fbpx

მერაბ კოკოჩაშვილის „მწვერვალი“


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ლევან გელაშვილი

 

 ქართული კინოს 60-იანი წლების თაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი მერაბ კოკოჩაშვილი საყოველთაოდ აღიარებული კლასიკის, „დიდი მწვანე ველის“ (1967 წ.) ავტორია. სწორედ ამ ფილმის შემდეგ, სანამ რეჟისორი „ცხელი ზაფხულის სამ დღეს“ (1981 წ.) გადაიღებდა ავტორისეული კონცეპტუალური ძიების პერიოდში გადაიღო ორი რადიკალურად განსხვავებული თემატიკის ფილმი: „გზა მშვიდობისა, ჯაყო!“ (1973 წ.) და „მწვერვალი“ (1976 წ.). ამჯერად „მწვერვალზე“ შევჩერდებით.

ცენზურის მარწუხებში გამოვლილმა ფილმმა „გზა მშვიდობისა, ჯაყო“, ეკრანზე მოხვედრამდე არაერთი საკვანძო ეპიზოდი დაკარგა. ამ შემოქმედებითი დარტყმის შემდეგ, რეჟისორმა ყოველდღიურობას ზურგი აქცია და მთაში წავიდა.

1973 წელს მერაბ კოკოჩაშვილი, მწერალ ვაჟა გიგაშვილთან ერთად, შოთა მირიანაშვილის ხელმძღვანელობით მოწყობილ ალპინისტურ ექსპედიციას შეუერთდა. მათ მთელი ზაფხული პამირის მთებში, „კომუნიზმისა“ და „კორჟენევსკაიას“ პიკებზე გაატარეს. რეჟისორი, გია გერსამიასა და ნუგზარ ერქომაიშვილის თანხლებით, 6400 მეტრის სიმაღლეზე ავიდა, სადაც გადაღებული კადრებით დოკუმენტური ფილმი „მწვერვალი“ შეიქმნა. სწორედ ამ მთამსვლელურმა გამოცდილებამ ჩაუყარა საფუძველი ამავე სახელწოდების მხატვრული სურათის იდეას.

თემატური თვალსაზრისით ჯაყოსგან რადიკალურად განსხვავდება მერაბ კოკოჩაშვილის შემოქმედებითი ძიების პროცესში  გადაღებული ფილმი: „მწვერვალი“.

თუმცა ადამიანური მისწრაფებები და ის სოციალური ურთიერთობები, რაც ჯაყოში ჩანს, თავისებურ ლაკონიურ და კინემატოგრაფიულ გაგრძელებას პოულობს ამ ფილმშიც.

 ცენტრალურ აზიაში, ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთისა და ჩინეთის საზღვარზე, დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ, 2450 კმ-ზე გადაჭიმულია 30-ზე მეტი მწვერვალი, რომლებიც ტიან-შანის მთათა სისტემაში შედის. მათ შორის ყველაზე გამორჩეულია „გამარჯვების პიკის“ სახელით ცნობილი მწვერვალი, რომლის სიმაღლე 7439 მეტრია. 

ესი მწვერვალი ალპინისტთა წრეებში ჯერ კიდევ XIX საუკუნიდან იყო ცნობილი, თუმცა მისი რეალური სიმაღლის მეცნიერულად დაზუსტება მხოლოდ 1943 წელს მოხერხდა. „გამარჯვების პიკის“, როგორც შვიდიათასიანი მწვერვალის აღმოჩენამ ფართო ინტერესი გამოიწვია მთამსვლელებში.

