fbpx

რობერტო ბოლანიოს „ღამე ჩილეში“ – ლიტერატურის თავის მართლება. წარმოსახვითი დილეგი


გააზიარე სტატია

ავტორი: მათე წიკლაური

 

„არსი არის ის, რაც აღნიშნულია საგნის დეფინიციის მეშვეობით.“ 

თომა აკვინელი

„ციხე არ ყოფილა ოდითგანვე თავისუფლების აღმკვეთი…“

მიშელ ფუკო

 

ადრიან მარინომ  წიგნის,  „კომპარატივიზმი და ლიტერატურის თეორიის“ პირველ თავში ლიტერატურათმცოდნეობის თანდაყოლილ კრიზისულ ბუნებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს დისციპლინა თავიდანვე არსებობდა, როგორც მარადიული ეჭვის გარემო – ამ ნიშნით მეცნიერება ჰგავდა პოსტმოდერნიზმს, რომელმაც სამყარო ქაოსად აღიქვა კრიზისული ხედვის გამო. მკვლევარმა მსჯელობის დასასაბუთებლად რენე უელეკის პოზიცია მოიშველია – არც საგანია გამოკვეთილი და არც მეთოდოლოგია. 

მაგრამ თუ არც მეთოდოლოგია გააჩნია და არც საბოლოოდ დადგენილი საგანი, ისმის უფრო დამთრგუნველი შეკითხვა – გააჩნია ლიტერატურას რაიმე არსი, რომელიც დეფინიციის საშუალებით შეიძლება აღიწეროს? შეკითხვას აბსტრაქტული საზრისი მაშინ გამოეცლება, როცა ღამე დაბნელებულ ოთახში დაწვები და აგიტანს აზრი, რომ კვდები. რომელია უფრო ვიწრო სივრცე – ოთახი თუ ციხე? რომელი უფრო გართმევს თავისუფლებას – ფიზიკური პატიმრობა თუ სიკვდილთან მიახლოების განცდა? რამდენად რეალურია ასეთ დროს გაგახსენდეს სხვისი სახლები, დიქტატორები, ფიქციები, წარსული საუბრები..? იქნებ სიკვდილთან მიახლოება ყველაზე ვიწრო საკანია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ წარმოსახვის რეალობასთან შერწყმით ფართოვდება… ან, იქნებ ჩილეს ღამეში ჩაფლული ბოლანიოს პერსონაჟი თვითონ შენ ხარ, რომელსაც ლიტერატურა თავდაცვის მექანიზმი ჰგონია და ხელში ბოროტების მფარველი შერჩება… მარცხისტული… 

ანი ერნომ ნობელის პრემიის მიღებისას წარმოთქმულ სიტყვაში ენისა და ლიტერატურის შესწავლის სურვილის გაჩენაზე ისაუბრა: ენისა და ლიტერატურის შესწავლის სურვილი აღმიძრა ლიტერატურაში დარჩენის ვნებამ. ლიტერატურა იქცა ჩემს უმაღლეს ღირებულებად და ცხოვრების წესად. ფლობერისა და ვირჯინია ვულფის რომანებში ვჭვრეტდი საკუთარ თავს და მათში ვცხოვრობდი. ლიტერატურის კონტინენტს გაუცნობიერებლად ჩემს სოციალურ გარემოს ვუპირისპირებდი, წერას კი რეალობის გარდაქმნის საშუალებად ვსახავდი.“ (თარგმანი: ვალერი ოთხოზორია) 

ერნო ამ მარცხისთვის განწირული ლიტერატურის შემობრუნების წერტილს ადგენს და გვთავაზობს მეტაფორულ ხსნას, რომელიც მკითხველს გადაარჩენს, მაგრამ აქამდე რომ მიაღწიო, ვფიქრობ, სამ მიახლოებას უნდა გაუძლო. თითოეულ მათგანს საგნის დეფინიციით აღნიშვნის ტრადიცია და ამ მხრივ არსის მიგნების სხვადასხვა გზათა გაჩენა წარმოადგენს. ხშირად ეს სამი მიახლოება წარმოსახვით დილეგად მოგვეჩვენება, მაგრამ რაც უფრო შემხუთველი ხდება მარწუხები, მით უფრო იმართლებს თავს ლიტერატურა. გადარჩენის ინსტრუმენტი კი მკითხველის ხელშია და არა მწერლის, რადგან რეალობისგან გაქცეული, ლიტერატურას შეფარებული მწერალი, ოპტიმისტურს ვერ შექმნის, მკითხველის იარაღი კი ინტერპრეტაციაა, რომელიც წარმოსახვასა და რეალობას, სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის არსებულ წამს შეაჩერებს და იმედს დაბადებს. 

