fbpx

აპოლიტიკური “ედიკ პერტია”, ანუ არავინ


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინო ამონაშვილი

 

 “სახელოვნებო განათლება ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია – ერთად უნდა ვიმსჯელოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში კიდევ ერთი ახალი გვერდი დაიწეროს, შეიქმნენ ის ახალგაზრდები, რომლებიც, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის ბიოგრაფიის შემქმნელები არიან, მაგრამ ასევე არიან ის ღირსეული ადამიანები, რომლებიც თუნდაც სცენას პოლიტიკურ ინსტრუმენტად არ გამოიყენებენ და ხელოვნებას შესაბამისს პატივისცემას და იმ ღირსებას მისცემენ, რომლითაც ჩვენი ქვეყანა დღევანდლამდე მოვიდა.“ – ეს მარიამ ლაშხის განცხადებაა, რომელიც კულტურის კომიტეტის სხდომაზე გააჟღერა. ჩემთვის ეს სიტყვები ირონიის საგანია, სხვებისთვის აღშფოთების, ხოლო გარკვეული ჯგუფისთვის მისაღებიც კია. თუმცა, საბოლოო ჯამში, განცხადება აშკარად აცდენილია თანამედროვე ცივილიზაციის განვითარების ტემპსა და ბუნებას. ის ვერ ასახავს სახელოვნებო სივრცეში არსებულ რეალობას და უფრო იმ მსოფლხედვას გამოხატავს, რომელიც ავტორიტარულ გარემოში ყალიბდება.

ლაშხის ეს პოზიცია კიდევ ერთ მაგალითს წარმოადგენს ცენზურისკენ მიდრეკილი აზროვნებისა, რომელსაც რეჟიმის მხრიდან პრევენციული ხასიათი აქვს. მაგრამ რა არის ის, რის პრევენციასაც იგი ცდილობს? პასუხი საკმაოდ ნათელია – ეს არის კრიტიკული, თავისუფლად მოაზროვნე ხელოვანების ხმების არსებობა. რეჟიმს სურს ისინი ჩაახშოს. თანამედროვე ხელოვნება თავისი ბუნებით ვერ თავსდება მკაცრ ჩარჩოებში: ის მუდმივად ეჭვქვეშ აყენებს, აკრიტიკებს და ახალ ფორმებს ეძებს სხვადასხვა სივრცესა თუ დროში. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი მცდელობა მისი შეზღუდვისა ან რეგულირების, არსობრივად, არა მხოლოდ ხელოვნების, არამედ თავისუფალი აზრის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია.

ქართული ხელოვნება ცდილობს დარჩეს პრინციპულად და სამართლიანად კრიტიკული გარკვეული საკითხების მიმართ, სწორედ ამიტომ ღია სივრცეში დაიდგა სპექტაკლი, რომლის სახელწოდებაცაა “არაფერი პოლიტიკური”. იგი აერთიანებდა დოკუმენტურ და გამოგონილ ფრაგმენტებს, ჩანაწერებს, ვიდეოებს, შემთხვევით დამახსოვრებულ ამბებს, რომლებიც 2024-2025 წლების საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისისა და სამოქალაქო პროტესტის ფონზე ვითარდებოდა. ავტორები თავად მონაწილეობდნენ ამ წინააღმდეგობაში და შესაბამისად, მათი განცდა ამ მოვლენების მიმართ მეტად სენსიტიური გახლდათ. ცხადია, სპექტაკლი არ ეხება მხოლოდ პროტესტს და ის პირად, ინტიმურ შეგრძნებებზეც მოგვითხრობს. “არაფერი პოლიტიკური” სწორედ, რომ პოლიტიკური აქტია და  სათაური ეხება იმას, რასაც რეჟიმი ღიად ითხოვს საზოგადოებისგან, კონკრეტულად კი ხელოვანებისგან, მაგრამ სპექტაკლი თავისი შინაარსით სცილდება სახელწოდებას და საუბრობს იმ მავნებლურ პოლიტიკაზე, რასაც ბოლო წლებში ვუყურებთ.  ლაშხის განცხადება არის ქართული ოცნების ის პოლიტიკა, შემოქმედებითი სივრცის მიმართ, რომლის გატარებასაც დღემდე ცდილობენ. რაც არ უნდა გააკეთოს რეჟიმმა, სათაურების მიღმა იარსებებს რეალობა და ამ რეალობას ვერც ხელოვნებაში გაექცევა.  სპექტაკლის ავტორებმა მშვენივრად იციან, რა სურს რეჟიმს მათგან, ჩვენ, ანუ საზოგადოებამ, ასევე კარგად ვიცით, რისთვის ვჭირდებით რეჟიმს. ჩვენი პასუხი ნათელია: ჩვენ მოვიქცევით ისე, როგორც გვჭირდება ჩვენ, ქვეყანას, ხალხს, განვითარებას და საერთო სიკეთეს!