ამ მწვერვალის დასალაშქრავად პირველი ექსპედიცია საქართველოდან 1961 წელს გაემართა. ქართული ექსპედიცია ოთარ გიგინეიშვილის ხელმძღვანელობით შვიდი წევრისაგან შედგებოდა: ოთარ გიგინეიშვილი (ხელმძღვანელი), ჯუმბერ მეძმარიაშვილი, მიხეილ ხერგიანი ბიძაშვილ მიხეილ ხერგიანთან ერთად, თეიმურაზ კუხიანიძე, ილია გაბლიანი და კირილ კუზმინი. ექსპედიცია კლდოვან-ყინულოვანი 160-მეტრიანი ბასტიონის დაძლევის შემდეგ ავიდა ჟენიშ-ჩოქუსუს დასავლეთით განშტოებულ 6918 მეტრის სიმაღლის უსახელო პიკზე. ამ მწვერვალზე ისინი პირველები ავიდნენ და მას ვაჟა-ფშაველას სახელი უწოდეს.  უკან დაშვებისას ილია გაბლიანი, თეიმურაზ კუხიანიძე და ჯუმბერ მეძმარიაშვილი გარდაიცვალნენ. ქართული ალპინიზმის ისტორიაში  გაბლიანი ერთადერთი ქართველი მთამსვლელია, რომლის ცხედრის ჩამოსვენება ვერ მოხერხდა. ყინულის სასახლეში ჩასვენებულ მის ცხედარს თან ახლავს მეგობრების წერილი: „გვაპატიე, მეგობარო, წელს ვერ შევძელით შენი ჩაყვანა, მაგრამ აუცილებლად ჩაგიყვანთ..“

1966 წელს მიხეილ ხერგიანის ხელმძღვანელობით ილია გაბლიანის ჩამოსასვენებლად გაემართა ექსპედიცია, მაგრამ იქამდე ვერ მიაღწიეს – შეტყობინება მიიღეს, რომ გვერდით სხვა ექსპედიცია იყო საფრთხეში. ხერგიანმა მიიღო გადაწყვეტილება, განზრახვაზე ხელი აეღო და გუნდი სამაშველო ექსპედიციაში ჩართულიყო.  შემდეგ ამინდი გაუარესდა და უკან ხელცარიელნი გამობრუნდნენ. 

მერაბ კოკოჩაშვილის ფილმი: „მწვერვალი“ (1976 წ.) სწორედ 1966 წლის ექსპედიციის მოვლენებით არის შთაგონებული. კინოსურათის მცირე ნაწილი კავკასიონზე და ტიან-შანზეა გადაღებული.

ფილმის სცენარის ავტორი ცნობილი ქართველი მწერალი და კინოსცენარისტი ვაჟა გიგაშვილია, რომელიც მონაწილეობდა მრავალ ეთნოგრაფიულ, ალპინისტურ და ზოოლოგიურ ექსპედიციაში კავკასიონზე, ჩრდილოეთის ზღვებზე, კოლის ნახევარკუნძულზე, შუა აზიაში, ტიან-შანსა და პამირზე.

ფილმში მთავარ როლებს თამაშობენ გამოცდილი ალპინისტები დიმიტრი დანგაძე, ქურაბ ქირიკაშვილი და სპორტსმენი დავით ჩუბინაშვილი. 

ერთ-ერთ როლს თავად რეჟისორი ასრულებს. როგორც თავის მოგონებებში მერაბ კოკოჩაშვილი წერს: „კინოინსტიტუტში სწავლისას მეც მიხდებოდა სასცენო მოედანზე ყოფნა. მაგრამ კინოში სულ სამი როლი მაქვს შესრულებული. ერთი 6 წლის ასაკში – პაატა მიხეილ ჭიაურელის „გიორგი სააკაძეში“, მეორე – პორუჩიკი იშხნელი გიორგი დანელიას „არ დაიდარდოში“, მესამე – იძულებით – ჩემს ფილმში – „მწვერვალი“. ჩვენ კავკასიონის ერთ-ერთ მყინვარზე ვიმყოფებოდით, მსახიობმა უკანასკნელ წუთს უარი გვითხრა და სხვა აღარაფერი დამრჩენოდა, მე თვითონ უნდა მეთამაშა“ (მერაბ კოკოჩაშვილი, კრებული: რეცენზიები, წერილები, ინტერვიუ, სცენარი).

ფილმის მიხედვით, ექსპედიციის წევრებმა 7000 მეტრის სიმაღლეზე უნდა დალაშქრონ მწვერვალი და უკანა გზაზე დაღუპული მეგობარი კოხტა – სვანების სიამაყე – უნდა უნდა ჩამოასვენონ.

