fbpx

მე, ოლიმპიელი


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინო ამონაშვილი

 

ცხოვრების რაღაც მონაკვეთში, არც ისე დიდი ხნის წინ, მაშინ როდესაც ედგარ ალან პოს “ანაბელ ლი” თავის გზას გაუყვა, ვფიქრობდი თავისუფლებაზე და ვყიდულობდი დათა თავაძის სპექტაკლის, “Liberté”-ს ბილეთს, რადგან როგორც ბარბარა კრუგერი იტყოდა, “I shop therefore I am”. რა მოხდება მაშინ, თუკი მომავალში ვეღარც იმის ბილეთს შევიძენთ, რასაც რეალურ ცხოვრებაში ისედაც გვიპირებენ, რომ სხეულიდან, ტვინიდან და გულიდან  ამოგვაცალონ? ჩემთვის აღარაფერი. გასრულდება ჩემი ამბავი, “ვითა სიზმარი ღამისა”. ეს ალბათ იქნება დიქტატურა და ჩვენ ვიქნებით “არავინ”. მაგრამ ამჟამად ვოლფ ვოსტელზე უფრო ვფიქრობ, რადგან სწორედ ის მახსენებს დათას სპექტაკლში  წამების ისტორიის მოსმენის მერე არსებულ დიალოგს, რომელიც ეძღვნებოდა ვნებას, მე კიდევ ყოველთვის მქონდა ორივე მდგომარეობის აღქმისა და შეგრძნების ინტერესი, სევდიანიც და ხალისიანიც. თამამად ვუყურებდი სპექტაკლს, მაგრამ კარგა ხანს  არ მივეცი თავს უფლება სხვისი ტკივილი მალე დამევიწყებინა, შემდეგ კი დავნებდი და ცხოვრება გავაგრძელე, რადგან სხვა გზა უბრალოდ აღარ იყო. 

ახლა კი ვოლფ ვოსტელის მიმართ გულახდილები ვიყოთ, ისევე, როგორც ისაა თავის შემოქმედებაში ჩვენ მიმართ, იმ შემოქმედებაში, რომელიც უმეტესად კრიტიკული რეფლექსიაა სოციო-პოლიტიკურ გარემოზე, იმ სიტყვათა შეთანხმებასა და შინაარსზე, რომელიც ხელოვნებათმცოდნეებს ასე ძალიან გვიყვარს. “Heuschrecken”-ში (კალიები) ავტორი მძაფრად გამოხატავს იმას, თუ როგორ ირყვნება საზოგადოება, პერიოდულად “ხტის” საკუთარ მორალურ ღირებულებებზე და აუფასურებს მათ. ვოსტელი აკრიტიკებს საზოგადოებას, რომელიც დეჰუმანიზებასა  და კოლექტიურ ინსტინქტებს ემორჩილება. მაგრამ თუ საქმე გარყვნილებასა და ომს შორის ეთიკურ არჩევანს ეხება, ამასთან დაკავშირებით ლარი ფლინტმა უკვე დასვა კითხვა, რომელზე პასუხიც მარტივად გასაცემია ფსიქიკურად ჯანმრთელი საზოგადოებისთვის. 

ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის სევდიანი მოქალაქისთვის, რომელიც ყოველკვირეულად გამოჟონილი საშინელი სიახლეებით იწყებს დღეს და უმეტესად ღამესაც ასე ამთავრებს, შეუძლებელია საყურადღებო არ ყოფილიყო მედიის თემა ავტორის შემოქმედებაში,  რადგანაც ქართული ტელევიზიები იჟღინთებოდა და დღემდე იჟღინთება სამთავრობო პროპაგანდით. ვუყურებდი ამ გამოსახულებებს და მახსენდებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც ჩამოშლილი სახელმწიფოს ფონზე გვიყვებოდნენ იმაზე, თუ როგორ იყო მათთვის ყველაფერი მოწესრიგებული და დალაგებული, ყველა სკოლაში, ყველა ინსტიტუციაში, ყველა შენობაში და ყველას “წმინდა”  ოჯახში, როგორი სიმპათიური იყო აწმყო და რა სიმდიდრე გველოდა მომავალში. მათი სიტყვები იყო ფარსი, ისეთივე მძიმედ ასატანი, როგორიც ზოგჯერ ეს ნამუშევრებია, სადაც ბეტონის და არმატურის ნაფლეთებში ვხედავდი ჟურნალისტებს, რომლებიც ჩემს რეალობაში მხოლოდ იმაზე საუბრობდნენ, რაც პოლიტიკურად აწყობდათ, ამას ვიყავი მიჩვეული და სხვა რამეზე აღარც მიფიქრია. ჩემ გარშემო იყო ქაოსი, ხმაური და კიდევ უფრო მეტი გულგრილობა. მე მიყვარს მედია,  მაგრამ არა სახელისუფლებო და  პროპაგანდისტული. ვერასდროს ვიტანდი ფულზე ავადმყოფურად შეყვარებულ ნაძირალებს. 