 

Ai Weiwei-ს ინსტალაცია “S.A.C.R.E.D.” პირდაპირ ეხება სახელმწიფოს მიერ ინდივიდის, განსაკუთრებით ხელოვანის, პირად ცხოვრებაში ჩარევას. კონტექსტი უკავშირდება 2011 წლის მოვლენებს, ავტორის დაპატიმრებას,  როდესაც იგი ხელისუფლების კრიტიკის გამო დააკავეს და 81 დღის განმავლობაში საპატიმროში ჰყავდათ, მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ინსტალაცია შედგება ექვსი დიდი რკინის კონსტრუქციისგან, რომელთა შიგნით მაყურებელი ხედავს დაკავების სცენებს. თითოეული მათგანი ასახავს ყოველდღიური ცხოვრების ფრაგმენტებს: ვახშამს, დაკითხვას, ჰიგიენას, რუტინას, ფსიქოლოგიურ დაძაბულობასა და ეჭვს. ყველგან ჩანს, რომ Ai Weiwei-ს  ორი დამკვირვებელი ინდივიდი მუდმივად თან ახლავს, აბაზანაშიც და ძილის დროსაც, რაც ხაზს უსვამს კონტროლსა და პირადი სივრცის სრულად გაუქმებას. ამგვარად, ნამუშევარი მიუთითებს სახელმწიფოს მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე, ხელოვანების დევნასა და ცენზურაზე, კონკრეტულად იმ შემთხვევაზე, როცა ადამიანს ართმევენ არა მხოლოდ თავისუფლებას, არამედ ღირსებას. “S.A.C.R.E.D.” ერთდროულად არის ავტორის პირადი გამოცდილების გადმოცემა და მკაფიო პროტესტი იმ სისტემის წინააღმდეგ, რომელიც არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, უხეშად ერევა ხელოვანის ნებაში და ახდენს მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას. 

არც ისე დიდი ხნის წინ  ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარიას შვილს, ოპოზიციონერ პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას 1,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ხელისუფლებაში მყოფი კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე მარკერით წარწერის გაკეთების გამო. თბილისის მერის პოპულიზმის წიაღში აღმოცენებული გამოსახულების გარშემო მომხდარი ფაქტის ფონზე შეგვიძლია გავიხსენოთ ვიდეონამუშევარი “Los Encargados”, რომელიც Santiago Sierra-ს და Jorge Galindo-ს ეკუთვნით. “Los encargados” ძალაუფლების ბუნებას აკრიტიკებს. ნამუშევარში ვხედავთ, რომ სხვადასხვა პერიოდის პოლიტიკური ლიდერების დიდი პორტრეტები უკუღმაა დამაგრებული ძვირიან ავტომობილებზე, რომლებიც გადაადგილდებიან მადრიდის ქუჩებში. ამრიგად, პოლიტიკა გადაიქცევა იმიჯზე დაფუძნებულ სისტემად, სადაც ვიზუალი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გულწრფელი  მოქმედება ან პასუხისმგებლობა. ამავე დროს, ის ფაქტი, რომ ქვეყნის ლიდერების პორტრეტები ერთი და იგივე ფორმით არის წარმოდგენილი, მიანიშნებს პოლიტიკური ელიტის ერთგვაროვნებაზე და იმაზე, რომ განსხვავებული სისტემებიც კი ხშირად ერთნაირი ლოგიკით მოქმედებენ ძალაუფლების შენარჩუნებისა და გაძლიერების მიზნით. საქართველოში არსებული რეალობის ფონზე ხოშტარიას საქციელი შეიძლება განვიხილოთ, როგორც კრიტიკა დემოკრატიის ფორმალური ხასიათის მიმართ, სადაც მონაწილეობა და წარმომადგენლობა ხშირად მხოლოდ სიმბოლურ დონეზე რჩება, ხოლო რეალური ძალაუფლება იზოლირებულ წრეებში კონცენტრირდება. ამიტომ სადაც ხელისუფლება დამნაშავეა, ხელისუფლის პორტრეტი არ შეიძლება პატივისცემის საგანი იყოს.