მწვერვალის დასალაშქრად პირველ დღეს მიდიან ფილმის გმირები, მეორე დღეს – ინგლისელთა ჯგუფი, ხოლო მესამე დღეს ქუთაისელი მთამსვლელები.

ერთობა, მეგობრობა, ნდობა, ერთმანეთის დახმარება  ალპინიზმის სულიერი სამყაროა. ეს არის სიმშვიდისა და აზარტის, მარტოობისა და ძმობის, ტანჯვისა და სიხარულის ერთობლიობა. სიმაღლეზე ყველაფერი სხვანაირია – ჰაერი, ფიქრი, შეგრძნება. მთასვლელობის იდეა ხშირად განიხილება, როგორც პროცესის მნიშვნელობა და არა მხოლოდ შედეგი. მწვერვალზე ასვლის სიამოვნება – ეს არის ეფემერული ბედნიერების განცდა: მხოლოდ მწვერვალზე ასვლა არ არის მიზანი, განვლილი გზაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. „თოკში ჩაბმული“ ადამიანები ერთმანეთის სიცოცხლეზე აგებენ პასუხს. ეს ქმნის სულიერ კავშირს, რომელიც ბარში იშვიათად მოიძებნება. ერთი ძველი გამოთქმისა არ იყოს, „თუ გსურს შეიცნო ადამიანი, წაიყვანე ის მთაშიო.“ მთამსვლელობის მთავარი იდეა თავად პროცესშია – იმაში, თუ ვინ ხდები შენ ამ რთული გზის გავლისას. ფილმის დასაწყისშივე ჩანს, რომ გუნდი არ არის ერთ მუშტად შეკრული, დასაწყისში ეს იმდენად არ იგრძნობა, მაგრამ ფილმის მსვლელობასთან ერთად, მცირედი შეუთანხმებლობა და პაექრობა სისტემატურ სახეს იღებს. მერაბ კოკოჩაშვილი ჩვეული ოსტატობით ხატავს პერსონაჟთა ხასიათებს.

საუკეთესო მთამსვლელი ის კი არ არის, ვინც ყველაზე რთულ მარშრუტზე ავიდა, არამედ ის, ვინც ყველაზე მეტად ისიამოვნა პროცესით. ფილმის გმირების წვრილმანი კონფლიქტები არ აძლევს  მათ საშუალებას მთის მკაცრი ხასიათის წინაშე გაერთიანდნენ, მოხდეს მათში უფრო ძლიერი სულიერი შეკავშირება. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არც კონფლიქტი ვითარდება მათ შორის. ისინი ისეთივე არიან ფილმის ბოლოს, როგორიც ფილმის დასაწყისში იყვნენ.

მთაში ყოველი ლოდი, ყოველი ქარი, ყოველი ნაბიჯი და ბუნებასთან ჭიდილი – ეს არის ცხოვრება მთელი ძალისხმევით. გაცნობიერებული საფრთხე გონებას საოცრად ამახვილებს. მთაში ყოველი ნაბიჯი მნიშვნელოვანია, რაც გაიძულებს იყო 100%-ით „აქ და ამჟამად“.

ულამაზესი კადრებია, როდესაც მთის ფერდობზე ადიან მთამსვლელები. ფილმის ეს ეპიზოდები თითქოს უსიტყვოდ გეუბნება: გაგიშვებს მთა თუ არა? გეყოფა ნებისყოფა? ალპინიზმს თავის ტერმინოლოგია აქვს, რომელიც ლაკონიური სიტყვებით  ან სულაც უსიტყვოდ მიხვედრას გულისხმობს. კოკოჩაშვილს კარგად აქვს დაჭერილი ალპინიზმის ეს ნიუანსი. შესანიშნავად ართმევს ფილმის ხმოვანი რიგი თავს. გმირების დიალოგი ცოცხალია და ბუნებრივი, მუსიკა ორგანულ ნაწილად ჩაქსოვილია კადრის სიღრმეში. პერსონაჟები ნელი და მძიმე ნაბიჯით მიიწევენ წინ, წერტილებივით მოჩანან უზარმაზარ ფერდობზე. 

