სტურუა როსტევანსა ზედა
ავტორი: თეა კახიანი
ფოტოები: რუსთაველის ეროვნული თეატრი
რუსთაველის ეროვნულ თეატრში 5 აპრილს პრემიერა შედგა. რობერტ სტურუამ მრავალი წლის განზრახვას, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის’’ დადგმასთან დაკავშირებით, ხორცი შეასხა. სპექტაკლი ხმაურიანი გამოდგა. პრემიერის მსვლელობისას უნებართვოდ გადაღებული მოკლე ვიდეოჩანაწერები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა და საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია. პრემიერის დღეს კულტურის მინისტრმა რუხაძემ “იმედის” ეთერში სტურუა გენიოსად მოიხსენია და თანამედროვე ეპოქაში პოემის „ახლებური გადააზრების’’ (ციტატა მინისტრის კომენტარიდან) მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
მართლაც, საინტერესოა, რა იგულისხმება საუკუნეების განმავლობაში ხელშეუხებელი ქართული პოემის ახლებურ გააზრებაში. რას სთავაზობს რუსთაველის ეროვნული თეატრი თანამედროვე მაყურებელს?
ამ კითხვაზე პასუხს სამი მდგენელი აქვს: პირველი დადგმის კონცეფციას და რუსთაველის „ვეფხისტყაოსანთან’’ მის მიმართებას გულისხმობს; მეორე- სპექტაკლის წმინდა ესთეტიკური მახასიათებლებია – მხატვრული ენა, ატმოსფერო და მეთოდი, რომლითაც დადგმის ავტორები გამოხატავენ სათქმელს; ხოლო მესამე და მთავარი საერთო კონტექსტია – დრო და გარემო, რომელშიც იდგმება სპექტაკლი; ჰაერი, რომლითაც სუნთქავს ნაწარმოები და მნიშვნელობას სძენს, ამთლიანებს დადგმის კონცეფციასა და ესთეტიკურ მოდელს.
დავიწყოთ კონცეფციით. თეატრი პოემის მხოლოდ პირველ ნაწილს წარმოგვიდგენს („ამბავი როსტევან არაბთა მეფისა“). რეჟისორმა რუსთაველის პოემიდან შეკრა აფორიზმები და სტროფები, რომლებიც ამ სპექტაკლის იდეისა და მისი მთავარი პერსონაჟის, არაბთა მეფის, ხასიათის სტურუასეულ ხედვას აყალიბებს.
ჩვენთვის ნაცნობი თავმდაბალი, სამართლიანი, მოწყალე როსტევანი რუსთაველის პოემიდან, რუსთაველის თეატრში იქცა ახირებულ, პერვერტ პერსონაჟად. სადადგმო ჯგუფი აკეთებს ყველაფერს მისი უკიდეგანო ძალაუფლების სადემონსტრაციოდ. ექსპოზიციის ნაწილში დავით უფლისაშვილის როსტევანის გამოჩენასთან ერთად სცენაზე შემოაქვთ არაბეთის რუკა, რომელსაც, სარეჟისორო გადაწყვეტის მიხედვით, როსტევან არაბთა მეფე აუპატიურებს, გინდაც ანაყოფიერებს. რაც უნდა ვუწოდოთ ამ აქტს, ის სრული დომინაციის გამოხატვას ისახავს მიზნად. ხელმწიფე ფეხსაცმელს იხდის და რუკაზე წვება. მაყურებელს აქვს პატივი ისმინოს ასაკოვანი მონარქის სექსუალური გმინვა. ამ სცენით „ვეფხისტყაოსნის’’ ავტორისგან სრულიად განსხვავებულ ამბავს და პერსონაჟს თხზავს რეჟისორი. ის უარყოფს როსტევანის უძლურებას, ჭირთა უფრო ძნელ სიბერეს და სპექტაკლის მთავარ მოვლენას, თინათინის გამეფებას. ორიგინალის შესაბამისად, დროის ლოგიკურ მდინარებას, მოკვდავი ადამიანისგან სიცოცხლის და ძალაუფლების სასრულობის განცდას და მისი გადაცემის აუცილებლობას კი არ უკავშირებს, არამედ მამის ახირებად და კვლავ მისი ძალაუფლების მტკიცებულებად წარმოადგენს. რუსთაველის თეატრში ვერ მოისმენთ როსტევან მეფის კოსმოლოგიური სიმშვიდით განცდილ ფრაზას – „იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა’’. თითქოს განგება, დროის დინება, აქ არაფერს ნიშნავს. მთავარი ამ ერთი კაცის ნება-სურვილია. ყოვლისშემძლე მეფე განსაზღვრავს ირგვლივ ყველას ბედისწერას. მის ხელშია მათი სიცოცხლეც. ციტატა – „დღეს არა, ხვალე მოვკვდები, სოფელი ასრე მქნელია’’ სტურუას დადგმაში გახლეჩილია. როსტევანი მის მხოლოდ პირველ ნაწილს, როგორც საკუთარ განზრახვას, ისე წარმოთქვამს, თანაც მოქმედების განვითარების დედნისგან განსხვავებულ მომენტში. ცხადი ხდება, რომ მას ყველაფერთან ერთად სიკვდილის გადავადების პრეტენზიაც აქვს.