ახლა კი, მაშინ როცა გაწმენდილი “ჰაერი” ჩემს თვალებს უფრო სჭირდება, ვიდრე ცხვირს და ფილტვებს, რა გავაკეთო?! ხელოვნებასაც ვფილტრავ ზოგჯერ  სასურველსა და არასასურველს შორის, სასარგებლოსა და უსარგებლოს შორის,  საზოგადოსა და ეგოისტურში, მნიშვნელოვანსა და უმნიშვნელოში, არ სრულდება… მინდა, რომ დასრულდეს და საბოლოოდ ჩემი ქცევა ან ცხოვრება არ ჰგავდეს ვოსტელის მოწყენილ ოლიმპიელს, რომელიც თვალებში აღარ უყურებს სხვას  და თითქოს აირწინაღში ეძებს რაღაცას, იქნებ საკუთარ თავსაც, გარემოსგან იზოლირებულს, ყოველდღიური ჭუჭყისა და სიბინძურისგან დაცლილს.

მიუხედავად ჩემი დაუსრულებელი ეგოიზმისა, მიყვარს სხვების თვალების ყურება, სხვების თვალებიდან დანახულის ყურებაც. მარტო ვარ და ჯენი ჰოლზერის “No Work For My Eyes” (1999) ისაა, რასაც ვგრძნობ, მტკივა და რის გამოსასწორებლადაც ფიქრი არ მეზარება და ზოგჯერ ვნატრულობ, რომ ნეტავ იყოს ვინმე ისეთი, ვინც დაუჩოქებელ ქართულ ხელოვნებაზე კიდევ ერთხელ მომიყვება, შეუჩერებელ ენერგიაზე, ცოცხალ თეატრზე, ჰეფენინგზე, არ მიმატოვებს და ხელოვნება მაინც ჩემზე მეტად ეყვარება. ბეტონის ჯუნგლებში და ვოსტელის ცივ, უხეშ ნამუშევრებში, სწორედ ახლა, როცა რაღაც უფრო ადამიანურის გახსენება მჭირდება, ვიხსენებ, რომ აღდგომის დღეებში ყოველთვის ქრისტეზე უფრო მეტს ვფიქრობდი ხოლმე, ვიდრე პასქაზე, რადგან სახლში არც ცხობა უყვარდა ვინმეს მისი და არც მე მიყვარდა ტკბილეული. 

ნეტა რომელიმე აღდგომის დღესასწაულმა მაინც შეძლოს ჩვენი მანკიერი თვისებების დასრულება. მაგრამ სანამ ძალიან ბევრს ვიფანტაზიორებთ, თანაც ამ გადმოსახედიდან შეუძლებელზე, იქამდე ვოლფ ვოსტელის სერია გავიხსენოთ, სადაც ქალაქს თითქოს სიმდიდრის და კორუფციის “ფილტრი” გადაჰკრავს. ეს ყველაფერი ჰგავს საწამლავს, რომელიც აუცილებლად მოკლავს  თანამედროვე საზოგადოებას.  “Für den Kölner Express” (Rheingold) კარგი მაგალითია იმ ტოქსიკურობის აღსაწერად, რომელსაც ძალაუფლებაზე შეყვარებული ელიტები ქმნიან. ეს ის ტოქსიკურობაა, რომელიც ყველგან მიედინება  და აღწევს ადამიანთა ყოველდღიურობაში. მაშინ როცა ხელისუფლებისთვის ქვეყანა მხოლოდ ფულია, ეს განწყობა ყველაფერს ზედ ეფინება და აღარ შორდება, როგორ ზედმეტადაც არ უნდა გამოიყურებოდეს აღნიშნული. შეიძლება არასასურველ, უინტერესო არქიტექტურადაც მოგვევლინონ და მერე “პანორამა” დაირქვან, ისე თითქოს საერთოდ ესმოდეთ კრეატიულობის არსი. 

 ცენზურის დამწესებელ ხელისუფლებაში ზოგჯერ დგება ისეთი დღეები, როცა ფეხის ნაბიჯებს გითვლიან, მერე კი გინდება ტრეისი ემინს შეაფარო თავი, როგორც ძალიან მგრძნობიარემ. ჩვენ ხომ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ქალაქის მერი ქალებს განგებ ვერ ცნობს და ქალზე ძალადობა ნორმალიზებულია. გარემო ზუსტად ვოლფის ნამუშევრებივით დაბეტონებული ხდება და როგორც არ უნდა მოგწონდეს ეს შემოქმედება, თავს ვერ შეაფარებ მსგავსად ემინისა. ჩვენი მრავალჯერ ნახსენები გერმანელი ავტორიც მიგვანიშნებს, რომ როცა ქალები ეცემიან და მათ გარშემო პატარა ფიგურები ჩნდება, იქ შესაძლოა რაღაც უფრო ამორალური ხდებოდეს, მით უფრო ნაცრისფერ ამინდში, ისეთში, მზის თბილი სხივი რომ არაფერს ეცემა. თუკი გამოსახულებაში ყველაფერი სიცივემ და უსიყვარულობამ შთანთქა, პატარა ფიგურები ქალის დაცემულ ფეხთან ქაოსურად მოძრაობენ, მაგ დროს მე რა გავაკეთო? იქნებ მამაცი ოლიმპიელი უნდა ვიყო?

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.