როდესაც სისტემა ცდილობს  კარგი და პასუხისმგებლობიანი მოქალაქეების ჩაგვრას, როგორც ქართული ოცნების მმართველობის პირობებშია, ხელოვნება ბუნებრივად აპოლიტიკური ვერ იქნება. ისეთ საზოგადოებაში სადაც მასობრივი უკმაყოფილება იზრდება და ხელისუფლება მის ჩასახშობად ხისტ და ძალადობრივ გზებს მიმართავს, ჩნდება კითხვა: როგორ უნდა უპასუხოს ამ პროცესებს ხელოვანმა? დუმილი, თითქოს ნეიტრალური არჩევანი, ასეთ ვითარებაში ხშირად თავად იქცევა პოზიციად. ხოლო ხმა, რომელიც წინააღმდეგობას გამოხატავს, უკვე აღარ არის მხოლოდ ინდივიდუალური ჟესტი, ის საზოგადოებრივი მნიშვნელობის მატარებელია. ამ პირობებში ხელოვნება ვერ დარჩება ბოლომდე განზე გამდგარი და დისტანცირებული. ის ზოგჯერ იძულებულია გახდეს მოწმეც და მონაწილეც, სივრცე, სადაც რეალობა არა მხოლოდ აისახება, არამედ საკვლევი საგანიც გახდება. სწორედ ამ შესაძლებლობაშია მისი ძალაც: არა მხოლოდ აღწეროს არსებული, არამედ შექმნას ალტერნატიული ხედვა, რომელიც წინააღმდეგობას აზრსა და ფორმას მისცემს. იქიდან გამომდინარე, რომ ლამის ყოველდღე ვხედავთ, რეჟიმი როგორ აკავებს ადამიანებს ტროტუარზე დგომის გამო, Dread Scott-ის 2001 წლის ნამუშევარი “Boom! Sign of the Times” შეიძლება კარგი მაგალითი  აღმოჩნდეს იმის  გასააზრებლად და ასევე იმის საჩვენებლად, თუ როგორ რეაგირებს და რა რეაქციას ავლენს ხელოვნება საპოლიციო რეჟიმის მიმართ.  ნამუშევარი გვაფრთხილებს, რომ ჩვენ ირგვლივ საფრთხეა და ეს საფრთხე სამართალდამცველები არიან.

