fbpx

როგორ გაცოცხლდა ქართველი ქალების წარსული სამაგიდო თამაშში „საქართველოს რესპუბლიკა“


გააზიარე სტატია

 

ტექსტის ავტორი: დათია ბადალაშვილი


არის ამბები, რომლებიც არ მთავრდება პერსონაჟის სიკვდილის შემდეგ,  პირიქით, ახალ სიცოცხლეს  იწყებენ და  თაობიდან თაობაში გადადიან – როგორც ტკივილი, როგორც ძალა და როგორც სიამაყე. ამბობენ, რომ საქართველოს ისტორია მეფეების ისტორიაა და უბრალო ადამიანები კი არ ჩანან. მე  ვფიქრობ, ჩვენი ისტორია კაცების ისტორიაა და ქალები არ ჩანან.  თუ  გაკრთებიან,  მხოლოდ იმიტომ რომ კაცებმა დიდსულოვნად გადაწყვიტეს მათი გამოჩენა. არადა გულსატკენია, ქალებს საერთოდ არ სჭირდებათ კაცებისგან  აღიარება.

არადა ასეთი ამბები ძალიან მჭირდება, მასწავლებლები ხომ ყველანი მოსაწყენები ვართ ჩვენი რჩევა-დარიგებებით, ბავშვებს კი  მაგალითი სჭირდებათ, ადამიანური მაგალითი.

მეცხრეკლასელებს მარო მაყაშვილზე მოვუყვებოდი. მოვუყვებოდი იმას, თუ როგორ გვაღიარა სახელშეცვლილმა რუსეთმა და შემდეგ როგორ დაგვესხა თავს 1921 წელს. როგორ ჩაეწერა მოხალისედ კოტე მაყაშვილის სტუდენტი გოგონა, მარო, და მოწყალების დად წავიდა ბრძოლის წინა ხაზზე. 19 თებერვალს 19 წლის მარო მაყაშვილს ყუმბარამ კეფა ჩაუმსხვრია. ის პირველი ქალია, ვისაც ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. მარო მაყაშვილის სიმშვიდით, რწმენითა და გამბედაობით ნათქვამი:   „გავიმარჯვებთ სახელოვნად!“ – იმედისა  და ღირსების სიმბოლოდ იქცა ჩვენთვის.

ამბავი მეხუთეკლასელებისთვისაც მაქვს – ჩემი ნათლული დათუნასთვის, ანასა და ლიზისთვის. ეს ამბავი კი მარო მაყაშვილის ბებიაზეა, ეკატერინე გაბაშვილზე, მწერალზე, რომელიც თავისი კალმითაც და ცხოვრებითაც დაჩაგრულთა გულის დამცველი იყო.  მისი ნაწარმოები „მაგდანას ლურჯა“ ხომ სოფლის ცხოვრებაზეა — სიღარიბეზე, ტკივილსა და იმედზე. მან საკუთარ სახლში გახსნა სკოლა, სადაც ობოლ ბავშვებს უსასყიდლოდ ასწავლიდა წერა-კითხვასა და ხელსაქმეს.

მეშვიდეკლასელებს კი ალექსანდრა ჯაფარიძეზე მოვუყვებოდი, ისინი ხომ ქანცს  მაცლიან სირბილით, ფეხბურთის თამაშითა და ანცობით.  ალექსანდრა პირველი მთამსვლელი ქალი იყო საქართველოში, რომელმაც მწვერვალი თეთნულდი დალაშქრა. და ეს იმ დროს, როცა ქალისთვის საზოგადოება უფრო ჩარჩოებს ქმნიდა, ვიდრე შესაძლებლობებს, მან სხვების კარნახით  ცხოვრებას  თავისუფლება არჩია. ასამდე ურთულესი ასვლა შეასრულა სხვადასხვა მწვერვალზე. მისი ცხოვრების ისტორია არის მაგალითი იმისა, რომ ქალებს შეუძლიათ „სხვების“   „დაწესებული“ საზღვრების გადალახვა.

მე ჟურნალმა „დილამ“ შემაყვარა კითხვა. მეოთხეკლასელებს შევუტანდი ასეთივე მაგარ ჟურნალ „ჯეჯილს“ და წავუკითხავდი. წავუკითხავდი ამბებს ამ ჟურნალის შემქმნელზე — ანასტასია თუმანიშვილ-წერეთელზე, რომლისთვისაც მთავარი იარაღი მართალი სიტყვა იყო.