 

პირველი მოახლოება – სიკვდილის საფრთხის გააზრება

 როდესაც მე ვარ, სიკვდილი არ არის, როდესაც სიკვდილია – მე აღარ ვარ. შეუძლებელია მე და სიკვდილი ერთმანეთს შევხვდეთ.“ – ეპიკურე.

„მამამზე ერისთავს იმდენივე ომი ჰქონდა გადახდილი, რამდენი წელიც დაეყო ამქვეყნად, მაგრამ სიკვდილის წინაშე შიში უცნობი იყო ამ დღემდე მისთვის.“ – კონსტანტინე გამსახურდია.

ვკვდები, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სათქმელი. ყოველთვის მშვიდად ვიყავი საკუთარ თავთან. წყნარად და მშვიდად. მაგრამ უეცრად ყველაფერი თავდაყირა დადგა.“ – ასე იწყებს ბოლანიო რომანს. მწერალმა არ აირჩია კვდომა, მან მისით განპირობებული რეალურად გაუცნობიერებელი საფრთხე აღწერა. რომანი იწყება არა სიკვდილით, არამედ მისი მოახლოების გაცნობიერებით. ურუტია ლაკრუას მონოლოგი მცდელობაა, სიტყვით შეაჩეროს გარდაუვალი დასასრული, რადგან ის, „რაც პირველად იყო“ – ყოველთვის ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია გადარჩენისას. სიკვდილი ბოლანიოს არ ესმის, როგორც ბიოლოგიური მოვლენა. მისთვის ეს არის წამი, რომელიც ძალიან მოკლეა და მთელ ცხოვრებას პანორამული ხედით გაჩვენებს. 

ამ ეტაპზე ლიტერატურა დამცველობითია. მწერალი თავშესაფრად იყენებს ტექსტს. ამიტომაა, რომ ლაკრუა საუბარს იწყებს არა სინანულის, არამედ თავდაცვის ინსტინქტით: „ის ასაკოვანი ახალგაზრდაა დამნაშავე. მშვიდად ვიყავი.“ ნაწარმოები ერთი გაბმული მონოლოგია, თუმცა სხვადასხვა ტონალობით. სიკვდილის საფრთხე აქ ფიზიკურ საზღვრებსაა გაცდენილი და მორალური ხდება. ურუტია იაზრებს, მის წინაშე მხოლოდ ავადმყოფობა კი არ არის, არამედ იდუმალი სინდისის ხმა, რომელიც, კაფკასეული ენით თუ ვიტყვით, პერსონაჟზე დიდხანს იარსებებს. 

ამ დროს ურუტია სალონურ საუბრებს, პოეტებს, დიქტატორს, სოციალურ ფენებს გაიხსენებს, მაგრამ ეს ფარია – თვითგადარჩენისკენ სწრაფვა და დარწმუნება, რომ დამნაშავე არ ხარ, თუნდაც იმიტომ, რომ დუმდი. იმ საზოგადოებაში, რომელიც დუმილს მთელი ცხოვრება იყენებდა გადარჩენის იარაღად, სიკვდილთან მიახლოებული პადრე საუბრით ცვლის, რომ დასცილდეს გარდაცვალებას – სწორედ ეს მოგონება და მისი გადმოცემაა ახლა ფარი, მაგრამ ფარს აქვს უცნაური მახასიათებელი – აღიარება და სიმართლემდე მისვლა მაშინ, როცა კვდები, განსხვავებულია. ბოლანიო ინტელექტუალის ტრაგედიაზე გვიამბობს, სიკვდილის საფრთხის გააზრება ჭეშმარიტი ანალიზი არ არის, ის თავის მართლების სურვილია, მონოლოგი კი – აღსარების გამოძახილი. სიტყვა არ არის სინდისის განმწმენდი. სინდისი მხოლოდ დანაშაულის გრძნობასთან ერთად კი არ ჩნდება, არამედ ის ხშირად საზოგადოების ტრაგიზმიდან აღმოცენდება. რომანის ანალიზის პირველ ეტაპს, ნაწარმოების მთავარი არსის ძირითადი ტონალობის პირველ ნაკვალევს სწორედ აქ ვხვდებით. სიკვდილი საბოლოო საზღვარია, ლიტერატურა კი სივრცე, რომელიც ამ გარდაუვალობასთან ბრძოლას იწყებს და თავის გამართლებას ცდილობს. 

