fbpx

„მაიკლი“ და აჟიოტაჟი პოპის მეფეზე გადაღებული ფილმის გარშემო


გააზიარე სტატია

ხუთი წლისაც არ ვიქნებოდი, როდესაც დედაჩემმა პირველად Thriller-ი მაჩვენა.  მიუხედავად იმისა, რომ ზომბების მეშინოდა, ეკრანს მაინც ვერ ვწყდებოდი. სწორედ ასე გავეცანი მაიკლ ჯექსონის შემოქმედებას, რასაც შემდეგ ჩემი მრავალწლიანი ობსესია მოჰყვა. 

ბუნებრივია, პოპის მეფის შესახებ ფილმის დაანონსებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. „მაიკლმა“ რეკორდების მოხსნა ტრეილერის გამოსვლისთანავე დაიწყო – ის  მუსიკალური ბიოგრაფიული ფილმების ისტორიაში ყველაზე ყურებადი სარეკლამო რგოლი  გახდა. ტრეილერს უამრავი „მიმი“ და საზოგადოების მაღალი მოლოდინი მოჰყვა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ პოპის მეფის როლს მისი ძმისშვილი – ჯაფარ ჯექსონი ასრულებს. 

ფილმის სანახავად, სიმბოლურად, დედაჩემთან ერთად წავედი. გადავწყვიტე, კრიტიკოსების რეცენზიისთვის არ მომესმინა და როგორც ჯექსონის თავდადებულ თაყვანისმცემელს, სიამოვნება მიმეღო. „მაიკლმა“ შერეული ემოციები დამიტოვა. 

ფილმი მუსიკოსის ცხოვრების – The Jackson Five-ს ადრეული დღეებიდან მის სოლო შემსრულებლად და სენსაციად ჩამოყალიბების პერიოდს ასახავს, რომელიც კულმინაციას 1988 წელს უემბლის სტადიონზე გამართული კონცერტით აღწევს. 

ამ  კონცერტს პრინცესა დიანაც ესწრებოდა. კულისებში მან ჯექსონს ჰკითხა, შეასრულებდა თუ არა Dirty Diana-ს. მაიკლმა უპასუხა, რომ მისადმი პატივისცემის გამო სიმღერა პროგრამიდან ამოიღო. დიანამ გულდაწყვეტით უთხრა: „ეს ჩემი საყვარელი სიმღერაა!“ საბოლოოდ, ჯექსონმა Dirty Diana მაინც შეასრულა. 

„მაიკლში“ აშკარად იგრძნობა ჯექსონების ოჯახის კრეატიული გავლენა. რეჟისორი, ანტუან ფუქუა, მომღერლის შფოთვასა და ტრავმას ზედაპირულად, მისი იდეალიზებული პორტრეტით გადმოსცემს, ხოლო მის გარშემო არსებულ კონტროვერსიას, რომელმაც არტისტის ცხოვრებისა და კარიერის დიდი ნაწილი განსაზღვრა, საერთოდ არიდებს თავს. 

მიუხედავად იმისა, რომ „მაიკლი“ დიდწილად ჯექსონების ოჯახურ დინამიკაზეა კონცენტრირებული, მაიკლის ძმებს მხოლოდ ფონური ფუნქცია აქვთ. რაც შეეხება მამას, ჯოსეფ ჯექსონს, რომლის როლსაც კოლმენ დომინგო ასრულებს, ის თითქმის კარიკატურულად არის წარმოჩენილი, რაც მაიკლის განვითარებაზე მის ემოციურ გავლენას აკნინებს. 

ფუქუა უკვე ზრდასრული მაიკლ ჯექსონის შიმპანზეებით, ჟირაფებით, გველებით და საბავშვო სათამაშოებითა და წიგნებით გატაცებას კომიკურ დატვირთვას აძლევს, მაშინ როცა რეალობა გაცილებით ტრაგიკულია.

მაიკლი ფილმში უბრალოდ მსხვერპლია. ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ მომღერალს უამრავი ტრავმის გადატანა არ მოუწია – მამის ძალადობიდან დაწყებული, პეპსის ინციდენტით დამთავრებული. თუმცა, ის თითქოს უნაკლოა: არ აქვს მკაფიო პირადი მოსაზრებები ან განმსაზღვრელი თვისებები და მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ მამის ფიზიკური და ემოციური ძალადობა დასძლიოს. სინამდვილეში, მაიკლ ჯექსონი გაცილებით კომპლექსური და საინტერესო პიროვნება იყო. 

კრიტიკოსების ნეგატიური შეფასებების მიუხედავად, „მაიკლს“ საზოგადოების მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან ფილმი ჯექსონის მუსიკის ნამდვილი ზეიმია და მის ყველაზე დიდ ჰიტებს მოიცავს, მათ შორის – Billie Jean, Thriller, Bad და ა.შ.

ერთადერთი, რაზეც კრიტიკოსებიც და მაყურებელი თანხმდებიან, ჯაფარ ჯექსონის შესრულებაა, რომლის ბიძად გარდასახვა იმდენად ემოციურია, მომენტებში შეგრძნება გაქვს, თითქოს დოკუმენტურ მასალას უყურებ. კიდევ უფრო შთამბეჭდავია, რომ ჯაფარ ჯექსონს სამსახიობო გამოცდილება არ აქვს და არც მუსიკოსობის ამბიცია ჰქონია – მეტიც, ის პროფესიონალი გოლფისტის კარიერაზე ოცნებობდა. 

ფილმის ყურებისას ხვდები, რომ მაიკლ ჯექსონის განსახიერება მხოლოდ მისი გენეტიკის მქონე ადამიანს შეეძლო – მას იმდენად უნიკალური მანერები და მოძრაობის სტილი ჰქონდა, რომ სხვა ასეთი სიზუსტით ვერ გადმოსცემდა. 

„მაიკლმა“, ყველაფერთან ერთად, სალაროების რეკორდიც მოხსნა. ის მუსიკალური ბიოგრაფიული ფილმის ყველაზე შემოსავლიანი დებიუტია, რითაც კრისტოფერ ნოლანის „ოპენჰაიმერს“ და ბრაიან სინგერის „ბოჰემურ რაფსოდიასაც“ კი გადაუსწრო. 

გასაოცარია, რომ ამდენი წლის შემდეგაც კი მაიკლ ჯექსონი რელევანტურობას არ კარგავს. საზოგადოების რეაქციით ცხადია, რომ მისი ფენომენი განუმეორებელია – ეს კიდევ ერთხელ ამყარებს მის  სტატუსს – როგორც პოპის მეფის. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.