fbpx

მეტ გალა 2026


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინკა მამულაშვილი

 

ტრადიციულად, მაისის პირველი ორშაბათს მოდის სამყაროში ყველაზე დიდი მოვლენა გაიმართა. მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმმა 2026 წლის საღამოსა და ექსპოზიციის თემად „კოსტიუმი, როგორც ხელოვნება“ გამოაცხადა, რომელიც ხელოვნებისა და მოდის  ურთიერთკავშირზე აკეთებს აქცენტს. 

ექსპოზიციაზე 400-მდე  ნამუშევარია წარმოდგენილი. გამოფენის კურატორის, ენდიუ ბოლტონის თქმით, კოსტიუმები ათასწლეულების განმავლობაში ვიზუალური ხელოვნების ნიმუშებს აერთიანებს, რომლებიც სხეულის სხვადასხვა ტიპებადაა დაყოფილი, მათ შორის – „კლასიკური სხეული“, „შიშველი სხეული“ და „ხანდაზმული სხეული“.  

მეტ გალაზე ტრადიციული წითელი ხალიჩა ბოლოს 2015 წელს გამოიყენეს თემისთვის –  „ჩინეთი: სარკის მიღმა”. წითელ ფერს სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, რადგან ის საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩინურ ხელოვნებასა და კულტურაში. მას შემდეგ ხალიჩის დიზაინი ყოველწლიურად თემის შემოქმედებით ჩანაფიქრს ასახავს. 

2026 წლის შოუსთვის რაულ ავილამ რეჟისორ ბაზ ლურმანთან და ცნობილ დეკორატორთან, დერეკ მაკლეინთან ერთად შექმნა გარემო, რომელიც ჩრდილოეთ იტალიის ბაღების დიზაინს ეფუძნება. კონცეფცია რენესანსის პრინციპებზეა აგებული – დისციპლინირებული და რომანტიზებული ბუნება და მის ლანდშაფტში ჰარმონიულად მოთავსებული ადამიანი. 

4 მაისს ოსკარ უაილდის ცნობილი გამონათქვამის – „ცხოვრება ხელოვნებას ჰბაძავს“ – ერთგვარი მატერიალიზაცია ვიხილეთ. ზოგიერთმა ვარსკვლავმა სხეულის სხვადასხვა ტიპიდან ერთ-ერთის პირდაპირი ინტერპრეტაცია აირჩია, მაგალითად, პუერტორიკოელმა მომღერალმა ბედ ბანიმ; სხვებმა კი ვიზუალური ხელოვნების შედევრებს მიაგეს პატივი – როგორც Gen Z იტყოდა, „they understood the assignment”. 

ტანსაცმელი სხეულისგან განუყოფელია – ორივე მხატვრული ექსპრესიის გრძელი ისტორიის ნაწილია, წითელ ხალიჩაზე წარმოდგენილი კოსტიუმები კი თითქოს რენესანსის ტილოებად გარდაიქმნება.

მსახიობისა და მოდელის, ჰანთერ შაფერის Prada-ს მიერ შექმნილი კოსტიუმი გუსტავ კლიმტის „მადა პრიმავესით” იყო შთაგონებული. კაბა პორტრეტის სულისკვეთებას თეთრი, ყვავილებით მორთული სილუეტით იმეორებდა. 

ენ ჰეთევეის კაბა, რომელიც Michael Kors კოლექციას ეკუთვნის, ჯონ ქისის 1819 წლის პოემის, „ოდა ბერძნულ ლარნაკს“ გადაძახილია. ლექსი ეკფრაზის – ხელოვნების ნიმუშით შთაგონებული ლიტერატურის – ერთგვარი კვინტესენციაა. კაბის უკანა მხარეს გამოსახული მშვიდობის ქალღმერთი, ეირენე, მთლიან კონცეფციას კლასიკური ესთეტიკის დამატებით შრეს სძენდა.

გასაკვირი არ არის, რომ ივ კლაინის აურა კოსტიუმების ინსტიტუტის ჩვენებაზეც გამოიკვეთა. ჰეილი ბიბერის Saint Laurent-ის 24-კარატიანი ოქროს კორსეტის და კლაინის ლურჯი ფერის ქვედა ბოლოს კომბინაცია ფრანგი არტისტის „ანთროპომეტრიების“ ცნობილ სერიაზე მიანიშნებდა.

მოდელი ჰაიდი კუმი ნამდვილი ვესტალი ქალწული იყო. ვესტალი ქალწულები რომაელების ცეცხლის და ოჯახის მფარველი ქალღმერთის ქურუმები იყვნენ და ვესტას წმინდა ცეცხლის დაცვა ევალებოდათ. ნეოკლასიკურ ეპოქაში ვესტალი ქალწულები არაერთი მოქანდაკის შთაგონების წყაროდ იქცნენ, თუმცა მათ შორის ყველაზე ცნობილი გამოსახულება რაფაელ მონტის 1847 წლის სკულპტურაა, რომელიც ლორდ კავენდიშმა დაუკვეთა და დღეს დიდ ბრიტანეთში, Chatsworth House-ში ინახება. 

ჰაიდი კუმი ერთადერთი არ ყოფილა, რომლის ინსპირაციაც მითოლოგიურ ქალღმერთებს უკავშირდებოდა. დები კაილი და კენდალ ჯენერის კოსტიუმები ვენერა მილოსელისა და გამარჯვების ქალღმერთის, ნიკეს რემინისცენციას წარმოადგენდა. 

საღამოს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური კოსტიუმი ემა ჩემბერლენის ეკუთვნოდა. Mugler-ის 1997 წლის კოლექციის კაბა ვან გოგისა და ედვარდ მუნკის შემოქმედების შთამბეჭდავი მიქსი იყო. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.