მეორე მოახლოება – მხოლოდ მოგონება გადარჩება

„ფიქრი უსამზღვროა, ვითა სამყარო, და უკეთუ ადამიანი მიჰყვა ფიქრს, ვინ იცის სადამდის მიიყვანს; შეიძლება კლდეზედაც გადასჩეხოს. ხოლო ისიც შესაძლებელია, – სამოთხეში ამოაყოფინოს თავი. – ვაჟა-ფშაველა

მოგონება, რომელსაც შინაარსით კავშირი წარსულთან აქვს, გაცოცხლებისთანავე მარადიული აწმყო ხდება. ამ ცვლილების გამომწვევი ფიქრია – დროის სტრუქტურა ირღვევა და ქრება ზღვარი. პერსონაჟის მონოლოგი არ არის ქრონოლოგიურად განვითარებული, რადგან „ფიქრი უსამზღვროა“ და მოგონებათა უწყვეტ ნაკადად იქცევა. ასეთია ჯოისის განცდაცა და ფიქრიც, სასვენ ნიშნებთან მტრობა სხვას არაფერს წამოუწყია. ბოლანიოსაც არ უყვარს წერტილი. არ უყვარს სიკვდილი და არ უყვარს დასასრული. ამიტომ სასვენ ნიშანთაგან მძიმეს გამოარჩევს ყველაზე მეტად, როგორც ამბავთა შორის პაუზას, მაგრამ არა დასრულებას. ლაკრუამ იმის გახსენება დაიწყო, რაც მოხდა. 

პერსონაჟი დეტალურად აღწერს სალონურ საუბრებს, ინტელექტუალობისა და პოლიტიკის თანაარსებობას, მაგრამ ამ, ერთი შეხედვით, ჰარმონიულ აქტთა მიღმა წამებას, რეპრესიებსა და შიშს გაადევნებს. მეხსიერება აქ უტყუარი სიმართლის ზედაპირზე ამოტანა არაა. ეს ყველაფერი „ფოთლების ჩრდილში ნაამბობად“ იქცევა და ესთეტიკურ ფონს ქმნის. ბოლანიოს უნდა, გვაჩვენოს, როგორ იქცევა მოგონება მორალური გადარჩენის ინსტრუმენტად, მაგრამ სინამდვილეში ჩილელთა სისუსტე, დიქტატურისგან შეშინებული საზოგადოების ბუნება ჩანს – რეალობისთვის თვალის გასწორება არავის შეუძლია. 

მეხსიერების ეს მექანიზმი ყველაზე ცხადი ხდება იმ ეპიზოდებში, როდესაც ინტელექტუალური სივრცე და დიქტატურა ერთ არეალში იდებს ბინას. ერთ სართულზე პოეზიაზე ილაპარაკებს ვიღაც, მაგრამ მეორე სართული საწამებელ ოთახად იქცევა – მარიას კანალესის სახლში ჩილეს ლიტერატურული ელიტა იკრიბება და მაღალზნეობრივ-ესთეტიკურ სიმაღლეებს განიხილავს. ბოლანიო ამ ეპიზოდის აღწერისას ცვლის მოგონებათა გადმოცემის ტონს და მოკლე, გამოკვეთილ მონაკვეთს გვთავაზობს, ეს ის უწყვეტი ნაკადი აღარ არის, რომელიც პირველი სიტყვიდან, ფაქტობრივად, ბოლომდე მოგვყვებოდა. ფაქტია, ინტელექტუალები თითქოს ვერ ამჩნევენ, რა ხდება მათ ფეხქვეშ, კულტურა, რომელიც ჰუმანიზმის მსახური უნდა იყოს, ძალადობასთან თანაარსებობს, დუმილი კი ნეიტრალური ან უცოდინარობით გამოწვეული კი არ არის – თანამონაწილეობის გამოხატულებაა. 