ზოგადად პოემის ინტერპრეტაციის თავისუფლება საკამათო არაა, თუმცა თავად ინტერპრეტაციის პათოსი და კონცეფცია საქართველოს დღევანდელობასთან კავშირში არა მხოლოდ უბრალოდ კრიტიკას ვერ უძლებს, არამედ ცალსახად, საგანგაშო მოვლენაა.
ეჭვგარეშეა სპექტაკლი დღევანდელ პოლიტიკურ მოცემულობას ასახავს, ერთი კაცის უზომო ძალაუფლებას ეხმიანება და განადიდებს კიდეც. რეჟისორი ადამიანის წარმავლობის, მისი ყოველგვარი ძალაუფლების სასრულობის ფენომენს სამყაროს შემოქმედის წესებს არ უქვემდებარებს. სანაცვლოდ განგების ძალის სრულ გამოხატულებად მმართველის არსებობას და მის გადაწყვეტილებებს აფიქსირებს. რუსთაველის თეატრის სცენაზე მმართველის ღვთიური ბუნების ხაზგასმით, მისი მორჩილების იმპერატივი შლის ფრთებს და ძალაუფლების უპირობო ლეგიტიმაციად იქცევა: „მისგან არს ყოვლი ხელმწიფე, სახითა მის მიერითა’’დიდებულ მაშველ რგოლად გადაეფარა სახალხო ლეგიტიმაციის დეფიციტით შეწუხებულ დღევანდელ პარტიულ ისტებლიშმენტს. ალბათ, ეს იყო კულტურის მინისტრის აღფრთოვანების წყარო და წერილის დასაწყისში რეჟისორისადმი აღნიშნული კომპლიმენტის რეალური საფუძველიც.
ავტორიტარიზმის კონსოლიდაციისა და სახელმწიფო მოხელეებში აღვირახსნილი მომხვეჭელობის კონტექსტში, გამაოგნებელ შთაბეჭდილებას ტოვებს როსტევანის მიერ თინათინისთვის მიცემული რჩევები კარგ მართვასთან დაკავშირებით. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ჰუმანური აფორიზმი – „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია’’ რუსთაველის თეატრის სცენაზე მოსყიდვის გაკვეთილად გადაიქცა. მერკანტილურ მიზნად ჩამოყალიბდა და ეს მისი დამდგმელის მხრიდან აღიქმება არა სარკაზმად, არამედ ჩვეულებრივ მანიპულაციად. რუსთაველის ავტორიტეტის საფარქვეშ დღევანდელი მანკიერების ნორმალიზაციის მცდელობად. მაყურებელს, მაგალითად, რუსთაველის გამზირზე დემოკრატიის, სოციალური სამართლიანობის მოთხოვნებით მდგომ ადამიანს, ჩვენი ქვეყნის იდენტობის განმსაზღვრელი ნაწარმოების ეს ინტერპრეტაცია ეტყვის, რომ მის ბრძოლას აზრი არა აქვს, რადგან თუ იმ ერთმა ადამიანმა მოინდომა, მაინც ყველას მოისყიდის, მაინც ისე იქნება, როგორც დიდი ბიძიები გადაწყვეტენ. არადა სინამდვილეში „ვეფხისტყაოსანი’’ სულ სხვა საგაა. ადამიანის საგაა, სისტემასთან სიყვარულისა და მეგობრობის სახელით დაპირისპირებული ახალგაზრდების გამარჯვებაა. ზუსტად ისაა, რაც ადამიანში თავისუფლების, თავდადებისა და ბრძოლის ჟინს აძლიერებს. სწორედ ამიტომ რუსთაველის თეატრის სპექტაკლი ეწინააღმდეგება რუსთაველის ეპოსს, მის სულს, მაჯისცემას. ქმნის აბსოლუტურად საპირისპირო ემოციურ და აზრობრივ ველს.
