fbpx

წიგნები არდისგან – ნენე კვინიკაძის რეკომენდაციები თქვენი ლიტერატურული თავგადასავლებისთვის


გააზიარე სტატია

როგორ ვიმოგზაუროთ ორაგულით? – უმბერტო ეკო / თარგმანი: ხათუნა ცხადაძე 

შედევრების ავტორი საჭირო, სასაცილო და მხიარული წერილებისთვისაც იცლიდა. ჟურნალ “ესპრესოში” უმბერტო ეკოს საავტორო რუბრიკის “მინერვას კოლოფიდან” ამოკრებილი 45 წერილი ხათუნა ცხადაძემ თარგმნა და გამოსცა. 

როგორ ვიმოგზაუროთ ორაგულით? კონკრეტული სიტუაცების დროს გასათვალისწინებელი ერთგვარი რჩევების წიგნია.

როგორ გავატაროთ არდადეგები ჭკვიანურად? როგორ გადავურჩეთ ბიუროკრატიას? როგორ ავირიდოთ ინფექციური დაავადებები? როგორ ვიმოგზაუროთ ორაგულით? როგორ მოვაწყოთ საჯარო ბიბლიოთეკა? როგორ ვიყიდოთ საჭირო ნივთები? როგორ ვჭამოთ თვითმფრინავში? როგორ დავიცვათ თავი საკუთარი ქვრივისაგან? როგორ არ ვილაპარაკოთ ფეხბურთზე? – ამ წერილებში უმბერტო ეკო დაუნდობლად დასცინის, აკრიტიკებს და ამხელს ყველას და ყველაფერს. მათ შორის საკუთარ თავს. ავტორი გვიზიარებს, რომ სულშეხუთულია მასმეედიით შეპყობილი დროისგან, ბიუროკრატიისგან, შეთქმულების თეორიებისაგან. 

გასართობი და მხიარული კრებული, რეალურად მნიშვნელოვან საკითხებზე დააფიქრებს მკითხველს, რომელსაც ავტორი, ართობს, მაგრამ იმავდროულად სარკეში ახედებს.

ქალი ქვიშაში – კობო აბე / „სულაკაურის გამომცემლობა“, თარგმანი: აკაკი ბრეგაძე

კობო აბე მის საშიშ და იმავდროულად ირონიულ ფაბულებში, ადამიანის ეგზისტენციას, მარტოობას და საკუთარი თავის გამორკვევის ან გამოურკვევლობის პროცესს იკვლევდა. „ქალი ქვიშაში“ მითური ამბავია ქვიშის სამყაროში მომწყვდეული კაცის შესახებ.

მოსაწყენი ცხოვრებისაგან გაქცეული მასწავლებელი,მწერების კონკრეტული სახეობის ოჯახის საძებნელად მიდის და ხაფანგში აღმოჩნდება. ის თავს ვერ აღწევს სოფელს, რომელიც  გამუდმებით ქვიშით იფარება. თხრი, ასუფთავებ, ყვირი, გამგონი არ ჩანს. სიღრმიდან ასასვლელი კიბეც გამქრალია. პერიოდულად, თამბაქოს თუ ჩამოგიგდებენ, ან მოულოდნელად წყლის ცისტერნიდან წყალს გიწილადებენ. უცნობი ქალის სახლში ქვიშაში გამომწყვდეული კაცი, გაქცევის გზებს ეძებს; გაქცევა რთულია.

აბე ოსტატია და იცის როგორ შეაცუროს სოციალურ-პოლიტიკური პლასტი მაგალითად, ქვიშიან ხაფანგში გამომწყვდეული პროტაგონისტისთვის. სიმაღლიდან გაზეთი ჩამოვარდება; გაზეთს თვალს რომ გადაავლებს პროტაგონისტი, მიმდინარე ამბების ქრონიკა გადაიშლება.

ამ რომანში, ოსტატი კობო აბე სრულფასოვნად იხელთებს ჟანრებს და ფორმებს. მისეული სასპენსი, დეტექტივი, მელოდრამა, მისტიკა ავტორის ფილოსოფიას ემსახურება. კობო აბეს ფილოსოფიაა, რომ ქვიშა არასდროს ისვენებს და არც სხვას ასვენებს.

ეს წიგნიც ასეთი აღმოჩნდა. „ქალი ქვიშაში“ ყველა დროში ყურადღების ცენტრში ექცევა და ახალ მკითხველს არ ასვენებს.

ნუ დამივიწყებ

ჰამნეტი – მეგი ო’ ფერელი / ქარჩხაძის გამომცემლობა, თარგმანი: თეონა ბითაძე

2020 წელს დასტამბული მეგი ო’ფერელის “ჰამნეტი” ჩვენი საუკუნის ბესტსელერების რიგებშია.