როდესაც ურანია კაბრალი ტრუხილიოს დიქტატურას იხსენებდა, მონსტრს ხატავდა, იმ საზოგადოებაში ყველა სასტიკი იყო, არავის ადამიანური განცდა აღარ დარჩენოდა. ბოლანიოს რომანი კი გვიჩვენებს, რომ ბოროტება ხშირად სისასტიკით კი არა, „კულტურული ხელით“, დუმილით საზრდოობს. პერსონაჟები არავის ხოცავენ, უბრალოდ განადიდებენ ნერუდასა და დანტეს მაშინ, როცა ვიღაც, წამებისგან გატანჯული, გვერდით ოთახში ღრიალებს.

როდესაც სიკვდილის პირას ხარ, შეიძლება არ გქონდეს სიმართლე, მაგრამ გქონდეს ისტორია. ნერონის ბოლო სიტყვები „ო, რა არტისტი ვიღუპები“ და არანაირი სიმართლე მის გარშემო, მხოლოდ ისტორია ქალაქის დაწვის შესახებ და კომპიუტერული პროგრამა Nero, დამწვარი რომის ალუზიით ლოგოზე. ბოლანიო ხედავს საფრთხეს, რომ თუ ლიტერატურა და მოგონება ერთიანდება, როგორც თავდაცვის მექანიზმი, მაშინ მათი მორალური ღირებულება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ამბის სინამდვილე კი არა, ესთეტიკა გადარჩება, გახანგრძლივდება დრო სიკვდილამდე, მაგრამ დაპატარავდება წარმოსახვითი საკანი – ბოლო წამსაც გეცოდინება, რომ ნამდვილისგან შორს ხარ. რომ ოდესღაც ნერუდათი ტკბობა აუცილებლობა იყო, მერე კი გაქცევის საშუალება გახდა. 

 

მესამე მოახლოება – ხსნა – რეალობასა და წარმოსახვას შორის საზღვარი ქრება

„ამ მოთხრობაში რეალობის ერთგული ვიქნები, ყოველ შემთხვევაში იმ რეალობისა, ჩემს მოგონებებს რომ შემორჩა.“ – ხორხე ლუის ბორხესი

ბორხესის თეოლოგი მელანჩტონი საიქიოში ისეთ ოთახში დასახლდება, სადაც ყველაფერი ზუსტი ასლია იმისა, რაც სიცოცხლეში გააჩნდა, მელანჩტონი ვერ ხვდება, რომ გვამია. რწმენის გარეშე დარჩენილი იკარგება რეალობასა და წარმოსახვას შორის და მკითხველიც ვეღარ ასხვავებს მათ. 