პოლიცია ხშირად ემსახურება ხელისუფლების ინტერესებს და არა კანონის უზენაესობას, რაც გამოიხატება პროტესტების ძალადობრივ დაშლაში, აქტივისტებისა და ჟურნალისტების დევნაში, ზედამხედველობის გაძლიერებასა და შერჩევით სამართალში. ამ გზით მთავრობა ასუსტებს საზოგადოების კრიტიკულ ხმას და ამყარებს საკუთარ გავლენას. “SocialSim” Hito Steyerl-ის ნამუშევარია და გვიყვება სამყაროზე, სადაც სოციალური, პოლიტიკური და ტექნოლოგიური პროცესები ერთმანეთშია გადახლართული და ხშირად სიმულაციის დონეზე გადადის. ინსტალაცია აგებულია ციფრული მოდელირების, ალგორითმების და ვირტუალური სცენარების იდეაზე, სადაც რეალობა თითქოს წინასწარ „თამაშდება“. ნამუშევარი გვიჩვენებს როგორ იყენებენ სტრუქტურები მონაცემებს, პროგნოზებსა და სიმულაციებს საზოგადოებრივი ქცევის სამართავად, კონტროლისთვის და შესაძლო კრიზისების ან პროტესტების დასაგეგმად ან შესაკავებლად. თანამედროვე პოლიცია და უსაფრთხოების სისტემები აღარ მოქმედებენ მხოლოდ რეაგირების რეჟიმში, არამედ ცდილობენ წინასწარ პროგნოზირებას და პრევენციას. ასეთ დროს მოქალაქეები აღიქმებიან როგორც მონაცემთა ერთეულები, რომელთა ქცევა შეიძლება ალგორითმულად შეფასდეს და წინასწარ განისაზღვროს ისიც, თუ ვინ შეიძლება გახდეს „საფრთხე“. კამერები და ზოგადად მონაცემთა ანალიზი ქმნის მუდმივი მეთვალყურეობის სივრცეს. პოლიციური რეჟიმი უფრო დახვეწილი და ნაკლებად შესამჩნევი ხდება. 

Thomas Hirshhorn-ის ნამუშევარი კი “Easycollage” მძაფრად ასახავს, როგორ ეჩვევა საზოგადოება მძიმე რეალობას. როდესაც ადამიანი ყოველდღიურად ხედავს ძალადობისა და ტკივილის ამსახველ კადრებს, დროთა განმავლობაში ის ემოციურად ნაკლებად რეაგირებს, ტრაგედიის განცდა ქრება და ასეთი სცენები ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა. სწორედ ამ პროცესს გვიჩვენებს ხელოვანი: როგორ ვკარგავთ მგრძნობელობას და ვხდებით უფრო გულგრილები. დღეს ქართული საზოგადოება სწორედ ამას უპირისპირდება: ძალადობისა და ტკივილის ნორმალიზებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნამუშევარში არსებული კონტრასტი, რომელიც აჩვენებს, როგორ შეიძლება ვიღაცის ლამაზი ცხოვრების გვერდით იყოს საზოგადოების არსებობის მტკივნეული ნაწილი. ამგვარად,  “Easycollage“ წარმოგვიდგენს სამყაროს, სადაც რეალობა დანაწევრებულია, ძალადობა ჩვეულებრივ მოვლენად არის ქცეული, ხოლო მაყურებელი პასიურია. სწორედ ამ დისკომფორტის შექმნით ავტორი გვაიძულებს გავჩერდეთ, დავფიქრდეთ და უფრო კრიტიკულად შევხედოთ იმ ვიზუალურ გარემოს, რომელშიც ყოველდღიურად ვარსებობთ.

საბოლოოდ კი, თუ ვიმსჯელებთ იმაზე, რა უნდა დავაბრუნოთ ქართული საზოგადოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ ღირებულებად, მე ვთვლი, რომ ეს ემპათიის განცდაა. “Mother, Daughter and I” 2003 წლის ნამუშევარია და მისი ავტორია Zineb Sedira. ფოტოზე თაობათა დიალოგს ვხედავთ, სადაც ოჯახურ სითბოს, სიყვარულს და ურთიერთკავშირს ვგრძნობთ. თუკი დღეს ქართულ საზოგადოებას რაიმე სჭირდება, გარდა კარგი პოლიტიკოსებისა, ეს ალბათ ურთიერთგაგებაა, რომელიც სხვადასხვა ეტაპზე ძალიან გვიჭირდა. ჩვენ უნდა აღვადგინოთ საერთო ემოციური ღირებულებები, რაც პოლიტიკურად დაპირისპირებულ საზოგადოებაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ბოლოს კი მე, როგორც პროტესტში მონაწილე ინდივიდი, ქართულ საზოგადოებას ვეტყოდი იმავეს, რასაც ჩემზე გაბრაზებულ მეგობარს ვეუბნები ხოლმე:  

დაბრუნდი, საყვარელო, უნდა მოგეფერო!  

 

155 total views, 155 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.