშინაც კი, როცა სამყაროში ამდენ რამეს ვხედავთ, რაც სასოებას შეუძლებლად გვაჩვენებს. მაგრამ გვაქვს სასოება, რადგან ამ მოგზაურობას ღმერთთან ერთად გავდივართ. ამ მოწოდების სიმძიმეს საკუთარი ძალით არ ვტვირთულობთ, არამედ მხოლოდ ღვთის მადლითა და ძალით. ჩვენ ღმერთთან ერთად მივდივართ, რწმენით, რომ ღმერთი მოდის ჩვენთან ერთად, მას მივენდობით ყოველ გარემოებაში. ჭმუნვასა და გამოწვევებში, ისევე, როგორც სიხარულსა და ნეტარებაში, ჩვენ მარტონი როდი მივდივართ.

არსებობს იმედი, რადგან ხმობილნი ვართ, მივენდოთ, რომ ღმერთი შექმნის ახალს.

მარიამსა და მთავარანგელოზ გაბრიელს შორის შეხვედრის მომენტი გვაუწყებს განკაცების საიდუმლოს, გარდამტეხ მომენტს, რომელიც გამოავლენს, რომ ღმერთი ჩვენთან არს – ემანუელს.

განკაცებაში ვხედავთ ღმერთს, რომელიც ერთ-ერთი ჩვენგანი ხდება და მაძლევს ასეთ იმედს ეკლესიის მიმართ. ეკლესიის ჩვეულებრივ და არაჩვეულებრივ ცხოვრებაში ვხედავთ ღმერთის მოქმედ ხელს, ეკლესია მკლავებს დაიკაპიწებს და იმ საქმეში ერთვება, რომელშიც ღმერთი უკვე საქმიანობს, ადგილობრივ და გლობალურ დონეზე. ეკლესია თავისი ხალხის ჩვეულებრივი ცხოვრების მეშვეობით, განაგრძობს, აღასრულოს სიყვარულის მრავალი, განსაკუთრებული აქტი; ღვთის ხალხისა, რომელიც სასმენლად მომზადებულ ყურს, გამამხნევებელ სიტყვას ან მკურნალ ლოცვას სთავაზობს; რომელიც საკვებს, თავშესაფარს, საყუდარსა და გულთბილ მიღებას მიმადლებს იმ სამყაროში,  ხშირად ჩვენს დაყოფას რომ ესწრაფვის. ეკლესია იძლევა მაგიდას, რომელსაც შემოვუსხდებით, საუბრებს, რომლებშიც ვმონაწილეობთ, და უბრალო, მოსიყვარულე მყოფობას, მსგავსად მიწის მარილისა, მთაზე მოკაშკაშე ნათელისა, სასუფევლის განძისა; ეკლესია მთელი ერისა და ქვეყნიერებისთვის, ეკლესია, რომელიც ეძებს  გზებს, რათა ყველა სარწმუნოების და სარწმუნოების გარეშე მყოფი ადამიანები გააერთიანოს მსახურების ქმედებებში, რომლებიც გარდაქმნის; ეკლესია, რომელიც ანგლიკანურ თანაზიარებაში მყოფი ჩვენი და ეკლესიებითურთ მთელ მსოფლიოშია განვრცობილი, როგორც ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის ნაწილი, ქრისტეს სიყვარულის ხორცშესხმისთვის.

ღმერთი მოქმედებს სახარების კეთილ უწყებაში და იმ ჩვეულებრივ ადამიანთა გულებსა და ცხოვრებაში, რომლებსაც, მსგავსად მარიამისა, აქვთ გამბედაობა, სწამდეთ, რომ ღმერთთან ერთად გასაოცარ საქმეთა გაკეთება ძალგვიძს.

ჩემს შემთხვევაში, ღმერთის მიმართ ეს ნდობა და სასოება მაშინ დაიწყო, როცა ჩემი ცხოვრება იესოს მივუძღვენი; და ჩემი ამ მომლოცველობის გზის ყოველ ნაბიჯზე ის იყო ჩემთან და მე მწამს, ის ახლაც ჩემთან ერთად მიუყვება ამ გზას.

შეიძლება, როცა ახლა მისმენთ, საკუთარ მოგზაურობაზე ფიქრობთ. შეიძლება, ის მარტივია, შეიძლება – რთულიც. იმის ცოდნა, რომ ღმერთი ჩვენთან ერთად არის ამ მოგზაურობაში, დიდ ცვლილებას ახდენს. გირჩევთ, მიაკითხეთ ეკლესიას ან საკაპელანოს ჩუმი ლოცვისთვის ან სასაუბროდ. თუკი საუბარი გსურთ, მოგისმენენ; და შენ შეგიძლია, ღვთის მოხმობას უპასუხო, მარიამის მსგავსად, მარტივი სიტყვებით: „აჰა, აქა ვარ.“

დღეს, როცა კენტერბერიის არქიეპისკოპოსად მსახურებას ვიწყებ, კვლავ ვეუბნები ღმერთს: აჰა, აქა ვარ. დაე, გვქონდეს გამბედაობა, ვირწმუნოთ აღთქმები ღვთისა, რომლისთვისაც არაფერია შეუძლებელი.

ამენ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.