დადგმის გადაწყვეტის ეთიკურობას საეჭვოს ხდის ისიც, რომ მასში სამოქალაქო და ადამიანური სოლიდარობა გამქრალია. პოემა, რომელიც დაფუძნებულია ადამიანის გონიერების, ლმობიერების საბაზისო უნარებზე, რომელიც პირდაპირ ქადაგებს ძალაუფლების მქონეთათვის აუცილებელ ღირებულებებს და მათ შორის გასცემს „ათავისუფლე მონების’’ დირექტივას, დღევანდელ მოცემულობაში, როდესაც ადამიანებს ტროტუარზე დგომისათვის იჭერენ, როდესაც გვყავს საქართველოს უახლეს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის ამ სპექტაკლის დამდგმელების კოლეგები, სტურუას სარეჟისორო პულტთან ძალაუფლებისადმი პიეტეტის ინსტრუმენტი ხდება. თანაც თუ გაგვახსენდება, რომ სპექტაკლი სანდრო ახმეტელის იუბილეს მიეძღვნა, მართლაც გაგვაკვირვებს რეჟისორის არაორდინალური აზროვნება და პროვოკაციულობის მასშტაბი.
არ ვიცით მომავალი რას გვიმზადებს, გააგრძელებს თუ მხოლოდ „ვეფხისტყაოსნის’’ პირველი ნაწილის მისეული ინტერპრეტაციით შემოიფარგლება სტურუა. ფაქტია, პოემის პოზიტიური ზოგადსაკაცობრიო და ზოგადადამიანური სიმაღლეები, რომლებიც ქართული იდენტობის უნიკუმს ქმნის და საუკუნეების განმავლობაში ქცევის, საკუთარ თავსა და გარე სამყაროსთან დამოკიდებულების პატერნებად ჩამოყალიბდა, პირველ ნაწილში დეკონსტრუირებულია. თინათინი, მამის ხელში მარტივი სათამაშოა. ქეთი სვანიძის, თითქოს მზეს რომ უნდა სწუნობდეს, ის პერსონაჟი, როსტევანის გადაწყვეტილებას ისტერიკით პასუხობს. მეფედ კურთხევის პროცესში მას პანიკური შეტევა ემართება და გონებას კარგავს. მსახურები მის უგონო სხეულს ტახტზე აიტანენ და დადებენ. თინათინის ინტრონიზაციის ბუტაფორიულობა და როსტევანის არაფორმალური მმართველობა გულსაკლავ კონტრაპუნქტად მოიხმობს ერთ-ერთ ყველაზე ხშირად გამოყენებულ, ქართული გონის პროგრესულობის მამტკიცებელ აფორიზმს – „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია’’.
ქართული და ევროპული ღირებულებათა სისტემის ერთიანობის გამომხატველი ფრაზა სემანტიკური მნიშვნელობის გადმოცემას კი არ ცდილობს, არამედ შირმად იქცევა, რომლის უკან რუსთაველის თეატრი ასეთ თინათინს მალავს. ის ხან თოკებით ჩამოშვებულ ტახტზე, ხან კი ავთანდილის მკლავებზე მარიონეტივით ჰკიდია. საზოგადოების მხრიდან, თუ რამეა აღშფოთების საფუძველი ალბათ, ამ პერსონაჟის ბუნების დაკნინებაა, მისი ისტორიული პროტოტიპის კონტექსტში და არა ღია ჩაცმულობა, რომელიც თანამედროვე მაყურებელს მართლაც არ უკვირს. ცხადია, შფოთვის ზუსტი არტიკულირება რთულია და ზოგჯერ არასწორად ფორმულირდება. აღორძინების ხანის დიდებული მითური პერსონაჟების დამიწების გაგრძელება უხერხემლო ავთანდილია (ლევან ხურცია). მის მუდმივ ორჭოფობას, დაბალ თვითშეფასებას, სარკეში ჩახედვისას ენის გამოყოფაში რომ იკითხება, გაიძვერობაც ემატება. ერთ-ერთი მიზანსცენის მიხედვით ავთანდილი ტახტისკენ მიბრუნებულ თინათინს შუბს უღერებს და ასე გვაჩვენებს იმ ფარსს, რასაც სარეჟისორო გადაწყვეტის მიხედვით, მთელი ეს რომანტიკული ისტორია წარმოადგენს.
სტურუა ბრწყინვალედ ახერხებს, სიტყვისა და მისი შინაარსის გახლეჩას. დადგმის ეს პოსტმოდერნული მიმართება, პირადად ჩემთვის, საინტერესო აღმოჩენების ჩარჩოში დარჩებოდა, რომ არა დროისა და პოლიტიკის კონტექსტი, რომელიც, ცხადია, უმნიშვნელოვანესია და ამაზე დავა, ვფიქრობ, თავად სტურუამ დაასრულა, როდესაც ათწლეულების განმავლობაში „ვეფხისტყაოსნის’’ ტექსტთან ჭიდილის შემდეგ, მხოლოდ ახლა შეძლო მისი გასაღების პოვნა. რუსთაველის ტექსტი მან პროპაგანდის სალამურზე მარტივად აამღერა და ამით საკუთარი პიროვნების საჭიროებასთან ერთად თეატრის მივიწყებული ფუნქცია გაახსენა ხელისუფლებასა და მაყურებელს. რეჟისორი გვეუბნება, რომ ხელოვნება პოლიტიკურია და თან მასში არა მხოლოდ აისახება კონიუნქტურა, არამედ, გარკვეულწილად, ლეგიტიმაციას სძენს ძალაუფლებას. სხვანაირად ვერ წავიკითხავთ თეატრის მიერ შემოთავაზებულ „ამბავს როსტევან არაბთა მეფისა’’.
