წიგნები არდისგან – ნენე კვინიკაძის რეკომენდაციები თქვენი ლიტერატურული თავგადასავლებისთვის
21-ე საუკუნის გოგონების გზამკვლევი
ჩემი არ გესმით – დოქტორი ტარა პორტერი / გამომცემლობა პალიტრა L, თარგმანი: ანა ნემსიწვერიძე
რთული მოსასმენია, მაგრამ თინეიჯერულ პროტესტს თავისი მიზეზები აქვს. უამრავი შეკითხვა; პასუხების გარეშე ყოფნა; საკუთარ სხეულთან გაუცხოება; შფოთვა და არასწორი წარმოდგენები წნეხია გამოუცდელი, ბავშვობიდან სრულიად უცხო მდგომარეობაში გადასული მოზარდისთვის.
დოქტორ ტარა პორტერის ეს ნაშრომი რეალური გზამკვლევია რთულ სამყაროში, სადაც ტენდენციებით შთანთქმული, ზოგჯერ თავს შიმშილით იკლავ, სხეულს იფიტავ, გონებას ვირტუალური სამყაროდან უწყვეტ ნაკადად მომდინარე ათასი რამით ინაგვიანებ, ვნება კი ხშირად სიყვარულში გერევა.
ეს არ არის წიგნი მენტალურ დაავადებებზე, ეს არის წიგნი მენტალურ ჯანმრთელობაზე.
აქ განხილულია მოძალადე მშობლების შემთხვევები, გულგრილი მშობლების შემთხვევები და არა მხოლოდ…
ქვეთავებად დაყოფილი გამოცემა, სასარგებლო რჩევებს ითვალისწინებს. მრავალი მნიშვნელოვანი რჩევიდან ერთს გამოვყოფდი: გოგოებო, თუ ვინმესთან ფიზიკურ ურთიერთობას გადაწყვეტთ, გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ დროს თავისუფლად წასვლის ბარათი გაქვთ. შეგიძლიათ ნებისმიერ რამეზე უარი თქვათ იმდენჯერ, რამდენჯერაც მოისურვებთ. აზრის შეცვლა ყოველთვის შეგიძლიათ.
“ჩემი არ გესმით” უნდა წაიკითხონ გოგონებმა და ბიჭებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა – ყველამ, ვისაც მოზარდების გაგება ევალება და სურს.
ქალის და კაცის ამბავი
ერთადერთი ამბავი – ჯულიან ბარნსი / გამომცემლობა “დიოგენე” თარგმანი: ზაზა ჭილაძე, გია ჭუმბურიძე
ჯულიან ბარნსი გვეკითხება: რას აირჩევდით, მეტ სიყვარულს და მეტ ტანჯვას თუ ნაკლებ სიყვარულს და ნაკლებ ტანჯვას?
აქ, პროტაგონისტები მეტ სიყვარულს და შესაბამისად, მეტ ტანჯვას ირჩევენ.
60-იანი წლებია, რასაც გაზეთები დიდი ხალისით ნათლავენ სექსუალურ რევოლუციად. ლონდონის შემოგარენში ვართ; ჩოგბურთის კლუბში, მწვანე მოლზე, გოგო-ბიჭები თეთრი ფორმებით ფოსფორისფერ ბურთებს დასდევენ. და აქ, ერთ წამსაც, 19 წლის პოლს 48 წლის სიუზენი შეუყვარდება.
სიუზენს, ალკოჰოლზე დამოკიდებული მეუღლე და ორი ქალიშვილი ჰყავს.
რთული მოცემულობა და დაბრკოლებები ცეცხლმოდებულ სიყვარულს ვერ შეაკავებს. მთავარი გმირებისთვის ასეა: ჯობს, საყვარელი ადამიანი დაკარგო, ვიდრე არასოდეს გამოცადო სიყვარული.
ეს შემართება და თავგადასავალი გამოარჩევს მათ მოსაწყენ ყოველდღიურობაში გამომწყვდეული ადამიანებისაგან.
“ერთადერთი ამბავი”, სასიყვარულო მოტივის მიღმა, საზოგადოებრივ და სოციალურ შრეებსაც ითავსებს.
რატომ ვერ შორდება ცოლ-ქმარი, როცა სიყვარული გალეულია? რატომ არ ერევა პოლიცია ოჯახურ კონფლიქტში? ვინაა მოძალადე?
ერთგან პოლი ამბობს, რომ უმეცრება და სნობობა იყო მისი მხრიდან, როცა ფიქრობდა, ოჯახური ძალადობა მხოლოდ დაბალ ფენებში ხდებოდა, შორს და ისეთ ოჯახებში, სადაც ქალებს ერჩივნათ, ქმრებს ეცემათ, ვიდრე გარე-გარე ესუნსულათო. თუ გცემა, ესე იგი უყვარხარ , – ამ სისულელეს ეფუძნებოდა მთელი ეს ფილოსოფია. კემბრიჯდამთავრებული ქმრის მხრიდან ძალადობის გამოვლინება კი სრულიად წარმოუდგენელ ამბად მიაჩნდა.
რომანის შესახებ ერთი კრიტიკოსი წერდა: ეს არაა დევნილებისა და ლტოლვილების ისტორია, ეს არც ის შემთხვევაა, როცა სკოლაში ბავშვები ბავშვებს მოკლავენ იარაღით, არც პოლიტიკური დრამაა, მაგრამ ესაა ტრაგედია, ნამდვილი ტრაგედია, სევდიანი და ტკივილიანი ამბავი ქალის და კაცის, და დანარჩენი სამყაროსი.