ეს ეპიზოდები კინო-ენის მთელი სინატიფით ხატავს ვიზუალურ ნარატივს; შევეჩვიეთ ყოველდღე ასფალტის ან ბორდიურის ნაპრალში ამოხეთქილი ბალახის ყურებას, როგორ ამაოდ ცდილობს ბუნება ურბანულ ქაოსში დაიბრუნოს თავის ტერიტორია. ქალაქში, სადაც  ხმაური და სიჩქარეა, ვეღარ ვაცნობიერებთ, რომ  ბეტონის გამარჯვება დროებითია, მთაში ვგრძნობთ ნამდვილს პატრონს, იქ, ზემოთ  სიჩუმე და სიწმინდეა. ჩვეულებრივი სიტყვებით ძნელად ასახსნელია შიშველი ბუნების კანონების ზიარება და ჭეშმარიტებასთან დაბრუნება. როგორც ერთმა ცნობილმა მთამსვლელმა თქვა: „მთა არ არის სტადიონი, სადაც ამბიციებს დაიკმაყოფილებ, ის არის ადგილი, სადაც საკუთარ თავს პოულობ.“ ჭეშმარიტი ნათქვამია. მთამსვლელობა არ არის უბრალოდ სპორტი – რადგან ეს არა მხოლოდ ფიზიკური აქტივობაა, არამედ სულიერი მოგზაურობა, თვითგანვითარების გზა და შინაგანი ძალების აღმოჩენაა. სხვანაირად რომ ვთქვათ, ეს არის „ცხოვრების ფილოსოფია“… ადამიანის მარადიული სწრაფვა ავიდეს მაღლა, გადალახოს საკუთარი თავი, შეეხოს ცას. ყოველი ასვლა ახალი დაბადებაა, ყოველი ჩამოსვლა – განვლილი გზის დაფასება  და ყოველი მწვერვალი – შინაგანი სამყაროს ანარეკლი. 

მთაზე ასვლა მუდმივი დიალოგია საკუთარ თავთან. როდესაც ადამიანი მთის მწვერვალისკენ მიიწევს, ის მხოლოდ კლდესა და ყინულს კი არ ეჭიდება, არამედ საკუთარ შიშებს და სისუსტეებს… ამოწმებს საკუთარ შესაძლებლობებს.

მთამსვლელის მთავარი აზარტი არა სხვაზე გამარჯვება, არამედ საკუთარი შესაძლებლობების ზღვრის გადალახვაა. ეს არის ჟინი, რომელიც გაიძულებს ადგე მაშინ, როცა სხეული გეუბნება, რომ ძალა გამოგელია. ფიზიკური ტკივილი და სულიერი სიხარული ერთმანეთს ამყარებს. როცა მთაზე ადიხარ, იქიდან ხედავ საკუთარ თავს – შენს სიძლიერეს, შენს შიშს და შენს ნებისყოფას. მთა ამჟღავნებს, ვინ ხარ სინამდვილეში. 

სამწუხაროდ, ალპინიზმის ფილოსოფიის ეს ხაზი, რომელიც ფილმის ცალკეულ ეპიზოდებში აშკარად იკვეთება, დრამატურგიულად არ ვითარდება ფილმის ბოლომდე.

კინოსურათი იწყება რიტუალით: მამალს სიმღერით მიაცილებენ სასაფლაომდე. ეს იმ შემთხვევაში ხდება, როცა მიცვალებულის ცხედარი ნაპოვნი არ არის. ინგლისელები ინტერესით უყურებენ პროცესიას და კოხტას სატირალშიც მიდიან. საბედისწერო და წინასწარმეტყველური გამოდგა მათი ეს დასწრება. სწორედ მამალს ხედავს აგონიაში მყოფი ინგლისელი მთამსვლელი ენდრიუ სიკვდილის წინ. ფილმის ავტორი თითქოს თანაგრძნობით არის გამსჭვალული უცხოელი ალპინისტებისადმი, მაგრამ გაუგებარი ალეგორიაა ენდრიუსთან მიმართებაში უკანალთან გამოხეული შარვალი და ფრინველის ფრთის აზრობრივი მინიშნება. ენდრიუს მხატვრული სახის გახსნაში ვერ გვეხმარება ნადირობის სცენაც. ინგლისელი ვერც კარგი მონადირე გამოდგა და არც მთამსვლელობაში გაუმართლა.

