fbpx

კულტურული რუკის ახალი კოორდინატები: სად გაივლის 2026 წლის მთავარი მარშრუტები?


გააზიარე სტატია

ავტორი: ანი თენიეშვილი

2026 წელი მსოფლიო კულტურულ რუკას საგრძნობლად გააფართოებს  – აბუ-დაბის გუგენჰაიმიდან ლოს-ანჯელესის ლუკასის ნარატიული ხელოვნების მუზეუმამდე. მიუხედავად დაფინანსების სირთულეების, პოლიტიკური წნეხისა და კულტურული რელევანტურობის ირგვლივ მიმდინარე დებატებისა, მსოფლიოს წამყვანი ინსტიტუციები ზრდას არ წყვეტენ. ზოგიერთი პროექტი ათწლეულების მანძილზე მწიფდებოდა, ბევრმა მათგანმა ბიუჯეტს მნიშვნელოვნად გადააჭარბა, თუმცა ყველა მათგანი გარანტირებულად მოიზიდავს როგორც დამთვალიერებლების, ისე კრიტიკოსების ყურადღებას.

ნიუ-იორკის გუგენჰაიმის მუზეუმმა ამ გრანდიოზული, 320,000 კვადრატული ფუტის მქონე ფილიალის გეგმები ჯერ კიდევ 2006 წელს გამოაცხადა. არქიტექტორად ლეგენდარული ფრენკ გერი შეირჩა, თუმცა ბილბაოს ცნობილი გრეხილი ფორმების ნაცვლად, მან აქ სრულიად განსხვავებული ვიზია შემოგვთავაზა, ცხრა მეტალის კონუსი, რომლებიც აბუ-დაბის ტრადიციული არქიტექტურით  არის შთაგონებული და იდეალურად ერგება უდაბნოს კლიმატს.

წლების დაგვიანებისა და არაერთი საპროტესტო კამპანიის შემდეგ, მუზეუმი საადიათის კულტურულ უბანს საბოლოოდ შეუერთდება. გუგენჰაიმი აქ დასავლური მოდერნიზმის კლასიკოსებს – დენ ფლავინსა და ჟან-მიშელ ბასკიას – აზიის, აფრიკისა და სპარსეთის  ყურის რეგიონის ნაკლებად ცნობილ ხელოვანებთან ერთად წარმოადგენს, რითაც ხელოვნების ისტორიის ახლებურ, უფრო გლობალურ წაკითხვას გვთავაზობს.

ჯორჯ ლუკასი თხრობის ოსტატია და მისი მილიარდ-დოლარიანი მუზეუმი სწორედ ამ პრინციპს ემსახურება. ის ცდილობს ლეგიტიმაცია მიანიჭოს იმ ფორმებს, რომლებსაც ტრადიციული ინსტიტუციები წლების მანძილზე უგულებელყოფდნენ – კომიქსს, საბავშვო ილუსტრაციასა და კინოვიზუალურ ენას.

მუზეუმის საცავში უკვე 40,000-ზე მეტი ნამუშევარია – რობერტ კრამბიდან ნორმან როკველამდე და, რა თქმა უნდა, „ვარსკვლავური ომების“ არტეფაქტების მთელი სამყარო. MAD Architects-ის მიერ შექმნილი შენობა კი ნამდვილად ისე გამოიყურება, თითქოს რომელიმე შორეული გალაქტიკის ცაში დარჩენილ ხომალდს ჰგავდეს.

AI-ხელოვნების პიონერი რეფიკ ანადოლი 2026 წლის გაზაფხულზე ლოს-ანჯელესში ხსნის სივრცეს, სადაც „ადამიანის წარმოსახვა და მანქანის შემოქმედებითი პოტენციალი იკვეთება“. Dataland აცხადებს, რომ მუშაობს მხოლოდ ლიცენზირებულ მონაცემებთან და განახლებადი ენერგიით საზრდოობს, რაც დღევანდელ ეთიკურ დებატებში მნიშვნელოვანი განაცხადია.

მუზეუმის ხუთი დარბაზიდან ერთ-ერთი ანადოლის სავიზიტო ბარათი – Infinity Room – იქნება. ეს ვერსია 500,000 სუნის მოლეკულაზეა გაწვრთნილი და მუზეუმის თქმით, დამთვალიერებელს „ყნოსვით განზომილებას“ გადაუშლის.

ბრიუსელს ჰქონდა საუკეთესო კერძო კოლექციები, მაგრამ აკლდა საერთაშორისო წონის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი. გამოსავალი მოდერნისტული Citroën-ის გარაჟის ტრანსფორმაციაში იპოვეს. 2026 წლის ნოემბერში გაიხსნება ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი მუზეუმი, რომელიც თავდაპირველად პარიზის Centre Pompidou-ს უმდიდრეს საცავებს დაეყრდნობა. თუმცა, დირექტორ ივ გოლდსტეინის თქმით, მათი საბოლოო მიზანი ბელგიელი ხელოვანების საერთაშორისო ასპარეზზე გამოყვანა და ბრიუსელის კულტურული თვითმყოფადობის ხაზგასმაა.

ლონდონის Victoria & Albert მუზეუმი თავის ახალ ფილიალს აღმოსავლეთ ლონდონში, ოლიმპიური პარკის მიმდებარედ ხსნის. მათი მიზანია, რომ მუზეუმი აღარ აღიქმებოდეს როგორც ელიტური სივრცე. საინაუგურაციო გამოფენა – „The Music Is Black: A British Story“ – შავკანიანი ბრიტანული მუსიკის 125-წლიან ისტორიას წარმოადგენს, როგორც ძალას, რომელმაც ქვეყნის შემოქმედებითი იდენტობა ჩამოაყალიბა.

ნიუ-იორკის New Museum-მა თავისი ფართობის გაორმაგება გადაწყვიტა. შვიდსართულიანი ნაგებობა, რომელიც რემ კოლჰაასისა და შოჰეი შიგემაცუს დაპროექტებულია, მუზეუმის ორიგინალურ სივრცეებს შეუერთდება. გახსნისთანავე მუზეუმი უმასპინძლებს 150 ხელოვანის გამოფენას, რომელიც ტექნოლოგიების ზეგავლენას იკვლევს ადამიანის ბუნებაზე – თემა, რომელიც 2026 წლისთვის კიდევ უფრო აქტუალური იქნება.

ეს შთამბეჭდავი სიახლეები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 2026 წელს ხელოვნება კედლებს მიღმა გამოდის და ახალ, ინტერაქციულ ფორმებს იძენს. იქნება ეს უდაბნოს ქვიშაში ჩადგმული არქიტექტურული საოცრება, ხელოვნური ინტელექტის ყნოსვითი ექსპერიმენტები თუ ძველი ინდუსტრიული სივრცეების რეინკარნაცია, მთავარი მარშრუტები მაინც ერთი წერტილისკენ – ადამიანური გამოცდილების გაფართოებისკენ მიდის. მსოფლიოს კულტურული რუკა უფრო ინკლუზიური და თამამი ხდება, რაც გვაძლევს იმედს, რომ ტექნოლოგიური და პოლიტიკური გამოწვევების ეპოქაში, მუზეუმები რჩება იმ უმთავრეს თავშესაფრად, სადაც წარსულის მემკვიდრეობა და მომავლის ხილვები ერთმანეთს ჰარმონიულად ხვდება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.