დიალოგი ფრაგმენტებით
ავტორი: ხათუნა ხაბულიანი
ფრაგმენტები იყო მოკლევადიანი აქცია-გამოფენა ფოლკლორის ცენტრში, რომელიც საგაზაფხულო გამოცოცხლების ეფექტის თანხლებით, ორი მხატვარი ქალის ექსპერიმენტული დუეტით გამოჩნდა. ლაკა ფოფხაძის მხატვრობას უკვე აქვს ისტორია და თავისი ადგილი უახლეს ქართულ ხელოვნებაში, სალომე ბოჭორიშვილი კი რამდენიმე წელია, რაც იმედის მომცემი ახალგაზრდა ხელოვანის სტატუსით სარგებლობს სახელოვნებო თემში.
გამოფენის განწყობა გულახდილად ემოციური იყო და ჩანდა, რომ ერთგვარად სპონტანურად გაჩნდა ექსპოზიციის მოწყობის გადაწყვეტილება. ეს ის შემთხვევაა, როცა სპონტანურობა, ირიბად გარითმული მგრძნობიარე რეაქციასთან ამინდის სეზონურ ცვლილებაზე, პროექტის კონცეპტუალურ საფუძვლად იქცა. ნამუშევრებიც გარემოზე, ბუნებასა და მასთან კავშირში მყოფ ადამიანებზე იყო.
ლაკა ფოფხაძის სხვადასხვა სტილითა და კომპოზიციური სტრუქტურით შესრულებული პეიზაჟებიდან თითოეული მათგანი განსხვავებულ მხატვრულ ამოცანას ატარებს, მაგრამ ამ პეიზაჟებს მთავარი დინამიკა აერთიანებს, – თვითგამოხატვისკენ სწრაფვა, რომელიც ღრმა ემოციითა და მასშტაბური თემებისადმი ინტერესით ჩნდება. ეს ნამუშევრები მედიტაციურ ველს ქმნიან ტრავმებისა და შფოთვებისგან დისტანცირებისთვის და ამოუცნობის გასარკვევად, ბუნებაში არსებული კოდების წასაკითხად. „მიწის მეხსიერება“ (ზეთი, ტილო. 130X100სმ. 2023წ.) ექსპრესიონისტული ფერწერის ტრადიციას, მისი დიდი გამოცდილების გაცნობიერებასა და გააზრებას ეყრდნობა. ნაწილობრივ აბსტრაქტული პეიზაჟი ვიზუალური შეგრძნებების ერთიანობაა, როდესაც პეიზაჟზე დაკვირვებით გამოწვეული რთული პროცესი შეჯამებულია როგორც ფორმების, მასების, სინათლისა და ცვალებადი ვიბრაციების შეხვედრა. აღქმის ცვალებადობა და წარმავალობის განცდა კომპოზიციის აგების დამუშავებულ მეთოდს ეყრდნობა, სადაც გამოსახულება არქიტექტურული კონსტრუქციის მსგავსად ეწყობა და ამავე დროს, თავისუფალი ფერწერული მონასმით ვითარდება, თვითონვე არღვევს თავდაპირველი სქემის საზღვრებს. პეიზაჟი აქ სხვადასხვა კუთხიდან არის დანახული, გამოკვეთილია როგორც მისი მყარი, ისტორიული შრეების მომცველი რელიეფი, ისე პლასტიკური ზედაპირი მიწის ტექსტურითა და ფლორის რბილი საფარით. ამავდროულად, ეს არის სინათლის ზემოქმედებით სახეშეცვლილი გამოსახულების კვლევაც და აქაც ამოსაცნობია მხატვრობის ისტორიით მიღებული შთაბეჭდილებები და მოდერნიზმის სხვადასხვა ეპიზოდის კრიტიკული მსჯელობის ნაკვალევი იმ პერიოდიდან, როცა ხელოვანებმა თვითგამოხატვის ისეთ ფორმებს მიმართესნ, რომლებიც ტრადიციისგან შორს იდგა და ახალი ვიზუალური ენით დაიწყეს ემოციების, იდეებისა და განცდების გადმოცემა. ლაკა ფოფხაძის მხატვრობა იმ ვიზუალური ენის ძიებაა, რომელიც უკიდურესად სუბიექტურ განცდას სრულად აღსაქმელ ორიგინალურ ფორმად აქცევს.
„მიწის მეხსიერების“ თავისუფალი ფერითა და სინათლით ტკბობის განცდას ცვლის სიმბოლისტური განწყობით აგებული „სად მიდის ღამის გზა“ (აკრილი, ტილო, 100 X 80 სმ. 2026 წ.) – ეს ძალიან შთამბეჭდავი პეიზაჟია თავისი იდუმალებითა და რომანტიკული ასოციაციებით, კომპოზიციური სტრუქტურაც განსხვავებული მეთოდით არის აგებული, უფრო გეომეტრიული აბსტრაქციისა და ფუტურისტულად დინამიკური ელემენტების სინთეზით მიიღწევა თავბრუდამხვევი სტიქიური ენერგიის განცდა და ერთგვარი ჩიხიც.