სტრეტფორდში, ჰენლის ქუჩაზე, ლათინურის მასწავლებლის შვილის ტრაგიკულ ამბავში ყველაფერი ხელიდან გვისხლტება: რომანს ჰამნეტი ჰქვია, არადა მთავარი გმირი ბავშვის დედა აგნესია. რომანი ჰანმეტის ტყუპისცალი დის ავადმყოფობით იწყება, არადა ჰამნეტი კვდება. მაგრამ, თუ ეს წიგნი არ დავიწყებაზეა, მაშინ, დიახაც, – ჰამნეტია ის მთავარი.

ტექსტში ორი ალტერნატიული ნარატივია – ერთი ესაა ჰამნეტის ცხოვრების მნიშვნელოვანი დეტალები და მისი გარდაცვალება, და მეორე, ჰამნეტის მშობლების შეხვედრა, ქორწინება და შვილის დაბადება.

პირდაპირ არსად წერია, რომ ჰამნეტის მამა უილიამ შექსპირია, ჩვენ ვიცით, რომ ჰამნეტის მამა ხელთათმანების მკერავის შვილი, თავად კი ერთ დროს ლათინური ენის მასწავლებელი, ახლა, მეტწილად, ლონდონშია და წერს. სამაგიეროდ, ყველაფერი ვიცით ჰამნეტის დედის, აგნესის შესახებ.

ის ადამიანებს ჭვრეტს, კითხულობს მათ აზრებს, განწყობებს, მას ესმის ცხოველებისა და ფრინველების ენა, აგნესი სრულფასოვან ცოდნას ფლობს მცენარეებზე.

ფერელის რომანში, ერთი შეხედვით, ყველაფერი ნაცნობია: ვიცით, ვინაა ჰამნეტი; აქაც ვხვდებით ლიტერატურულ სამყაროში ყველაზე ცნობილ აჩრდილს; შავი ჭირიც პროზაში დამუშავებულ ჭირებს შორის ყველაზე ცნობილია, მაგრამ მეგი ო’ ფერელი შეძლებს ნაცნობის გაუცხოებას და უცხოს მოშინაურებას. და ალბათ, ეს აქცევს “ჰამნეტს” მსოფლიო ბესტსელერად.

რომანის ლიტერატურულ ჯილდოებს, მოგვიანებით, ჰამნეტის ეკრანიზაციის აღიარება მოჰყვა. ამავე სახელწოდების კინოსურათმა, ქლიო ჟაოს რეჟისორობით, კინოთეატრები დაიპყრო. ჯესი ბაკლიმ კი წლევანდელი ოსკარი საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში სწორედ “ჰამნეტში” შესრულებული როლისთვის მიიღო.

ბასრი, მტკივნეული და სასაცილო

“დამკვირვებელი” / ლაშა ბუღაძე, სულაკაურის გამომცემლობა

საქართველოს ისტორიის ჟინიანი დამკვირვებელი ლაშა ბუღაძე მკითხველს  ამჯერად დრო-სივრცეში დაკარგულ უცნაურ ექსპედიციაში დაიმგზავრებს.

პროტაგონისტი 24 წლის შემდეგ ბრუნდება საქართველოში, მაგრამ არა ძველ საქართველოში, არც ბუღაძისეულ “პატარა ქვეყანაში”, არამედ მის ნარჩენში და ყოფილში. 

ანოტაცია გვამცნობს, რომ თბილისი გვირაბების ქალაქადაა ქცეული, ქვეყნის მკვიდრნი კი ზეცად ამაღლებულ ბაბას ეთაყვანებიან. ამ ვითარებაში არჩევნების არჩევნები ინიშნება – გამოკითხვა, რომელშიც ქვეყნის მოსახლეობამ უნდა აირჩიოს, სურს თუ არა, არჩევნები იმართებოდეს. ამ პროცესზე დასაკვირვებლად კი მსოფლიოში გაბნეულ ქართველებს იწვევენ.

დესპოტის თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მმართველობის შედეგად ზონებად დანაწევრებულ და იდიოტებით დასახლებულ ტერიტორიაზე; ალაგ-ალაგ ნაცნობ და სახეცვლილ უბნებსა და ქუჩებში დამკვირვებელს მივყვებით.

კლაუსტროფობიულ, უძრავი ჰაერით დაგუბებულ და ერთფეროვან ინტერიერებში ავტორისეული ოსტატობით შექმნილ, ხშირად უჩვეულო, ან საეჭვო მისიის და ასეთივე ენობრივი მახასიათებლების მქონე პერსონაჟებს ვხვდებით.

“დამკვირვებელში” ავტორი სასოწარკვეთილი იცინის, დასცინის, ირონიზებს, იმიტირებს და ხულიგნობს,- მაგრამ თითქოს მაინც ასეა – “დამკვირვებელი” ლაშა ბუღაძის ყველაზე გულწრფელი და სევდიანი წიგნია.

ბუღაძის არაბედნიერების ქრონიკა აერთიანებს ბოლო წლების გაუსაძლის ყოფაზე რეფლექსიას, ავ წინათგრძნობას, გაფრთხილებას და ერთგვარ აღსარებასაც.

“დამკვირვებელი” ბასრი, მტკივნეული, სასაცილო და უბოდიშო რომანია.

 

252 total views, 52 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.