ურუტია ლაკრუას მხოლოდ მოგონებები შემორჩა და რეალობაც მის მიხედვითაა. მთავარმა გმირმა უნდა აღიაროს, რომ მონოლოგს თავდაცვითი ფუნქცია ვეღარ ექნება. სიტყვით ხანგრძლივდებოდა არსი, ანუ სიცოცხლე და ახლა უკვე წინააღმდეგობად იქცევა. რეალობა და წარმოსახვა მომაკვდავის გონებაში ერთმანეთს აღარ ენაცვლებიან, უკვე მხოლოდ შერწყმაა. კანალესის ისტორია ამიტომ გაჩნდა ტექსტში. წარმოსახვა აღარაა თავშესაფარი, არამედ სივრცე, სადაც ძალადობა და ინტელექტუალური თავის მართლება თანაარსებობს. დიქტატურა აღარაა ისტორიული ფონი და რადგან წარსული რეალობა ჩაყლაპა წარმოსახვამ, ლიტერატურა გახდა თანამონაწილეობა. მომაკვდავი პერსონაჟი თავად ხდება საზღვრის წაშლის სიმბოლო და სინდისს მოგონებად კი არა, დაუძლეველ განცდად აღიქვამს. ბოლანიო აჩვენებს, რომ წარმოსახვითი დილეგი ძალიან ვიწროა მაშინ, როცა ადამიანს არ სურს ბოროტების თანამონაწილეობას გაუსწოროს თვალი, მაგრამ ფართოვდება, როდესაც ლიტერატურა თავის მართლების ფუნქციას კი აღარ ასრულებს, არამედ სიმართლესთან შემხვედრი ინსტრუმენტია. კედელი არ ინგრევა, უბრალოდ ხდება განიერი და დგება გამოღვიძების წამი, დაგვიანებული…

მარინო წერდა, რომ არც საგანი არსებობს მკაფიოდ და არც მეთოდი. ბოლანიო ასკვნის – წარმოსახვასა და რეალობას შორის საზღვრის გაქრობა ლიტერატურას კრიზისულ პარადიგმაში აბრუნებს. „ღამე ჩილეში“ ბოლოს ყველაფერს გააქრობს, გარდა პასუხისმგებლობისა, ლიტერატურას არ შეუძლია საკუთარ ენას დაემალოს და დგება ანარეკლის წინაშე, ანარეკლი კი რეალურად არსებულზე უფრო ცხადი და მკვეთრიც კია ხოლმე.

 

რატომ გადარჩება „ღამე ჩილეში“? 

„გახსოვდეს, ეს ცხოვრება მოსაწყენზე მოსაწყენია, თუ ადამიანი არ იბრძვის რაიმე მაღალი და ზეაღმტაცი ამბებისათვის.“ – კონსტანტინე გამსახურდია

წიგნის ბოლოს ყველა მათგანის სახე, ვისთანაც კი რამით დაკავშირებულა, მთხრობელს ერთმანეთში ერევა „და მერე მძღნერის კორიანტელი ტრიალებს“. ბოლანიოს რომანი გამოსავლის ჩვენება არ არის. მკითხველს აქვს შეკითხვები და არა პასუხები –  ლიტერატურა ვეღარ ასრულებს მორალური ავტორიტეტის როლს მანამ, სანამ პასუხისმგებლობას არ აიღებს ყველაფრის გადაკვეთის წერტილად. 

„ღამე ჩილეში“  პასუხია კრიზისულ მდგომარეობაზე. კრიზისში ყოფნის განცდა კი, მარინოსა და უელეკის აზრით, თანდაყოლილი პრობლემა ლიტერატურათმცოდნეობისა. ბოლანიო ხვდება, რომ საგანი და მეთოდი უნდა გაამუქოს და კრიზისი თეორიულ კი არა, ეთიკურ ასპექტად წარმოისახოს. სწორედ ამ გაურკვევლობას, ერთმანეთში აზელილ სახეებსა და თავშესაფრის ძებნას დავარქვით წარმოსახვითი დილეგი. ლიტერატურამ უნდა გააფართოოს არეალი, დილეგის დანგრევა მკითხველის მოთხოვნა არაა, მაგრამ, იქნებ ჩვენ მეტი გვინდა, ვიდრე გასაჩუმებლად ლამაზი სიტყვების შექმნა?

ავტორი გრძნობს, რომ ეს ღამე ჩილეს კი არ ეხება, არამედ იმ ბნელი ასპექტის მეტაფორაა, რომელშიც ლიტერატურა თავს იმართლებს და გაურბის პასუხისმგებლობას. ლიტერატურის გადარჩენა ავტორს შეუძლია, ბოლანიომ მიაგნო ამ მექანიზმს – აირჩია ლაბირინთიდან თავის დაღწევის წერტილად პასუხისმგებლობა და აიღო ის საკუთარ თავზე. ამაზე დიდი გამბედაობა არაფერს სჭირდება, ეს თუ შეგიძლია, გადარჩება შენი რომანიც. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.