დადგმის ლოგიკაში ზუსტი ადგილი უჭირავს უცხო მოყმის გამოჩენის და მის მიმართ უსაზღვრო ინტერესის ფენომენს. ტარიელი (ლაშა ჯუხარაშვილი) არის ერთადერთი სულიერი მზის გულზე, ვინც არ ემორჩილება როსტევანის ნებას. ის დისონანსია, რომელიც მოულოდნელად არღვევს ხელმწიფის ჰარმონიას, მის კოსმოსურ წესრიგს. ამიტომ მთელი სამყარო დაირაზმება მის აღმოსაჩენად. ჩვენც ხომ გვინახავს, თანამედროვეობაში როგორ ხდება ურჩი ყმების მიწიდან ამოთხრის სპეცოპერაცია. ვერაფერს ვიტყვით, სპექტაკლის კონტექსტური ლოგიკა ჯაჭვივით მყარია.
როგორც წესი, შემოქმედებით ჯგუფს სპექტაკლის თანაავტორებად მოვიხსენიებთ, თუმცა, ვფიქრობ, ეს ის შემთხვევა არ არის და არც ცალკეული მსახიობების ოსტატობის განხილვა ან მათი სიმაღლის შეფასება ღირს. რა ხანია სტურუას თეატრში მსახიობი მხოლოდ ანტურაჟია და სპექტაკლის წარმატების ან მარცხის მთელი პასუხისმგებლობაც მხოლოდ მასზეა.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ამ დადგმის ადრესატი უშუალოდ ქართველი მაყურებელია, ეს არის სპექტაკლი, რომელიც მხოლოდ ლოკალურ ბაზარზე შეიძლება იყოს აღქმული და მისი საფესტივალო ცხოვრება თავიდანვე მარცხისთვისაა განწირული. მეტიც, სტურუას შემოქმედებიდან ამაზე ვიწრო აუდიტორიის ნაწარმოები არც მახსენდება. რაც თავისთავად პარადოქსული მოვლენაა. სადადგმო ჯგუფმა მოახერხა ზოგადსაკაცობრიო ნაწარმოების ასე განძარცვა და დავიწროება. ფაქტია, ეს სპექტაკლი უცხოელ მაყურებელს უბრალოდ არასწორ წარმოდგენას შეუქმნის შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანზე’’, საქართველოს ეროვნულ საგანძურს რომ ვეძახით. ასევე, სპექტაკლის საფესტივალო ცხოვრებას ზღუდავს მისი მუსიკალური ქსოვილი, რომელთან დაკავშირებით არავინ იცის, რამდენად დაცულია საავტორო უფლებები.
ესთეტიკის თვალსაზრისით, თეატრი ახალს არაფერს გვთავაზობს. სპექტაკლში ჩართულია ციტატები რობერტ სტურუას სხვადასხვა დადგმებიდან. მეორდება ოდესღაც მიგნებული გამოხატვის საშუალებები, მოძრაობისა და მეტყველების სტილიზებული ფორმები. სცენაზე წიგნის გამოტანა და ავტორის ერთგვარი წარდგენაც რეჟისორის საყვარელ პრაქტიკად რჩება. აქაც, სიღრმიდან ნელი და წყვეტილი ნაბიჯით მოდის ადამიანთა ჯგუფი, მასა, რომელსაც გაურკვევლობა და საფრთხის შეგრძნება მოაქვს. სტურუასთან ადამიანთა მასა თითქმის ყოველთვის ასეთია, გაუცნობიერებელ შიშებთან არის კავშირში. როსტევანში მეფე ლირის სიგიჟის ადაპტაციაც ძალაუფლების დათმობის ფატალური ასოციაციების აღმძვრელია.
სპექტაკლი გადაწყვეტილია, როგორც ნეგატივი, რომელიც მხოლოდ სინათლით მჟღავნდება. ვფიქრობ, ეს ამ სპექტაკლის ერთადერთი ღირებული მიგნებაა. ის გვიტოვებს სივრცეს, ვიყოთ სინათლის ნაწილი და რასაც რუსთაველის ეროვნული თეატრის სცენაზე სანახევროდ მომზადებულს ვნახავთ, ჩვენი შინაგანი რწმენის, განწყობისა და ცოდნის მიხედვით, მივიღოთ ან უარვყოთ და რაც მთავარია, მოვფინოთ ნათელი.









