თავისუფლება თავისუფლების შემდეგ – წერილი სინდისის პატიმრებს
დიდხანს ვიფიქრე რა მომეწერა თქვენთვის, სანამ არ მივხვდი რომ სათქმელი არაფერი მაქვს. რეპრესირებული დიდი, რუსი მწერალი ვარლამ შალამოვი, წერდა, რომ გულაგში ყველაზე მეტხანს, ფიზიკურად კი არა სულიერად ძლიერი ხალხი ძლებდა, მორწმუნეები, სექტანტები – ადამიანები, ვისაც იმ ყინულოვან ჯურღმულებში შიგნიდან ათბობდა რწმენის ცეცხლი, ვინც იდეის გამო, შიმშილს, მარხვას მიჩვეული იყო, ვინც ლოცვაში თავის შეფარება იცოდა, ვისაც სჯეროდა, რომ სიკვდილი დასასრული არ იყო, ვინც იმ ვეება სიბნელის განათებას ჯიუტად ცდილობდა თავისი ეული სუსტად მბჟუტავი უჩინარი მაშხალით! შალამოვს კი ეგეთი რამე არ შეეშლებოდა, ბოლო-ბოლო ჩვიდმეტი წელი იჯდა გულაგში და ისეთები ენახა, ოცდაჩვიდმეტი წლის ჩათვლით, არც ერთ ჩვენგანს რომ არ დაესიზმრება და ის რომ დაეწერა, რასაც ახლა მე ვიხსენებ მისი მოთხრობებიდან, თავისი ნაწერები ჩვიდმეტი წელი ატარა გონებაში. როცა მე გულაგში მოვხვდი, მისნაირები ერთეულებიღა შემორჩენილიყვნენ ცოცხლადო, იხსენებს ციმბირის ციხეში ორმოციანი წლების ბოლოს ეტაპით ჩაყვანილი ყოფილი პატიმარი.
ჰოდა, შალამოვის ეს სიტყვები რომ გამახსენდა, მანდ მივხვდი, რომ თქვენთვის სათქმელი არაფერი მაქვს. ან რა უნდა გითხრათ, რა გისურვოთ საკუთარი თბილი სახლიდან, გაჭაღარავება დაწყებულმა კაცმა, რომელიც ბავშვობიდან დადის საპროტესტო მიტინგებზე და უკეთესი მომავლის ნაცვლად მუდამ ახალ მიტინგს ღებულობს. რა უნდა გითხრათ ეჭვით მოწამლულმა კაცმა, რომელსაც აღარაფერი სწამს და ჰგონია, რომ უბრალო პაიკია, ვიღაცის საჭადრაკო დაფაზე და ეს ვიღაცა, მის სხეულს ამოფარებული ნებისმიერი ხერხით ცდილობს დედოფალში გასვლას, ძალაუფლების სკამის და მაყუთის მოსაპოვებლად!
ამიტომ ისე გამოდის, რომ საკუთარ თავს მინდა ვუსურვო თქვენი სიმტკიცე, რწმენა და გამძლეობა, იმიტომ რომ როცა ადამიანი თხოვნაზე, შეწყალებაზე უარს ამბობს, სულ რომ დამნაშავე იყოს, მაინც უკვე რაღაცაში მართალია!
ვუყურებ ახლა თქვენს ფოტოს, სასამართლოს დარბაზში სხედხართ, ბრალდებულების სკამზე, გვერდი-გვერდ, მოცინარები, იმედიანები, ფურცელზე დაწერილი და მაინც კლდესავით მტკიცე, სიტყვები აგიფარებიათ ფარად: „არა შეწყალება!“ „არც საპროცესო!“, წინ სისტემაა, სასჯელი, თქვენ კიდევ ერთად ხართ და ცერა თითებს წევთ მაღლა, ჩვენს დასამშვიდებლად. რა უნდა მოგერიოთ? რომელი ციხე?
ვუყურებ ამ სურათს და ქართული, გულუბრყვილო ემოციით, წამით მეჩვენება რომ მშურს თქვენი, იმიტომ რომ ჩემნაირად ურწმუნოდ სახლში ჯდომას, მგონი რწმენით სავსე კამერა ჯობია!
მეორე წამს კი ამ აზრისაც მცხვენია, რადგან ვხვდები, არც ამის თქმის უფლება მაქვს, როცა ჩემი საყვარელი თბილი ჩუსტები მაცვია ფეხზე, სამზარეულოში კი ჩემი ცოლი ამზადებს ვახშამს!
და აი, ამ აბზაცების წერაში, მგონი რაღაცას ისეთს მივაგენი რაც მინდა გისურვოთ – თავისუფლება თავისუფლების შემდეგ. ციხე უცნაური ადგილია, იქ ყველა დროს ზის მინიმუმ ერთი უწესიერესი და მართალი ადამიანი მაინც, მაგრამ იქიდან გამოსული და გმირის შარავანდედში გახვეული, მიამიტური ამბიციით რომ ისევე როგორც იქ, იმ ოთხ კედელში, გარეთაც გაანათებს ბნელს თავისი მაშხალით, ხშირად შეუერთდება ხოლმე, რომელიმე პოლიტიკურ ძალას და ძველისძველი მითის მსგავად დრაკონის მკვლელი, თანდათან თვითონ გადაიქცევა დრაკონად!
ამიტომ საკუთარი თავისთვის სურვილად ჩათქმულ თქვენს რწმენასა და ერთობასთან ერთად, ცხოვრების ბოლომდე გისურვებთ იმ სისუფთავის და თავისუფლების შენარჩუნებას, რომლითაც ახლა სხედხართ ციხეში!
ლადო კილასონია
384 total views, 4 views today