იყო ასეთი ქალი – ელენე ბაქრაძე, რომლის სახელიც სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა – საკუთარი სახელით  გამოქვეყნებული ლექსებიდან ორია ცნობილი: „თავადი დარიანი“ და „სიმარტოვე“. წერდა მოთხრობებსაც და მინიატიურებსაც, თარგმნიდა რუსულიდან და ფრანგულიდან. მიჩნეულია იოსებ გრიშაშვილისა და პაოლო იაშვილს ლექსების ადრესატად.  რაც შეეხება ლექსების ციკლის,  „დარიანულის“ ავტორობას,  არასოდეს დაუდასტურებია, თუმცა დღესაც ბევრს მიაჩნია, რომ სწორედ მისია და არა პაოლო იაშვილის.
როგორც არ უნდა იყოს,  მისი ცხოვრების სტილი, მჩქეფარე ნიჭი  საკმარისია, რომ დღემდე  აღფრთოვანებას იწვევდეს.  მეთორმეტეკლასელები სკოლას დაამთავრებენ და მათ ყველაზე მეტად გამბედაობა დასჭირდებათ ცხოვრების მღვრიე მორევში გასაცურად.

მერვეკლასელ მარიამს ძალიან უნდა მასწავლებელი გახდეს. მას ნამდვილად მოეწონება ამბავი ქრისტინე შარაშიძეზე – ის იყო პირველი ლექტორი ქალი საქართველოში. გარდა სამეცნიეროსი,  პოლიტიკურ საქმიანობასაც ეწეოდა,   იყო  „საქართველოს დამფუძნებელი კრების“  წევრი. აქტიურად მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. 1922 წელს  მისი თაოსნობით გაიფიცნენ მასწავლებლები და მოსწავლეები, მათ უარი განაცხადეს ეზეიმათ რუსეთის მიერ განთავისუფლებად შენიღბული საქართველოს დაპყრობა. დააპატიმრეს და ძმის შუამდგომლობით გაათავისუფლეს. რეპრესიების დროს დააპატიმრეს მისი ოჯახის წევრებიც. მთელი ცხოვრება მას უწევდა უშიშროების თვალთვალში ცხოვრება, გარდაიცვალა 1973 წელს.

ჩვენი სამშობლო მარტო ქართველების არაა, ეს ქვეყანა აზერბაიჯანელებისაც არის, სომხებისაც, მუსლიმი აჭარლებისაც და წალკელი ბერძნებისაც. სოფელ ქოსალარში აზერბაიჯანელ გოგოებს ერთ ქალზე მოვუყვებოდი. არადა მათ ეს ამბები ყველაზე მეტად სჭირდებათ, რათა ვინმემ იძულებით არ გაათხოვოს,. არ გააყოლოს ვინმე ისეთს, რომელსაც მათი სახლში გამოკეტვა ენდომება.

ცხრაშვილიან ოჯახში დაბადებული ყარაჯალელი ფარიხან სოფიევა იყო პირველი მუსლიმი  დეპუტატი ქალი მსოფლიოში. საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს ის გახდა ეროვნული კრების დამოუკიდებელი წევრი. ჯერ კიდევ დეპუტატობამდე ბანკიდან აღებული სესხით თავის სოფელში ობოლ ბავშვთა სახლი გახსნა. მანვე ააშენა რკინიგზის სადგური სოფელში. სტალინური რეპრესიების დროს მისი რვა ძმიდან ხუთი დახვრიტეს და საერთო საფლავში დამარხეს. მათი საფლავები დღემდე არაა ნაპოვნი. ფარიხან სოფიევა გარდაიცვალა 1953 წელს გულის შეტევით. მიზეზი კი მისი ძმისშვილის დაკავება გახდა.

გურული თავადის ოჯახში დაბადებული ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე ახალგაზრდობიდანვე ჩაება რევოლუციურ საქმიანობაში. ის იყო  „საქართველოს დამფუძნებელი კრების“  კიდევ  ერთი წევრი ქალი. საქართველოს დაპყრობისთანავე ჩაერთო ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რის გამოც 1923 წელს დააპატიმრეს და გადასახლეს ურალში. გადასახლებიდან  ორი წლის შემდეგ დაბრუნდა. 1926 წელს ისევ დააპატიმრეს, აღიარა რომ მონაწილეობდა ანტისაბჭოთა მოძრაობაში, კატეგორიული უარი განაცხადა თანამოაზრეების დასახელებაზე. 1937 წელს მას სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს, რომელსაც სიმშვიდით შეხვდა. დახვრიტეს იმავე წლის 22 თებერვალს.  ეს ამბავი კი მეთერთმეტეკლასელისთვის მაქვს, თეონასთვის. ამბავი სამშვილდელი სომეხი ბავშვებისთვისაც მაქვს. მათ ხელისგულზე უნდა ვუბეროთ და ჩავაგონოთ, რომ ეს ქვეყანა მათიცაა, რომ ჩვენ ისინი გვჭირდება და ისინიც აღარ მოინდომებენ არსად წასვლას. ისწავლიან და ქვეყანას გამოადგებიან. ამქვეყნად არაფერია მრავალფეროვნებაზე მშვენიერი.

მასწავლებელი ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე იყო დამფუძნებელი კრების კიდევ ერთი წევრი ქალი. ცხოვრობდა  ქმართან ერთად ქალაქ სოხუმში და იბრძოდა სოციალური სამართლიანობისთვის. 1919 წელს არჩიეს დეპუტატად.  რუსული ოკუპაციის შემდეგ, 1926 წელს, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა გადაასახლეს.