მწვერვალი არის კონკრეტული, ხილული მიზანი. ასვლა ხდება ეტაპობრივად: ბანაკები, მარშრუტი, ბოლო შეტევა. ალპინიზმი მოითხოვს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ითვალისწინებს ამინდს, აღჭურვილობას და გუნდის შესაძლებლობებს.

დაღუპული მეგობრის ცხედართან ახლოს, მწვერვალამდე ორი საათის გზაზე, ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟი, ჯგუფის ლიდერი თემური ინგლისელთა ჯგუფისგან განგაშის სიგნალს იღებს. ინგლისელები საფრთხეში არიან. ფილმი უახლოვდება შინაგანი გადაწყვეტილების წერტილს. თემურმა არჩევანი უნდა გააკეთოს. რას ნიშნავს განგაშის სიგნალი? ეს ნიშნავს, რომ დიდი ხნის მიზანი მსხვერპლად უნდა შეეწიროს სხვების გადარჩენას. თენგიზი ხვდება ამას, თუმცა ასეთ ექსტრემალურ სიმაღლეზე, სადაც საფრთხე ყოველ ნაბიჯზეა, სიმშვიდის შენარჩუნება რთულია. გმირებს შორის შეკამათება ეპიზოდურია, ყველა ლიდერს ემორჩილება და ჯგუფის ერთი ნაწილი ინგლისელების გადასარჩენად მიდის.

მწვერვალზე აღწევ მდგომარეობას, რომელსაც ბევრი „აბსოლუტურ თავისუფლებას“ უწოდებს. მწვერვალი არის წერტილი, სადაც სამყარო შენს ფეხქვეშაა, მაგრამ ამავე დროს, ყველაზე მძაფრად გრძნობ, თუ რამდენად პატარაა ადამიანი სამყაროს წინაშე.  ფილმის უკანასკნელი ეპიზოდი სტიქიის ამსახველი კადრები, სადაც ზვავი თეთრ ბურუსში ახვევს გარემოს, კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის ადამიანური ცხოვრების სისუსტესა და უმწეობას. ალპინისტებმა მხოლოდ ბედნიერი შემთხვევით, სულ რამდენიმე საათით ადრე მოახერხეს ფატალური საფრთხისგან თავის დაღწევა. მთამსვლელობა არის სწრაფვა ზევით, არა იმიტომ, რომ ვინმეს რამე დაუმტკიცო, არამედ იმიტომ, რომ იქიდან უკეთესად ჩანს ის, რაც ნამდვილად ღირებულია ცხოვრებაში. სიმბოლურია ინგლისელი მთამსვლელისს ქმედება, რომელიც ვერტმფრენიდან ხურდას გადაყრის ტბაში, როგორც კვლავ დაბრუნებისა და მიზნისკენ სწრაფვის მარადიულ სურვილს.

წარუმატებლად დასრულდა ქართველების და ინგლისელების ასვლა.

უსიტყვო და მეტყველი კადრებია საბეჭდ მანქანაზე ქართულად აკრეფილი სიტყვები: „საბაზო ბანაკის ახლოს, გამოქვაბულში შევინახეთ 200 კგ. პროდუქტი, გაზქურა, ბენზინი, გამოქვაბულთან ნიში ავაგეთ. იმედია მომავალ წელს მაინც მივაღწევთ მიზანს“…

„მწვერვალი“ „დიდი მწვანე ველის“ შემდეგ ავტორისთვის ერთგვარი შემოქმედებითი ძიების ხანა იყო, როდესაც ის ცენზურის წნეხსა და შემოქმედებით კრიზისს მთაში ნაპოვნი სიმშვიდითა და ახალი, რეალისტური ხედვით უპირისპირდებოდა.

ეს ნამუშევარი არა მხოლოდ ეპოქის ანარეკლია, არამედ პიროვნული თავისუფლებისა და შემოქმედებითი შეუვალობის სიმბოლოც, რითაც ის  დღესაც აქტუალურია.

 

133 total views, 133 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.