ასეა და სწორედ ამიტომ შეიყვარეს ბარნსის “ერთადერთი ამბავი”.
ნუ დამივიწყებ
ჰამნეტი – მეგი ო’ ფერელი / ქარჩხაძის გამომცემლობა, თარგმანი: თეონა ბითაძე
2020 წელს დასტამბული მეგი ო’ფერელის “ჰამნეტი” ჩვენი საუკუნის ბესტსელერების რიგებშია.
სტრეტფორდში, ჰენლის ქუჩაზე, ლათინურის მასწავლებლის შვილის ტრაგიკულ ამბავში ყველაფერი ხელიდან გვისხლტება: რომანს ჰამნეტი ჰქვია, არადა მთავარი გმირი ბავშვის დედა აგნესია. რომანი ჰანმეტის ტყუპისცალი დის ავადმყოფობით იწყება, არადა ჰამნეტი კვდება. მაგრამ, თუ ეს წიგნი არ დავიწყებაზეა, მაშინ, დიახაც, – ჰამნეტია ის მთავარი.
ტექსტში ორი ალტერნატიული ნარატივია – ერთი ესაა ჰამნეტის ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები და მისი გარდაცვალება, და მეორე, ჰამნეტის მშობლების შეხვედრა, ქორწინება და შვილის დაბადება.
პირდაპირ არსად წერია, რომ ჰამნეტის მამა უილიამ შექსპირია, ჩვენ ვიცით, რომ ჰამნეტის მამა ხელთათმანების მკერავის შვილი, თავად კი ერთ დროს ლათინური ენის მასწავლებელი, ახლა, მეტწილად, ლონდონშია და წერს. სამაგიეროდ, ყველაფერი ვიცით ჰამნეტის დედის, აგნესის შესახებ.
ის ადამიანებს ჭვრეტს, კითხულობს მათ აზრებს, განწყობებს, მას ესმის ცხოველებისა და ფრინველების ენა, აგნესი სრულფასოვან ცოდნას ფლობს მცენარეებზე.
ფერელის რომანში, ერთი შეხედვით, ყველაფერი ნაცნობია: ვიცით, ვინაა ჰამნეტი; აქაც ვხვდებით ლიტერატურულ სამყაროში ყველაზე ცნობილ აჩრდილს; შავი ჭირიც პროზაში დამუშავებულ ჭირებს შორის ყველაზე ცნობილია, მაგრამ მეგი ო’ ფერელი შეძლებს ნაცნობის გაუცხოებას და უცხოს მოშინაურებას. და ალბათ, ეს აქცევს “ჰამნეტს” მსოფლიო ბესტსელერად.
რომანის ლიტერატურულ ჯილდოებს, მოგვიანებით, ჰამნეტის ეკრანიზაციის აღიარება მოჰყვა. ამავე სახელწოდების კინოსურათმა, ქლიო ჟაოს რეჟისორობით, კინოთეატრები დაიპყრო. ჯესი ბაკლიმ კი წლევანდელი ოსკარი საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში სწორედ “ჰამნეტში” შესრულებული როლისთვის მიიღო.
ბასრი, მტკივნეული და სასაცილო
“დამკვირვებელი” / ლაშა ბუღაძე, სულაკაურის გამომცემლობა
საქართველოს ისტორიის ჟინიანი დამკვირვებელი ლაშა ბუღაძე მკითხველს ამჯერად დრო-სივრცეში დაკარგულ უცნაურ ექსპედიციაში დაიმგზავრებს.
პროტაგონისტი 24 წლის შემდეგ ბრუნდება საქართველოში, მაგრამ არა ძველ საქართველოში, არც ბუღაძისეულ “პატარა ქვეყანაში”, არამედ მის ნარჩენში და ყოფილში.
ანოტაცია გვამცნობს, რომ თბილისი გვირაბების ქალაქადაა ქცეული, ქვეყნის მკვიდრნი კი ზეცად ამაღლებულ ბაბას ეთაყვანებიან. ამ ვითარებაში არჩევნების არჩევნები ინიშნება – გამოკითხვა, რომელშიც ქვეყნის მოსახლეობამ უნდა აირჩიოს, სურს თუ არა, არჩევნები იმართებოდეს. ამ პროცესზე დასაკვირვებლად კი მსოფლიოში გაბნეულ ქართველებს იწვევენ.
დესპოტის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მმართველობის შედეგად ზონებად დანაწევრებულ და იდიოტებით დასახლებულ ტერიტორიაზე; ალაგ-ალაგ ნაცნობ და სახეცვლილ უბნებსა და ქუჩებში დამკვირვებელს მივყვებით.
კლაუსტროფობიულ, უძრავი ჰაერით დაგუბებულ და ერთფეროვან ინტერიერებში ავტორისეული ოსტატობით შექმნილ, ხშირად უჩვეულო, ან საეჭვო მისიის და ასეთივე ენობრივი მახასიათებლების მქონე პერსონაჟებს ვხვდებით.
“დამკვირვებელში” ავტორი სასოწარკვეთილი იცინის, დასცინის, ირონიზებს, იმიტირებს და ხულიგნობს,- მაგრამ თითქოს მაინც ასეა – “დამკვირვებელი” ლაშა ბუღაძის ყველაზე გულწრფელი და სევდიანი წიგნია.
ბუღაძის არაბედნიერების ქრონიკა აერთიანებს ბოლო წლების გაუსაძლის ყოფაზე რეფლექსიას, ავ წინათგრძნობას, გაფრთხილებას და ერთგვარ აღსარებასაც.
“დამკვირვებელი” ბასრი, მტკივნეული, სასაცილო და უბოდიშო რომანია.
49 total views, 2 views today



