fbpx

საქართველოს აღდგომისთვის – წერილი სინდისის პატიმრებს


გააზიარე სტატია

 

„დანია საპყრობილეა“, ფიქრობდა ჰამლეტი, მდგარი ელსინორის ცივ კედლებთან. იმ ღამით, როცა პარლამენტის პირქუშ შენობასთან, ზვიად რატიანი მიაბიჯებდა, საქართველოც საპყრობილე იყო მისთვის. მაშინ ჩიტაძის ქუჩაზე, მან მოუხმო ყველა მეტაფორას, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ დრო არ იყო მეტაფორების, წერის და ერთადერთი ბრძოლის საშუალება იყო ქმედება.

სანამ ჩიტაძის ქუჩას ჩაივლიდა, ის ხან ღამე იყო თბილისის, ხან პაულ ცელანის ლექსები, თავისივე ნათარგმნი.

ის იყო ქალაქის ხმა და ათასობით მომიტინგე, მოქცეული ალყაში.

ის იყო საკუთარი ლექსით, „ნეგატივი 20 წლის შემდეგ“ აღჭურვილი.

ის იყო უკანონოდ დაჭერილი პატიმარი, ჯერ კიდევ გარეთ მყოფი, ოდნავი პრივილეგიით, ქუჩაში დგომის უფლებით.

ის იყო ფრანსუა ვიიონის პოეზია, დავით წერედიანის ნათარგმნი.

ის იყო ანტიგონეს დაცული ღვთაებრივი კანონი, კრეონტის ტირანიის წინააღმდეგ.

ის იყო რეზო კიკნაძის სიტყვა სასამართლო დარბაზში, როცა ის ჰყვებოდა ბერგმანის „მეშვიდე ბეჭედზე“.

ის იყო მზია ამაღლობელის სიმართლე.

ის იყო ანდრო ჭიჭინაძე და ნიკოლოზ ჯავახიშვილი – Oscar Lima Echo Oscar Lima Alfa.

ზვიად რატიანი იყო მარო მაყაშვილის დღიური.

ის იყო ციხის საკანში მყოფი მათე დევიძე და ზვიად ცეცხლაძე.

ის იყო აჯანყებული მოქალაქე.

ის იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, ფეხქვეშ გათელილი.

ის იყო კარლო კაჭარავას ლექსი „ეგნატე ნინოშვილის აჩრდილი“.

ღამე კი იყო ჩუმი. ქალაქი კი იდგა, როგორც ლანდი, ძველი ანტიკური შენობის, მაგრამ მახინჯი და დეფორმირებული ჩრდილებით. დაბლა მდგარ ხალხს შორის ისმოდა ხმა, რომელიც ჰყვებოდა სულხან-საბა ორბელიანის მოგზაურობაზე ევროპაში, რომზე, ფარსმან ქველზე, ფრიქსეზე, აიეტსა და მედეაზე. მერე ისევ სიჩუმე.

ზვიად რატინი ჩიტაძის ქუჩაზე მიმავალი, ნელი ნაბიჯებით ეშვებოდა რუსთაველის გამზირისკენ.

ის იყო ქალაქის მცველი და ნარიყალას ციხე-სიმაგრე, ოდნავ ჩამოშლილი.

ის იყო კაფე, კოტე აფხაზის ქუჩაზე, სადაც ლაპარაკობდნენ ვაჟა ფშაველას „კოსმოპოლიტიზმსა და პატრიოტიზმზე“, „მგზავრის წერილებზე“, გურამ რჩეულიშვილის „ალავერდობაზე“ და ოთარ იოსელიანის „გიორგობისთვეზე“.

ზვიად რატიანი გაჩერდა პოლიციელის წინ, რომელიც იცავდა ხალხის მტრებს. ზვიად რატიანმა მას სილა გააწნა, მაგრამ პოლიციელი ვერ მიხვდა, თუ რაში იყო საქმე. ზვიად რატიანს დაადეს ბორკილები.

ზვიად რატიანი იყო მისივე ახალი ლექსი, დაწერილი მშიშარა პოლიციელის ლოყაზე.

ზვიად რატიანი იყო პოეტური გადაწყვეტა და მოქალაქეების სინდისი.

ის იყო ერეკლე მეორის სიტყვა – „საქართველოს აღდგომისთვის“.

 

გოგა ქობალია

64 total views, 18 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.