ნუცა ღოღობერიძე – შეწყვეტილი კინოს და დაკარგული შესაძლებლობების სიმბოლო, პირველი ქართველი რეჟისორი ქალი. დაიბადა მასწავლებლის ოჯახში. მოასწრო სულ სამი ფილმის გადაღება. ეწინააღმდეგებოდა ოფიციოზის ჩარევას მის შემოქმედებით საქმიანობაში. 1937 წელს როგორც ხალხის მტრის ცოლი  10 წლით გადაასახლეს ვორკუტაში. მანამდე კი კინოდან გააძევეს.  ის წერდა: ჩვენთან ისეთი მდგომარეობაა, რომ ვიმყოფებით გზაგასაყარზე, საიდანაც ყველა მიმართულება სასიკვდილოა. გადასახლებიდან ცოცხალი დაბრუნდა, თუმცა მას აღარასოდეს გადაუღია ფილმი.

იქნებ არ ღირს ბავშვებისთვის ტკივილიანი ამბების მოყოლა, იქნებ პირიქით, აუცილებელიც კია გაიგონ, რომ ცხოვრება სულაც არაა ია-ვარდით მოფენილი, რომ მათ უნდა იბრძოლონ, რათა შეცვალონ თავიანთი და ჩვენი ცხოვრებაც.

სწორედ ამ ბრძოლისა და ცვლილებებისთვის სჭირდებათ მათ ნამდვილი, ცოცხალი მაგალითები ჩვენი წარსულიდან. ამიტომაცაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მასწავლებელ ლევან ღამბაშიძის ინიციატივა – სამაგიდო თამაში „საქართველოს რესპუბლიკა“, რომელიც  თავის მოსწავლეებთან ერთად მათივე კარნახითა და პარტნიორობით შექმნა.

თავდაპირველად მოსწავლეებს დავალებად მხოლოდ ვიქტორინის შეკითხვების მომზადება სთხოვა, თუმცა პროცესი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ შეგროვებული კითხვებით “სულაკაურის გამომცემლობასთან” ერთად სამაგიდო თამაში შექმნეს.

გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ (UNFPA), გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, შვედეთის მხარდაჭერით, სულ ახლახანს, თამაშს დაემატა შეკითხვების ახალი დასტა, რომელთა შინაარსი ეფუძნება ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ქართველი ქალების ცხოვრებას და ისტორიებს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს რესპუბლიკის შექმნასა და განვითარებაში. განახლებული სამაგიდო თამაში ავტორებმა 23-26 აპრილს, „წიგნის ბაზრობაზე“ წარადგინეს.


“ქალების როლზე საუბრისას, ხაზგასასმელია როგორც მათი პოლიტიკური მნიშვნელობა, ისე მათი წვლილი ქართული კულტურის განვითარებაში. შესაბამისად, ეს ინიციატივა ემსახურება არამხოლოდ ისტორიული ფაქტების შესახებ ცნობადობის ამაღლებას, არამედ ქალების როლის და წვლილის სრულფასოვან შეფასებას საქართველოში თანასწორობის დამკვიდრებაში.” – ლევან ღამბაშიძე, მასწავლებელი, სამაგიდო თამაშის თანაავტორი.

მსგავსი წამოწყებები მიზნად ისახავს, რომ ისტორია აღარ იყოს მხოლოდ „კაცების ამბავი“ და ახალგაზრდებმა დაინახონ ადამიანური, რეალური მაგალითები მათ შორის იმ ქალებისა, რომელთა სახელსაც არაერთი ისტორიული მოვლენა, პროგრესი და ბრძოლა უკავშირდება.

„გაეროს მოსახლეობის ფონდი ახალგაზრდებში ხედავს ცვლილებების ძალას, ახალი მიზნებისკენ სწრაფვის სურვილს, პოტენციალს, რომ შეცვალონ საზიანო სოციალური ნორმები და საზოგადოებრივი ცხოვრება უკეთესი გახადონ. ხშირ შემთხვევაში, ისინი ამ ყველაფერს სწავლობენ და აკეთებენ სხვების ისტორიების მაგალითზე, ადამიანების, რომელთა ბიოგრაფიაც შეიძლება იმის შთაგონების წყაროდ იქცეს, თუ როგორ იბრძოლო თანასწორობისთვის, შექმნა რაღაც ისეთი, რაც საძირკვლად გაყვება შემდეგ თაობებს, დაისახო და მიაღწიო მიზანს, დაიპყრო მწვერვალები.

სწორედ ამიტომ, მოხარულები ვართ მხარი დავუჭიროთ სამაგიდო თამაშის „საქართველოს რესპუბლიკა“ სპეციალურ გამოცემას, რომელიც ახალგაზრდებამდე მიიტანს ინფორმაციას ისტორიულად მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ, რომელთა სათავეშიც XX საუკუნის საქართველოში მცხოვრები ქალები იდგნენ”, – ნანა ავალიანი, გაეროს მოსახლეობის ფონდის გენდერის პროგრამის ანალიტიკოსი.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.