სტიქიების თემა აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის ენით ვითარდება ფერწერულ ტილოზე “წყლის სივრცის მეხსიერება” (ზეთი, ტილო. 100 X 80 სმ. 202 2წ.), – აქ დამოუკიდებელი და ძლიერი ინტენსივობის ფერების ურთიერთობა მორევის დრამატიზმს აჩვენებს, ფართო და ინტენსიური მონასმები წყლის ყოვლისმომცველ და შთამნთქმელ ხასიათს კონტრასტების შეხვედრითა და საბოლოოდ მათი გაერთიანებით წარმოადგენს, სხვადასხვა ფერებისა და ზედაპირების ურთიერთგამსჭვალვა მრავალფეროვანი ფორმა-ცვლილებების შედეგია, თითქოს მიზანი ტილოზე ნათების გამოსახვაა.
უკვე ნახსენები ნამუშევრებისგან განსხვავებული მიდგომით არის შესრულებული პეიზაჟი „სადაც სიჩუმე მიედინება“ (აკრილი, ტილო. 100 X 80 სმ. 2026 წ.), – პასტოზურობა აქ საერთოდ გამქრალია და თხელი ფენებით გადმოცემული ვარდისფერი ნეონის ეფექტის ცა, მუქი რუხი მთები და მის ფერდობებზე დაფენილი ცისფერი, თეთრი, მოიისფრო მასიური ლაქები ძლიერ მისტიკურ განწყობებს იწვევს და პეიზაჟის აღქმის ზოგად სირთულეს ადასტურებს: ბუნების მასშტაბური სურათების ზემოქმედების ძალა ყოველთვის ორაზროვანია, ის მიმზიდველიცაა და სახიფათოც, კეთილგანწყობილიც და ამავე დროს, ამოუცნობიც.
ექსპოზიციის ხასიათი ფერწერულ ნამუშევრებს შორის მოქცეული გრაფიკული, ან აკვარელის მცირე ზომის ესკიზებითაც იყო განსაზღვრული და ნამუშევრების შექმნის ისტორიის პროცესს დროის უწყვეტობის განცდით აჩვენებდა. დამთვალიერებელი ერთდროულად ხედავდა ფიქრისა და ექსპერიმენტების პერიოდს და დასრულებულ ფორმასაც. პრეზენტაციის ეს წესი განვრცობილი იყო სალომე ბოჭორიშვილის ნამუშევრებზეც, – საშუალო ზომის ტილოებს ერთგვარად განავრცობდა მცირე ზომის ქაღალდზე შესრულებული ფრაგმენტები, მხატვრის ხედვა და ამოცანა კი მკაფიოდ განსხვავებულ მიდგომას აჩვენებდა. სერია „ჩემი საყვარელი თამაშები“ მხატვარს ფსიქოლოგიური მდგომარეობების გადმოცემით აქვს აგებული და მეხსიერების მაგიას ვიზუალურად აღქმადს ხდის.
გამოსახულებები ერთი შეხედვით კოლაჟურ ილუსტრაციებს ჰგვანან, რომლებიც რაღაც ამბის იმპროვიზაციას თავისუფალი, უშუალო განწყობით გადმოსცემენ. პერსონაჟები თითქოს სტატიკური, მოქმედების დროს გაჩერებული კინოკადრების კრებულია. სივრცე აქ პირობითია, სცენები თხრობითი და კომიქსის ასოციაციებს იწვევს, თუმცა ტექსტებისა და დიალოგური ღრუბლების გარეშე. კომპოზიცია ჰორიზონტალებისა და ვერტიკალების ურთიერთობებით იგება, მინიმალისტურია და მკაფიო, თუმცა, ემოციურად სავსე და კეთილგანწყობილი. თითოეული ნამუშევარი დიპტიქის, ან პოლიპტიქის ფორმატით იყო წარმოდგენილი. დიდი ფორმატის კომპოზიციას, სადაც ორი გადახვეული ადამიანის მგრძნობიარე სცენაა, თან ახლავს მცირე ზომის ესკიზი საწოლზე მძინარე სილუეტით. ეს ეგზისტენციალური მოტივი ინტიმური სივრცის დაუცველობას ძალიან დახვეწილად გადმოსცემს. სად არის რეალობა და სად სიზმარი, ან სიზმარში გამოხმობილი მოგონება? ეს კითხვები ჩნდება იმ მოუხელთებელი კავშირების აღქმისას ამ სურათებზე გამოსახულ პერსონაჟებსა და გარემოს შორის. განყენებული სივრცეები (ყაყაჩოებით სავსე მწვანე მინდორი) და მათში თითქოს შემთხვევით, გაურკვეველი მიზნით აღმოჩენილი ადამიანები სიურრეალისტურ კადრებად მოჩანან, სადაც ნაწილობრივ რეალური ინდივიდები თითქოს ვიღაცის სიზმარში მოხვდნენ და დეზორიენტაციის განცდას ჯერ ვერ აცნობიერებენ. სალომე ბოჭორიშვილისა და ლაკა ფოფხაძის მხატვრული ხედვებისა და გამოცდილებების შეხვედრა ერთ სივრცეში ორი მხატვრის დიალოგის დრამატურგიით ვითარდებოდა, ისინი თითქოს ერთმანეთს და შესაბამისად, დამთვალიერებელს უზიარებდნენ ლანდშაფტთან შეხვედრისა და მეხსიერებაში მოქცეული აღქმების ისტორიებს, სხვადასხვა რაკურსებსა და გამოსახულებად ქცეულ ფრაგმენტებს.








